გიორგი გახარია 2012 წელს ჩამოვიდა, მას რეკომენდაცია ხუხაშვილმა გაუწია, რითაც ბიძინა ივანიშვილთან ნდობაში მარტივად შევიდა და საინტერესო კარიერული გზა განვლო - იყო ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ბოლოს კი პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მეგრელიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც მან აღნიშნა: „გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის, სულ ზეპირად ვიცი, ვისი“. მისი თქმით, გახარია ოპონირებაში დადგენილ წესებსაც არ ცნობს, ვინაიდან ბრძოლის მანერად მუქარა აარჩია, ხოლო მოულოდნელად თუ ვინმე გამდიდრდა, ეს სწორედ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარემოცვის წევრები არიან.
„გიორგი გახარია 2012 წელს ჩამოვიდა, მას რეკომენდაცია ხუხაშვილმა გაუწია, რითაც ბიძინა ივანიშვილთან ნდობაში მარტივად შევიდა და საინტერესო კარიერული გზა განვლო - იყო ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ბოლოს კი პრემიერ-მინისტრი. ფაქტია, ის არავინ და არაფრიდან კაცად, ბიძინა ივანიშვილმა აქცია. თუმცა საპასუხისმგებლო და გადამწყვეტ მომენტში, 2021 წლის 18 თებერვალს მან საკუთარი მოღალატეობრივი პოზიცია ღიად დააფიქსირა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა მიზეზით, თითქოს მიზანშეუწონლად მიიჩნია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მხარდამჭერებთან ერთად გამაგრებული ნიკა მელიას პოლიციური ოპერაციით დაკავება.
ამით მან ღიად წაახალისა ნიკა მელიას ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები და მეტიც, მხარდაჭერა გამოუცხადა მას. ამ დღიდან მოყოლებული გიორგი გახარია მოქმედ ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმში გადავიდა, თუმცა ის ოპონირებაში დადგენილ წესებსაც არ სცნობს და წმინდა მოღალატეობრივ ქმედებებს აგრძელებს, ძირითადად მისი ბრძოლის მანერა - მუქარაა. დიახ, იმუქრება რომ დაასახელებს ოჯახებს რომლებიც 2021 წლიდან დღემდე მდიდრდებიან, ასევე მზადაა დაასმინოს ყველა და ყველაფერი და ამხილოს ყველა, საკუთარი თავის გარდა. თავად არაფერს ამბობს მის მიერ შეძენილ ვილაზე და არაერთ უძრავ ქონებაზე.
თუკი ვინმე მოულოდნელად „ქართულ ჯიგრულ პონტში“ გამდიდრდა, სწორედ გახარიას გუნდის წევრები და მათი მეგობრები თუ ნათესავები იყვნენ, რაც ყველაზე უკეთ თავად მან იცის და ამაზე დუმილს ინარჩუნებს. მოკლედ, კაცი არავინ და არაფრიდან კაცად იქცა. საკუთარი ძლევამოსილების დაიჯერა და დამოუკიდებელ მოთამაშედ გავიდა, მაგრამ ფაქტია, ის არცერთ ფლანგზე აღარ ვარგა, პოლიტიკურად უკვე ვადაგასულია და მუქარით, რომ ყველას და ყველაფერს დაასმენს უბრალოდ ისევ საკუთარ უიმიჯო იმიჯს ურტყამს“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |