322
17 აგვისტო 2022, 12:34
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ღია წერილით მიმართავს. გოგაშვილი მოუწოდებს ვახტანგ გომელაურს, რომ „ეყოს კაცური გამბედაობა“ და ნამოქმედარზე პასუხისმგებლობა აიღოს.
„ვახო, ერთხელ მაინც იქნებ გეყოს კაცური გამბედაობა და შენს ნამოქმედარზე აიღო პასუხიმგებლობა. შენ აღარ ხარ ,,ლიჩნიკი’’, შენ ხარ შს მინისტრი, პოლიტიკური თანამდებობის პირი და მმართველი ბანდის პოლიტსაბჭოს წევრი. ვიცი, რომ წლების მანძილზე პრაქტიკაში კარგად მოირგე შენი გაფუჭებულის სხვაზე გადაბრალება, სხვისი დასჯა და შენი თანამდებობის, ასევე არაოფიციალური კოლოსალური შემოსავლის შენარჩუნება, რომელიც ყოველთვიურად უტოლდება 10 000 რიგითი პოლიციელის შემოსავალს.
სხვის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ, მაგალითად მინდა გავიხსენო, მაჩალიკაშვილის საქმე, როდესაც ჩემს წინააღმდეგ აგორებული, ბინძური ცილისმწამებლური კამპანია შეგეძლო გაგეჩერებინა ერთი შენი განცხადებით, მაგალითად: შავნაბადას სპეცრაზმი არ ექვემდებარება გოგაშვილს და მათზე ის ვერ გასცემდა ბრძანებას, ეს არის ჩემს დაქვემდებარებაში. ამის ნაცვლად შენ შეხვდი საიდუმლოდ მედიკო მარგოშვილს და შენი თავის დაძვრენა განიზრახე, უარესიც, თქვენ ამ გამწარებულ ოჯახთან გაგზავნეთ ბინძური ადამიანი, რომელსაც უხდით ფულს და დაავალეთ ჩემს წინააღმდეგ მუშაობა, რათა დაეჯერებინა ოჯახი, თითქოსდა ჩემს მიერ ჩადენილ დანაშაულში. სამწუხაროდ, მან ეს მოახერხა და გამწარებულ მამას მიაღებინა შურისძიების გადაწყვეტილება ჩემს წინააღმდეგ. ბინძურმა ადამიანმა თავის დავალების შესრულების დასტურად ჩანაწერიც გააკეთა, რომელიც კეთილი ადამიანების წყალობით ჩემს ხელში აღმოჩნდა. მე შევკრიბე ყველა მტკიცებულება და ამ ბინძური ადამიანის წინააღმდეგ შევიტანე საჩივარი პროკურატურაში. ეს მასალები ახლა შენს უწყებაში დევს და შენ მას ცივ ნიავს არ აკარებ.
ვახო, მიუხედავად მუქარისა, მე მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ ამ სისტემას არ დავანგრევ.
ამას მე შენთვის და შენი ოჯახისთვისაც ვაკეთებ, რადგან მალე, როცა ეს მთავრობა აღარ იქნება და სახელმწიფო ინსტიტუტები გათავისუფლდება ოლიგარქის მარწუხებისაგან, დადგება დრო, აგო პასუხი შენს მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, მაშინ კი აღარ შემოგივარდებიან შენც შუაღამისას სახლში, არ ჩაგიდებენ იარაღს და ათას სიბინძურეს და შენს შვილ ლუკაჩოსთან ერთად კი არ გათრევენ მიწაზე, არ გირტყავენ და პირში ლულებს არ ჩაგთხრიან შენ და შენს შვილს, არამედ თავისუფალ უწყებაში დაგიბარებენ, სუფთად ჩაცმულს, წაგიყენებენ ბრალს და მოგაბრძანებენ N 12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ვინტილაცია უკვე გაკეთებული იქნება და დიდხანს ისუნთქებ გრილ და სუფთა ჰაერს. პ.ს ეს წერილი არ ითვალისწინებს შეგონებას, რამე
თუ ვიცი, რომ ,,იმის’’ ბრძანების გარეშე, არაფერს არ იზავ. ეს უბრალოდ ტელეფონში რაც ვერ მოვასწარი, რომ მეთქვა, ახლა გწერ. დროებით ,,ღირსეულო გენერალო“,- წერს გოგაშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |