პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შემუშავებაზე მსხვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან იმსჯელა.
მსხვილი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, პოსტკრიზისულ ეტაპზე კომპანიების დახმარების მიზნით საკრედიტო-საგარანტიო სქემის შექმნის შესახებ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევენ.
“პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შესახებ მთავრობის მეთაური, ბიზნესსექტორს დღეს ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და ბიზნესომბუდსმენთან ერთად ესაუბრა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობა დღესვე უნდა დაიწყოს, რათა კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ კომპანიებმა შეძლონ, განვითარების ტემპების სწრაფად აღდგენა და ამ პროგრამის შემუშავებაში ბიზნესსექტორის ინიციატივებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
პრემიერმა მოისმინა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლების შეთავაზებები, დამატებით რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს, პოსტკრიზისულ პერიოდში ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით.
შედგა შეთანხმება, რომ სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს კონკრეტულ წინადადებებს, რაზეც შემდგომ მსჯელობა გაფართოებულ ფორმატში გაიმართება.
ბიზნესის წარმომადგენლების შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან პოსტკრიზისულ გეგმაზე მსჯელობის დღეს დაწყება ძალიან დროულია, ხოლო შეთავაზებული დახმარება - ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული, ვინაიდან, მსოფლიო გამოწვევის დაძლევის შემდეგ, ბიზნესს სჭირდება მხარდაჭერა, რათა შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში დაუბრუნდეს განვითარების სასტარტო ეტაპს და შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა გლობალური კონკურენციის პირობებში”, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |