190
27 ივნისი 2023, 21:29
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყოველთვის იმაღლებდა ხმას საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის არაერთ ფაქტზე, მაინც მოგვიწია თავის მართლება და სხვა ქვეყნების დარწმუნება იმაში, რომ საიმედო პარტნიორები ვართ.
„უკრაინაში მიმდინარე რუსეთ-დასავლეთის ომის პირველივე თვიდან არ გვეზარებოდა და „ვმაუწყებლობდით“ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის არაერთ ფაქტზე:
• თუ რამდენი რუსეთის მოქალაქე-ბიზნესმენი და მათი კომპანია აგრძელებს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს უკრაინის ტერიტორიაზე;
• თუ რამდენი უკრაინის მოქალაქე-ბიზნესმენი და მათი კომპანია აგრძელებს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს აგრესორი რუსეთის ტერიტორიაზე;
• თუ რა ტიპის სასიცოცხლო მნიშვნელობის რუსულ პროდუქციაზე ვერ აწესებენ სანქციებს, რამეთუ სჭირდებათ;
• თუ რა კატეგორიული უარით გაისტუმრა ევროკავშირის წევრმა კვიპროსმა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოწოდება - დახუროს თავისი ნავსადგურები რუსეთის ნავთობგადამზიდებისთვის;
• თუ დასავლეთის რომელი 18 სახელმწიფო აგრძელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჭიროებისათვის სამხედრო დანიშნულების საქონლის მიწოდებას;
• თუ რამდენი ქვეყანა (მათ შორის ნატოს წევრი) აგრძელებს რუსეთთან პირდაპირ ავია ფრენებს;
• თუ როგორ მიმდინარეობს სანქციონირებული რუსული ნავთობის ინდოეთსა და ტუნისში გადამუშავება და დიზელის სახით მზა პროდუქციის მიწოდება ევროპის პორტებში;
ამ მრავალი-მრავალი ფაქტობრივი მონაცემების გაშუქების ფონზე ჩვენ არაერთგზის გვიხდებოდა თავის მართლება, რომ:
• ქართული ყველი, საექსპორტო შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, არ მიეწოდება რუსეთს, მისი სამხედრო პოტენციალის გაძლიერების მიზნით;
• თბილისის მეტროპოლიტენი არ აპირებს რუსეთში ორი დამატებითი ვაგონის შესყიდვას;
• ტვირთბრუნვა საქართველო-რუსეთს შორის ისტერიულად სასაცილო ნიშნულზეა ომის დროს ევროკავშირ-რუსეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით;
• ხოშტარიების ოჯახი მხოლოდ იმიტომ იღებს თანხებს რუსეთის ბიუჯეტიდან, რომ დამატებითი სატანკო ნაწილების გამოშვება შეუზღუდოს აგრესორს;
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სანქციების გვერდის ავლაში დადანაშაულება ვერ გაბედეს ვერც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა თუ ევროკავშირის ელჩებმა, ბოლო ორი თვის განმავლობაში ამ თემაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად ბათუმის ნავსადგურში მივლინებით იმყოფებიან ფრანგი და გერმანელი ჟურნალისტები და უშედეგოდ „ეძებენ შავ კატას ბნელ ოთახში, როდესაც ის იქ არ იმყოფება“. ხოლო, წელიწადზე მეტია, არაოფიციალური სანქციების ქვეშ მოქცეულია ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ფინანსები.
დღეს ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა სანქციების აღსრულების კუთხით და მეორე, სანქციებისთვის გვერდის ავლის პრევენციის კუთხით თანამშრომლობის ნაწილში.
კიდევ ერთხელ ვეცადეთ, დაგვერწმუნებინა ისინი, რომ ამ მხრივ საქართველო არის გამორჩეულად საიმედო პარტნიორი, როგორც ევროკავშირისთვის, ისე აშშ-ისთვის, განსაკუთრებით საქართველოში სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტის ფონზე. რა შედეგს გამოიღებს ჩვენი პარტნიორობა, ამას უახლოესი პერიოდი გვიჩვენებს. თუმცა ებრაელების ანდაზა „შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდეს“ - საქართველოსთან მიმართებით კარგად რომ აქვთ აპრობირებული, ესეც ძალიან კარგად გვესმის“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |