ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ. დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე წერს.
„მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მომენტიდან საქართველო გახდა მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე. განცხადებები, დემარშები, რეზოლუციები, რომლებმაც უპრეცედენტო ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს.
ამ კამპანიაში ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობდნენ როგორც ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.
ერთადერთი, რასაც ქართველი ხალხი დღეს მოელის და იმსახურებს, არის ის, რომ მათ, ვინც ეს ზიანი მიაყენეს საქართველოს, იმავე მონდომებით იზრუნონ მათი სიტყვით და საქმით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრაზე.
ეს იქნებოდა დასტური ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობის და პატივისცემისა“, - წერს პაპუაშვილი.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |