სტატიები
ვინ მფარველობს და ვინ ებრძვის მელიას - ძველი და ახალი ნაციონალების უჩინარი ბრძოლები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
939 03 ნოემბერი 2022, 14:04


ქეთი ხატიაშვილი

ვინ შექმნა ნიკა მელია? ის არც პოლიტიკოსია და არც ბიზნესმენი; მას არც ფული აქვს და არც იდეოლოგია გააჩნია;  ვერც ელექტორატს იზიდავს და ვერც ქართველ მაჩოდ ჩამოყალიბდა... თუმცა იღბალმა სწორედ მას მოჰკიდა ხელი და ქუჩიდან პირდაპირ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვა.

ჰო, მას გაუმართლა. ბევრწილად სწორედ იმათ ხარჯზე, ვისაც საკუთარი თავი ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ერუდირებული, ელიტარული ან მნიშვნელოვანი ეგონა. ჰოდა, როცა შენს თავს ამდენად აღმატებულად აღიქვამ, ვერაფრით წარმოიდგენ, რომ მელიამ - არასოდეს არაფერი რომ არ გაუკეთებია - შეიძლება დაგამარცხოს. როგორც ჩანს, მას საფრთხედ ვერ აღიქვამდნენ.  

მაგრამ ისინი მწარედ შეცდნენ.

ვინ არიან ისინი?

პირველ რიგში ზურაბ ჯაფარიძე. შემდეგ ელენე ხოშტარია და ბოლოს გიორგი ვაშაძე. 

პირველით, ზურაბ ჯაფარიძით, დავიწყოთ. სერიოზული იმიჯით სარგებლობდა. ხუმრობა ხომ არ არის, კაცი არასამთავრობო სექტორს წარმოადგენდა, შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მთელ პოლიტელიტას - მართლაც, რომ - თავზე გადაუარა  და პარტიის აღმასრულებელი მდივანი გახდა. 2013 წელს მას საპრეზიდენტო კანდიდატადაც კი განიხილავდნენ... ჰოდა, ასეთი იმიჯისა და რეპუტაციის მქონე ადამიანმა საოკუპაციო ხაზთან შარვალი ჩაიხადა და საკუთარი საჯდომი რუს ოკუპანტებს მიუშვირა. რას ითხოვდა? - მგონი, ამას ვერც რუსები მიხვდნენ... 

რიგით მეორე რიგითი ელენე ხოშტარიაა. ახლა ის რიგითია და  უკვე პოლიტიკის სათადარიგო სკამზეც კი აღარ ზის. არადა, ერთ ტკბილ და თბილ დროს ვერტიკალის ცენტრში იჯდა. ამიტომაც მაღალი რეპუტაციითა და სერიოზული იმიჯით სარგებლობდა. თუმცა ის, რაც მოგვიანებით გაირკვა, ჯობდა, ისევ საიდუმლოდ დარჩენილიყო. ეს პატრიოტიზმად დაღვრილი და სამშობლოსთვის ანთებული ელენიკო, რომელიც ისე ჩანდა, რომ სულ რუსეთსა და მის ოკუპაციას ებრძოდა, როგორც აღმოჩნდა, ისევ რუსული ბიუჯეტიდან ფინანსდება.

აღარაფერს ვამბობ მესამეზე - პოლიტიკაში მაინც ყველაზე კარიკატურულ ფიგურა გიორგი ვაშაძეზე. ის იუსტიციის სახლის აშენებით ამაყობდა, მაგრამ ტკბობა ვინ აცალა. ოპოზიციაში, ვისაც არ დაეზარა, ყველამ ვანო ჩხარტიშვილის ხელისბიჭი ეძახა. სკანდალებიც სერიოზული ჰქონდა, ერთ-ერთმა - ჩემოდნით რომ მივიდა „ტვ პირველში“ და ოპოზიციაში დიდი ფულის დარიგება დაიწყო - მისი ფიგურის მნიშვნელობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. 

არადა, გმირად ან ლიდერად თუ ვერა, პოლიტიკოსად ჩამოყალიბების შანსი ყველას ჰქონდა.
შეიძლება ითქვას, ყველას, გიორგი ვაშაძის გარდა. აი, მას არასოდეს ენდობოდნენ. მიშას კარზე რატომღაც არ მიიღეს. სამაგიეროდ, დიდ ხოტბას ასხამდნენ ზურაბ ჯაფარიძეს. თუმცა მან პარტიას მნიშვნელოვანი (2016 წლის) არჩევნების წინ უღალატა, გააკრიტიკა კიდეც, - განახლება ვერ შეძლოო და მიშაც გალანძღა.

ღალატი სააკაშვილს სამახსოვროდ ელენე ხოშტარიამაც დაუტოვა. იმავე 2016 წლის არჩევნების წინ ის მაშინ უკვე უკრაინაში გაქცეულ მესამე პრეზიდენტს ერთგულებას ეფიცებოდა. თუმცა სინამდვილეში, ბოკერიას ცოლთან ერთად, უკვე დიდ შეთქმულებაში იყო ჩართული - მათ იცოდნენ, არჩევნების შემდეგ მიშასთვის პარტიაც უნდა წაერთმიათ, „რუსთავი 2-ც“ და პოლიტიკის კარიც უნდა გაეჯახუნებინათ. თუმცა მწარედ დამარცხდნენ.  
კულისებში მაშინვე თქვეს, რომ ამ პროცესების უკან დავით კეზერაშვილის ფული და ინტერესები დგას. მან ფული თითქოს ჯერ ჯაფარიძეს გადაუხადა და შემდეგ ბოკერიას. ფული დახარჯა, თუმცა შედეგი ვერ მიიღო - მიშა კიევიდან აგრძელებდა ოპოზიციის მართვას. 

და იღბალმაც მალევე იპოვა ქუჩის ყოჩი მელია, რომელიც პოლიტიკოსად ვერა, მაგრამ პოლიტიკის ყოჩად ნამდვილად აქცია. დავაბრალოთ ყველაფერი იღბალს? მოგვიწევს. მისი კარიერის გაკეთებაში სხვა არავინ ყოფილა დაინტერესებული.

არც მიშა. თუმცა ისე მოხდა, რომ მან თავისი დიდი ხნის მეგობარი ლევან ვარშალომიძეც კი გაანაწყენა, როცა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების დროს მხარი გამოკვეთილად არ დაუჭირა. თანაც, ეს არჩევნებიც საკმაოდ საეჭვოდ ჩატარდა. მოკლედ, ვარშალომიძემ წააგო და წაგება მიშას არ აპატია. როგორც ჩანს, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ვარშალომიძეს მიშა არც ციხეში მოუნახულებია და არც საავადმყოფოში. 

მაგრამ ოდესღაც „ჰეფი ენდი“ სხვებისთვისაც დგება. 

ჰოდა, ეს სხვები ახლა მელიას „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჩამოშორებით არიან შეპყრობილი - თბილისის საავადმყოფოში გამოკეტილი სააკაშვილით დაწყებული, ზურაბ ჯაფარიძით დასრულებული. 

რატომ ვასრულებთ ზურაბ (გირჩი - მეტი თავისუფლება) ჯაფარიძით? შემთხვევით - არა. 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ სწორედ ის და ელენე ხოშტარია აკეთებდნენ ყველაფერს იმისთვის, რომ მელიას ნაციონალებში პოზიციები გაემყარებინა. 

თუმცა ახლა ისინი მელიას გაწევის, გადაწევის ან სულაც პოლიტიკიდან გაქრობის წინააღმდეგნი სულაც არ არიან. რა შეიცვალა? 

მხოლოდ ლიტერატურაში შეიძლება თქვა: დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო, თორემ პოლიტიკაში ყველასა და ყველაფერს ფული ატრიალებს. 

ამ სამეულის - ჯაფარიძე-ხოშტარია-ვაშაძე - შემთხვევაში ეს დავით კეზერაშვილის ფულია. 
ჰოდა, ახლა ეს ახალი ისტორია ძველი ნარატივით იწერება, ამჯერად ფიქრობენ, რომ „ჰეფი ენდი“ გარანტირებული აქვთ. 

მიშა, ასე თუ ისე, გასწიეს. თუმცა მას საკუთარი პოლიტიკური აქტივობა დაპაუზებული უფრო აქვს - რთული წარმოსადგენია, სააკაშვილს ვერტიკალში დაბრუნების ინტერესი ოდესმე გაუნელდეს. 

და მაშინ რაღად უნდა კეზერაშვილს „ნაციონალური მოძრაობა“? 

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ერთადერთი პარტიაა ოპოზიციაში, - ხაზს ვუსვამ, ოპოზიციაში, - ვისაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსიც აქვს და თავიც. დანარჩენები მხოლოდ მოსიარულე ხმაურიანი თავები არიან. 

ისტორიაც სწორედ აქ მეორდება. ოღონდ მაშინ, თითქოს უკვე შორეულ 2016 წელს, დავით კეზერაშვილმა ფული ბოკერიას გუნდში ჩადო. ისინიც პარლამენტში სწორედ მიშას პარტიით მოხვდნენ. ახლაც კეზერაშვილი ფულს ხოშტარია-ჯაფარიძე-ვაშაძის სამეულში დებს და ისევ ნაციონალების საარჩევნო სიით ცდილობს პარლამენტში გავლენების მოპოვებას.

ჰოდა, აქამდე ძალიან იღბლიანი მელია კეზერაშვილის სტუმრების მიღებაზე უარს აცხადებს. 
იცის, ნანახი აქვს, რით შეიძლება ეს ისტორია დასრულდეს. ჯაფარიძემ ხომ არამხოლოდ ნაციონალებს უღალატა, მოგვიანებით პაატა ბურჭულაძესაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რომელსაც სერიოზული სკანდალი აუგორა, - მილიონებს მთხოვსო. 

ჰოდა, არ ენდობა. 

სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ნიკანორმა, „მთავარზე“ საუბრის დროს საარჩევნო ნომერი ახსენა. ოპოზიცია ადრეც ითხოვდა ნაციონალებთან გაერთიანებას ნეიტრალურ წყლებში. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? შესაძლოა - და ეს მხოლოდ ვარაუდია, რომელიც ნიკას წამოცდენას ეფუძნება - ოპოზიცია ახალ საარჩევნო ნომერს ითხოვს. რისთვის? ალბათ, საკუთარი პერსონებისა და პოზიციების გამოსაკვეთად. ელექტორატს რომ უთხრან, აქ ჩვენ ყველა თანასწორები ვართო. 

თუმცა, ნაციონალებისთვის ხუთი ნომერი უკვე ბრენდია. მისი ამომრჩეველი ავტომატურად ხაზავს იმ ნომერს, რომელიც მისთვის მიშა სააკაშვილთან არის დაკავშირებული. ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორია. შეიძლება მიშას პოლიტიკიდან გაშვება ყველას უნდა, თუმცა ეს ყველა უკვე დიდი ხანია სააკაშვილის ელექტორატზე ნადირობს. 

მათ შორის დავით კეზერაშვილიც, რომელმაც ნაციონალებში ფული უკვე ჩადო. მაგრამ უცნაურ ფსონებს ჩამოვიდა. მაგალითად, პეტრე ცისკარიშვილი ერთი უსუსური და უფერული ფიგურაა. მასზე დაყრდნობა და მასზე რაიმეს აწყობა სრულიად გაუგებარია. მის ფონზე მელია უფრო აგრესიული, დინამიკური და ხმაურიანია. ჰოდა, ჯერჯერობით ერევა კიდეც. 

კეზერაშვილისთვის მელია უკვე იმდენად სერიოზული პრობლემა ხდება, რომ ის მზად არის, სადამსჯელო სანქციებიც კი განახორციელოს. ამ ეტაპზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მან დაფინანსება შეუწყვიტა [მაგრამ ყველას - არა. ხაბეიშვილმა, მაგალითად, კეზერაშვილთან თანამშრომლობა აღიარა. ეს კიდევ სხვა ისტორიაა თავისი საინტერესო დეტალებით და სხვა დროს მოვყვეთ]. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ... იღბალი მელიას ხელს არ გაუშვებს... 

და მაინც, რაზე დგას ნიკა მელია? ვითომ მხოლოდ იღბალზე? 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი