258
23 აგვისტო 2023, 12:01
ქართველიშვილის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტისთვის უკრაინა რეალურად გადაიქცევა იმ წყევლად და „ჯვრის ტარებად“, რომელსაც მოქმედი პრეზიდენტი ვეღარ გაუძლებს და ის საბოლოოდ დაასამარებს მის პოლიტიკურ კარიერას.
"მედია-გამოცემა Newsweek-ის შემდეგ, ჯო ბაიდენის პოლიტიკურ პერსპექტივებზე უკრაინაში შექმნილი ვითარების ზეგავლენა, ამჯერად განიხილა „დემოკრატებისა“ და გლობალიზმის ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა მედია-რუპორმა The Wall Street Journal-მა.
გამოცემის აზრით, უკრაინის კონტრშეტევის სრული კრახი დაკავშირებულია იმასთან, რომ ჯო ბაიდენს თან არც სურს და არც შეუძლია გაუწიოს უკრაინას დროული და ქმედითი დახმარება.
მორიგ ფიასკოდ არის შეფასებული კიევისთვის ავიაგამანადგურებელ F-16-ის დღემდე განუხორციელებელი მიწოდება. „ბაიდენი ერთი წელია ითრევდა ფეხს, სანამ საბოლოოდ არ დააგვიანა,“ - აღნიშნა WSJ-მ.
თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარე ომის პირობებში, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში, რვა მოქმედი მფრინავის გარდა, ვერ გამოინახა ინგლისური ენის მცოდნე სპეციალისტი. ამჟამად ეს რვა მფრინავი შეუდგა შესაბამის სწავლებას საბერძნეთის ტერიტორიაზე, მაგრამ საკითხავია, ამან რა გარდატეხა უნდა შეიტანოს ომის მსვლელობაში.
The Wall Street Journal-ის აღნიშნული პუბლიკაცია საინტერესოა რამოდენიმე გარემოების გამო:
1) ეს არის „პრო-დემოკრატიული“ გამომცემლობა,
2) ვაშინგტონი უკვე აშკარად ეძებს "უკრაინულ ფიასკოში" დამნაშავე "განტევების ვაცებს" და 3) ამ ძებნაში მისთვის აღარ არსებობს „მიუკარებელთა კასტა“ თვით მოქმედი დემოკრატი პრეზიდენტის ჩათვლით.
WSJ-ს პუბლიკაციის მკაცრ ტონში ასევე აშკარად იკითხება უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჯო ბაიდენმა დღემდე არ ჩათვალა საჭიროდ, კონგრესის წინაშე ანგარიში ჩაებარებინა, თუ კონკრეტულად რა მიზნებისთვის არის გამოყოფილი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტი.
ამით ჯო ბაიდენმა ეჭვის ქვეშ დააყენა წარმომადგენელთა პალატის მიერ მორიგი 24 მილიარდი დოლარის გამოყოფისთვის „წარმატებული“ მხარდაჭერა.
The Wall Street Journal-ის აზრით, ჯო ბაიდენის ყოყმანი საზიანოა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ თვით პრეზიდენტისთვის: „როგორც ჩანს, ბაიდენს არ ესმის, რით ემუქრება მას ეს ჩიხური სიტუაცია, როდესაც თავისი აუჩქარებლობით, ის ძირს უთხრის აშშ-ს მიმართ საზოგადოებრივ მხარდაჭერას", ვინაიდან ამომრჩეველთა სულ უფრო დიდი და ფართო სეგმენტი ტრამპის მხარეს გადადის.
WSJ-ს განმარტებით, „ტრამპი იზიდავს მომხრეებს უფრო მკვეთრად გამოხატული მიზნებით და თავისი ურყევი განზრახვით შეაჩეროს აშშ-ს უსარგებლო ჩარევა უკრაინის კონფლიქტში, მაშინ, რიდესაც მოქმედმა პრეზიდენტმა ვერც ერთხელ ვერ განმარტა ამერიკის ინტერესების არსი უკრაინაში“.
The Wall Street Journal-ის ამ მნიშვნელოვან პუბლიკაციას დაემატა ამერიკული საზოგადოების მკვეთრი უკმაყოფილება ცენტრალური ხელისუფლების მიმართ იმის გამო, თუ რა არასაკმარისი დახმარება იქნა გამოყოფილი ჰავაის კუნძულებზე დატრიალებული სტიქიური ტრაგედიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის: კუნძულ მაუის თითოეულ მაცხოვრებელს გამოუყვეს 700 დოლარის ოდენობის დახმარება მაშინ, როდესაც თითოეულ უკრაინელზე ვაშინგტონმა უკვე დახარჯა 1700 დოლარი. როგორც ჩანს, ჯო ბაიდენისთვის უკრაინა რეალურად გადაიქცევა იმ წყევლად და „ჯვრის ტარებად“, რომელსაც მოქმედი პრეზიდენტი ვეღარ გაუძლებს და ის საბოლოოდ დაასამარებს მის პოლიტიკურ კარიერას“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |