რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ექსპერტი ამირან სალუქვაძე საკუთარ ანალიზს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
„შევაჯამოთ პრიგოჟინის ალიაქოთი, ჩვენი ოპოზიციის რეაქცია და ამბოხის შესაძლო მიზეზები.
დავიწყოთ შიდა რეაქციებით.
ამ ომის მანძილზე, როგორც კი რაიმე საბაბი ჩაუვარდება ხელში ოპოზიციას, ატყდება ხოლმე ერთი და იგივე ჟრიამული: ლარსი ჩაკეტეთ, უშიშროების საბჭო მოიწვიეთ, სოხუმში შევარდით, ფრენები შეაჩერეთ, დედა შეაგინეთ, თან დარბიან და შავ ხვრელებს ეძებენ.
საბჭოს ჩატარება მხოლოდ იმის გამო თუ ღირდა, რომ ოპოზიციას და მათ ოპოპრეზიდენტს არ ეხმაურათ ხალხის დასაპანიკებლად, ჰო, თორემ იმ დღეს დავწერე, რომ როგორც მე გავატარე მთელი ღამე ინფორმაციების, ვიდეოების მოძიებაში და გაცნობაში, დარწმუნებული ვარ, ისე გაატარა ყველამ, პრემიერიდან დაწყებული, შესაბამისი უწყებების თანამშრომლებით დამთავრებული.
ამ დროს ყველა პირველ პირს შორის ხდება კომუნიკაცია, აზრების გაცვლა, დავალებების გაცემა. იმავე რეჟიმში იქნებოდა სხვა ნებისმიერი ხელისუფლება, ვინც არ უნდა ყოფილიყო.
საბჭო სხვა კი არაფერია, სათათბირო ორგანოა. იმავე ინფორმაციებს ისმენენ და იმავე დავალებებს იძლევიან. თუ იქნებოდა ჩვენს მიმართულებაზე ვითარების გამწვავების ნიშნები და საჭირო იქნებოდა რაიმე განსაკუთრებული ზომების გატარება, სრული შემადგენლობის მოწვევა და სხვა, მოიწვევდნენ ალბათ.
თუმცა, ყველა ინფორმაცია იყო იმის შესახებ, რომ პრიგოჟინი მოსკოვისკენ მიდიოდა.
ზოგს ჰგონია, თუ საბჭო ჩაატარე, ქვეყანას ჯავშანის სარტყელი შემოერტყმება, დაფრთხება მტერი და ვეღარ გაბედავს ომის დაწყებას.
ჯარისთვის, სპეცსამსახურებისთვის დავალებების მისაცემად, რათა გარკვეულ საკითხებზე ყურადღება გაამახვილონ, შეამოწმონ მზადყოფნის დონე, გაატარონ შიდა რეგულაციებით გათვალისწინებული სხვადასხვა ღონისძიებები მზადყოფნის ასამაღლებლად, პრემიერს არ სჭირდება საბჭოს მოწვევა ან ვინმეს ნებართვა. მეტიც, სამინისტრო შიდა ინსტრუქციების თანახმად, ისედაც ახორციელებს, რისკებიდან გამომდინარე, გარკვეულ ღონისძიებებს. ამ ზომების შესახებ განცხადებებს არ ავრცელებენ.
ლარსის ჩაკეტვაზე ხშირად რომ ხმაუროებენ, აზრი აქვს კიდევ ერთხელ იმის შეხსენებას, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ლარსზე წითელი ხალიჩა დაუგეს და რიგითი მესაზღვრის ფუნქციებს, ვარდებით ხელში, უმაღლესი მთავარსარდალი ასრულებდა? ნაციონალების ლოგიკით, ათი წლის წინ რაც მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდოდა, უკეთესი იყო, ახლა კი საშიშია.
პრეზიდენტი ოდნავ შორს წავიდა და დასანქცირებულთა სიები აამოქმედეთო. არ იცის, რომ მესაზღვრეებს ყველა დასანქცირებულის სია, ვისაც ეს ჩვენი კანონმდებლობით ეკუთვნის, ისედაც აქვთ ბაზაში?! პრეზიდენტს ცალკე დავუბრუნდები.
კიდევ იყო მოთხოვნები, მოემზადეთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლადო, საზღვარზე ჯარი ჩააყენეთო…
ამ „რჩევების“ პარალელურად, ისევ დაიწყეს შავი ხვრელების ძებნა. ამ მავნებლობას უკვე მივეჩვიეთ.
ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ რადიკალ ოპოზიციას ტერორისტული ორგანიზაცია „ვაგნერის“ წარმატებულ მოქმედებაზე ჰქონდა აგებული საკუთარი პოლიტიკური ბედნიერება.
მომიწია პოსტის დაწერა და შეხსენება, თუ რას წარმოადგენს ეს ორგანიზაცია, რომელიც ამერიკამ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, და ვინაა პრიგოჟინი, რომელიც პუტინის მიერ დაწყებულ ომში, 16 თვეა, განსაკუთრებული სისასტიკით (ქვემოთ ავხსნი სისასტიკის მიზეზს) ხოცავს უკრაინელებს და ამით ტრაბახობს. წესით, შეხსენება საჭირო არ უნდა ყოფილიყო.
ყველამ ვნახეთ პოსტები და კომენტარები „გოუ, ჟენია, გოუ“, „ეს ყოფილა კაცი“, „ვაა, ყოჩაღ პრიგოჟინი“ და ა.შ. ლექსიც კი მიუძღვნეს: „მეტი ბრძოლა, მეტი ჟინი, წინ მიიწევს პრიგოჟინი“.
მოკლედ, პრიგოჟინს ერთი რუსეთის ქუჩებში ხვდებოდნენ ოვაციებით, მეორე ქვეყანა, სადაც ტერორისტს გულშემატკივრობდნენ, ჩვენი ოპოზიცია იყო. წესით, ნეიტრალური პოზიცია უნდა ჰქონოდათ, ან ორივეს გულშემატკივრობა, ან არცერთის. რომ ეთქვათ, დაუხოციათ ერთმანეთი, რაც დიდხანს აირევა შიდა ვითარება რუსეთში, მეტად ისარგებლებს უკრაინაო, ვინ რას დააბრალებდა?! მაგრამ არა, კაცობას უწონებდნენ.
ნეიტრალური პოზიცია ჰქონდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების, აშშ, გერმანია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნების პირველ პირებს, ასევე ნატო-ს გენერალურ მდივანს. გადახედონ განცხადებებს.
ერთმა მეგობარმა დაწერა, პრიგოჟინის ხალხი ახლა კიევისკენ რომ შეტრიალდებიან, გააგრძელებენ გულშემატკივრობასო?
პრეზიდენტი
ყოველ ჯერზე ვფიქრობ, ამ ადამიანის ქმედებებს აღარ გამოვეხმაურები-მეთქი. თუმცა, ახალ სიღრმეებს იპყრობს და…
ათასჯერ დავწერე, რომ ვერ ეტევა კონსტიტუციაში. ძალიან ცდილობს, შემოიხიოს. ხომ უნდა გაიგოს, რომ არ იწვევს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტი. პრეზიდენტი იწვევს თავდაცვის საბჭოს, ოღონდ საომარი მდგომარეობის დროს. იქაც სიმბოლური როლი აქვს.
გამოდის პრეზიდენტი და მთავრობას კარნახობს, საბჭო მოიწვიეო. ვფიქრობდი იმ დილით, რომ, შესაძლოა, ღირდა სხდომის მოწვევა, რომ ამათ არ ეხმაურათ, ისეთი ორკესტრირებული შეტევა დაიწყეს. თუმცა, აქ უფრო მე ვცდებოდი, ოპოზიციის ხმაურის პრევენციისთვის საბჭოს სხდომა არ უნდა ჩაატარო. დანარჩენი დავწერე შაბათს, რომ ყველა პირველი პირი ისედაც იქნებოდა ინფორმაციების გაცვლისა და სათანადო მითითებების გაცვლის რეჟიმში. პრეზიდენტთან თუ კომუნიკაცია არაა, უნდა იცოდეს მიზეზები.
პრეზიდენტმა აღიარა, რომ მთავრობა არ მეკონტაქტება, ამიტომ საჯაროდ მივმართავო.
კონტაქტი კი არა, რაც პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღეს იკადრა, რასაც კადრულობს საერთაშორისო ფორუმების ტრიბუნებიდან, რაც იკადრა რადიკალური აქციების დროს, როცა თავისი პოსტებით აგრესიულ ქმედებებს ახალისებდა, რაც აკადრა წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებულებს აქციის დროს, „აქ რას მომივარდითო“, რაც იკადრა გვარამიას შეწყალებით, საერთოდ სრული ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს მთავრობამ, არც გარეთ გაუშვან, არც შიდა ღონისძიებებზე მიიწვიონ.
თუმცა მას, ცნობილი ფრაზა რომ მოვიშველიო, არ მოექცევიან ისე, როგორც იმსახურებს, არამედ პატივს სცემენ ინსტიტუტს.
თემიდან გადავუხვევ, თუმცა უთანხმოების ერთ-ერთ მიზეზს ეხება. პრეზიდენტს საზოგადოებისთვის განმარტება აქვს გასაკეთებელი, თუ საიდან იცოდნენ რამდენიმე კვირით ადრე ევროდეპუტატებმა, მისი კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესახებ, რატომ მისცა მან დაპირება გვარამიას შეწყალების თაობაზე ევროპელ პოლიტიკოსებს და რატომ არ იცოდა ამის შესახებ საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა და საზოგადოებამ? მეტიც, რატომ დაგვიდგა სპექტაკლი, თითქოს სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუკავშირა?
როცა ამ განმარტების ღირსად არავის თვლის, ნუღარ უკვირს, მოწყვეტილად თუ გრძნობს თავს.
პრიგოჟინის ავანტიურა, ვერსიები, შეფასებები
სიმართლე გითხრათ, ამ დრომდე არ მაქვს ჩამოყალიბებული ერთი ვერსია, ზუსტად რა მოხდა, რამ გამოიწვია, ვინ იდგა პრიგოჟინისა და უტკინის უკან და ა.შ. არის პრობლემების მთელი ბუკეტი.
ჩვენს სოცქსელში და, ზოგადად, მთელ ინტერნეტში სრული საგიჟეთი იყო. იქამდეც მივიდა, წერდნენ, კრემლში სროლების ხმა ისმისო.
რა ვერსიები განიხილებოდა იმ დღეს და განიხილება?
იყო და დღესაც ტრიალებს ვერსია, პუტინმა თავად მოაწყო სამხედრო ელიტის გასანეიტრალებლად.
ანუ, როცა სამხედრო ელიტის განეიტრალებას მსგავსი სცენარებით ცდილობს, ე.ი. სხვაგვარად ვერ ახერხებს? რატომ, ეშინია მათი რეაქციის? კონკრეტულად ვისი, შოიგუს, რომელზეც შარშან ამბობდნენ, მოგონილი ინფარქტით საავადმყოფოში წევსო, თუ გერასიმოვის, რომელიც თათბირებზე თვალებში შესციცინებს?
შოიგუ და გერასიმოვი, შესაძლოა, გაათავისუფლოს. თუმცა, ისედაც მოსახსნელები არიან უამრავი მიზეზის გამო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კორუფცია და პარკეტის კარიერული ზრდა რომ ყვავის, რასაც ფრონტზე სავალალო შედეგები მოაქვს, სიახლეა?
ჰოდა, თუ ამ მიზეზების გამო პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ ამათ მოხსნის, ოპერაცია „ვაგნერს“ უნდა დავაბრალოთ?
პრიგოჟინის მოთხოვნით, პირიქით, თუ აპირებდა მოხსნას, უნდა გადაიფიქროს. პრეტენზია აქვს ზესახელმწიფო ვარო და ამბოხებულის მოთხოვნით, რომელსაც მოღალატე ეძახა და კრემლის პროპაგანდა ახლაც აგრძელებს, თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს გაათავისუფლებს.
შეიარაღებული ამბოხი არ იყო ამერიკაში, მაგრამ წარმოუდგენელი და რეპუტაციულად დამაზიანებელი ფაქტი მოხდა, კაპიტოლიუმში შევარდა ხალხი და გადალეწეს იქაურობა. პასუხად 900-ზე მეტი პირია დაკავებული და უმკაცრესი სასამართლო განაჩენები ვიხილეთ.
იმის თქმა მინდა, რომ ამბოხები და არეულობები ყველგან ხდება, მაგრამ ამერიკაში იგივე რომ მომხდარიყო, ბაიდენი ოსტინს ან მილის შეცვლიდა? არა. ეს რეპუტაციული თემაა.
მქონდა დილიდან ეს ვერსია და დავწერე, სპექტაკლს ჰგავს-მეთქი, თუმცა შემდგომმა მოვლენებმა დამაეჭვა ამ ვერსიის სისწორეში.
ერთი დაზუსტება. „დამაეჭვა“ არ ნიშნავს გამორიცხვას. ასევე, მთელი დღე რასაც ვწერდი, ყველგან მიწერია „თუ“, „სავარაუდოდ“ და ა.შ. რაც ნიშნავს ვარაუდებს და არა პოზიციას. ვიმეორებ, ახლაც არ ვარ რომელიმე ვერსიაზე 100 პროცენტით ჩამოყალიბებული.
ამბობენ, სადაც ხელისუფლების განსამტკიცებლად და ჭანჭიკების მოსაჭერად სახლებს აფეთქებდა, მსგავს ავანტიურას რატომ მოერიდებაო?!
ტერაქტსა და ამბოხს შორის დიდი სხვაობაა. მით უმეტეს, ომის დროს. ასეთ ოპერაციას როცა გეგმავ, რომლის მიხედვით, ერთ-ერთი ძლიერი სამხედრო ფორმირება 25 ათასი ყველანაირი ტექნიკით შეიარაღებული მებრძოლი გიპირისპირდება, რა გარანტია გაქვს, რომ ფრონტი ან მისი გარკვეული მონაკვეთი არ ჩამოგეშლება? ვიხილეთ ორი თუ სამი შვეულმფრენის განადგურება, ვიხილეთ მცირედი შეტაკებები, ავტობუსის განადგურება. ეს ვიდეოები დადასტურდა პრიგოჟინ-ევკუროვის საუბრისას.
ამ ვერსიაში, რომ ამბოხი პუტინის დადგმული იყო, შედიოდა, რომ პუტინი ლუკაშენკოს უნდა გადაერჩინა? ამბიციური პუტინი, რომელმაც შვიდი წლის წინ ერდოღანი გადაარჩინა ამბოხს, სამი წლის წინ ლუკაშენკო – გადატრიალებას, ხოლო შარშან ყაზახეთში „დაალაგა“ სიტუაცია, მასეთ სცენარს დაწერდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ლუკაშენკოს მადლიერი უნდა იყოს? რაღაც არ ჯდება მის პორტრეტში.
ამბობენ, პუტინმა ამ სპექტაკლით „ვაგნერის“ პრობლემა მოაგვარა, ანუ ჩახსნაო.
კი, „ვაგნერის“ პრობლემა მოაგვარა, ოღონდ ჩაფიქრებული ჰქონდა თუ ამბოხი გამოიყენა სათავისოდ, ესაა თემა. მეორესკენ ვიხრები.
საერთოდ, თავშივე იყო შეცდომა „ჩვკ“-ს გამოყენება ამ ომში, მით უმეტეს, მისი რიცხოვნობის მკვეთრად გაზრდა. 50 ათასი კაცი დაახლოებით ხუთ დივიზიას უდრის. ამოდენა ჯარს უქვემდებარებ პირებს, რომლებსაც სახელმწიფოს მიმართ პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ, რა გამართლება აქვს? თუმცა, როცა პატიმრების გაწვევა დაიწყეს, მათ შეიარაღებულ ძალებში ვერ გაიწვევდნენ. შეექმნათ 3-4 „ჩვკ“ ან სხვა ფორმის მოფიქრება შეიძლებოდა.
იწერება ვერსიები, თითქოს ეს იმიტომ გააკეთა პუტინმა, რომ ვაგნერელები ბელარუსში გადაესროლა და იქედან შეეტიათ ან პოლონეთისკენ, ან უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით.
პოლონეთზე შეტევა გამოიწვევს ნატო-ს ჩართვას ამ ომში, თავიდან ბელარუსის მიმართულებით. ბელარუსისთვის რუსეთს მოუწევს სამხედრო დახმარების გაწევა. ვფიქრობ, ამ სცენარზე პუტინი არ წავა.
რაც შეეხება კიევზე ხელახალ შეტევას ბელარუსის მხრიდან, სცადეს ეს ერთხელ შარშან, თანაც მაშინ, როცა ეს მიმართულება უკრაინას ცუდად ჰქონდა მომზადებული, და ცუდი შედეგებით დაუსრულდათ, უზარმაზარი დანაკარგები მიიღეს. შარშან ავხსენი, ერთ-ერთ ეთერში კიევის ალყაში მოქცევას სიგიჟე ვუწოდე. ამიტომ აღარ ჩავუღრმავდები.
მთავარი აქ ისაა, რომ თუ „ვაგნერის“ გადასროლა სურდათ ბელარუსში კიევზე შესატევად, ამ დამაზიანებელი სცენარის განხორციელება რა საჭირო იყო? გადაისროლე და შეუტიე, რა პრობლემაა?
ერთმა მეგობარმა მომწერა ვერსია, რომ პრიგოჟინს ამ ომიდან ჩახსნა უნდოდა და ამ სცენარით მოახერხა. შესაძლოა, ოღონდ აქ მთავარი კითხვაა, რატომ სურდა ჩახსნა?
ამ ორდღიანი ფიქრისას მოზაიკას ვერ ვკრავ ერთი ელემენტის გამო. ანუ, ერთ კითხვაზე პასუხი მაკლია: რეალურად რა ხდებოდა „ვაგნერსა“ და თავდაცვის სამინისტროს, პრიგოჟინსა და შოიგუს შორის?
დაპირისპირება ბახმუტისთვის ბრძოლების დროს დაიწყო და რუსეთის („ვაგნერის“) მიერ ბახმუტის აღების მომენტისთვის პიკს მიაღწია? საუბრობენ, რომ უდიერი დამოკიდებულება ჰქონდა პრიგოჟინს როსგვარდიის დირექტორთანაც. ასევე, დაეძაბა ურთიერთობა კადიროვთან, ამ უკანასკნელის ქვედანაყოფ „ახმატის“ მისამართით გაკეთებული განცხადების გამო და ა.შ.
ვინც ადევნებდა თვალს ინფორმაციებს „ვაგნერის“ შესახებ, დამერწმუნებიან, რომ ამ სტრუქტურის ირგვლივ ბოლო თვეებში ბევრი ბუნდოვანება იყო.
მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ შოიგუს მოადგილე უზრუნველყოფის დარგში გენერალ-პოლკოვნიკი მიზინცევი, რომელსაც ზედმეტსახელად მარიუპოლის მეხორცეს ეძახიან, ამ წლის აპრილში თანამდებობიდან გადააყენეს, ხოლო ერთი თვის შემდეგ „ვაგნერში“ გადავიდა.
რა თქმა უნდა, მთელი გენერალ-პოლკოვნიკის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის „ვაგნერში“ გადასვლა ბურუსითაა მოცული.
როცა ვაგნერელების სისატიკეზე საუბრობენ, მისი დამფუძნებლის, დიმიტრი უტკინის მესამე რეიხით გატაცების შესახებ უნდა ვიცოდეთ. ინფორმაციები უხვადაა ღია წყაროებში. რუსეთს უყვარს უკრაინის მისამართით თითის გაშვერა. ამ დროს მესამე რეიხის მოყვარულებს მის მხარეს ვერ ამჩნევდა.
მოკლედ, „ვაგნერის“ შემადგენლობაში ბევრი საინტერესო პირია. მათი ბიოგრაფიებიც მოიპოვება ღია წყაროებში.
ბახმუტის დაკავების შემდეგ „ვაგნერი“ მთლიანად ბანაკად გადაიყვანეს, როგორც თქვეს, დასვენების და გადამზადების მიზნით. დასვენება მთელი თვე გაგრძელდა. უკრაინის კონტრშეტევის (ა.ს. – შეტევის) დროს ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი დაჯგუფების მთელი თვით დასვენება არ იწვევს კითხვებს?
ხომ არ გრძნობდა საფრთხეს პრიგოჟინი და „ვაგნერის“ სხვა წევრები საფრთხეს რუსეთის საგამოძიებო და სპეციალური სამსახურების მხრიდან და ამ გზით ხომ არ უზრუნველყვეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილება?
როცა პრიგოჟინმა განაცხადა, ამბოხის გადაწყვეტილება სამხედრო საბჭოზე მივიღეთო, უნდა გვქონდეს წარმოდგენა, ვინ არიან ამ საბჭოს წევრები და ხომ არ გრძნობდნენ ისინი საფრთხეს?! ამიტომ მოვიყვანე მიზინცევის გადასვლის მაგალითი. რამდენი მიზინცევია მანდ შეფარებული, ვინ იცის?!
ასე რომ, ბევრი კითხვაა, რომლებზეც არ მაქვს პასუხები.
შესაბამისად, თუ ეს სპექტაკლი იყო, ერთი თემაა, თუ მართლა ამბოხი იყო, მაშინ სერიოზული გართულებები იყო მოსალოდნელი.
ყველა შემთხვევაში, რუსეთის სამხედრო მანქანის უსასტიკესი ფრთის გულშემატკივრობა უგუნურობა იყო. დავუშვათ, დაამხობდნენ პუტინს და „ვაგნერის“, ასევე „ვაგნერთან“ დაკავშირებული პირები მოაჯდებოდნენ რუსეთს, მისი ბირთვული იარაღით, ჩვენ რა ხეირი? პუტინმა ხომ აგვაშენა ამ 25 წლის მანძილზე და ესენი აგვაყვავებდნენ.
ალბათ ისიც არ იცის ბევრმა, რომ ამ ამბოხის დროს აშშ-ის შესაბამისი სტრუქტურები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ბირთვული არსენალის მდგომარეობას. ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთში აშშ-ის ელჩი ლავროვის უწყებას დაუკავშირდა და დაინტერესდა ბირთვული შეიარაღების ბედით.
როცა აქ ჟრიამულობდნენ, ამ ვითარებას შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის და რყევებისთვის იყენებენ, თვალი უნდა მიადევნონ, რა ხდებოდა ამ დროს მსოფლიოში და ვის რა სანერვიულო ჰქონდა. ერთი მხრივ, შესაძლოა, ძალიან აწყობდათ რუსეთში შიდა არეულობა, მაგრამ, მეორე მხრივ, ბირთვული იარაღის ბედის გამო ჰქონდათ შიშები. წაიკითხეთ ენტონი ბლინკენის კომენტარი.
რაც შეეხება მომხდარის მასშტაბებს სამხედრო თვალსაზრისით.
სამხრეთ სამხედრო ოლქი რუსეთის ჯარის ერთ-ერთი დიდი გაერთიანება და საყრდენია, რომლის შემადგენლობაში არმიები, დივიზიები, ცალკეული ბრიგადები და პოლკებია. ამ ოლქის შტაბის, ასევე ერთ-ერთი აეროდრომის კონტროლზე აყვანა რამდენად სერიოზული ფაქტია, ახსნა არ უნდა სჭირდებოდეს.
შესაბამისად, როცა ამდენი ფაქტი გიტრიალებს თავში, ასეთ მცირე დროში რთულია რაიმეს შეფასება, მით უმეტეს, პროგნოზირება.
რომ შევაჯამოთ პრიგოჟინისა და „ვაგნერის“ მიერ გამოწვეული ალიაქოთი, დადგმული სპექტაკლი იყო თუ რეალური ამბოხი, უფრო მეორესკენ ვიხრები. რას ვეყრდნობი, ავხსენი, თუმცა ძალიან ბევრი ინფორმაციაა შესასწავლი, რის გამოც დროის კარგვის აზრს ვერ ვხედავ. ამისათვის არიან შესაბამისი უწყებები.
ერთსაც დავამატებ. შარშან ვსაუბრობდი მედიის მეშვეობით, ოღონდ მინიშნებებით რუსეთის დაჯგუფების მართვის პრობლემებზე და ბევრ მეგობართან მისაუბრია დაჯგუფების სიჭრელეზე, აქედან გამომდინარე, დაბალ ეფექტიანობაზე. ვრცელი თემაა, აღარ ჩავშლი. რუსეთის დაჯგუფების შემადგენლობაშია შეიარაღებული ძალები, „როსგვარდია“, „ფსბ“-ს სპეცდანაყოფები, შინაგანი ჯარი, „ომონი“, „სობრი“, კადიროვის დანაყოფები, „ვაგნერელები“ (იყვნენ), ე.წ. ლნრ-ის და დნრ-ის კორპუსები და ა.შ. ასეთი დაჯგუფების მართვა, ლოგისტიკა, მათ შორის ურთიერთქმედება, საკმაოდ რთულია. ამან გამოიწვია შარშან სუროვიკინის დანიშვნა, რათა ერთი სარდლის ქვეშ მოექციათ ყველა მათგანი. ამის შემდეგ, ჩემი აზრით, ისევ მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს, რის შესახებ ამ სივრცეში აღარ გავაგრძელებ.
პუტინი ამ ამბოხს, რა თქმა უნდა, თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. გააძლიერებს პროპაგანდას და ა.შ.
უკრაინამ ვერ მოახერხა ამ ხანმოკლე არეულობით სარგებლობა. ის, რომ უკრაინას უგვიანებენ ავიაციის გადაცემას, არასაკმარისად აწვდიან საჰაერო თავდაცვის საშუალებებს და საბრძოლო მასალებს, ბევრჯერ დავწერე. ომის ანალიზს რომ არ ვწერ საჯაროდ, იცით“, – წერს სალუქვაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |