ორბელიანის სასახლეში გრძელდება „კასტინგი“, რომელმაც უნდა ჩამოაყალიბოს ახალი „დავარცხნილი“ პოლიტიკური გუნდი სალომე ზურაბიშვილის გარშემო, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ქართველიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის 2018 წელს მიცემული იქნა 780 633 ხმა. დღეს კი ამ ხმების დიდი ნაწილი ქართული პოლიტიკური პარადოქსების მიხედვით შეიძლება სწორედ მის გარშემო გაერთიანდეს.
„ორბელიანის სასახლეში გრძელდება „კასტინგი“, რომელმაც უნდა ჩამოაყალიბოს ახალი „დავარცხნილი“ პოლიტიკური გუნდი სალომე ზურაბიშვილის გარშემო. კარგია ეს თუ ცუდი, არარელევანტური შეკითხვაა. ეს არის ფაქტი და რეალობა იმ ქვეყანაში, სადაც 2018 წელს ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიცემული იქნა 780 633 ხმა. დღეს კი ამ ხმების დიდი ნაწილი ქართული პოლიტიკური პარადოქსების მიხედვით შეიძლება სწორედ მის გარშემო გაერთიანდეს.
ყველა პროცესს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე, ნახევრადსავსე თუ ნახევრადცარიელი ჭიქისა არ იყოს. დადებითი არის ალბათ ის, რომ ჯერჯერობით „არა და არასდროს“ პარადიგმაში მყოფი ზურაბიშვილი მყარ ნალექში გადაამისამართებს ნაცსექტანტების „შაჰიდურ“ წარმომადგენლობას, არ გაიკარებს მათ „სათოფეზე“ და ევროკავშირის მოსაწონი ლიბერალური ფრთის პოლიტიკურ ლიდერად მოგვევლინება.
ახლა კი იმაზე, რაც ალბათ უფრო ცუდია, ვიდრე კარგი მაგრამ ეს ზურაბიშვილს არანაირად არ ეხება. ეს ეხება ქართულ ტრადიციულ ქედმაღლობას, დაუმსახურებელ თავმომწონეობას, დაუოკებელ ამბიციურობას, ურთიერთუნდობლობას, ურთიერთაუტანლობას და „ჭეშმარიტებაზე“ ექსკლუზიურ პრეტენზიაზე დაფუძნებულ კონკურენტუუნარო ბრძოლას „წესების გარეშე“. დიახ, საუბარი მიმყავს „კონსერვატიულ მოძრაობათა“ იმ მრავალფეროვნებაზე, რომლებმაც იმ უნივერსალური ფორმულა „მამული, ენა, სარწმუნოების“ გარშემოც კი ვერ ახერხებენ გაერთიანებას და პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას.
ზურაბიშვილი კი, მართალია სულ სხვა ფასეულობების გარშემო, მაგრამ ამას ახერხებს. თანაც ახერხებს ჯერ კიდევ 5 წლის წინ თავისი 780 633 მოწინააღმდეგე ამომრჩევლის ხარჯზე. ახლა კი, გინდ დასცინეთ მას და გინდ დააკნინეთ. მაგრამ, ამ ორ „დაპირისპირებულ“ პოლიტიკურ ბანაკს შორის, სადაც ერთი უბრალოდ მყარად ჩამოყალიბებულ ადამიანურ რესურსს წარმოადგენს, რომელიც სათავისოდ უფრო კომფორტულ და პერსპექტიულ წინამძღოლს ეძებს დროდადრო, ხოლო მეორე „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ გაფანტულ ამორფულ კონსერვატიულ ფრთად გვევლინება აუცილებლად გაიმარჯვებს ის „ვიღაც სხვა“, რომელიც „მამულს, ენას და სარწმუნოებას“ საკუთარ კომფორტულ კეთილდღეობაზე პოლიტიკაში უფრო მაღლა დააყენებს. და ეს ძალა აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |