283
03 ნოემბერი 2023, 12:35
გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, გია ცეცხლაძემ, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ცეცხლაძე განმარტავს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ბევრ ადამიანს აუბნია თავგზა, ვინაიდან, ყველას არწმუნებდა, რომ მისი პარტიის შექმნა ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული, ფაქტებმა კი აჩვენა, რომ გახარია "ნაციონალური მოძრაობის" საქმეს აკეთებს.
"მინდა ჩემს მეგობრებს და საზოგადოებას ვაცნობო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ - ვტოვებ პარტია გახარია საქართველოსთვის და აღარ ვაპირებ მონაწილეობას პოლიტიკური პროცესებში. რაც შეეხება ჩემი გადაწყვეტილების მიზეზებს, დასამალი არაფერი მაქვს. მოკლედ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში მთავარმა თაღლითმა და მოღალატემ, გიორგი გახარიამ არაერთ ადამიანს აუბნია თავგზა. ყველას გვარწმუნებდა, რომ თითქოს მისი პროექტი “ზევით, ბიძინა ივანიშვილთან არის შეთანხმებული“. დრომ და ფაქტებმა კი აჩვენა, რომ ჩვეულებრივი მოღალატე და მატყუარაა. კარგია ის, რომ გახარიას მიერ შეცდომაში შეყვანილმა ადამიანების უმრავლესობამ ეს უკვე გაიგო და მიხვდა, რომ მისი ერთადერთი მიზანი ნაცებთან ჩახუტება, მათი საქმის კეთება და ხალხის მოტყუებაა.
განსაკუთრებულ ბოდიშს ვუხდი და პატიებას ვითხოვ ყველა იმ ადამიანიდან ვინც ჩემი ნდობით შევიდა შეცდომაში." - წერს გია ცეცხლაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |