3410
04 მარტი 2020, 14:59
თუკი ადრე ხელისუფლებისთვის ჩანდა სახიფათოდ ოპოზიციის ერთობა, ახლა თავად ოპოზიციისთვის გამოიყურება სახიფათოდ მოლაპარაკებების გაჭიანურება. განსაკუთრებით ელჩებთან მათი სამრაუნდიანი, ხანგრძლივი და უშედეგო საუზმობა-ვახშმობა-სადილობების შემდეგ.
დროში გაწელილი მოლაპარაკებები ოპოზიციის არა მხოლოდ ერთობას ანგრევს, არამედ დასავლეთში მათ პოზიციებსაც ასუსტებს. ლეგიტიმაციას უკარგავს მოთხოვნებს, რომლებსაც დღეს ვაშინგტონშიც ითვალისწინებენ და ბრიუსელშიც, თანაც პროცესსაც აკვირდებიან.
მოლაპარაკებები დროში მართლაც გაიწელა. გზადაგზა ოპოზიციამ მოთხოვნები გაზარდა - რადიკალებმა გეგმები შეცვალეს. ეს განსხვავებები სულ უფრო თვალშისაცემი ხდება მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეების განცხადებებში. ასეთი კი მხოლოდ ორია: „ნაციონალური მოძრაობა“ და ყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველოს“ სახით. სხვებიც არიან, მაგრამ უპირატესობა სწორედ ამ პარტიებს ენიჭებათ, რადგანაც სწორედ ისინი წარმოადგენენ ოპოზიციას პარლამენტში.
საქმე ის არის, რომ საქართველოდან გაქცეული მესამე პრეზიდენტის გეგმებში კომპრომისი, კონსენსუსი, სიმშვიდე და კარგი ცხოვრება აღარ შედის. ის პოლიტიკური ცხოველია, რომელსაც კარგად ესმის, რომ მხოლოდ ქაოსს შეუძლია მისი ვერტიკალზე დაბრუნება.
ერთხელ რევოლუციურ ტალღაზე მოვიდა. როგორც ჩანს, მის პოლიტიკურ საათზე ახლაც აჯანყების დროა. ამიტომაც რამდენჯერაც ვითარება თითქოს პოზიციების დაახლოებისკენ წავიდა, თანაც იმდენად, რომ ამაზე თავად ელჩებმაც გააკეთეს მინიშნებები, იმდენჯერ სულ უფრო რადიკალური გახდა ნაციონალების მოთხოვნები.
არადა, შეთანხმება აუცილებელია.
ყველაფერი გიგი უგულავას დაკავებით დაიწყო. სხვათა შორის, მიშას პარტია იმ დღესაც არ აჰყვა „ევროპული საქართველოს“ ტაქტიკას და როცა ისინი ირწმუნებოდნენ, თბილისის ყოფილი მერის დაპატიმრება ხელისუფლებას მხოლოდ იმიტომ დასჭირდა, რომ მოლაპარაკებების ჩაშლა სურდაო, გრიგოლ ვაშაძე სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. მეტი დამაჯერებლობისთვის გიგა ბოკერიამ მაშინ ციფრიც კი დაასახელა 130/20 (130 პროპორციული და 20 მაჟორიტარული), გრიგოლ ვაშაძემ კი მკაფიოდ და გარკვევით განაცხადა, თანაც არაერთხელ, რომ არანაირი შეთანხმება ოპოზიციაში არ არსებობს და რომ არანაირი ფორმულა ან ციფრი არ გაჟღერებულა.
„ევროპული საქართველოს“ პოზიცია თავიდანვე რადიკალური იყო: არანაირი შეთანხმება უგულავას გათავისუფლების გარეშე!
მოგვიანებით, ნაციონალებმა უგულავას სხვა პატიმრებიც მიამატეს. მაგალითად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა. პარლამენტის შტურმის დროს დაპატიმრებული რამდენიმე სხვა პირი გრიგოლ ვაშაძემ ძირითად შემადგენლობას თავად დაამატა და მათი „უპირობო განთავისუფლება“ (სწორედ ეს ტერმინი გამოიყენა) მოითხოვა.
კიდევ უფრო გვიან, ამ ყოველდღე მზარდ სიას - როცა მესამე არაოფიციალური რაუნდის შემდეგ გერმანიის ელჩმა თავისი ოპტიმიზმი არ დაფარა - ნაციონალებმა ახალი მოთხოვნა დაუმატეს. მაქსიმალურად პროპორციულ საარჩევნო ფორმულასა და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას, მათ ყველა იმ პირის წინააღმდეგ პროკურატურაში წარმოებული საქმეების შეწყვეტაც დაურთეს, რომლებიც, მათივე შეფასებით, პოლიტიკურად არის მოტივირებული.
რა მიზანი აქვს გაქცეულ მესამე პრეზიდენტს
სააკაშვილის სურვილია არსებული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება. ყოველთვის ასე იყო. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების იდეა მას არასოდეს ხიბლავდა. მით უფრო, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით. მაშინ შევარდნაძის დროს ჩატარებული არჩევნები პროპორციულ ნაწილში გაყალბებულად გამოცხადდა, მაჟორიტარების ნაწილში კი - სამართლიანად. ვადამდელი არჩევნები მხოლოდ პროპორციულ ნაწილში გაიმართა და სააკაშვილმა, „შევარდნაძის მაჟორიტარებთან“ ერთად, პარლამენტში უმრავლესობა შექმნა.
მან კარგად იცის გარიგების ფასი, იცის, რომ მაჟორიტარები ყოველთვის გამარჯვებულის მხარეს დგებიან და ისიც იცის, რომ მათი გამოყენება მეორედაც შეუძლია.
სააკაშვილის გათვლაა ან არჩევნების მოგება ან ქუჩაში აჯანყება.
განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე:
იმისთვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვოს, მას ისეთივე ერთობა სჭირდება, როგორიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მეორე ტურში დაფიქსირდა. მართალია, მაშინ ვერ გაიმარჯვა, როგორც თავად ამბობს, ცოტა დააკლდა, მაგრამ ამ „ცოტას აწევას“ ახლა შეეცდება. თუმცა მხოლოდ რადიკალიზმით ამ მიზანს ვერ მიაღწევს. სავარაუდოდ, მას ისეთი ვითარების შექმნა დასჭირდება, რომელიც სხვა პარტიებს, ვისაც პულსი ესინჯებათ, აიძულებს, საარჩევნო მარათონში მას შეუერთდნენ. სწორედ ისე, როგორც „ვარდების რევოლუციის“ დროს იყო. მაშინ ჟვანია და ბურჯანაძე იძულებულნი გახდნენ, მასთან ბლოკი შეეკრათ, მოგვიანებით კი, უკვე პრემიერის პოსტზე ჟვანიამ, ზედმეტი ეჭვების თავიდან ასაცილებლად, პარტიაც გააუქმა. თუმცა, ეს სულ სხვა ისტორიაა და აღარ გავაგრძელებთ.
მისი უმთავრესი ინტერესია, გაიმარჯვოს, მაჟორიტარები დაიმატოს და აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებისთვის პოზიციები გაიმყაროს.
თუ არჩევნებს წააგებს, მაშინ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად გამოაცხადოს, ისევე როგორც „ვარდების რევოლუციის“ დროს.
შესაბამისად, მოლაპარაკება, კომპრომისი და თამაშის ის წესები, რომლებიც მას გამარჯვების შანსებს შეუმცირებს, სააკაშვილს არც აინტერესებს და არც წავა ამაზე.
ბოკერია - ცალკე სამიზნე
მსხვილი მოთამაშეებიდან ყველაზე რთულ ვითარებაში „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აღმოჩნდა, რომელსაც, საქართველოში დაბალი რეიტინგის მიუხედავად, საკმარისად დიდი გავლენები აქვს დასავლეთში. თუმცა, შეიძლება, სწორედ მან წააგოს ახლა ყველაზე მეტად, რადგანაც რადიკალიზმი, დიახაც, მას უქმნის სერიოზულ პრობლემებს.
„ევროპულ საქართველოს“ განახლების პრობლემაც აქვს.
გარდა ამისა, სააკაშვილს სხვა ინტერესებიც შეიძლება ჰქონდეს. ის ყოველთვის შეუწყნარებელი იყო, მისი გაგებით, მოღალატეების მიმართ. ასე იყო იგივე ოქრუაშვილის ან ბურჯანაძის შემთხვევაში, როცა ერთი პირდაპირ ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გადავიდა ოპოზიციაში, ხოლო მეორემ რადიკალური ნიშის დაკავება სცადა მოწინააღმდეგე ბანაკში.
გიგა ბოკერიამ კი სააკაშვილს ყველაზე „მძიმე დროს“ უღალატა. უღალატა მაშინ, როცა ოპოზიციაში გადასვლა ყოფილი მმართველი პარტიისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო - პარლამენტში ჯერ სააკაშვილის ბრენდით შევიდა, შემდეგ კი პარტიიდან მისი ჩამოშორება სცადა, ბოლოს პარტიაც გაუყო და ფრაქციაც - ასე ხედავს სააკაშვილი, ამიტომაც ხშირად ესხმის ხოლმე თავს. მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ, ბოკერიას პარტიის გაყოფას არ პატიობენ.
სხვათა შორის, შემთხვევითი არ ყოფილა გიორგი ვაშაძის, ალბათ, სწორედ ბოკერიას საყურადღებოდ გაკეთებული განცხადება: „არ ვიცი, რომელ ოპოზიციას გაიფორმებენ საკუთარ ოპოზიციად - ჩვენ ადგილებით არ ვვაჭრობთ, არ ვაპირებთ, საქართველოს მომავალი გავყიდოთ!“.
გიორგი ვაშაძეს გიგა ბოკერიასთან თავისი ანგარიში აქვს. თავის დროზე, მმართველი პარტიის ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მის ამბიციებს სწორედ ბოკერია და უგულავა არ სწყალობდნენ. ვაშაძე ძველი სახეების ახლით ჩანაცვლების იდეით გამოდიოდა. სურდა, თბილისის მერის პოსტზე თავად ეყარა კენჭი, თუმცა, ის აიძულეს, წასულიყო. წასვლით კი წავიდა, მაგრამ გიგა ბოკერიას „დაღლილი პოლიტიკოსი“ უწოდა და დასვენება ურჩია.
ოპოზიციის პასუხისმგებლობა
ოთხი ოფიციალური რაუნდისა და სამი არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, კომპრომისული ფორმულა ისევ უცნობია.
ოპოზიცია ირწმუნება, რომ ის პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის მხოლოდ იმიტომ იბრძვის, რომ ეს საზოგადოების დაკვეთაა. თუმცა, ამ დაკვეთას მათ ბოიკოტი ერთხელ უკვე გამოუცხადეს. ორი წლის წინათ ოპოზიციამ არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესაძლებლობა სრულიად უაზრო პირად ინტერესს გადააყოლა. ეს ინტერესი კი ასე „გამოიყურებოდა“: კონსტიტუციას მხოლოდ ერთმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ მისცა ხმა, მაშასადამე, ის ლეგიტიმური არ არის. თუმცა, საბოლოოდ, კონსტიტუციას თავად პრეზიდენტმა მოაწერა ხელი, რომელიც, ასევე, ბოიკოტის გაუგებარ რეჟიმში იმყოფებოდა. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა კი ჩავარდა. ოპოზიციის ნაცვლად ხელისუფლება მაშინ მაჟორიტარებს გაურიგდა, მათ კი ხმების სანაცვლოდ კიდევ ერთი ვადით მოითხოვეს მაჟორიტარული სისტემის დატოვება. გარიგებაც შედგა.
ოღონდ მაშინ საკუთარი ინტერესების ხიბლში გადავარდნილ ოპოზიციას საზოგადოებრივი დაკვეთა არ გახსენებია.
ასე რომ, ამ ისტორიაში ოპოზიციას თავისი პასუხისმგებლობა აქვს.
ხელისუფლების საქციელს რომ გამართლება არ აქვს - დაპირების უკან წაღებას ვგულისხმობ - ეს ოპოზიციას, რომელიც ირწმუნება, რომ უფრო უნარიანი, ჭკვიანი და პროგრესულია, ვიდრე „ქართული ოცნება“, პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.
და ახლა ზომიერი პოლიტიკური პარტიები რისკავენ, მეორედ გაიხლართონ ბოიკოტის წარუმატებელ სპირალში. სწორედ ბოიკოტად იკითხება ნაციონალების განწყობა, არ მიიღონ მოლაპარაკებების არცერთი პირობა. უფრო ზუსტად, წამოაყენონ ისეთი პირობები, რომლებიც უტოპიური და შეუსრულებელია.
უგულავა ან არაფერი! - მოთხოვნის ასეთი ფორმულირება გულუბრყვილოდ ჩანს. რადიკალიზმით პოლიტიკას არ აწარმოებენ.
ეს იგივეა ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში, მაგალითად, მსაჯმა ფეხბურთელი მოედნიდან უსამართლოდ გააძევოს, გუნდმა კი პროტესტის ნიშნად თამაშზე უარი თქვას, სტადიონიდან გაიქცეს და მაყურებელი იმედგაცრუებული დატოვოს.
გიგა ბოკერიამ ერთხელ უკვე დაუშვა საბედისწერო შეცდომა - კონსტიტუციას მხარი არ დაუჭირა. მას რომ ეს არ გაეკეთებინა, დღეს არჩევნები სრული პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა! მაშინ ბოკერიას ნაციონალების აგრესიული თავდასხმების შეეშინდა, უფრო კი სააკაშვილის.
ეს რისკი ისევ არსებობს. და ახლა ის კიდევ უფრო მძაფრია. თაკო ჩარკვიანს, რომელიც საკუთარ თავს პროდასავლურ პოლიტიკოსს უწოდებს, რეალურად კი მხოლოდ პოლიტიკური ტროლია, ბოკერიას მიმართულებით აგრესიული მესიჯების სროლა შემთხვევით არ დაუწყია.
ადრე მას „ჩერჩეტი“ უწოდა, შემდეგ „მიშას ჯინაზე“ მოქმედ პირად დაასახელა, ახლა კი უფასო რჩევაც მისცა: ან მაგ მაგიდას გამოეცალე და ჩვენთან, პროდასავლური პარტიების გვერდით, დადექი, ან კონსტიტუციის გარეშედ გამოგაცხადებთო.
რა თქმა უნდა, ჩარკვიანი, როგორც სააკაშვილის პოლიტიკური ბულდოგი, ავი ძაღლივით იყეფებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბოკერია ზომიერი პოლიტიკოსების ლიდერად არ იქცეს. ამის მცდელობა მას უკვე აქვს.
საკითხავი მხოლოდ ისღაა, შეეშინდება თუ არა ბოკერიას პოლიტიკური ნაგაზის ყეფის და გაიმეორებს თუ არა იმ შეცდომას, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის დროს ერთხელ უკვე დაუშვა.
ასე რომ, ეს ისტორია, ბევრწილად, ოპოზიციაში გავლენებისთვის გაჩაღებულ ომს უფრო ჰგავს.
ქეთი ხატიაშვილი
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |