340
21 ივლისი 2022, 18:05
„მისი არათანმიმდევრული, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული უწინდელი განცხადებები და დღევანდელი ნათქვამი, მის სინდის-ნამუსზე იყოს. უტიფარი და უნამუსო საჯარო პირები საკმარისზე მეტად გვყავს საქართველოს ოპოზიციურ ფლანგზე“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადების შესახებ.
„ზელენსკის მიერ თბილისიდან ელჩ იჰორ დოლჰოვის დაუსაბუთებლად და სამარცხვინოდ გაწვევის შემდეგ,
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრი კასიანოვმა კვირა არ გამოტოვა, რომ ჩვენი ქვეყნის უანგარო და მაქსიმალურ დახმარებაზე საჯაროდ არ ელაპარაკა.
როგორც ჩანს, ოფიციალური კიევიდან ახალი, მავნებლური ინსტრუქციების ტირაჟირება დაავალეს და ახალგაზრდა დიპლომატმა, რომელსაც კარიერა წინ აქვს, უარი ვერ თქვა.
უსამართლო და გაუგონარი პრეტენზიების ჩამონათვალში, კასიანოვი ამბობს: თურმე, როცა რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, იყო მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა, სამწუხაროდ, ეს არ ხდება.
მეტიც, უკრაინელი დიპლომატი ბედავს და აცხადებს, რომ კიევი იმავე მხარდაჭერას ელოდა თბილისისგან, როგორიც უკრაინამ საქართველოს, რუსეთის აფხაზეთსა და ცხინვალში შეჭრის დროს აღმოუჩინა.
მოკლე და შერჩევითი მეხსიერების მქონეთ შევახსენებ იმ უახლეს ისტორიას, რაზეც ოფიციალურმა თბილისმა არცერთხელ საჯაროდ სამართლიანად წამოაძახა უკრაინელ ჩინოსნებს.
1. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, უკრაინის საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ ერთი თვის თავზე შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ, ჩვენი მხარდამჭერი რეზოლუცია არ მიუღიათ.
2. 2008 წლის სექტემბერში დარეგესტრირებულ სხვადასხვა რეზოლუციებში საქართველოს მხარი დაუჭირა დეპუტატთა მხოლოდ 15%-მა, დანარჩენები ან წინააღმდეგნი იყვნენ ან ინდიფერენტულნი.
3. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ინტერვენციის დაგმობის შესახებ #3053 დადგენილების პროექტს მხარი მხოლოდ 65 დეპუტატმა დაუჭირა. აწ უკვე რუსეთში გაქცეული ექს-პრეზიდენტის, სააკაშვილის მიერ დაჯილდოებული იანუკოვიჩის პარტიამ არცერთი ხმა მოგვცა.
4. მეტიც, უკრაინელმა პარლამენტარებმა ჩააგდეს „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შესახებ“ #3054 რეზოლუციის პროექტი, რომელსაც მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა.
5. ასევე ჩავარდა „საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის აქტის დაგმობის შესახებ“ #3082 რეზოლუცის პროექტი, რომელმაც მხოლოდ 70 ხმა მიიღო.
6. გაუგონარი რამ მოხდა მაშინ, როცა ცხინვალისა და სოხუმის სეპარატისტთა "დამოუკიდებლობის" ცნობის
#3083 დადგენილების პროექტს უკვე 167-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. რადაში სულ 450 დეპუტატია.
7. „სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო აგრესიის დაგმობამ“ (#3070) კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღო - 196 ხმა. ხოლო 217-მა კანონმდებელმა მხარი დაუჭირა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით უკრაინული სამხედრო ტექნიკის საქართველოში მიწოდების ფაქტების გადამოწმების მიზნით (No305 ).
8. ესეც არ იკმარეს და 2008 წლის აგვისტოს ოკუპაციიდან სულ რაღაც 9 თვეში, 2009 წლის 9 მაისს, უკრაინამ რუს აგრესორებთან ერთად მოსკოვში, წითელ მოედანზე, სამხედრო აღლუმში მიიღო მონაწილეობა.
რაც შეეხება კასიანოვს. მისი არათანმიმდევრული, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული უწინდელი განცხადებები და დღევანდელი ნათქვამი, მის სინდის-ნამუსზე იყოს. უტიფარი და უნამუსო საჯარო პირები საკმარისზე მეტად გვყავს საქართველოს ოპოზიციურ ფლანგზე“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |