212
11 მარტი 2023, 13:48
ჯერ ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტიის განაცხადი, ახლა კანადის მთავრობა. რაო, ეს არ იქნება რუსული კანონი, ეს არ იქნება ცივილიზებულ სამყაროსთან დაშორება?, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კანადის მთავრობა აპირებს შემოიღოს სარეგისტრაციო სისტემა, რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციას მოემსახურება.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს კანონი იყო მიზეზი პროტესტის აგორების, არ იქნებოდა ეს, იქნებოდა სხვა.
„ჯერ ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტიის განაცხადი, ახლა კანადის მთავრობა. რაო, ეს არ იქნება რუსული კანონი, ეს არ იქნება ცივილიზებულ სამყაროსთან დაშორება?
დარწმუნებული ვარ, ბევრი ქვეყანა მიიღებს ამ კანონს, მაგრამ ის რაც შეიძლება სხვისთვის, არ შეიძლება ჩვენთვის, ასეა? მე ისევ ჩემს აზრზე ვრჩები - ეს კანონი იყო მიზეზი პროტესტის აგორების. არ იქნებოდა ეს, იქნებოდა სხვა. ეტყობა, ჩვენ დაბალი ღობე გვნახეს. რა ინტერესი აქვთ ისეთი გარკვეულ ძალებს ჩვენი ქვეყნის, ასეთი ზეწოლა რომ ხორციელდება.
ნურავის ეგონება, რომ კანონის გაწვევა ხელისუფლების დამარცხებას და მერაბიშვილი-ლომჯარიას გამარჯვებას ნიშნავს. ეს ჩვენი, შეცდომაში შეყვანილი, პირადი ინტერესებისთვის გამოყენებული, ახალგაზრდების დაცვა იყო მოსალოდნელი უბედურებისგან, რაც აშკარად, რეალურად იდგა“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.
პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის წერილი გაუგზავნა,რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.
თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.
10 მარტს კი პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო. პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დადგა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |