237
18 აგვისტო 2023, 17:59
„ეკონომიკას თავისი კანონები აქვს და იქით კარნახობს წესებს პოლიტიკას. სწორედ ეს შემთხვევა გვაქვს როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და იმ ფონზე, როდესაც ერთი შეხედვით რუსეთზე უზარმაზარი, უპრეცედენტო და განსაკუთრებული მასშტაბის სანქციებია დაწესებული“- ამის შესახებ ეკონომისტმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.
ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ეკონომიკურ მაჩვენებელს აფასებს და აცხადებს, რომ ერთი შეხედვით რუსეთი დიდი წნეხის ქვეშ არის მოქცეული, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, რუსეთის ეკონომიკა ცალკეული ჩავარდნების შემდგომ ისევ ახერხებს საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ჩვენებას.
„ერთი შეხედვით რუსეთი ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არის მოქცეული. მას არ ეძლევა საშუალება დასავლეთიდან იყიდოს მთელი რიგი პროდუქცია, რომელიც იყო ნედლეული მისი წარმოებისთვის. არ ეძლევა საშუალება დასავლეთში გაყიდოს მისი მთავარი სტრატეგიული პროდუქტები, ან მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევა თუ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით გაყიდის, ფაქტობრივად საბაზროზე დაბალი ფასით და ცალკეულ შემთხვევაში თვითღირებულებაზე დაბალი ფასითაც კი. მაგალითად, ნავთობ პროდუქტების და ბუნებრივი აირის შემთხვევაშია ასეთი პოლიტიკა დაწესებული დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართულებით. გარდა ამისა, რუსეთს უფასურდება ეროვნული ვალუტა სისტემატურად. ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში დაახლოებით სამჯერ, სამ ნახევარჯერ არის რუბლი გაუფასურებული დოლართან მიმართებაში, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ეკონომიკა ცალკეული ჩავარდნების შემდგომ ისევ ახერხებს საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ჩვენებას. მაგალითად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2022 წლის მეორე ნახევრიდან დღემდე, თითქმის 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა რუსეთს. 2023 წელს რუსეთმა საერთაშორისო დოლარში გამოსახული ეკონომიკის მიხედვით მსოფლიო ხუთეულშიც კი დაიკავა ადგილი, სადაც ის აქამდე არ იმყოფებოდა. მეხუთეზე იყო გერმანია, რომელიც მან ამოაგდო და აქვს მთელი რიგი სხვა მიმართულებებით საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებლები. რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთის მოსახლეობა უკეთესად ცხოვრობს“-აღნიშნავს ჭარაია.
ჭარაიას შეფასებით, მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა თავიანთი უპრეცედენტო პოლიტიკის შედეგად სამწუხაროდ ვერ მოახერხეს ვერც ომის შეჩერება, ვერც რუსეთის ეკონომიკის დაქცევა. მისი თქმით, არ არის საკმარისი რუსეთზე დაწესებული ეს სანქციები, ან არ ხდება სრულფასოვნად სანქციების აღსრულება, ან რუსეთმა ისწავლა სანქციებისგან თავის არიდება.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ფაქტია, რომ ომის დაწყებიდან მეორე წლის დასასრულსაც კი რუსეთის ეკონომიკა არათუ კლებულობს, არამედ იზრდება.
„ცალკეული პირები მოუწოდებდნენ საქართველოსაც, რომ ინდივიდუალურ სანქციებზეც კი გადასულიყო რუსეთთან მიმართებაში. ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა თავიანთი უპრეცედენტო პოლიტიკის შედეგად სამწუხაროდ ვერ მოახერხეს ვერც ომის შეჩერება, ვერც რუსეთის ეკონომიკის დაქცევა და ვერც რუსი ხალხის გაღარიბება თუ ასე შეიძლება ითქვას, რომელსაც შემდგომში რუსეთის ხელისუფლების დამხობა უნდა გამოეწვია. მომავალში უცნობია რა იქნება და როგორ დატრიალდება მოვლენები, თუმცა ამ ეტაპზე ფაქტია, რომ ომის დაწყებიდან მეორე წლის დასასრულსაც კი რუსეთის ეკონომიკა არათუ კლებულობს, არამედ იზრდება. რუსეთს აქვს თავისი ბერკეტები და თავისი ზეგავლენის ინსტრუმენტები და არ არის ასე ცალსახა, რომ ვინმემ გადაწყვიტოს ერთი ქვეყნის დაქცევა. ეს ჩვენ არაერთხელ დაგვინახავს და ვხედავთ ამ შემთხვევაშიც. ამიტომ, აქ რამდენიმე დასკვნის გამოტანა შეიძლება. ერთი, რომ არ არის საკმარისი რუსეთზე დაწესებული ეს სანქციები, ან არ ხდება სრულფასოვნად ამ სანქციების აღსრულება, ან რუსეთმა ისწავლა ამ სანქციებისგან თავის არიდება. პირველადი შოკის შემდგომ მან გადალახა ეს ბარიერი და უკვე გადაალაგა მეტ ნაკლებად თავისი ეკონომიკა და გადაალაგა თავისი პოზიციები დასავლურმა კომპანიებმაც და არა მხოლოდ დასავლურმა, არამედ სხვა კომპანიებმაც რუსეთთან მიმართებაში. ზოგმა სახელი შეიცვალა, ზოგმა სხვა ქვეყნიდან დაიწყო ამა თუ იმ პროდუქციის რუსეთისთვის მიწოდება, რამაც საბოლოო ჯამში, შეიძლება ფორმალურად რუსეთზე წნეხი გაზარდა, მაგრამ რეალურად შეიძლება მთელი რიგი მიმართულებები საერთოდ უცვლელიც კი დარჩენილიყო და დარჩა კიდევაც არსებული რეალობა იმიტომ, რომ კომპანიებმა შეიცვალეს სახელი, დაიწყეს სხვა ქვეყნებიდან ოპერირება და ა.შ. საბოლოო ჯამში, არც არაფერი შეცვლილა და საკმაოდ კომპლექსურია ეს საკითხი. ჯერ-ჯერობით ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთი ვერ ახერხებს რუსეთის ეკონომიკის შესუსტებას იმ მასშტაბით, თუ საერთოდ ახერხებს, რომ რუსეთში დაიწყოს გარკვეული შიდა დაძაბულობა. ის რომ რუბლი უფასურდება საერთოდაც არ ნიშნავს, რომ მოსახლეობისთვის ფასები იზრდება, ან იმ მასშტაბით იზრდება, რა მასშტაბითაც რუბლი გაუფასურდა. მართალია ცალკეული მიმართულებებით გაზრდილია რუსეთზე წნეხი, მაგრამ ჯამურად რომ შევხედოთ, მას ჯერ ისევ აქვს ამბიცია და ძალა სამწუხაროდ, რომ გააგრძელოს უკრაინაში ომი და არ დაიხიოს უკან. თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი ვითარება რთული სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ არც ისე ცალსახაა, როგორც პრესაში ვკითხულობთ ხოლმე, რომ რაღაც ახალი სანქციების პაკეტი შემოვიდა, რომელიც რუსეთს დააქცევს და ახლა შეზღუდავს მათ ყველანაირ რესურსებს და ა.შ. ფაქტია, რომ რიტორიკის დონეზე მუშაობს მხოლოდ ეს განცხადებები. მხოლოდ ფაქტების დონეზე ჯერჯერობით ჩვენ ასეთ შედეგებს ვერ ვხედავთ“.-განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |