ევროპის საბჭოს ისტორიულ რეზოლუციაში ჩემი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა - სიტუაციის ზუსტი აღწერაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მახარებს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნულით ის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ეხმაურება, სადაც მოითხოვენ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმეების გადახედვასა და მათ გათავისუფლებას.
„ევროპის საბჭოს ისტორიულ რეზოლუციაში ჩემი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა - სიტუაციის ზუსტი აღწერაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მახარებს. ეს აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და მიმაჩნია, რომ ამ რთულ ვითარებაში საქართველოს ვნებს მეტი შინაგანი კონფრონტაცია და პირიქით, სჭირდება კონსოლიდაცია და საერთო ენის გამონახვა“,- წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას. ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში - „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“, რომელიც ასამბლეამ გუშინ დაამტკიცა.
რეზოლუციაში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია რუსეთის ფედერაციაში არსებულ რეპრესიულ გარემოზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |