კანონპროექტი მხოლოდ საბაბი იყო მავანთათვის სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ დასავლეთი, ისევე როგორც 2003 წელს, ისევ მხარს უჭერს კრიმინალური ოპოზიციის ანტიკონსტიტუციურ პროცესს საქართველოში, - ამის შესახებ Facebook-ზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე წერს
„ორმაგი სტანდარტები და ბოლშევიზმი ევროპულობის სახელით - მიტინგების დაშლის ქართული მეთოდები და ევროპული შეფასებები დასრულდა. „ეროვნული ინტერესების დაცვის“ სახელით ქუჩების, სკვერების, საზოგადოებრივი ქონების, პოლიციის მანქანების 3-დღიანი ბარბაროსული მეთოდების გამოყენების ეპოპეა მინავლდა. ამგვარი საპროტესტო აქციის მონაწილე ათასობით მოქალაქემ დაამტკიცა, რომ არ დაუშვებენ „რუსული კანონის“ მიღებას, ვინაიდან „ნამდვილი ევროპელები“ არიან. „რუსულ ოცნებას“ არ დაანებებენ საქართველოს „გარუსების" მცდელობას.
ნეობოლშევიკებისა და ნეოფაშისტების მხრიდან მიმდინარეობს სიცრუის სიმართლედ გამოცხადების პროცესი, რომელსაც თან ახლავს არასასურველთა მიმართ ბოლშევიკური მეთოდებით იარლიყების მიკვრა.
დღეს ბევრს დავობენ იმ საკითხებზე, დაუშვა თუ არა ხელისუფლებამ შეცდომები „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მომზადების, თუ პარლამენტში გატანის დროს. თუ დაუშვა, რა სახის იყო ეს შეცდომები და როგორ გამოიყენა ისინი ოპოზიციამ.
ეს ყველაფერი მრუდე სარკის პრინციპით აისახა არა მხოლოდ ქართულ პარტიულ ტელევიზიებში, არამედ დასავლურ მედიაშიც. პასუხგაუცემელია კითხვები, როგორ მოახერხეს დაინტერესებულმა პირებმა მოვლენების გამრუდებულად ასახვა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ასევე დიდი ოდენობის ახალგაზრდების ტყუილში დაჯერება, მათი ქუჩაში გამოყვანა და ა. შ.
მოდით, ამჯერად ამ რთულ კითხვებზე პასუხებს თავი ავარიდოთ მხოლოდ ის გავიხსენოთ, თუ როგორ შეფასდა საპროტესტო აქციების მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებები „ევროპული ღირებულებების“ დამცველობაზე პრეტენზიის მქონე ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსების თუ ანალიტიკოსების მიერ“, - წერს ნანა კაკაბაძე.
მისივე თქმით, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა პარლამენტის შენობისა და პოლიციელების მისამართით, რასაც მოჰყვა პარლამენტის შიგნით და გარეთ ცეცხლის გაჩენა, ცეცხლწაკიდებულ პოლიციელის სახისა და სხეულის არეში დაზიანება. საპოლიციო, ავტომობილების დაწვა, აყირავება, ქვების სროლა, მძიმე კონსტრუქციების დალეწვა და მისი ნაწილების საბრძოლო იარაღებად გამოყენება, პარლამენტის შენობის დაზიანება, ფანჯრების მსხვრევა - ეს ყველაფერი ზემოხსენებული „დემოკრატების და პროევროპელების“ მიერ შეფასდა, როგორც გამოხატვის თავისუფლება და „ქართველი ახალგაზრდების გმირული ბრძოლა“ ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
„არც ერთ ევროპელ ექსპერტსა თუ უფლებადამცველს არ დაუძრავს სიტყვა 50-ზე მეტ დაშავებულ პოლიციელზე, იმაზე, თუ როგორ უდრტვინველად იტანდნენ ისინი მუხანათურ თავდასხმებს და როგორ ცდილობდნენ, არ გადაელახათ პროპორციული ძალის გამოყენების ზღვარი. არ მიეყენებინათ სერიოზული ზიანი ეგზალტირებული თავდამსხმელებისთვის. პოლიციის მიერ გამოვლენილი მაქსიმალური თავშეკავებულობისა და პროფესიონალიზმის შედეგად, სამდღიანი ქუჩური ბრძოლების მიუხედავად, არც ერთი მომიტინგე არ აღმოჩნდა სერიოზულად დაზიანებული. მოდით შევხედოთ, როგორ შეფასდა ეს ყოველივე „პროევროპელი დემოკრატების“ მხრიდან?
„წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის ან ცრემლსადენი გაზის (დოზირებულად!) გამოყენება „მშვიდობიანი“ მომიტინგეების წინააღმდეგ ყოფილა არაპროპორციული ძალის გამოყენება, რისთვისაც თურმე სამართალდამცავებმა პასუხი უნდა აგონ!“. ანუ პასუხი უნდა აგონ არა პოლიციელების მისამართით „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელებმა, ავტომობილების დამწველებმა და ამყირავებლებმა, საზოგადოებრივი საკუთრების დამზიანებლებმა, არა პოლიციელებისთვის ქვების მსროლელებმა, არა მძიმე კონსტრუქციების დამლეწავებმა და მისი ნაწილების საბრძოლო იარაღებად გამომყენებლებმა, არა პარლამენტის შენობის მაქსიმალურად დაზიანების და ფანჯრების მსხვრევის ავტორებმა ან პარლამენტის შენობაში შემჭრელებმა, არამედ პოლიციელებმა, რომლებიც ამ ყველაფერში მოძალადეებს ხელს უშლიდნენ. დანაშაულის აღსაკვეთად წყლის ჭავლის გამოყენებას „ბედავდნენ“. (ეს არის აქამდე არსებული ევროპული სტანდარტი?)“ - წერს კაკაბაძე.
მისივე განცხადებით, ვარაუდები, ხომ შეიძლებოდა დასველებულ მოძალადეებს ფილტვების ანთება დამართოდათ, კურიოზულად გამოიყურება განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა თითქმის ამ პროცესების პარალელურად, იმავე დღეებში ერთ-ერთ ყველაზე ევროპულ ქვეყანაში, საფრანგეთში პოლიცია სასტიკი მეთოდებით არბევდა საპენსიო ასაკის გაზრდის გასაპროტესტებლად ქუჩებში გამოსულ მომიტინგეებს.
„არადა, არავის შეუფასებია ეს სასტიკი დარბევები ანტიდემოკრატიულად და ანტიევროპულად. ეტყობა, რომ სწორედ ასეთი დარბევებია დღეს მიჩნეული ევროპულ სტანდარტად. გამოდის, რომ ჩვენი პოლიციელები ტყუილად უფრთხილდებოდნენ მომიტინგეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. გამოდის, რომ ამიტომაც არ ჰქონდათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შესაბამისი რეაქცია სააკაშვილის დროინდელი მიტინგების „ევროპულ“ დარბევებზე, ამიტომაც ზრუნავენ დღესაც სიმულიანტი, „წამების“ მსხვერპლი ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე და ამიტომაც თანამშრომლობენ დღემდე ნაყოფიერად „ორი გვამი მინდა“ ექს-მინისტრთან.
თუ აშშ-ის ან ევროპული ქვეყნების პარლამენტებში შეჭრის მცდელობებს საშინელი დანაშაული ჰქვია, რომლის აღკვეთისთვისაც 5 კაცის მოკვლა და ასეულობით მოძალადისთვის მრავალწლიანი პატიმრობა დემოკრატიის ნიშანია, საქართველოში ანალოგიური ქმედებისთვის მოძალადეების ნაცვლად, პოლიციელების დასჯის მოთხოვნა სადაური სტანდარტია?ასეთ სტანდარტს მოითხოვენ ჩვენი ოპოზიციონერები. ოპოზიციას მხარს უბამს საქართველოს პრეზიდენტიც, ტაშს უკრავს და აქეზებს მოძალადეებს.(რაც საეჭვოს ხდის საქართველოსადმი მის ერთგულებას).
როგორც ჩანს, ასეთია ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსების, მათი მსგავსი „უფლებადამცველების“ და „დემოკრატებისთვის“ ევროპულობის გაგებაც, სტრატეგიაც, ტაქტიკაც და ცხოვრების წესიც. როგორც ამბობენ. ამ კანონპროექტთან დაკავშირებული შეხლა-შემოხლის მთელი პერიპეტიების ნახვა თუნდაც იმიტომ ღირდა, რომ ნათლად წარმოჩენილიყო მათი ნამდვილი სახე.
საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესები შეიძლება შემდეგნაირად შეფასდეს. საქართველოს მიმართ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების და ექსპერტების მხრიდან გამოიყენება ორმაგი სტანდარტები. მათი კარნახითა და იძულებით, კრიმინალთა განთავისუფლების ულტიმატუმები არის კანონის უზენაესობისა და ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა. შანტაჟითა და მუქარით ხელისუფლების იძულება, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ დაემორჩილოს გარედან მომდინარე დიქტატს, არის კლასიკური ბოლშევიზმი, რომელიც სურთ შემოგვასაღონ ევროპული ღირებულების სახელით.
პ.ს. კანონპროექტი მხოლოდ საბაბი იყო მავანთათვის სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ დასავლეთი, ისევე როგორც 2003 წელს, ისევ მხარს უჭერს კრიმინალური ოპოზიციის ანტიკონსტიტუციურ პროცესს საქართველოში“, - წერს ნანა კაკაბაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |