მათ არაფერი აქვთ
საერთო რომანტიულ ისტორიებთან, ცეცხლოვან ცეკვებსა
და თავბრუდამხვევ სიმღერებთან... ბოშათა ბანაკი
სოფელ-სოფელ აღარ ბანაკდება, არ მართავენ საცირკო წარმოდგენებს და აღარ ჩანან ტრადიციულ
ჭრელა-ჭრულა კაბებში გამოწყობილი ეშხიანი ბოშა ქალები...
„ნოეს უბანში“ - ისინი აქ, ამ რეალობაში, უკიდურეს სიღატაკეში, უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. ბოშათა ბანაკი წლების წინ მოვიდა გარდაბანში, სოფელ აღთაკლიასთან ტერიტორია შეარჩიეს და დაბანაკდნენ. ახლა, მიწაზე დადგმულ, სახელდახელოდ შეჭედილ ფიცრულებში, უმძიმეს პირობებში 12 ოჯახი, 140 ბოშა ცხოვრობს.
ისინი არ უყურებენ ტელევიზორს, არ უსმენენ რადიოს, არ კითხულობენ... არ დადიან ბაღში, სკოლაში, იციან, მაგრამ ცუდად საუბრობენ ქართულად, არ აქვთ ინფორმაცია სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებზე, რომლებშიც, როგორც მოქალაქეები არც თავად არიან ჩართული - ბოშები არ არიან სახელმწიფოსთან ინტეგრირებული, ეს ეთნიკური ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფია და „ციგნები“ - დამკვიდრებული სოციალური სტიგმა საზოგადოებისგან კიდევ უფრო გარიყულს ხდის მათ.
„ნოეს უბანში“ დასახლებულ ბოშათა ბანაკში ისევე, როგორც მათ თემში, ოჯახის მარჩენალი ქალია, რომელიც ძირითადად, მათხოვრობით და მკითხაობით შოულობს საარსებო ფულს. შემოსავლის კიდევ ერთი წყარო სახელმწიფოს მიერ გადახდილი სოციალური შემწეობებია, რომელსაც თითქმის ყველა ოჯახი იღებს - როგორც სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანი დედები.
მრავალშვილიანობა ბოშათა თემისთვის ტრადიციად იქცა - „ნოეს უბანში“ 5 შვილზე ნაკლები არც ერთ ოჯახს არ ჰყავს. რომები ერთად, ოჯახად ცხოვრებენ, ბოშა მარტო არ თუ ვერ ცხოვრობს. ერთ ოთახში 10-12 ადამიანს საწოლის გარეშე, პირდაპირ იატაკზე ძინავთ. რეპროდუქციისა და კონტრაცეფციის შესახებ ნაკლები ინფორმაციის გამო და იმიტომაც, რომ თავდაცვის საშუალებების ყიდვა სირცხვილად მიაჩნიათ და მისთვის ფული არც ემეტებათ, მრავალშვილიანობა ტრადიციად ექცათ.
ბანაკი ახლა სავსეა. ზაფხულის სეზონი დამთავრდა და სეზონურ სამუშაოზე - მოწყალების მისაღებად ზვისპირეთსა და სხვადასხვა საკურორტო ქალაქებში წასული ბოშები ნელ-ნელა სახლებს დაუბრუნდნენ.
მათ ყველა კარს უხურავს
- მათი ეშინიათ
- აბა, სად წავიდე, სად ვიმუშაო, ვის ვუნდივარ, არც კითხვა ვიცი, არც წერა, არც ანგარიში, არაფერი ვიცი... სად მიმიღებენ სამსახურში... და იძახიან, ბოშაა, ბოშაა... ჰო, ბოშა ვარ, დიახ... - ამბობს ალა პეტრენკო, რომელსაც ნოესუბნელი სხვა ბოშა ქალებიც ეთანხმებიან.
მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. ნოესუბნელი ბოშების უდიდესი უმეტესობა არ მუშაობს და არც არასდროს უმუშავიათ, რადგან საბაზისო განათლებაც არ აქვთ და კიდევ, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმა - „ციგანი“ მათ ყველა კარს უხურავს - მათი ეშინიათ. მათი საქმიანობა მათხოვრობაა, ეს უკვე ტრადიციაა - ერთგვარი "კულტურა". დილაადრიან მატარებელი ჩამოივლის და ბოშების ბანაკი თბილისსა და რუსთავში მიემგზავრება - მოწყალების სათხოვნელად. დედებს ბავშვებიც თან ახლავს. ჩვილ ბავშვებს ვერავის უტოვებენ, უფრო მოზრდილები კი, უკვე თავადაც მათხოვრობენ.
"2-3 წლისამ უკვე კარგად იცის ქუჩა"
ნოესუბნელი ბოშებისთვის პრობლემაა განათლების ხელმისაწვდომობა. უფრო ზუსტად, ხელმისაწვდომ განათლებაზე მათი უარი. ყველაზე ახლოს მდებარე სკოლა რუსთავის საჯარო სკოლაა, რომელიც დასახლებიდან 7 კილომეტრითაა მოშორებული და უტრანსპორტობის გამო ბავშვებს ძალზე უჭირთ იქ სიარული. ამიტომაც, სკოლაში ისინიც ვეღარ დადიან, ვისაც სურვილიც ჰქონდა - 30 ბავშვიდან სკოლაში მხოლოდ სამი დადის.
„უმძიმესი სოციალური და საყოფაცხოვრებო პრობლემებიდან მომდინარეობს ყველაფერი... ბავშვები სკოლაში ვერ დადიან იმის გამოც, რომ არ აქვთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ფული ტრანსპორტისთვის... სასკოლო ნივთებისთვის...
დიდი ხანია ვითხოვთ, რომ დასახლებაში ბაღი გაიხსნას, რაც ძალზე საჭიროა. აქ მცხოვრები ბოშების შემოსავლის წყარო მოწყალების თხოვნაა და იმის გამო, რომ ბავშვებს ვერსად ტოვებენ, თან მიჰყავთ პატარები. აი, ასე, ქუჩაში, მათხოვრობაში იზრდებიან ისინი და სამწუხაროდ, სკოლამდელ განათლებასაც ვერ იღებენ... როცა სასკოლო ასაკის ხდებიან, უკვე ჩამოყალიბებული მათხოვრები არიან, ქუჩას მიჩვეულები და სკოლაში აღარც უნდათ სიარული ...
ყოველდღე ვხედავთ ქუჩაში პატარა ბავშვების მათხოვრობას, არადა, როგორც წესი ისინი ბაღში და სკოლაში უნდა დადიოდნენ, ბაღის ასაკიდანვე უნდა უყალიბდებოდეს ჩვევები, რასაც ქუჩაში იძენენ. 2-3 წლისამ უკვე იცის ქუჩა და მათხოვრობა. ეს პრობლემების ჯაჭვია და მისი დაშლა განათლებით უნდა დავიწყოთ“, - ამბობს ადამიანის უფლებების დამცველი ელენე პროშიკიანი, რომელიც თავადაც ბოშაა და წლებია ბოშათა პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავს.
ბოშა ქალები განათლების აუცილებლობაზე თავადაც საუბრობენ, ადასტურებენ, რომ უმძიმესი ყოფითი პირობების გამო ვერ ახერხებენ ბავშვებს განათლება მისცენ. უმეტეს შემთხვევაში, სწავლის ნაცვლად ბავშვები დედებს ეხმარებიან საარსებო ფულის შოვნაში - მათთან ერთად მათხოვრობენ.
- გვინდა, რომ ჩვენმა ბავშვებმა განათლება მიიღონ, არ გვინდა ჩვენსავით იყვნენ... მაგრამ ბევრი პრობლემის გამო ვერ ვახერხებთ... მე ავად ვარ, ჩემი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, თვიდან თვემდე პურის საყიდლადაც არ მყოფნის... 15 წლის გოგო მყავს, თბილისშია წასული... მათხოვრობს... სკოლაში არ უვლია... წერა-კითხვას ახლა სწავლობს... აი, ჩემი გოგოც ჩამოვიდა... - ამბობს მადონა კალაშნიკოვა და ბანაკში შემოსული ქალებისკენ ხელს იშვერს. დილაადრიან თბილისში სამათხოვროდ წასული ქალები და ბავშვები პროდუქტით დატვირთულები მატარებელს უკან ჩამოყვნენ...
"არ ვიცი... არაფერი... ვიმათხოვრებ... "
- რამდენს შოულობ?
- 3, 5, 10 ლარი, მეტი არა... ყველაზე დიდს 20-25 ლარს, იშვიათად... წელიწადში ორ- სამჯერ, როცა კარგი დღეებია...აი, აღდგომა, შობა... მასეთი...
„ჩვენ არ ვართ "ციგნები"
უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთ პრობლემები ძალზე ბევრი აქვთ, ჯაჭვივით ერთმანეთზე გადაბმული და მაინც ყველაზე მეტად ის აწუხებთ, რომ საზოგადოებისთვის „ციგნები“ არიან... ამბობენ, რომ ბოშები არ არიან საშიშები, არავის ერჩიან,არავის აყენებენ შეურაცხყოფას, არ ქურდობენ, არ ართმევენ, არ ესხმიან თავს...
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |