სტატიები
საქმეები, რისთვისაც გაასამართლეს ვანო მერაბიშვილი და საქმეები, რისთვისაც მოუწევს მას პასუხისგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1969 19 თებერვალი 2020, 23:39
ყოფილი შს მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალების“ ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსნიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც არსად გაქცეულა, არ დამალვია მართლმსაჯულებას და ჩადენილი დანაშაულებისთვის გამოტანილი სასჯელი ბოლომდე მოიხადა - 6 წელი და 9 თვე ის სამარტოო საკნის პატიმარი იყო. 

ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი, უშიშროების და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. 

ვანო მერაბიშვილის სასამართლოში განხილული საქმეები და მისთვის გამოტანილი სასჯელი  ასე გამოიყურება:  

აკურას ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე - 2 წელი და 3 თვე; 
სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა - 3 წელი; 
2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა - 4 წელი და 6 თვე; 
მითვისება გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა - 5 წელი; 
ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება - 6 წელი და 9 თვე. 

ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო სახედ 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა.

კიდევ ორი საქმის - 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის  სასამართლო პროცესი, სადაც ვანო მერაბიშვილს ბრალდებულის სტატუსი აქვს, უკვე მესამე წელია მიმდინარეობს  და საქმეს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს. 

7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "იმედში" შეჭრის საქმეზე ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანია ბრალდებული. პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას, ზურა ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს  უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 13 წლის შემდეგ ნოემბრის მოვლენებზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა.    

სასამართლო კოლეგიამ 200-ზე მეტი მოწმე დაკითხა, რომელთა უდიდესმა ნაწილმა ბრალდებულებს "ხელი დაადო". როგორ განაჩენს გამოუტანს მას მოსამართლე საბოლოოდ, ძნელი სათქმელია. 

პირველი საქმე -   წართმეული აკურას ღვინის ქარხანა 

2017 წლის 03 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა აკურას ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე მიმდინარე საქმის განხილვა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. 

ვანო  მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის ორგანიზებით, მოქალაქეებს - თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს იძულებით დაათმობინეს თელავში მდებარე აკურას  ღვინის ქარხანა.  2004 წლის ივლისში, საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და უშიშროების მინისტრის ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, ბათუმში, იმდროინდელი აჭარის  უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში შედგა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები.

ქონების ჩამორთმევის პროცესის დაჩქარების მიზნით ტრადიციული მეთოდი გამოიყენეს - სამართალდამცავების ორგანიზებით, შუაღამით, სახლიდან საგანგებოდ გამოიყვანეს ნოტარიუსი და ნოტარიული წესით გააფორმეს "ჩუქების ხელშეკრულება", რომლის თანახმადაც, თეიმურაზ მეგრელიშვილმა და ნოდარ მოდებაძემ თელავში მდებარე მილიონიანი ღირებულების „აკურას“ ღვინის ქარხანა სახელმწიფოს აჩუქეს.


თათბირზე, მერაბიშვილი და ადეიშვილი ისმენდნენ თუ როგორ მიმდინარეობდა სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ლიკვიდაციის პროცესი, მათ მიაჩნდათ, რომ ხსენებული ბანკი და ამ ბანკის აქციონერები აჭარის წინამორბედი - ასლან აბაშიძის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან იყვნენ დაკავშირებულნი, რის გამოც, აუცილებელი იყო ბანკის  მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემული კრედიტები მოკლე ვადიან  პერიოდში  უკან დაბრუნებულიყო, რათა სწრაფად მომხდარიყო ბანკის ლიკვიდაცია, ეს თანხები გადარიცხულიყო  მერაბიშვილის და ადეიშვილის მიერ დასახელებულ ანგარიშებზე და მათზე წვდომა არ ჰქონოდათ ბანკის აქციონერებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მსესხებელი ვერ შეძლებდა კრედიტის უკან დაბრუნებას, მაშინ მათგან უნდა მოეთხოვათ სახელმწიფოს  სასარგებლოდ იმ უძრავ/მოძრავი ქონების დათმობა, რომლის შესაძენადაც გახარჯული ჰქონდათ ბანკიდან აღებული სესხი.

ამ დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, 2004 წლის ზაფხულში, აჭარის ა/რ პროკურორს გივი პაპუაშვილს უშიშროების სამსახურიდან და ეროვნული ბანკიდან მიაწოდეს ცნობები და სია დასაბარებელი კრედიტორების და ჩამოსართმევი ქონებების თაობაზე, რომელთა შორის იყო თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანაც. 

გივი პაპუაშვილმა, აჭარის ა.რ. პროკურატურაში დაიბარა აკურას ღვინის ქარხნის მეპატრონეები, შპს „რთველი XXI“-ს დამფუძნებლები თეიმურაზ მეგრელიშვილი, ნოდარ მოდებაძე და დირექტორი ვახტანგ ჩახვაძე, რომელთაც სს „საქართველოს საზღვაო ბანკი“-დან აღებული ჰქონდათ 2 600 000 ლარამდე ოდენობის სესხი, რითაც შეიძინეს ,,აკურას“ ღვინის ქარხნის აქციების 89.060 პროცენტი,  განახორციელეს ღვინის ქარხანაში ინვესტიცია, გააშენეს ვაზი და ახდენდნენ  ყურძნის წარმოებას, გადამუშავებას, ღვინის დამზადებასა და რეალიზაციას. 

აჭარის  პროკურორმა გივი პაპუაშვილმა მათ გადასცა ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის კატეგორიული მოთხოვნა, რომ 2 თვეში დაეფარათ სს „საქართველოს საზღვაო ბანკი“-დან აღებული კრედიტი, ხოლო თუ ამას ვერ შეძლებდნენ, მაშინ უსასყიდლოდ დაეთმოთ აკურას ღვინის ქარხანა, წინააღმდეგ შემთვევაში, მათ შეექმნებოდათ პრობლემები.
მომავალი  გართულებების თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვიტეს დაეთმოთ ღვინის ქარხანა. 

ქონების  ჩამორთმევის პროცესის დაჩქარების მიზნით ტრადიციული მეთოდი გამოიყენეს - სამართალდამცავების ორგანიზებით, შუაღამით, სახლიდან საგანგებოდ გამოიყვანეს ნოტარიუსი და 2004 წლის  7 სექტემბერს ნოტარიული წესით გააფორმეს ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, თეიმურაზ მეგრელიშვილმა  და ნოდარ მოდებაძემ თელავში მდებარე „აკურას“ ღვინის ქარხანა აჩუქეს სახელმწიფოს.

სასამართლომ ამ დანაშაულისთვის  ვანო მერაბიშვილს  3 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით  შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ხოლო ზურაბ ადეიშვილს   1 წლით და 6 თვით პატიმრობა. 

მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პროკურატურაში შექმნილმა ახალი დეპარტამენტმა, რომელიც „ნაცების“ დროს უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნების მიზნით შეიქმნა, შეისწავლა აკურის ღვინის ქარხნის საქმე და უკანონოდ წართმეული ქონება დაზარალებულ  მეპატრონეებს - თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს უკანონოდ ჩამორთმეული  ქონება დაუბრუნდათ.  

მეორე საქმე  - პრეზიდენტის დავალება: ვალერი გელაშვილის დასჯა 

2014 წლის 5 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი ბრალდებულად გამოაცხადა. 

2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“. სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო უარი. ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს ვანო მერაბიშვილს
.

პრეზიდენტის დავალება  ვანო მერაბიშვილმა სოდ-ის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით შეასრულა. 

2005 წლის 15 ივლისს სოდ-ის თანამშრომლებმა და სპეცრაზმელებმა მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალერი გელაშვილის მანქანას გადაუდგნენ, ერეკლე კოდუას დავალებით  და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გია სირაძის ხელმძღვანელობით, სპეცრაზმელებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მანქანიდან ძალით გადმოიყვანეს ავტომანქანიდან ვალერი გელაშვილი, მოწაზე დააწვინეს და იარაღის კონდახებით  სასტიკად სცემეს. გაიტაცეს მისი Heckler Koch-ის მარკის ცეცხლსასროლი იარაღი,10 000 აშშ დოლარი და 50 000 ლარად ღირებული ბეჭედი. 


სასტიკად ნაცემმა  ვალერი გელაშვილმა სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებებია მიიღო: ქალა-ტვინის ტრავმა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობა ცხვირის და შუბლის არეში, ზედა და ქვედა ყბის ძვლების მოტეხილობა და რამდენიმე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.

ვალერი გელაშვილის თავდასხმის ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს ფორმალურად დაიწყო - 2005 წლის 15 ივლისს, თუმცა არ განხორციელებულა არც ერთი  საგამოძიებო მოქმედება. 

სასამართლომ  ვანო მერაბიშვილს  საბოლოოდ, 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს საბოლოოდ, 9-9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 
 
მიხეილ სააკაშვილმა სამივე ინსტანციაში იჩივლა და საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ  ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი  -   6 წლით პატიმრობა ძალაში დატოვა.   

 მესამე საქმე - 26 მაისის აქციის დარბევა

„2011 წლის 26 მაისს იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა არა საპროტესტო აქციის დაშლის, ანუ მასში მონაწილე პირების შეკრების ადგილიდან პროპორციული ძალის გამოყენებით გაძევებისა და გაფანტვისათვის ორგანიზებული ლეგიტიმური ღონისძიება, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომაშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება, დასჯა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელება“, - წერია მერაბიშვილის საბრალდებო დასკვნაში.

“26 მაისს პოლიციამ წინდაწინ გადაკეტა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის, კინოთეატრ “რუსთაველისა” და სხვა მიმდებარე ქუჩები. დაახლოებით 00 საათსა და 10 წუთზე, პირადად ივანე მერაბიშვილის ბრძანებითა და კონტროლით, “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა საპირისპიროდ, კერძოდ, მომიტინგეებისათვის ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვებისათვის აუცილებელი გონივრული ვადის მიცემის გარეშე, მხოლოდ ფორმალური გაფრთხილების შემდეგ, საპოლიციო ქვედანაყოფებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს მიტინგის დაშლის ოპერაცია.


წყალსატყორცნი საშუალების გამოყენებისთანავე, არსებითი წინააღმდეგობის გარეშე, მომიტინგეები შეეცადნენ გაქცევას, თუმცა, წინასწარ შეთანხმებული ზემოაღნიშნული გეგმის შესაბამისად, მათ განზრახ არ მიეცათ ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გასვლისა და პოლიციის მოთხოვნის შესრულების შესაძლებლობა. შესაბამისად, ალყაშემორტყმულ მშვიდობიან მოქალაქეებზე ერთდროულად და ინტენსიურად რამდენიმე მიმართულებიდან განხორციელდა რეზინის ხელკეტებითა და ტყვიებით აღჭურვილი პოლიციის რაზმების იერიში როგორც ქუჩაში, ასევე შენობებში, რა დროსაც შეგნებულად გამოყენებულ იქნა გაუმართლებლად არათანაზომიერი და გადაჭარბებული ძალა. შედეგად, გარდაიცვალა ორი (მათი სიკვდილის მიზეზის დასაზუსტებლად გამოძიება გრძელდება), დასახიჩრდა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო სამასამდე ადამიანმა. უსაფუძვლოდ დაკავებული იქნა რამდენიმე ათეული პირი”, - ამასაც ვანო მერაბიშვილის საბრალდებო დასკვნაში წაიკითხავთ.

ამ საქმეში საინტერესო დეტალია ისიც, რომ 26 მაისის აქციის დარბევისთვის „ნაცების“ ხელისუფლებამ დისციპლინური წესით მოჩვენებითად დასაჯა შსს-ს 15 თანამშრომელი, რომელთაგან რეალურად არც ერთი არ მონაწილეობდა მიტინგის დაშლაში. მათ შორის,  სამი მათგანი აქციამდე იყო დათხოვნილი შსს-დან.

26  მაისის აქციის სასტიკი დარბევისთვის სასამართლომ ვანო მერაბიშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 


მეოთხე საქმე  - სანდრო გირგვლიანის საქმეში დამალული და გაყალბებული მტკიცებულებები

2013 წლის 24 ივნისის თბილისი თბილისის პროკურორმა მაია მწარიაშვილმა ვანო მერაბიშვილს ბრალი წაუყენა:

„ივანე  მერაბიშვილს ბრალი ედება იმაში, რომ მოქმედებდა რა დაკისრებული მოვალეობებისა და  საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და მისი მეუღლისათვის, ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფი მაღალი რანგის თანამდებობის პირთა დანაშაულის დაფარვის მიზნით...“ - ეს არის მცირე ფრაგმენტი ვანო მერაბიშვილის სქელტანიანი საბრალდებო დასკვნიდან, რომლის მიხედვითაც,  მაშინდელმა შს მინისტრმა მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა სანდრო გირგვლიანის საქმის მტკიცებულებების გაყალბებას და დაფარა მისი ცოლის თამარ სალაყაიას და კუდ-ის ხელმძღვანელის დათა ახალაიას  მონაწილეობა ამ დანაშაულში. 

2006 წლის 27 იანვარს ,,შარდენბარში“ მომხდარი ინციდენტი ყველასთვის ცნობილია, მოკლედ შეგახსენებთ: სანდრო გირგვლიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა თამარ მერაბიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დათა ახალაიას სუფრის წევრ თათია მაისურაძესთან, რის გამოც, დათა ახალაიას დავალებით, ადგილზე გამოძახებულმა კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში  და გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე.

გამტაცებლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. ნაწამები სანდრო გირგვლიანის ცხედარი დილით ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. 

დუმილისა და დანაშაულში უფრო მაღალი თანამდებობის პირების არ განთქმის სანაცვლოდ, ივანე მერაბიშვილმა და დავით ახალაიამ შესთავაზეს და გადასცეს ფინანსური საზღაური 100-100 ათასი ამერიკული დოლარი და აღუთქვეს სასჯელისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლება

ამ ფაქტიდან მეორე დღეს,  თბილისის პოლიციის მაშინდელმა უფროსმა მერაბ ბაღათურიამ  მომხდარის შესახებ მოახსენა  შს მაშინდელ მინისტრ ვანო მერაბიშვილს, როგორც სუფრის წევრების შემადგენლობის, ასევე სანდრო გირგვლიანის გამტაცებლების, კუდი-ს თანამშრომლების ვინაობის თაობაზე, შესაბამისად, ი. მერაბიშვილმა დადასტურებულად იცოდა, რომ დანაშაულის ორგანიზატორი იყო  დავით ახალაია, ხოლო შელაპარაკების ადგილას - ,,შარდენბარში“ იმყოფებოდა მისი მეუღლე თამარ მერაბიშვილი.

„იმის გამო, რომ ხსენებული ფაქტის გამოაშკარავებით ივანე მერაბიშვილს მოუწევდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება და თანამდებობის დატოვება, იგი დავით ახალაიასთან ერთად შეუდგა საქმის გაყალბებას და დანაშაულის დაფარვას.
გამოძიების ფალსიფიკაციის გეგმის ფარგლებში შედგა დავით ახალაიას  „საიდუმლო“  წერილი ი. მერაბიშვილისადმი,  თავის მხრივ, ი. მერაბიშვილის „საიდუმლო“ წერილი საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის - ზურაბ ადეიშვილისადმი, რომ თითქოს დავით ახალაიას ძალისხმევის შედეგად გამოაშკარავებულ იქნენ სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები: გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა, რომლებიც  2006 წლის 6 მარტს მიეცნენ ბრალდებულად პასუხისგებაში.

ხსენებულ პირებს, სასჯელის მოხდის საფასურად, ასევე დუმილისა და დანაშაულში უფრო მაღალი თანამდებობის პირების, კერძოდ, დავით ახალაიას ორგანიზატორობის არ განთქმის სანაცვლოდ, ივანე მერაბიშვილმა და დავით ახალაიამ შესთავაზეს და გადასცეს ფინანსური საზღაური 100-100 ათასი ამერიკული დოლარი და აღუთქვეს სასჯელისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლება, რითაც ხელი დააფარეს ამ დანაშაულის ორგანიზატორებს და გააყალბეს საქმის გამოძიება“, - ამ დანაშაულისთვის  სასამართლომ ვანო მერაბიშვილს  3 წლით პატიმრობა მიუსაჯა.  


მეხუთე საქმე - ამომრჩეველთა მოსყიდვა და წართმეული აგარაკი

ორი კორუფციული ეპიზოდი, რომელიც ვანო მერაბიშვილის ბრალდებიდან მეხუთეა, ერთი მისი შს მინისტრობის, ხოლო მეორე - პრემიერ-მინისტრობის დროინდელია. 

ეპიზოდი პირველი
  
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ”ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე, სახელმწიფო სახსრებით  პარტიის   დაფინანსების მიზნით  დაგეგმა და განახორციელა  ოპერაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოში უმუშევართა აღრიცხვისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხებიდან 5,2 მლნ ლარი უკანონოდ ჩაერიცხა დაახლოებით 22 ათას პირს, თითოეულს 240 ლარის ოდენობით. ეს ადამიანები ფორმალურად  გააფორმეს, როგორც შტატგარეშე თანამშრომლები. არადა, სინამდვილეში, მათ არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ, ხოლო ფული მიიღეს მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემისა და საარჩევნო აგიტაციის წარმოების სანაცვლოდ. 

ივანე მერაბიშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ განხორციელებული ამ ოპერაციით  სახელმწიფო ბიუჯეტმა იზარალა 5,2 მლნ ლარი.
    
ეპიზოდი მეორე

შინაგან საქმეთა მაშინდელ  მინისტრს ვანო მერაბიშვილს დასვენებისთვის მოეწონა  კვარიათში ზღვის პირას მდებარე, შპს “საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის” კუთვნილი ფეშენებელური აგარაკი და 2009 წლის მაისში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრეს იძულებით და დაშინებით წაართვა და  ოჯახთან ერთად, თითქმის ოთხი წლის განმავლობაში სარგებლობდა ამ ქონებით. 

გარდა ამისა,  სხვისი აგარაკი საკუთარი ოჯახის წევრების გემოვნებით  გაარემონტა  შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებებით. დანაშაულის  დაფარვის მიზნით,  შს მინისტრმა მერაბიშვილმა საიდუმლო ხარჯები გამოიყენა, რომლითაც, კანონის თანახმად, უნდა დაფინანსებულიყო დანაშაულთან ბრძოლისათვის გათვალისწინებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებები. 

მისივე განკარგულებით, სამინისტროს ბიუჯეტიდან  იფარებოდა აგარაკზე მომუშავე დამხმარე პერსონალის სახელფასო ანაზღაურებაც. შედეგად,

 შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ამ კორუფციული ეპიზოდით სახელმწიფოს 158 ათასი ლარის ზიანი მიაყენა.

ვანო მერაბიშვილს ამ ორი კორუფციული ეპიზოდისთვის 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ხუთი საქმისთვის ვანო მერაბიშვილს სასჯელის შთანთქმის პრინციპით, საბოლოოდ,  6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა.








    


 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი