სტატიები
აი, საქართველოდან გატანილი საგანძურის ჩამონათვალი!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1046 22 სექტემბერი 2022, 18:50

ნინო მიქიაშვილი
FOR.GE


ჩვენს მუზეუმებში დაცული ფასდაუდებელი ეროვნული საგანძური და სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატები - ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, სარდიონის, თიხის, აქატის, გიშრის ნივთები; რეისდალის, კრანახის, ახვლედიანის ნამუშევრები და ფიროსმანის ათეულობით ტილო როგორ ატარეს ერთი ქვეყნიდან მეორეში, ამ სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ.


ნივთების ჩამონათვალი იმდენად დიდია, რომ საქართველოდან გატანილი საგანძურის და სხვა ექსპონატების შესახებ for.ge-ზე გამოქვეყნდება კულტურის სამინისტროდან გამოთხოვილ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული რამდენიმე წერილი.

შეგახსენებთ, რომ for.ge-მ დიდი საზოგადოებრივი ინტერესის და კონკრეტულად ჩვენი მკითხველის არაერთი თხოვნის საფუძველზე მიმდინარე წლის 21 თებერვალს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, 2004-დან 2012-ის ჩათვლით საქართველოდან გატანილ და უკან დაბრუნებულ ექსპონატებზე, მათ შორის - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.

5 მარტს გადმოგვეცა წინა დღით დათარიღებული ერთბწკარიანი წერილი N02/08-803, რომელსაც ხელს აწერს მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი - „თქვენი 2013 წლის 21 თებერვლის N1447 განცხადების პასუხად გიგზავნით თქვენს მიერ გამოთხოვნილ დოკუმენტაციას. დანართი 293 გვერდი. მინისტრის პირველი მოადგილე მ. მიზანდარი".

ჩვენი განცხადების შინაარსი ასეთი გახლდათ: „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37, 38 და 41 მუხლებისა და „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ" კანონის მე-14-ე მუხლის თანახმად, გთხოვთ, მომაწოდოთ შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია:

1. 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით სად, რომელ ქვეყანაში, რომელ გამოფენაზე იმოგზაურა საქართველოს მუზეუმებსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულმა ექსპონატებმა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებმა?

2. გთხოვთ, მომაწოდოთ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით საქართველოდან უცხოეთში გასული და უკან დაბრუნებული, საქართველოს მუზეუმებსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ექსპონატების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩამონათვალი. გთხოვთ, მომაწოდოთ ჩამონათვალის ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია;

3. ასევე გთხოვთ, მომაწოდოთ იმ დოკუმენტების ასლი, რომლის საფუძველზეც მოხდა საქართველოს მუზეუმებსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ექსპონატების,  მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ქვეყნის გარეთ გატანა და უკან დაბრუნება".

მოთხოვნის მიუხედავად, სამინისტროს ჩვენთვის არ მოუწოდებია საქართველოდან უცხოეთში გასული და უკან დაბრუნებული, საქართველოს მუზეუმებსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ექსპონატების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩამონათვალი, მაგრამ მოგვაწოდა გარკვეული დოკუმენტები. ამასთან, არც გამოფენებისა და ქვეყნების სია გადმოუციათ.

ვრცელ, 293-გვერდიან დანართში არ არის ერთი ფურცელიც კი, რომელშიც წერია, რომ ქვეყნიდან გატანილი ექსპონატის უკან დაბრუნება მოხდა ამა და ამ წლის ამა და ამ რიცხვში, რომ ექსპონატის მდგომარეობა და ნამდვილობა შემოწმდა სპეციალისტების, ან რაიმე კომისიის მიერ. გამომდინარე აქედან, ესა თუ ის ექსპონატი როდის და როგორ მდგომარეობაში დაბრუნდა უცხოეთიდან, ამ მასალაში ვერ წაიკითხავთ.

ამასთან, 2004 წელს სად, რომელ გამოფენასა და რომელ ქვეყანაში რა გაიტანეს, ამაზე სამინისტროდან არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ 293-გვერდიანი დანართი სრულად არ ასახავს საქართველოდან გატანილი საგანძურისა და სხვა ექსპონატების ჩამონათვალს.

მაგალითად, საქვეყნოდაა ცნობილი, რომ ჯრუჭის ოთხთავი 2006 წლის ოქტომბრიდან 2007-ის იანვრამდე ვაშინგტონის ერთ-ერთ გალერეაში იყო გამოფენილი. კულტურის სამინისტროს მიერ მოწოდებულ 293-გვერდიან დოკუმენტებში ჯრუჭის ოთხთავის შესახებ არაფერი წერია.

რა ინფორმაციაც მოგვაწოდეს, ამჯერად იმას დავჯერდით, რაზე დაყრდნობითაც გთავაზობთ წლების მიხედვით გაკეთებულ ჩამონათვალს:



2005 წელი

კულტურის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ხელმოწერილი ნებართვით N5-011/დ  2005 წლის 15 აპრილს გერმანიის ქალაქ ჰამბურგის ხელოვნების სახლის სარესტავრაციო ცენტრში (სარესტავრაციოდ) გაუგზავნიათ გაუჩინარებული და მუზეუმში დაბრუნებული ლუკას კრანახ უფროსის „მაჭანკალი" და იაკობ ვან რეისდალის „პეიზაჟი". ამ ორი ექსპონატის ქვეყნიდან გატანის 8-თვიანი ნებართვაა გაცემული, საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გია მარსაგიშვილის მიმართვის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ  ხსენებულ ორ ნამუშევარს აქედან ორი რესტავრატორი გაჰყვებოდა, რომლებიც ჰამბურგში გერმანელ კოლეგებთან ერთად იმუშავებდნენ.

2006 წელი

2006 წლის გაზაფხულზე უკრაინის დედაქალაქ კიევში ქართული კულტურის დღეები გამართულა. ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის მიმართვის საფუძველზე კიევში გამოსაფენად ფიროსმანის 35 ფერწერული ნამუშევარი წაუღიათ. კულტურის მინისტრის მოადგილე ნიკა ვაჩეიშვილის ხელმოწერილი ნებართვიდან ჩანს, რომ ფიროსმანის 35 ტილო  41.3 მილიონ დოლარად ყოფილა დაზღვეული და კიევში სამი თვე უნდა ყოფილიყო;

კულტურის მინისტრის მოადგილე ნიკა ვაჩეიშვილის მიერ ხელმოწერილი ნებართვით 2006 წლის 25 მაისიდან 2007-ის 25 მაისამდე გერმანიის ვესტფალიის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოსაფენად გაუგზავნიათ ჯანაშიას მუზეუმში დაცული სამი არქეოლოგიური ნივთი: ნუკლეუსი, ჩოპერი, ანატკეცი (შესაბამისი საინვენტარო ნომრები მითითებულია). ნებართვას საფუძვლად უდევს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის მიმართვა;

2006 წლის 27 ივნისიდან ამავე წლის 27 დეკემბრამდე გერმანიაში, კერძოდ, ქალაქ ბონის რეგიონულ მუზეუმში გაუმწესებიათ დმანისში აღმოჩენილი თავის ქალა. ნებართვას ხელს აწერს კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილი, რასაც საფუძვლად უდევს დავით ლორთქიფანიძის მიმართვა.


2007 წელი

ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის მიმართვის საფუძველზე კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკა ვაჩეიშვილმა ხელი მოაწერა ნებართვას, საიდანაც ჩანს, რომ 2007 წლის 26 თებერვლიდან 2008 წლის 1 სექტემბრამდე გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ  შტატებსა და საბერძნეთში უნდა ემოგზაურა ეროვნული მუზეუმის 83 ექსპონატს.

„როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო კულტურული პრეზენტაციის პროგრამა „ქართული სეზონის" ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ დაგეგმილია გამოფენათა ციკლი ქალაქებში: ბერლინი, ნანტი, პარიზი, ვაშინგტონი, ნიუ იორკი, ათენი...", - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს ლორთქიფანიძე აწერს.

for.ge-ს კულტურის სამინისტრომ წარმოუდგინა ამ 83 ექსპონატის ჩამონათვალი. თითოეულის ქვეშ მითითებულია საკმაოდ სოლიდური სადაზღვევო თანხა და იქვე აღნიშნულია, რომ ეს არის რეპროდუქცია N1, N2, N3 და ასე შემდეგ. მთლიანობაში ამ 83 ექსპონატის სადაზღვევო თანხა შეადგენს: 51 100 000 დოლარს. წარმოდგენილი რამდენიმე ფურცლის მიხედვით, საქართველოდან გაიტანეს ვანში აღმოჩენილი და ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში დაცული ექსპონატები. მათ შორის, მილიონ ხუთასი ათასად დაზღვეული, ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნით დათარიღებული ჩიტების გამოსახულებებით შემკული გულსაბნევი; ორ მილიონ დოლარად დაზღვეული ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნით დათარიღებული დიადემა, ორი რომბისებური ფირფიტით, რომლებზეც გამოსახულია ცხოველთა ბრძოლის სცენა; ოთხ მილიონად დაზღვეული, ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნით დათარიღებული „ყელსაბამი კუს ფორმის საკიდებით (31 ცალი) და მძივებით (64 ცალი), სულ 95 ერთეული";

2007 წლის 29 ივლისს, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ კულტურის მინისტრ გოკა გაბაშვილს ღრმა პატივისცემით მიმართა და ფიროსმანის 35 ტილოს თურქეთში გატანაზე ნებართვა სთხოვა. ლორთქიფანიძე გაბაშვილს წერს, რომ „პროექტ „ქართული სეზონის" ფარგლებში ქ. სტამბულის პერა-მუზეუმში ა/წ. 1 აგვისტოდან 7 ოქტომბრამდე დაგეგმილია ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა". მინისტრმა გაბაშვილმა ფიროსმანის ტილოების თურქეთში სამთვიანი გატანის ნებართვა გასცა;

2007 წლის 19 ოქტომბერს დავით ლორთქიფანიძემ გოკა გაბაშვილს ღრმა პატივისცემით კვლავ მიმართა „პროექტ „ქართული სეზონის"  ფარგლებში" ნება დაერთო ვაშინგტონში, სმითსონიანის არტურ მ. საკლერის გალერეასა და ნიუ იორკის ანტიკური სამყაროს კვლევით ინსტიტუტში გამოსაფენად გაეტანა 58 ექსპონატი კოლხური საგანძურიდან. გაბაშვილმა კოლხური საგანძურის საქართველოდან სამით თვით (23.10.07 - 23.07.08) გატანის ნებართვა 2007 წლის 19 ოქტომბერს გასცა. ჩვენთვის მოწოდებულ დოკუმენტებში დაზღვევის მთლიანი თანხა მითითებული არ არის. ამიტომ, თითოეული ექსპონატის (ერთ-ერთის გასწვრივ მონაცემი არ ჩანს) სადაზღვევო თანხა შევაჯამე და ასე მივიღე 7 790 500 დოლარი, რომლითაც კოლხური საგანძური დაზღვეული იყო;

კულტურის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ხელმოწერილი ნებართვით 2007 წლის 3 ნოემბრიდან 2008 წლის 31 მაისამდე ინგლისში უნდა ემოგზაურა ფიროსმანის „მეთევზესა" და ირაკლი გამრეკელის ნამუშევარს სახელწოდებით „კაცი მასა". კულტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტებიდან ნებართვის ფურცელს თან ახლავს დავით ლორთქიფანიძის ხელმოწერილი წერილი - იგი ღრმა პატივისცემით მიმართავს მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაჩეიშვილს და სთხოვს „პროექტ „ქართული სეზონის" ფარგლებში ბრიტანეთის ბიბლიოთეკის პირსონ გალერიში" დაგეგმილ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად სამინისტრომ გასცეს ზემოხსენებული ორი ნამუშევრის გატანის ნებართვა. კულტურის სამინისტროს ჩვენთვის სხვა არანაირი დოკუმენტი არ მოუწოდებია. გამომდინარე აქედან, არ ვიცით რამდენად დააზღვიეს საქართველოდან გატანილი ეს ორი ნამუშევარი და უკან რა მდგომარეობაში დაბრუნდა.

ბოლოთქმა - 2008 წელს საქართველოდან გატანილი საგანძურისა და სხვა ექსპონატების შესახებ ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებულ მეორე წერილს for.ge-ზე უახლოეს დღეებში გაეცნობით.


***

საქართველოდან გატანილი საგანძურის ჩამონათვალი - მეორე ნაწილი

 
საქართველოდან საგანძურისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურისათვის სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატების გაზიდვამ 2007 წლის შემდეგ მკვეთრად იმატა (ეს კულტურის სამინისტროდან for.ge-სთვის მოწოდებული დოკუმენტების მაგალითზეც ნათლად ჩანს), რაც ჩემი აზრით, პირდაპირ უკავშირდება აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობას - თუ საზოგადოება საგანძურის გატანის შესახებ ძირითადად გურამ შარაძის ხმამაღალი განცხადებებიდან და ქმედითი ნაბიჯებიდან იგებდა, რაც უმეტესწილად შედეგიანი იყო,  აკადემიკოსის მკვლელობის (2007 წლის 20 მაისის) შემდეგ ხმის რიგიანად ამომღებიც აღარ დარჩა, აღარც საგანძურის გატანაზე, აღარც ეკლესიის ბულდოზერით დანგრევაზე, აღარც ჩვენი ტრადიციების შეურაცხყოფაზე.


for.ge  აგრძელებს საქართველოდან გატანილი საგანძურისა და სხვა ექსპონატების ჩამონათვალის გამოქვეყნებას. ამჯერად გთავაზობთ 2008 წელს საქართველოდან გატანილი ჩვენი საგანძურისა და სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატების ჩამონათვალს. ამ თემაზე პირველი წერილი სათაურით - საქართველოდან გატანილი საგანძურის ჩამონათვალი - პირველი ნაწილი, გამოქვეყნდა 5 აპრილს.


შეგახსენებთ, რომ for.ge-მ დიდი საზოგადოებრივი ინტერესის და კონკრეტულად ჩვენი მკითხველის არაერთი თხოვნის საფუძველზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, 2004-დან 2012-ის ჩათვლით საქართველოდან გატანილ და უკან დაბრუნებულ ექსპონატებზე, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. ამ მასალაში წარმოდგენილი ჩამონათვალი სწორედ სამინისტროდან მიღებულ დოკუმენტებს ეყრდნობა.

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კულტურის სამინისტროდან მიღებულ 293-გვერდიან დანართში არ არის ერთი ფურცელიც კი, რომელშიც წერია, რომ ქვეყნიდან გატანილი ექსპონატის უკან დაბრუნება მოხდა ამა და ამ წლის ამა და ამ რიცხვში, რომ ექსპონატის მდგომარეობა და ნამდვილობა შემოწმდა სპეციალისტების, ან რაიმე კომისიის მიერ. გამომდინარე აქედან, ესა თუ ის ექსპონატი როდის და როგორ მდგომარეობაში დაბრუნდა უცხოეთიდან, ვერც ამ მასალაში წაიკითხავთ და ვერც ამავე თემაზე მომზადებულ პირველ წერილში.

საგანძურის და სხვა ექსპონატების საქართველოდან გატანით დაირღვა თუ არა შესაბამისი კანონი; შესაძლებელი იყო თუ არა ამა თუ იმ ექსპონატის ტრანსპორტირება, მისი სიძველისა და მდგომარეობის გამო; საკმარისია თუ არა ის დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც საგანძურსა და სხვა ექსპონატებს ქვეყნიდან ქვეყანაში დაატარებდნენ,  ეს ცალკე განხილვისა და სტატიის თემაა. ქვეყნიდან გატანილი საგანძურისა და სხვა ექსპონატების ჩამონათვალის გამოქვეყნების შემდეგ შესაბამისი დარგის სპეციალისტები თავიანთ პოზიციას for.ge-სთან ღიად თუ დააფიქსირებენ, მოხარული ვიქნებით; თუ არა, მაშინ იძულებული გავხდებით ჩვენი ცოდნისა და მიღებული პრაქტიკის საფუძველზე გაკეთებული ანალიზი შემოგთავაზოთ.


მაშ ასე, გთავაზობთ 2008 წელს ჩვენი ქვეყნიდან გატანილი საგანძურისა და სხვა ექსპონატების ჩამონათვალს:


2008 წელი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის მიმართვისა და კულტურის მინისტრ გოკა გაბაშვილის მიერ მიცემული თანხმობის საფუძველზე, 2008 წლის 21 იანვრიდან იმავე წლის 21 ივლისამდე დიმიტრი ერმაკოვის 16 ფოტო-ალბომი "ნიდერლანდების ფოტო-მუზეუმში" გამოსაფენად წაიღეს;

2008 წლის  4 თებერვალს დავით ლორთქიფანიძემ კულტურის მინისტრ ნიკოლოზ ვაჩეიშვილს წერილობით აცნობა, რომ 11 მარტიდან ქართული საგანძურის გამოფენა ვაშინგტონიდან გადაინაცვლებდა ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმსა და ანტიკური სამყაროს კვლევის ინსტიტუტში, სადაც  ექსპოზიციას დაემატებოდა 2007 წელს ვანში აღმოჩენილი, ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეების ბრინჯაოს მრავალპატრუქიანი ჭრაქი და ამავე პერიოდის ბრინჯაოს სასაკმევლე. ლორთქიფანიძემ ვაჩეიშვილს სთხოვა ამ ორი ექსპონატის საქართველოდან დროებით გატანის ნებართვა გაეცა სატრანსპორტო კომპანია UMS-სის დირექტორ გიორგი კობერიძეზე. ვაჩეიშვილმა ამ ორი ექსპონატის ამერიკაში გატანის სამთვიანი ნებართვა 2008 წლის 11 თებერვალს გასცა, რის შესახებაც კულტურის სამინიტრომ სამი ფურცელი მოგვაწოდა. ექსპონატების ქვეყნიდან გატანა-შემოტანის ვადა სხვადასხვანაირადაა მითითებული. რამდენად დააზღვიეს, ან საერთოდ დააზღვიეს თუ არა ქვეყნიდან გასული ზემოხსენებული ორი ექსპონატი, არ ვიცით;

2008 წლის 20 ივნისს დავით ლორთქიფანიძემ კულტურის მინისტრის მოადგილე დავით ანდღულაძეს პატივისცემით ამცნო, რომ პარიზის მონპარნასის მუზეუმში გაიმართებოდა ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, შალვა ქიქოძისა და ქეთევან მაღალაშვილის ნამუშევრების გამოფენა, რისთვისაც ლორთქიფანიძემ ითხოვა სატრანსპორტო კომპანია UMS-ზე გაცემულიყო გატანის ნებართვა, ზემოხსენებული მხატვრების 26 ტილოზე და 6 აფიშაზე. ანდღულაძემ ნებართვა გასცა, სადაც გატანა-შემოტანის ვადად მითითებულია - 23.06.08 - 30.10.08. ჩვენთვის მოწოდებულ დოკუმენტებში დაზღვევის შესახებ არაფერია აღნიშნული;

დავით ლორთქიფანიძემ კულტურის მინისტრის მოადგილეს წერილობით აცნობა, რომ 2008 წლის 24 ივლისს ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმში დაგეგმილი იყო რომაული პერიოდის ამსახველი გამოფენა, რისთვისაც თურმე "საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ბრიტანულმა მხარემ ითხოვა რომაულ თემატიკასთან დაკავშირებული 4 ექსპონატი". ლორთქიფანიძემ სატრანსპორტო კომპანია UMS-ზე ექსპონატების საქართველოდან დროებითი გატანის ნებართვა ითხოვა და რა თქმა უნდა, მიიღო კიდეც. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ლ. დავითულიანმა ნებართვას ხელი მოაწერა, რომელშიც მითითებულია, რომ 2008 წლის 3 ივლისს ქვეყნიდან უნდა გაეტანათ და იმავე წლის 15 ნოემბერს დაებრუნებინათ: ვერცხლის თასი არმაზისხევიდან, ანტინოეს გამოსახულებიანი ტონდო; ვერცხლის თასი არმაზისხევიდან, ფორტუნას გამოსახულებიანი ტონდო; ვერცხლის თასი არმაზისხევიდან, წვერებიანი კაცის გამოსახულებით და ასპარუგის გამოსახულებიანი ოქროს ბეჭედი. სამინისტრომ სულ ორი ფურცელი მოგვაწოდა და არც ერთზე არ ჩანს რამდენად დააზღვიეს ზემოხსენებული ოთხი ნივთი;

2008 წლის 3 სექტემბერს დავით ლორთქიფანიძემ კულტურის მინისტრ ნიკოლოზ ვაჩეიშვილს პატივისცემით მიმართა და საფრანგეთში, კერძოდ, იონის დეპარტამენტის ქალაქ ვეზლეში არსებულ ზერვოსის მუზეუმში ფიროსმანის 17 ტილოს გატანის ნებართვა ითხოვა, ნაცნობი დასახლების სატრანსპორტო კომპანია UMS-ის სახელზე. ნებართვას ხელს აწერს კულტურის მინისტრის მოადგილე დავით ანდღულაძე, რომელშიც გატანის ვადის გასწვრივ მითითებულია 2008 წლის 8 სექტემბრიდან იმავე წლის 5 დეკემბერი. ჩვენთვის მოწოდებულ დოკუმენტებში დაზღვევის შესახებ არაფერი წერია;

კულტურის სამინისტრომ წარმოგვიდგინა დავით ანდღულაძის მიერ ხელმოწერილი ნებართვა, რომლითაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან 2008 წლის 9 ოქტომბრიდან 2009 წლის 29 მარტამდე ლონდონში - ხელოვნების სამეფო აკადემიაში დაგეგმილ გამოფენაზე "ბიზანტია 330-1453" უნდა ემოგზაურა XII-XIII საუკუნეების ვანის სახარებას, 1195 წლის წყაროსთავის სახარებას და XII-XIII საუკუნეების ტბეთის სახარებას. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ წყაროსთავის სახარებასთან დაკავშირებით გასული წლის 20 სექტემბერს ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით, ფასდაუდებელი ხელნაწერები "ნინიას ბაღში", რომლის მომზადების დროსაც მოვიპოვე გარკვეული დოკუმენტები, მაგალითად, კულტურის იმჟამინდელი  მინისტრ ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ბრძანება, რომლითაც ბათილადაა ცნობილი წყაროსთავის ოთხთავის ჩვენი ქვეყნიდან გატანის ნებართვა. კულტურის სამინისტროს მიერ for.ge-სთვის მოწოდებულ დოკუმენტებში ვაჩეიშვილის მიერ ხელმოწერილი ბრძანება N3/207 არ არის, რაც იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ სამინისტროს ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია სრულად არ მოუწოდებია, რისი მიზეზიც ჩვენთვის უცნობია;


2008 წლის 25 სექტემბერს იმჟამინდელ კულტურის მინისტრ ნიკოლოზ ვაჩეიშვილს დავით ლორთქიფანიძემ პატივისცემით აცნობა, რომ იმავე წლის 2 ოქტომბრიდან 2009 წლის 4 იანვრამდე ქართული საგანძურის გამოფენა აშშ-დან გადაინაცვლებდა ინგლისში, კემბრიჯის ფიცვილიამსის მუზეუმში. "შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია ვანში აღმოჩენილი ნივთები, მოგზაურობს 2007 წლის მარტიდან. დღემდე იგი წარმოდგენილი იყო გერმანიაში, საფრანგეთსა და აშშ-ში", - წერს ლორთქიფანიძე და ითხოვს საგანძურის ქვეყნიდან გატანის ნებართვის 2009 წლის 19 იანვრამდე გაგრძელებას. რასაკვირველია, სამინისტრომ ნებართვა გასცა, მინისტრის მოადგილე დავით ანდღულაძის ხელმოწერით. for.ge-ს კულტურის სამინისტრომ მოაწოდა ექსპონატების ნუსხა - სულ 141 ექსპონატი, რომელთა გასწვრივ სავარაუდო სადაზღვევო ღირებულებაა მითითებული. მაგალითად, სასაფეთქლეები (2 ცალი) ჭვირული საკიდით, ჩიტების გამოსახულებებითა და მოძრავად დამაგრებული ძეწკვებით, რომლებიც რკოსებური საკიდებით ბოლოვდება და ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნით თარიღდება, მილიონ 500 ათას დოლარად ყოფილა დაზღვეული; იმავე პერიოდის ჩიტების გამოსახულებებით შემკული გულსაბნევი იგივე ოდენობის თანხად დაუზღვევიათ; 43 ფოთლისებური საკიდისგან და 84 მილაკისგან შემდგარი ყელსაბამი 800 000 დოლარად; III საუკუნით დათარიღებული ძეწკვი, რქიანი ირმების თავების დაბოლოებებითა და მინის მძივებით 300 000-სად; ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეებით დათარიღებული ბრინჯაოს ტორსი 1 500 000 დოლარად; ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნით დათარიღებული მინის მძივი 2 500 დოლარად.  თითოეული ნივთის მონაცემის ქვეშ მითითებული სადაზღვევო თანხა შევკრიბე და გამოვიდა, რომ 141 ნივთი დაუზღვევიათ 59 მილიონ 995 ათასად;

2008 წლის 5 ნოემბერს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ თვალჭრელიძემ კულტურის იმჟამინდელ მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს სთხოვა გაეცა ნებართვა სატრანსპორტო კომპანია UMS-ის სახელზე, რომელსაც  ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში, "ამერიკული მხარის მოთხოვნით" უნდა ჩაეტანა თრიალეთის ვერცხლის თასი და ოქროს ჰექტორალი. ხუთი დღის შემდეგ დავით ლორთქიფანიძემ საქართველოდან დროებითი გატანის ნებართვის გაცემა ითხოვა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელ ზურაბ მახარაძეზე. კულტურის მინისტრ გრიგოლ ვაშაძის მიერ გაცემულ ნებართვაში შპს UMS გადაშლილია პასტით და გასწვრივ, ასევე პასტით მიწერილია "ზურაბ მახარაძე". ხსენებული ორი ექსპონატის გატანის ვადად კი მითითებულია - 12.11.08 - 41.03.09. ჩვენთვის რაიმე სხვა დოკუმენტი არ მოუწოდებიათ;

ფიროსმანის 35 ტილოს ქალაქ ვილნიუსში, კერძოდ ლიტვის სამხატვრო მუზეუმში გამოსაფენად დავით ლორთქიფანიძემ კულტურის მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს სთხოვა გაეცა ქვეყნიდან დროებითი გატანის ნებართვა სატრანსპორტო კომპანია UMS-ის სახელზე. ვაშაძემ ამგვარი ნებართვის გაცემა ვეღარ მოასწრო, რადგან ნიკა რურუამ ჩაანაცვლა. ნებართვას ხელი რურუმ მოაწერა, საიდანაც ჩანს, რომ მან ლორთქიფანიძეს დართო ნება ფიროსმანის ტილოები გაეტანა ვილნიუსში 2008 წლის 18 დეკემბრიდან  2009 წლის 15 ივნისამდე. ფიროსმანის ტილოების ვილნიუსში გამგზავრებაზე რაიმე სხვა დოკუმენტი ჩვენთვის არ მოუწოდებიათ;

2008 წლის 29 დეკემბერს დავით ლორთქიფანიძემ  ნიკა რურუას ღრმა პატივისცემით მიმართა და ლოს ანჟელესის პოლ გეტის მუზეუმში ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნით დათარიღებული არწივისა და განიმედის გამოსახულებით შემკული ბრინჯაოს სამპატრუქიანი ჭრაქის და ეროსის სკულპტურული გამოსახულებებით შემკული ბრინჯაოს სამაპტრუქიანი ჭრაქის თავსახურის გამოსაფენად სთხოვა ნებართვის გაცემა სატრანსპორტო კომპანია UMS-ის სახელზე. ნებართვა რურუას პირველმა მოადგილე დავით ცხადაძემ გასცა. ვადის გასწვრივ მითითებული თარიღის მიხედვით, ამ ორ ექსპონატს აშშ-ში უნდა დაეყო 9 თვე - 2009 წლის 12 იანვრიდან 2009 წლის 23 ოქტომბრამდე.

აქ მთავრდება კულტურის სამინისტროდან მიღებული საგანძურისა და იმ ექსპონატების ჩამონათვალი, რომელიც ჩვენი ქვეყნიდან 2008 წელს გაიტანეს. არც ამ და არც სხვა წლებში გატანილი და შემდეგ უკან დაბრუნებული ექსპონატების მდგომარეობის ამსახველი დასკვნები სამინისტროდან მოწოდებულ დოკუმენტებში არ არის. პირად საუბარში რესტავრატორებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა ჩვენგან შეიტყვეს და დაუშვებლად მიიჩნიეს ზემოთ ჩამოთვლილი ექსპონატებიდან გარკვეული ნივთების ქვეყნიდან გატანა კი არა, გადაადგილებაც კი. ამასთან, მათივე განმარტებით, მაგალითად, ფიროსმანის ტილოებს, ქვეყნიდან ყოველი გატანა-შემოტანის დროს რესტავრაცია უტარდება, რის გამოც ფიროსმანის ნამუშევრებს პირვანდელი სახე დიდი ხანია დაკარგული აქვთ. ჩვენ ვცდილობთ კვალიფიცურმა სპეციალისტებმა გარკვეულ ექსპონატებთან დაკავშირებით კომენტარები ღიად გააკეთონ, რომელშიც ასევე აისახება, როგორც ქვეყნიდან გატანილი საგანძურისა და სხვა ექსპონატების მიზანშეწონილობა, ასევე ჩამოთვლილი იქნება ის ექსპონატები, რომელთა გატანა კი არა, გადაადგილებაც კი დაუშვებელია.


***

საქართველოდან გატანილი საგანძურის ჩამონათვალი - მესამე ნაწილი 

 
for.ge აგრძელებს საქართველოდან გატანილი სამუზეუმო ექსპონატების ჩამონათვალის გამოქვეყნებას. შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვეთ დოკუმენტაცია 2004-2012 წლებში საქართველოდან გატანილი და უკან დაბრუნებული ექსპონატების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ. სამინისტროდან მიღებულ 293-გვერდიან დოკუმენტებში ვერ ნახავთ ერთ ფურცელს, რომელიც ეხება უცხოეთიდან დაბრუნებული ექსპონატების შემოტანის კონკრეტულ თარიღს, სპეციალისტების, ან სპეციალური კომისიის დასკვნას ექსპონატების მდგომარეობის შესახებ.

სანამ ჩამონათვალს ბოლომდე არ გამოვაქვეყნებთ და მკითხველს არ გავაცნობთ როგორ, რა დოკუმენტების საფუძველზე დაატარებდნენ ერთი ქვეყნიდან მეორეში ჩვენი ქვეყნის საგანძურს, თავს ვიკავებთ კომენტარებისგან, შეფასებებისგან, მიუხედავად ფორუმებსა და სოციალურ ქსელში ეროვნული მუზეუმის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟისა და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისა.

ეს არის რიგით მესამე წერილი. ამჯერად გთავაზობთ 2009 და 2010 წლებში საქართველოდან გატანილი სამუზეუმო ექსპონატების არასრულ ჩამონათვალს:


2009 წელი

 კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ცხადაძეს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ 2009 წლის 24 თებერვალს აცნობა, რომ „ეროვნული მუზუემიდან ფრანგულმა მხარემ ითხოვა მხატვარ ვასილი კანდინსკის ორი ნამუშევარი - „სურათი წრით" და „შავი შტრიხი II", რომლებიც 2009 წლის 8 აპრილიდან 10 აგვისტომდე პარიზის ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში უნდა გამოეფინათ. ლორთქიფანიძემ ნებართვის გაცემა ითხოვა ეროვნული მუზეუმის რესტავრატორზე ეველინა კარსელზე. სამინისტრომ ნებართვა 3 დღის შემდეგ გასცა, რომელსაც ხელს აწერს მინისტრი ნიკა რურუა.

კანდინსკის ზემოხსენებული ორი ტილოს საქართველოდან გატანის შესახებ ლორთქიფანიძემ სამინისტროს კიდევ ერთხელ 2009 წლის 25 აგვისტოს მიმართა, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ამერიკის შეერთებული შტატების მხარემ ითხოვა ორი ექსპონატი. მეორე დღეს რურუამ შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა. იმავე დღეს კი ცხადაძემ ნებართვა გასცა, რომლის მიხედვით ზემოხსენებული ორი ექსპონატი აშშ-ში უნდა გაეტანა ეროვნული მუზეუმის რესტავრატორს ჯონი ახობაძეს. გატანის ვადის გასწვრივ მითითებულია, რომ კანდინსკის ტილოები ნიუ იორკის გუგენჰაიმის მუზეუმში უნდა გამოეფინათ 2009 წლის 8 სექტემბრიდან 2010 წლის 31 იანვრამდე.

2009 წლის 21 სექტემბრითაა დათარიღებული დავით ცხადაძის ბრძანება, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვების გაცემის შესახებ" და ეხება შემდეგ ექსპონატებს: ბ. რამინაშვილის 2 ფერწერულ ნამუშევარს; ო. ტიმჩენკოს, ჯ. შონიას, ზ. ბაჩანაშვილის, ტ. კანტიძის თითო ნამუშევარს; საავტორო რელიეფს; საავტორო ნამუშევარს და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორულ მუზეუმში დაცული ოქროს ნივთების ნამცეცებს (4 ცალი). 21 სექტემბრს ბრძანების საფუძველზე გარკვეული ექსპონატების საფრანგეთში ერთი თვით გატანის სანებართვო მოწმობა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაკო ჭოღოშვილმა გასცა, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ ვახტანგ ლიჩელზე (ნებართვის გაცემის კიდევ ერთ საფუძვლად მითითებულია თსუ-ს ადმინისტრაციის წერილი, რომელიც for.ge-სთვის მოწოდებულ დოკუმენტებს შორის არ არის). გასატანი კულტურული ფასეულობის გასწვრივ მითითებულია - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორულ მუზეუმში დაცული ოქროს ნივთების 3 ნამცეცი და თსუ-ს ექსპედიციის მიერ სოფელ აწყურში მოპოვებული ერთი ოქროს ნამცეცი.

კიდევ ერთ დოკუმენტში - თსუს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი რომან ხარბედია ნიკოლოზ რურუას 2009 წლის 2 ნოემბერს წერს, რომ მის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე (N22/08.1472, 21.05.2009), პარიზში, ლუვრის მუზეუმში გაგზავნილი იყო კოლხეთში მოპოვებული ოქროს ნიმუშების ფრაგმენტები (ხსენებული ნებართვის ასლი ჩვენთვის კულტურის სამინისტროს არ მოუწოდებია for.ge).

„ლუვრში დაგეგმილმა ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა, რის საფუძველზეც გადაწყვეტილია ამ სამუშაოთა გაგრძელება. ასევე მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ოქროს 4 ნიმუშის ფრაგმენტი უკვე ჩამოტანილია საქართველოში". რა ექსპერიმენტზეა ლაპარაკი, ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებში აღნიშნული არ არის;

2009 წლის 13 ოქტომბერს დავით ლორთქიფანიძემ ნიკა რურუას მიმართა და სტოქჰოლმში დაგეგმილ გამოფენაზე სახელწოდებით - „მედეა საქართველოდან - აღმოჩენები ანტიკური კოლხეთიდან" ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან არქეოლოგიური მასალის წარდგენაზე ნებართვის გაცემა სთხოვა. „აღნიშნული ღონისძიება ეძღვნება შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნად არჩევას და არქეოლოგიური ექსპონატების ექსპონირების გარდა ითვალისწინებს საქართველოს პოპულარიზაციას", - წერს ლორთქიფანიძე. ამ მიმართვის საფუძველზე დავით ცხადაძემ 27 ოქტომბერს ჯერ ბრძანება გასცა, „საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან დროებითი გატანის ნებართვების გაცემის შესახებ" და იმავე დღეს ხელი მოაწერა სანებართვო მოწმობა N7-073/დ-ს შპს „იუ-არტ"-ზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეროვნული მუზეუმის ექსპონატები საქართველოდან შვედეთში გავიდოდა 2009 წლის 27 ოქტომბერს და უკან დაბრუნდებოდა 2010 წლის 15 მარტს.

კულტურის სამინისტრომ for.ge-ს წარმოუდგინა სტოქჰოლმში დაგეგმილი გამოფენისთვის საქართველოდან გასატანად გამწესებული 151 ექსპონატის ჩამონათვალი. რომელი რამდენ ლარადაა დაზღვეული, ამ დოკუმენტებში მითითებული არ არის. გთავაზობთ რამდენიმე ექსპონატის მონაცემს:

ძველი წელთაღრიცხვის VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული ოქროს საკიდი; ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნით დათარიღებული ვერცხლის მონეტები; ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნით დათარიღებული ბრინჯაოს ქანდაკება ოქროს სამკაულებით; ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეების აპოლონის ვერცხლის ფიგურა; ოქროს სასაფეთქლეები, ოქროს ყელსაბამები, ოქროს საყურეები, ოქროს დიადემები, ოქროს სამაჯურები, ვერცხლის კოვზები, მინის ჭურჭელი...

 „ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ გამოითქვა სურვილი გამოფენას მიემატოს ორი ექსპონატი. გთხოვთ, გასცეთ ნებართვა, დამატებით ორი ექსპონატის ქ. სტოქჰოლმში, ხმელთაშუა ზღვისა და წინა აზიისა ცივილიზაციების მუზეუმში საგამოფენოდ დროებით გატანის შესახებ", - წერს ლორთქიფანიძე რურუას 2009 წლის 21 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში. „დამატებით ორ ექსპონატზე" 27 ოქტომბერს დავით ცხადაძემ ხელი მოაწერა ბრძანება N3/167-ს, „საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან დროებით გატანის ნებართვების გაცემის შესახებ" და იმავე დღეს გასცა სანებართვო მოწმობა N7-074/დ შპს „იუ-არტ"-ზე, რომლითაც 151 ექსპონატს დააწიეს: ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნის II ნახევრის თავსაბურავის სამკაული (ოქროსი) და ამავე პერიოდის ოქროს ყელსაბამი;

2009 წლის 16 ნოემბერს დავით ლორთქიფანიძემ ნიკა რურუას სთხოვა საქართველოდან ჰოლანდიაში თავის ქალის და ქვედა ყბის გატანის ნება დაერთო. 18 ნოემბერს ცხადაძემ ბრძანება გამოსცა, 20-ში სანებართვო მოწმობას ხელი მოაწერა, რომლის მიხედვით ეს ორი ექსპონატი ჰოლანდიაში უნდა ყოფილიყო 2009 წლის 27 ნოემბრიდან 2010 წლის 28 თებერვლამდე. სანებართო მოწმობა დავით ლორთქიფანიძეზეა გაცემული. რამდენად დააზღვიეს თავის ქალა და ქვედა ყბა, მითითებული არ არის;

2010 წელი


„ბატონო ნიკოლოზ, გაცნობებთ, რომ ა.წ. 4 მაისს ესპანეთში, სევილიის არქეოლოგიის მუზეუმში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით „არგონავტების ოქრო", რომელზეც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდის კოლექცია. ექსპოზიცია მოიცავს 6 სამარხიდან მოპოვებულ ნივთებს, რომლებიც თარიღდება ძვ.წ. VII-I საუკუნეებით. ესპანეთში გაიგზავნება ეროვნული მუზეუმის 82 ექსპონატი", - აღნიშნულია ლორთქიფანიძის მიერ 2010 წლის 14 აპრილს ხელმოწერილ წერილში. ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი კულტურის მინისტრს სთხოვს ექსპონატების ქვეყნიდან დროებითი გატანის ნებართვა გასცეს „იუ-არტ"-ის სახელზე.


მეორე დღეს რურუას პირველმა მოადგილე დავით ცხადაძემ ბრძანება გასცა და იმავე დღეს ხელი მოაწერა სანებართვო მოწმობას, რომელშიც აღნიშნულია - „ექსპონატები გადის საქართველოდან დროებით, 2010 წლის 21 აპრილიდან 8 ივლისამდე". ჩვენთვის მოწოდებულ დოკუმენტებს შორისაა ამ 82 ექსპონატის ჩამონათვალი, რომელთაც ახლავს პატარ-პატარა ფოტოები და თითოეულის გასწვრივ მითითებულია სადაზღვევო თანხა, რომელიც ჯამში შეადგენს 37.626.000.00-სს. ოქროს ამ ექსპონატებს შორისაა:

ყელსაბამი ვერძისთავებიანი საკიდებით; დიადემა ორი რომბისებური ფირფიტით, რომლებზეც გამოსახულია ცხოველთა ბრძოლა; სუდარას სამკაული ვარდულებითა და ვოლუტებიანი ორნამენტით შემკული სამკუთხა საკიდებითა და მილაკებით შედგენილი; საყურე „ბიპირამიდული" საკიდით, ვარდულათი, ცვარათი; არწივის გამოსახულებიანი ფირფიტები; ზურგშეზნექილი სამაჯურები ლომის თავების, ხბოს თავების და ჯიხვის თავების გამოსახულებებით; სხივანა სასაფეთქლეები; ფირფიტები სფინქსის გამოსახულებით; ჩიტების გამოსახულებებით შემკული გულსაბნევი; იხვის ფორმის ფირფიტები; თავსამკაული შედგენილი მხედრებისა და ჩიტების ფორმის საკიდისგან; სანელსაცხებლე...

დავით ლორთქიფანიძის მიმართვის საფუძველზე დავით ცხადაძის ხელმოწერით 2010 წლის 13 ივლისს შპს „იუ-არტ"-ზე გაიცა სანებართვო მოწმობა იტალიაში, კერძოდ ფლორენციის პიტის სასახლეში გამოფენაზე სამი ექსპონატის (ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის II ნახევრის თიხის ტოლჩა; ამავე პერიოდის თიხის ზიარი ჭურჭელი და ძველი წელთაღრიცხვის V ათასწლეულის თიხის ქილა) წასაღებად. სანებართვო მოწმობაში აღნიშნულია, რომ „ექსპონატები საქართველოდან გადის დროებით, 2010 წლის 15 ივლისიდან 2011 წლის 15 მაისამდე";

„ა.წ. 31 აგვისტოს გერმანიაში, ქალაქ შპეიერის პფალცის ისტორიის მუზეუმში იხსნება გამოფენა „ამორძალები მითიური მეომრები", რომელზეც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპონატები", - წერს ლორთქიფანიძე ნიკა რურუას 24 აგვისტოთი დათარიღებულ წერილში და შპს „იუ-არტ"-ზე სანებართვო მოწმობის გაცემას ითხოვს. რურუას პირველმა მოადგილემ 26-ში ბრძანება, ხოლო მეორე დღეს სანებართვო მოწმობა გასცა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ექსპონატების გადის საქართველოდან დროებით, 2010 წლის 31 აგვისტოდან 2011 წლის 28 თებერვლამდე". ჩამოთვლილია ძველი წელთაღრიცხვის VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ექვსი მოძრავი ძეგლი: ბრინჯაოს მახვილი, სარდიონის მძივები, ბრინჯაოს სამაჯური (ორი ცალი), თიხის ქოცო და თავის ქალა.

ბოლოთქმა - მომდევნო წერილში for.ge შემოგთავაზებთ საქართველოს კულტურის სამინისტროდან მიღებულ 2011-2012 წლების მონაცემებს და ამით დავასრულებთ ჩამონათვალის გამოქვეყნებას.



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი