სტატიები
ორნი პოლიტიკურ ტიტანიკზე - ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთში ჩავიდა...
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
894 20 მარტი 2023, 18:32


სი ძინპინი ვლადიმერ პუტინთან ჩავიდა. ეს მისი პირველი საგარეო ვიზიტია ჩინეთის პრეზიდენტად მესამე ვადით არჩევის შემდეგ. 10 წლის წინათ სი ჩინეთის მეთაურად პირველად აირჩიეს და მისი პირველი ვიზიტი მაშინაც რუსეთში შედგა. 

სი ძინპინი მოსკოვს უკვე მერვედ სტუმრობს. სხვა არცერთ ქვეყანას ის ამდენჯერ არ სწვევია. თუმცა ამ ვიზიტებზე ცოტა ქვემოთ. 

და არცერთ სხვა ვიზიტს ამხელა გამოხმაურება და ასეთი ყურადღება არ მოჰყოლია. ის წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. 

რატომ?

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ვიზიტის შემდეგ ჩინეთი რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალურ სტატუსს დაკარგავს და კრემლის მოკავშირედ დაფიქსირდება. 

საინტერესოა, რომ სის ვიზიტი ჯერ თითქოს მაისში იგეგმებოდა, შემდეგ - აპრილში, თუმცა პუტინმა და ძინპინმა უკვე დღეს ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს მოსკოვში. 

სულ რაღაც, ოთხი-ხუთი დღით ადრე კი ჰააგამ პუტინის დაკავების ორდერი გასცა და კრემლის ბოლო ორი ათწლეულის უცვლელი ბინადარი უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის საქმეში ჯერ მხოლოდ ეჭვმიტანილად მიიჩნია. 

[აქვე გეტყვით, რომ ჩინეთს, ისევე როგორც რუსეთს და ისევე როგორც ამერიკას  რომის სტატუტი რატიფიცირებული არა აქვს.  არც პეკინი, არც მოსკოვი და არც ვაშინგტონი  ჰააგის სასამართლო იურისდიქციას არ ცნობს.]

პოლიტიკაში დამთხვევები შემთხვევითი არ არის. ვაშინგტონი ამ ვიზიტის წინააღმდეგი იყო. ამბობენ, რომ რუსეთ-ჩინეთის დუეტი თეთრი სახლისთვის დიდი გამოწვევა იქნება.
თუმცა ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ სის მიზანი გლობალური მოთამაშის სტატუსის მოპოვებაა და არა პუტინის მოკავშირის ტიტულისა. 


და ამაში არის ლოგიკა.

პირველი, სიმ უკვე წარმოადგინა ჩინური მშვიდობის 20-პუნქტიანი გეგმა. ეს ომის დასრულების პეკინისეული ვარიანტია, რომლის პირველივე პუნქტში, სხვათა შორის, წერია: ყველამ პატივი უნდა სცეს ერთმანეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. 

მეორე, რუსეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტი ჯერ - უკრაინის პრეზიდენტთან ონლაინ მოლაპარაკებების გამართვას, შემდეგ კი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჩასვლას გეგმავს. 

ეს სის მხრიდან გლობალურ მოთამაშედ წარმოჩენის პირველი შემთხვევა არ არის. უფრო ადრე მან მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასვა საუდის არაბეთი და ირანი - მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც კი აღადგინა. ამ პროცესში თეთრი სახლი ირანის ფაქტორის გამო არ მონაწილეობდა. 

არის ვერსია, რომ სი ძინპინს ახლაც ასეთივე როლის თამაში სურს. 
სხვების ვერსიით, ეს ვიზიტი ბაიდენის უკრაინაში ვიზიტის საპასუხო სვლაა. 
ამერიკის პრეზიდენტმა ზელენსკისთან ვიზიტით ხომ მკაფიოდ თქვა: ჩვენ ყველაფერი დავდეთ ამ ომზე და მას აუცილებლად მოვიგებთო... ამ სიგნალს საპასუხო სიგნალით უპასუხეს კრემლში - სი რუსეთში მიიპატიჟეს. თეთრი სახლისთვის ახლა მაინც უნდა იყოს გასაგები - მოსკოვი ამ ომის წაგებას არ აპირებს, ასეთია ამ ვიზიტის გზავნილი.

მოსკოვის შეხვედრამდე ვლადიმერმაც და სიმაც წერილები გამოაქვეყნეს. 

საინტერესოა, რომ ამ წერილში პუტინი ზედმეტად კონკრეტულია და თავის ჩინელ კოლეგას ხოტბა-დიდებას ასხამს, თუმცა სი საკმაოდ თავშეკავებულია. პუტინისთვის მას არც მეგობარი უწოდებია და არც სტრატეგიული მოკავშირე - მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა. 

ასე რომ, ვნახოთ, რა მიზნით ჩავიდა სი მოსკოვში და რა შედეგით დატოვებს ის კრემლს - ჩინეთი ეკონომიკურად დაეხმარება მოსკოვს ომის გასაგრძელებლად თუ ყველაფერს გააკეთებს მშვიდობის დასამყარებლად?.. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი