222
31 ივლისი 2023, 12:54
ჩინეთი ხდება საქართველოს კიდევ ერთი პარტნიორი და მცველი საერთაშორისო ასპარეზზე და, უწინარესად ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ისტორიული, საეტაპო მნიშვნელობისაა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში.
მისივე თქმით, ნებისმიერი შიდა თუ გარე მავნებლური, არაკომპეტენტური თუ ანგარებიანი განცხადება ასეთ პარტნიორობებზე საქართველოსთვის ანტისახელმწიფოებრივ განზომილებაშია.
„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ისტორიული, საეტაპო მნიშვნელობისაა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. გამოქვეყნებული შესაბამისი დოკუმენტი ოთხ განზომილებას მოიცავს – პოლიტიკურს, ეკონომიკურს, საერთაშორისოს, ხალხთაშორის და კულტურულ ურთიერთობას.
ჩვენი ქვეყნისთვის სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, სატრანზიტო სფეროებში მეტი სარგებლის, ხალხთა შორის ურთიერთსასარგებლო კავშირების გაღმავების გარდა, ერთობლივ განცხადებაში ასევე ცენტრალურია საერთაშორისო-პოლიტიკური თანამშრომლობის განზომილება. ზოგადად, რომ შევაფასო ეს განზომილება, აღვნიშნავ შემდეგს - ჩინეთი ხდება საქართველოს კიდევ ერთი პარტნიორი და მცველი საერთაშორისო ასპარეზზე და, უწინარესად ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში.
შემთხვევით არ არის ნახსენები დოკუმენტში, რომ მხარეები გააძლიერებენ კოორდინაციას და თანამშრომლობას რეგიონალურ და საერთაშორისო საქმეებში, ჭეშმარიტი მულტილატერალიზმის ერთობლივ მხარდაჭერას. მულტილატერალიზმი კი ნიშნავს მრავალი ქვეყნის ერთ საერთო საკითხზე თანამშრომლობას.
გლობალურ მოვლენათა აზვირთებულ ოკეანეში დამოუკიდებელი საქართველო ურთიერთობს ყველა ნამდვილ პარტნიორთან საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად.
ნებისმიერი შიდა თუ გარე მავნებლური, არაკომპეტენტური თუ ანგარებიანი განცხადება ასეთ პარტნიორობებზე საქართველოსთვის ანტისახელმწიფოებრივ განზომილებაშია“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |