სტატიები
კეზერას ფული ბუნტის მიზეზი ხდება - რა მოითხოვა მელიამ და რატომ აჯანყდნენ უფულო ენმ-ელები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1876 26 სექტემბერი 2022, 23:44

ქეთი ხატიაშვილი

რამდენჯერ უნდა იჩხუბონ კეზერაშვილის გამო? ოპოზიცია ლამისაა მესამე სექტორს დაემსგავსოს. არასამთავრობო ორგანიზაციები გრანტების მისაღებად სხვადასხვა პროექტს წერენ, ეგებ დასავლეთის რომელიმე ფონდმა დააფინანსოს. აფინანსებენ კიდეც. 
ჰოდა, როგორც ჩანს, სწორედ ასეთ სექტორად ჩამოყალიბდა ოპოზიციაც. ღირებულებები ვიღას ახსოვს. 

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ქუჩის აქციები, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, გადადექის ძახილი და დაბოქლომების სერიალები ოპოზიციისთვის ის პროექტები იყო, რომლებიც მათ შემთხვევაში კეზერაშვილს უნდა დაეფინანსებინა. 

თუ დავით კეზერაშვილი ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნისას თავდაცვის მინისტრი იყო, ახლა ოპოზიციის ფიქციურ ფინანსთა მინისტრად იქცა. მართალია, მას ბანქოს პარტია არც ვერტიკალზე მოუგია და არც ქუჩაში, მაგრამ რატომღაც პოლიტიკაში ფულის დაბანდების სურვილი სულ უფრო და უფრო მეტად იპყრობს. 

რა წააგო? ვერტიკალზე - 2008 წლის ომი. ოპოზიციაში - ყველა საარჩევნოდ დადებული ფსონი. პირველი ასეთი გიგა ბოკერია იყო. „ევროპული საქართველო“ სწორედ კეზერაშვილმა დააფინანსა. ვინ გვეტყვის, რამდენი ჩაიდო ამ გიჟურ პროექტში, მაგრამ ბოკერია-უგულავა-ბაქრაძე დავითმა სოლიდურად დააფინანსა.

პირველად სწორედ მაშინ დაეჯახა ნიკა მელია დავით კეზერაშვილს და სწორედ იმის გამო, რომ მან „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააფინანსა. მესამე სექტორის ენაზე რომ ვთქვათ, მაშინ, 2016 წელს, გაიმარჯვა პროექტმა, რომელიც მიშას გარეშე, მაგრამ ბოკერიასთან ერთად პოლიტიკურ ცხოვრებას გულისხმობდა.   

მაგრამ არც მიშას გარეშე გამოვიდა ცხოვრება და მით უფრო - არც გიგასთან ერთად. ბოკერია გაკოტრდა. 

მელიასა და კეზერაშვილის გზები კიდევ ერთხელ უკვე სააკაშვილის დაკავების შემდეგ გადაიკვეთა. ნიკამ აღიარა, რომ დავითს შეხვდა, თვალებში ჩახედა და მიხვდა, რომ ცდებოდა, - კეზერაშვილი არც ოლიგარქს ჰგავს და არც კორუმპირებულ ჩინოვნიკსო. რამდენი დაუჯდა ეს სიამოვნება კეზერაშვილს, ძნელი სათქმელია. 

თუმცა იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. მელიას მზარდი ამბიციები აქვს. სტატუსი მიიღო, გავლენებიც ასე თუ ისე აქვს და სრული გამარჯვებისთვის ფინანსებზე კონტროლიღა დარჩა.

როგორც ჩანს, მეორედ სწორედ მაშინ დაუპირისპირდნენ ისინი ერთმანეთს, როცა მელიამ საკონტროლო პაკეტი მოსთხოვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მელია თავად გადაწყვეტდა, ვინ რამდენი ღირს პარტიაში და ვის რამდენი უნდა ერგოს კეზერას დიდი საფულიდან.
აღიარებების სერიაც მოვისმინეთ. ჯერ ელენე ხოშტარიამ აღიარა, რომ კეზერაშვილი აფინანსებს, შემდეგ - ხაბეიშვილმაც. როგორც ჩანს, მელიამ იეჭვიანა. მას გაკოტრებული ბოკერიას ბედის გაზიარება არ უნდა.

მოკლედ, საკონტროლო პაკეტი მოითხოვა, პასუხად კი შესაძლოა, დაფინანსების შეწყვეტა მიიღო. ბოლოს და ბოლოს, ვინ არის მელია? ისიც არშემდგარი ფიგურაა. 

ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისინი, ვინც კეზერაშვილის ფულის გარეშე დარჩნენ, დაუპირისპირდნენ მათ, ვინც კეზერას საფულესთან ახლოს დგანან. 
მიშა აქ მხოლოდ საბაბია. და ეს ძალიან კარგად აჩვენა ნანუკა ჟორჟოლიანის პირდაპირმა ჩართვამ საკუთარი ფეისბუკგვერდიდან. რა თქმა უნდა, ის პარტიის წევრი არ არის, თუმცა თავისი თავი სწორედ მიშას მომხრეთა შორის მოიხსენია. 

ჟორჟოლიანის ნარატივიდან კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რამდენად დიდი კონკურსია გამოცხადებული ფულის მოზიდვაზე. დააკვირდით, ის აღიარებს, რომ არსებობდა ორი პროექტი. ერთი - ვადამდელი არჩევნები და მეორე - მიშას გასათავისუფლებლად აქციების მოწყობა. კეზერაშვილმა ფული პირველში ჩადო, ნანუკას ინიციატივა კი არ დააფინანსა. 
არგუმენტი მაშინვე დაიდო. „ენმ-ში“ თქვეს, თუკი ვადამდელ არჩევნებს მივაღწევთ, მიშასაც დავიხსნით ციხიდანო. 

მაგრამ როცა ფულის ინტერესი გაქვს, არგუმენტები არ გაინტერესებს. ნანუკასაც ასე დაემართა. მისმა პროექტმა - აქციები მიშას საკნის წინ - კეზერაშვილის გრანტი ვერ მიიღო. სავარაუდოდ, მისი არც სხვა ინიციატივა/პროექტები დააფინანსეს, ჰოდა, ნანუკამაც ყველას, ვინც კეზერაშვილის საფულესთან ახლოს დგას, დაარტყა. პირველ რიგში, პეტრე ცისკარიშვილსა და ლევან ხაბეიშვილს. 

„ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირასაა. როგორ დამთავრდება კეზერაშვილის ფულის გარეშე დარჩენილების ბუნტი, ამას კიდევ ვნახავთ.

მანამდე კი დავაკვირდეთ, რას იზამს მელია. ისე ჩანს, თითქოს ოქროს თევზმა მას სამი სურვილი უკვე აუსრულა. მისი ლიმიტი ამოწურულია, თანაც ბოლომდე. მით უფრო ახლა, როცა მიშა ქართულ პოლიტიკაში აღარ ერევა. არ ერევა, პირველ რიგში, ფულის არარსებობის გამო - არაფერი შესათავაზებელი მას აღარ დარჩა. ადრე ყველას ფულით აბამდა, ახლა ეს როლი კეზერაშვილმა აიღო საკუთარ თავზე, თუმცა, როგორც ჩანს, მიშას „ყველა“ მას არ სჭირდება. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი