სტატიები
ომში – მამასთან, პოლიტიკაში კი დედასთან ერთად – ანზორ ბიწაძე პოლიტიკურ ქაოსსა და თავისი თაობის უპირატესობებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
3688 17 ოქტომბერი 2019, 11:58

პოლიტიკური ქაოსი, აგრესია, რადიკალიზმი და დაუნდობელი ბულინგი - თამაშის ასეთი წესები დაამკვიდრა 90-იანი წლების პოლიტიკურმა თაობამ პოლიტიკაში. ახალგაზრდებისთვის ეს მიუღებელია. პრაგმატიზმს ისინი ახალი თაობის უპირატესობად მიიჩნევენ.

 

ბინძური პოლიტიკური თამაშის წესები და ქუჩის აქციები 

ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში ჯერ ერთი წლისაც არ არის, თუმცა დიდი ხანია, პოლიტიკურ ქაოსში ცხოვრობს და (ბოლო წლებში) მონაწილეობს კიდეც. ომში მამასთან ერთად იყო, პოლიტიკაში დედასთან ერთადაა. მის ცხოვრებაში იყო ყველაფერი – ბულინგი, პოლიტიკური იარლიყები, დამარცხებების მთელი სერია...  

როდის გადაწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა? ის კონკრეტული მომენტი როდის დადგა?

– პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება 2008 წლის 21 აპრილს მივიღე. ეს ის დღეა, როცა ნინო ბურჯანაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. უკვე მაშინ მივხვდი, რომ მას ძალიან მძიმე პოლიტიკური გზის გავლა მოუწევდა, ამიტომაც უცხოეთიდან საქართველოში დავბრუნდი და პროცესებში ჩავერთე. მემგონი, არაბუნებრივი და უხერხულიც კი იქნებოდა, შვილი საზღვარგარეთ ყოფილიყო, დედა კი – „ბარიკადებზე“.

შენ ახალ თაობას წარმოადგენ პოლიტიკაში, რა არის ის ტრადიციული თამაშის წესები, რომლებიც შენი, როგორც ახალი თაობის წარმომადგენლის, აზრით, უნდა შეიცვალოს.

– ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში ოცწლიანი გამოცდილება მაქვს – სულ 34 წლის ვარ, მაგრამ ჩემი პოლიტიკური მეხსიერება 20-25 წელს ითვლის. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერმა, რაც 1993-94 წლების შემდეგ საქართველოს ისტორიაში მოხდა, ძალიან ახლოს ჩამიარა, არაფერს გვერდი არ აუვლია, ზოგს – ცუდად, ზოგს – კარგად...

მე რასაც ვხედავ, არანაირი თამაშის წესები არ არსებობს. რაღაც პერიოდის მანძილზე იყო ინერციით და მემკვიდრეობით მიღებული რაღაც საბჭოთა პოლიტიკური სისტემის თამაშის წესები...

ახლა, იცით, როგორი მცდელობა აქვთ ხოლმე - ყველანაირი მექანიზმი რომ ჩართონ, რაც კი შეუძლიათ, რომ კონკურენტი, ან პოტენციური კონკურენტი გაანადგურონ. და არავინ ფიქრობს იმაზე, რომ იქნებ ამ კონკურენტთან რაიმე შეთანხმება შედგეს, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნისთვისაც სასარგებლო შეიძლება იყოს.

...წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ  რაღაც ეტაპზე ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება, წარმატებას მიაღწია კონკურენტის ან პოტენციური კონკურენტის განადგურების მიმართულებით (ამას სპეციალურად ვუსვამ ხაზს), მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ თვითონაც, საუკეთესო შემთხვევაში, წაგებული დარჩა. ზოგი – პოლიტიკურად განადგურებულიც.

...ყველამ კარგად გადახედოს უკანასკნელ 30 წელიწადს და  რაღაც ეტაპზე წარმატებული, გამორჩეული და წარჩინებული ფიგურების მოღვაწეობას – როგორ დაასრულეს მათ თავიანთი კარიერა.

შენი, როგორც ახალი თაობის წარმომადგენლის, მთავარი ამბიცია პოლიტიკაში რა არის? რისი შეცვლა გსურს?

–  ჯერჯერობით ჩემი მთავარი ამოცანაა ის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი ვიყო ჩვენი პარტიისთვის. ისე ვიყოთ პარლამენტში წარმოდგენილი, რომ რეალური გავლენა მოვახდინოთ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე და თუნდაც, იმ თამაშის წესებზე, რაზეც  ვსაუბრობდით. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

სააკაშვილისა და ბოკერიას ფლანგი ისეთ პრორუსობას აბრალებენ ერთმანეთს, ჩვენც რომ არ დაგვბრალებია...

 შორს ვარ იმ ადამიანებისგან, რომლებიც 28-29 წლის ასაკში დილით გაიღვიძებენ, ხელისუფლებაში მოვლენ და მინიმუმ, მინისტრობა უნდათ. ასეთი შეხედულებისგან და მენტალიტეტისგან ძალიან შორს ვარ. ხალხს ჯერ უნდა დაანახო, რა შეგიძლია.

2020 წლის არჩევნებისთვის ელექტორატი ძალიან კრიტიკულად იქნება განწყობილი.

26 მაისის კადრებიდან, სხვა ბევრთან ერთად, შენი დაპატიმრების კადრებიც დამამახსოვრდა. იმ მომენტში შენ და დედაშენი ერთმანეთს გადაეხვიეთ, რა განცდა იყო, რას ფიქრობდი მაშინ?

მაშინ ყველა მამაკაცი, ვინც ნინოს გარშემო იყო, სწრაფად დააკავეს. დავინახე, რომ ნინოს ირგვლივ რკალი გაკეთდა, მას ყველა გამოაცალეს. შემოვეხვიე. ამ დროს წელში, ფეხში... ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დამიტოვეს... ჩამეჭიდნენ და ჰაერში ამწიეს. ჭიდაობას ხომ არ დავიწყებდი, მივხვდი, რომ ნინოსთვის ხელი უნდა გამეშვა, რომ არ წაქცეულიყო, ან არ დაცემულიყო, სხვა შანსი არ მქონდა, განძრევის საშუალებაც არ იყო...

სხვათა შორის, ცოტა პოლიტიკოსის შვილი ვიცი, დარბევის დროს წინა ხაზზე რომ იდგა. მემგონი, ეს წესად უნდა დამკვიდრდეს. როცა პოლიტიკოსი ხარ და რაღაც პოლიტიკურ გამწვავებაზე მიდიხარ, სანამ სხვის შვილებს მოუწოდებ [აქციაზე გამოსასვლელად], შენი მოიყვანე.

  არ მიგაჩნია, რომ ქუჩის აქციები ზედმეტი და ამოვარდნილია რეალობიდან?

ღმერთმა ქნას, რომ ზედმეტი და ამოვარდნილი იყოს რეალობიდან. რაც დავიბადე, წელი არ მახსოვს, აქცია არ ყოფილიყო, მინიმუმ ორ წელიწადში კი, ნუ, კარგი, სამ წელიწადში, რაღაც გამწვავება არ მომხდარიყო.

გეტყვით იმას, რაც პირადად მახსოვს: სოხუმის დაცემა კარგად მახსოვს, შემდეგ თბილისში სიტუაციის გართულება, შევარდნაძის ტერაქტი, ესებუას კრიზისი სამეგრელოში, 1998 წელს ელიავას ამბოხი, ისევ შევარდნაძის ტერაქტი, 1999 წელს დაძაბული არჩევნები, 2000 წელს „რუსთავი 2“-ის კრიზისი, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა, მერე ნინოს არჩევა, შემდეგ რევოლუცია, 2004 წელს ოსეთი და ასე შემდეგ.  რაც თავი მახსოვს, ყოველი მეორე წელი რყევისა და კრიზისის შემცველი იყო.

ცოტა პოლიტიკოსის შვილი ვიცი, დარბევის დროს წინა ხაზზე რომ იდგა. სანამ სხვის შვილებს მოუწოდებ, შენი მოიყვანე
ანზორ ბიწაძე
პოლიტიკოსი

ასე რომ, ღმერთმა ქნას, ასეთი საპროტესტო ფორმები დროიდან და კონტექსტიდან ამოვარდეს. ჯერჯერობით ვერ მივედით მანდამდე. დღესაც ვხედავთ, რომ ათიდან ცხრა პოლიტიკოსი 2020 წლის არჩევნების მეორე დღეს აქციებით იმუქრება, ზოგი აანონსებს კიდეც.

როცა სააკაშვილის დროს თქვენ გამოხვედით ქუჩაში, რეალურად ფიქრობდით, რომ ეს იყო ის გზა და მეთოდი, რითაც ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო? და რომ ეს სწორი ტაქტიკა იყო?

– სწორი რატომ მეგონა, გეტყვით. მაშინ სააკაშვილმა მოახერხა და პოლიტიკური პროცესი მოკლა. სხვა გზა არ იყო, უბრალოდ. 2009 წლის სამთვიანი აქციები შეიძლებოდა წარმატებით და უსისხლოდ, სააკაშვილის წასვლით დამთავრებულიყო. და ეს რომ ასე არ მოხდა, ამაში ოპოზიციამ მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს. მაშინაც კი, ამხელა საპროტესტო აქციის ფონზე, ოპოზიციამ არჩევნებზე ვერაფერი ქნა. კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ არაფერი გამოვიდოდა – დაკომპლექტებული კომისიები, სიები, პრობაციონერების მხარდაჭერა, ძალოვნები...

სხვა გზა რა უნდა ყოფილიყო, არ მესმის. უბრალოდ, მერე მოხდა აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი და მოულოდნელი რაღაც, როდესაც უზარმაზარი რესურსის მქონე ადამიანი წავიდა სააკაშვილის წინააღმდეგ. მაგრამ წავიდა არა მარტო, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრით - მთელ პოლიტიკურ სპექტრს მოუხმო, მასაც კი დასჭირდა ოპოზიციის მხარდაჭერა  იმისთვის, რომ არჩევნები მოეგო.

გაიხსენეთ, მაშინ მთელი პოლიტიკური სპექტრი იყო კონსოლიდირებული, ამხელა რესურსების მქონე ადამიანი შემოვიდა თავისი ტელევიზიით, მაგრამ გახსოვთ, ალბათ, იმაზეც კი მიდიოდნენ, რომ საბაჟოზე თეფშები არ შემოსულიყო, რომ ადამიანებს ტელევიზორისთვის ეყურებინათ...

ჩვენ კი 2010-11 წლებზე ვლაპარაკობთ. საერთოდ, რანაირად უნდა გებრძოლა სააკაშვილთან აქციის გარეშე? ან აქციები უნდა გაგემართა და ამ მწვავე ფორმატზე გადასულიყავი, ან სახლში უნდა წასულიყავი, ან მიხეილ სააკაშვილს შერიგებოდი და გეთქვა: რა კარგი ლიდერი ხარ.  

 

 როდის და რატომ მოუხდის სააკაშვილი ბურჯანაძეს ბოდიშს?

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა რესპუბლიკურ პარტიას ბოდიში მოუხადა, – პრორუსები არ იყავით, დაგაბრალეთო, ველოდები, როდის მოუხდის ის ბოდიშს ნინო ბურჯანაძეს, რომელიც, ასევე, პრორუსულობის გამო, პოლიტიკაში მაშინდელმა მმართველმა ძალამაც გაამინუსა და გარკვეულ ეტაპზე ოპოზიციამაც.

„მინუსი“ ახლა მოხსნილია - დღეს ბურჯანაძის პარტია მოლაპარაკებების იმავე მაგიდასთან ზის, რომელსაც პროდასავლურად მონათლული პარტიები უსხედან.

ბოდიშს კი ის, ალბათ, მაშინ მიიღებს, თუკი სააკაშვილს, განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობის დასაკომპლექტებლად ბურჯანაძის პარტიის მხარდაჭერა დასჭირდება.

ასე მოხდა 2002 წელს, როცა სააკაშვილი ნათელაშვილს ოფისში პირადად ესტუმრა, ათასი ქათინაურითა და პოლიტიკური ეპითეტით აავსო და საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ადგილიც გაინაღდა; ასე მოხდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც, როცა სააკაშვილმა რესპუბლიკელებს მხარდაჭერის სანაცვლოდ ბოდიში მოუხადა და ისინი პროდასავლურ პარტიად აღიარა. მათაც სულგრძელად მიიღეს ბოდიში. 2020 წელს მორიგი ბოდიშის მოხდის დრო დადგება. ნინო ბურჯანაძე ერთ-ერთი რეალური კანდიდატია. მიიღებენ ისინი ექსპრეზიდენტის ბოდიშს?

„ბოდიში თავისთვის დაიტოვოს, სააკაშვილთან კოალიციაში არასოდეს ვიქნებით“, – ამბობს ანზორ ბიწაძე. ის რუსეთთან მიმართებაში დედის პოლიტიკურ შეხედულებებსა და მიდგომებს იზიარებს, ამბობს, რომ ეს რეალური და პრაგმატული პოლიტიკაა და არა პერსონალური მიდგომა რუსეთთან.

რუსეთი ოკუპანტია?

– კი... საერთოდ, გახსოვთ, ეს ფრაზა საიდან წამოვიდა? როდის გახდა ეს ფლაგმანი შეკითხვა ქართულ მედიაში? რუსეთი რომ ოკუპანტია, ამას ხომ არ სჭირდება გამეორება, თბილისიდან 20 წუთში დგას... 

როდესაც ნინო პირველად შეხვდა პუტინს და „რუსთავი 2“-ის ეთერით ჩაერთო, მაშინ  წამყვანი გამუდმებით ეკითხებოდა ნინოს: რუსეთი ოკუპანტია? ერთი ათჯერ ჰკითხა. ნინომ უთხრა, რომ მე დღეს, ომიდან 2 წლის თავზე მოვახდინე გარღვევა და ამ სტუდიიდან, მოსკოვიდან, სადაც მე მინდა გარღვევა მოვახდინო დიპლომატიური, მე თქვენ ამ შეკითხვაზე არ გიპასუხებთ. ამის შემდეგ ეს შეკითხვა გახდა ყველა რესპონდენტისთვის აუცილებელად საპასუხო.

ამას წინათაც მკითხეს და მიკვირს, რატომ ჰგონიათ, რომ ასეთ ნათელ ჭეშმარიტებაზე ვიტყვი არას?

კი, ეს უკვე სატირად ჩამოყალიბდა. და სხვა კითხვებიც დაემატა, ასევე, სატირული ჟღერადობის და მინდა ისინიც დაგისვა... ბიძინა ივანიშვილი პრორუსია?

– მემგონი, მას ბევრ რამეში უფრო მეტად აქვს პროდასავლურობა დეკლარირებული, ვიდრე სააკაშვილს ჰქონდა. სააკაშვილმა, მაგალითად,  ორი თვის წინ თქვა, დასავლეთი კოლონიზატორიაო. ბიძინას მიერ დანიშნული პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრები ძალიან მკაფიოდ აყალიბებენ საკუთარ პროდასავლურ კურსს, თუმცა, რამდენად ატარებენ ამ კურსს, ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ, საერთოდ ვერანაირ კურსს ვერ ატარებენ.

საერთოდ, პრორუსი რას ნიშნავს? პრორუსი იმას კი არ ნიშნავს, რომ უნდა დაველაპარაკო, ურთიერთობა უნდა მოვაწესრიგო, შევეცადო მაინც. პრორუსობა ნიშნავს, გაატარო ამ სახელმწიფოს ინტერესები საქართველოში. პროდასავლური ნიშნავს, დასავლური ინტერესები გაატარო საქართველოში...

ინტერესები არა, ღირებულებები...

– ღირებულებებზე შეგვიძლია, რამდენიმე საათი ვიდაოთ. ძალიან ბევრი ისეთი პროდასავლური ღირებულებაა რუსეთში დანერგილი, რომელიც საქართველოში ჯერ არ შემოსულა, ძალიან ბევრი ღირებულებაა ჩვენთან უკვე დანერგილი, რომლისგანაც რუსეთი შორს დგას. ღირებულებების შესახებ საუბარი საფრთხილოა და შორს წაგვიყვანს.

რუსეთს რა ღირებულებები აქვს?

– პოლიტიკოსები ამ თემაზე ერთმანეთს პინგპონგს ეთამაშებიან. რუსეთის ღირებულება რა არის, ამაზე ვერავინ კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ. მაშინ დასავლური ღირებულება რა არის?

თუნდაც მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, სულ ელემენტარული რომ ვთქვათ...

– მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების ინდიკატორი რა არის მაშინ? რა შკალით ვზომავთ?

სტანდარტული შკალაა...

– როგორ არის სტანდარტული, როცა ამერიკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამერიკის უდიდესი მედიაკორპორაციები არ არიან თავისუფალი.

ის საუბრობს ფეიკ ნიუსებზე...

– უფრო მეტზე საუბრობს. ფაქტობრივად, პარტიული ტელევიზია უწოდა არაერთხელ.

რუსეთი დემოკრატიული სახელმწიფოა?

– კიდევ ერთხელ გეტყვით, სხვადასხვა ინდექსი არსებობს. ზოგიერთი ინდექსის მიხედვით, რუსეთი საკმაოდ დემოკრატიულია, ზოგიერთი ინდექსის მიხედვით – ნაკლებად. ყოველ შემთხვევაში, არჩევითი დემოკრატია რუსეთში რომ მუშაობს, ფაქტია და ადგილობრივი თვითმმართველობაც მუშაობს.

მინდა გითხრათ, რომ რუსეთის დუმაში ახლა მეტი პარტიაა წარმოდგენილი, ვიდრე საქართველოს პარლამენტშია. შემდეგ შევდივართ უფრო ღრმა დისკუსიაში, რა შეხება აქვთ ამ პარტიებს კრემლთან და ასე შემდეგ. ამიტომ გეუბნებით, ეს ყველაფერი ძალიან ზოგადია.

პარლამენტში უფრო მეტი პარტიაა, ვიდრე საქართველოს პარლამენტში - რუსეთის დემოკრატიულობასა და ბურჯანაძის პოლიტიკურ ორიენტაციაზე

რაც შეეხება ღირებულებებს, ძალიან ბევრი დასავლური ღირებულება, ფაქტია, რომ მიუღებელია ქართველი საზოგადოებისთვის. ამას თავისი ისტორიული საფუძველი აქვს. ამაში ცუდი არაფერია. ეს, სხვათა შორის, ძალიან მძაფრად შეიგრძნო ექსპრეზიდენტმა და რამდენიმე დღის წინ ჯვარი ამოიღო პერანგიდან.

ნინო ბურჯანაძის პარტია პრორუსულია?

– არა! ვიღაცას რომ პრორუსი ჰგონიხარ, გული არ უნდა დაგწყდეს, იმიტომ რომ არ არიან კარგად ინფორმირებულნი. ვისაც ჩვენ პრორუსები ვგონივართ, მათზე გული არ მწყდება. ამ ადამიანებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია.

დამისახელეთ სამი არგუმენტი, რატომაც არ არის ბურჯანაძე პრორუსი.

– ნომერ პირველი არგუმენტი: ვერ დამისახელებთ ვერცერთ ქმედით ნაბიჯს, რომელიც წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციის ინტერესებს და ჩვენ საქართველოში გავატარეთ. რამდენიმე წლის წინათ, ავტომატურად ყველა პრორუსი იყო, ვინც კი სააკაშვილზე ცუდს იტყოდა. ეს მოახერხა სააკაშვილმა დახვეწილი პიარტექნოლოგიებით...

მეორე, ერთი განცხადება მაინც გაიხსენეთ, რომელიც ნინო ბურჯანაძემ რუსეთის საამებლად გააკეთა. რომ წაიკითხო და თქვა, აი, ამას ბურჯანაძე იმიტომ აკეთებს, რომ იმათ ასიამოვნოს...

საერთოდ, რასაც ნინო ბურჯანაძე ლაპარაკობს რუსეთის ტელევიზიით, იმას ვინ გაბედავს, რომელი ქართველი პოლიტიკოსი იტყვის და დაიცავს ისე საქართველოს?
 

გეტყვი, 2008 წლის ომის შემდეგ ბურჯანაძემ თქვა: რატომ უნდა ვიყო გაბრაზებული პუტინზეო?

– ეგ განცხადება უნდა მანახოთ. მაგრამ, საერთოდ, ომს თუ წააგებ, შენს მთავარსარდალზე უნდა გაბრაზდე...

მესამე, მისი ვიზიტები მოსკოვში. რომელი ვიზიტის დროს გააკეთა პრორუსული განცხადება, რომელი ვიზიტის დროს არ დაიცვა საქართველოს ინტერესები. საერთოდ, რასაც ნინო ბურჯანაძე ლაპარაკობს რუსეთის ტელევიზიით, იმას ვინ გაბედავს, რომელი ქართველი პოლიტიკოსი იტყვის და დაიცავს ისე საქართველოს? ამოვიღოთ ბოლო ჩანაწერი, გადაცემას ჰქვია „დიდი თამაში“, ყველაზე რეიტინგული გადაცემაა, დაახლოებით 300 მილიონი ადამიანი უყურებს. ვნახოთ, როგორ იცავს ნინო ბურჯანაძე რუსულ ენაზე რუსეთის პირველ არხზე საქართველოს ინტერესებს.

სხვები, იცით, რას ბედავენ? რაც სტრასბურგში ჩვენმა დელეგაციამ გაბედა. იმის მაგივრად, რომ ქალბატონი ჩუგოშვილი, ან დელეგაციის სხვა წევრები, სიტყვით გამოსულიყვნენ და საქართველოს ინტერესები დაეცვათ, დაკავებული არიან  მარიაჟობით. საქართველოს სახელით დადიან საზღვარგარეთ არა საქართველოს ინტერესების დასაცავად, არამედ სამარიაჟოდ... პროტესტის ნიშნად დატოვეს დარბაზი, დარბაზი კი არ უნდა დაეტოვებინათ, რუსეთის დელეგაციის თანდასწრებით უნდა გამოსულიყვნენ და საქართველოს ინტერესები დაეცვათ.

ეს იყო დემარში, სოლიდარობა უკრაინის მიმართ, რომელიც სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც გამოხატეს და პროტესტის ნიშნად დარბაზი კი არ დატოვეს, სესიის გახსნას არ დაესწრნენ. სხდომებს, პროტესტის ნიშნად, მხოლოდ უკრაინა არ დაესწრო.

– მე ჩემი მაწუხებს და უკრაინის დემარშზე ზელენსკის ამომრჩეველმა იდარდოს.

თემას რომ მივუბრუნდეთ, რამდენად რეალურია, პუტინთან დიალოგით გარღვევა მოახდინო კონფლიქტების მიმართულებით?

– პრობლემა ის გახლავთ, რომ, ადრე თუ გვიან, წინაპირობის გარეშე მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა. ისე არა ოღონდ, როგორც ზალკალიანი დაჯდა. ის უბრალოდ დაფიქსირდა ლავროვის წინ. და რა დონის შეხვედრა იყო, ხვდებით, როცა რუსეთის დიპლომატი ამბობს, ღიმილს მგვრის მისი საუბარიო. სამწუხაროა ის, რომ წინაპირობების გარეშე მოგვიწევს დასხდომა, იმიტომ რომ საქართველოში იმათი ჯარი დგას და არა ჩვენი ვლადიკავკაზში. გარანტირებული კი, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის. მეორე მხარის ლიდერებმა – ობამამ, მერკელმა, სარკოზიმ და რეალური ძალაუფლების მქონე სხვა დასავლელმა ლიდერებმა გარანტირებულად გვითხრეს, რომ ნატოში არ მიგვიღებენ. შემდეგ გვითხრეს, მეხუთე მუხლის გარეშე მიგიღებთო. მეხუთე მუხლის გარეშე რა გვინდა ნატოში, საერთოდ?  ამიტომაც არჩევანი არ გვაქვს. რაზე ვდაობთ საერთოდ?

და გარღვევის წერტილი რა შეიძლება იყოს?

– გარღვევის წერტილი უნდა განისაზღვროს მოლაპარაკებების მაგიდასთან.

მაგრამ როცა თქვენ გარღვევაზე დამაჯერებლად საუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ წარმოდგენილი გაქვთ რაღაც სურათი...

რეალობა არის ის, რომ, ნინო ბურჯანაძის გარდა, ამ ყინულის დაძვრა არავის შეუძლია

– ოპოზიციაში იყო ბურჯანაძე, თანაც არასაპარლამენტო ოპოზიციაში და მასთან საუბრის დროს პუტინმა განაცხადა: არ არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის მოუგვარებელი პრობლემები, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემაო. აი, ეს არის ციტატა. ეს თქვა პუტინმა მაშინ, როცა ნინოს პარტია ერთი წლის დაარსებული იყო და ის არასაპარლამენტო ოპოზიციაში გახლდათ. ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ, თუ ბურჯანაძე იქნება ხელისუფლებაში, ამ მიმართულებით წინ წასვლა შესაძლებელია. რეალობა არის ის, რომ, ნინო ბურჯანაძის გარდა, ამ ყინულის დაძვრა არავის შეუძლია.

გასაგებია ნინო ბურჯანაძის ინტერესი, როცა ის ხვდება პუტინს, მაგრამ პუტინს რა ინტერესი აქვს, როცა (თანაც) არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს ხვდება?

 ის ხვდება მძიმეწონიან პოლიტიკოსს, რომელთანაც შეიძლება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დარეგულირების ნიადაგი მოისინჯოს.

ნინო ბურჯანაძე პუტინის ფავორიტია?

– რას ჰქვია, ფავორიტია? ძალიან ცუდი ფორმულირებაა, ძალიან ცუდი. ამას არაფრით არ მივიღებ. ის მძიმეწონიანი პოლიტიკოსია, აბა, სხვა ვინ არის? ერთი არის და სკაიპით ერთვება ხოლმე, კაცმა არ იცის საიდან.

 

„ნინო ჩემთვის ლეგენდაა“ - ანზორ ბიწაძე

ინტერვიუს ბოლოს დედისადმი ანზორ ბიწაძის დამოკიდებულებასაც შევეხეთ. ის ნინოზე – ასე მოიხსენიებს მას ყოველთვის, აღფრთოვანებით საუბრობს, ეამაყება, რომ ნინო ბურჯანაძე მისი დედაა.

ნინო, მართლაც, ძლიერი ფიგურაა, სხვა საქმეა მისი პოლიტიკური შეხედულებები, რომლებსაც ზოგი იზიარებს, ზოგი – არა, ზოგს მოსწონს, ზოგს – არა, თუმცა, მან ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ ბატალიებს გაუძლო და ახლა საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.

მიიჩნევს ნინო ბურჯანაძის შეცდომად და რატომ არის ის ლეგენდა


ინტერვიუს სრული ჩანაწერი იხილეთ აქ:



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი