957
29 ივნისი 2022, 18:44
სანდრო რაქვიაშვილი გირჩის დაშლაზე და პოლიტიკურ პროცესებზე. ბლოგი გირჩის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მე და გირჩი
გირჩი ახლოს 2019 წელს გავიცანი, ვახოს გადაცემაში სტუმრად რომ მივედი. მათი გაცნობის შემდეგ ლექციების კითხვით შეგროვებულ ფულს გირჩს ვურიცხავდი. რადგან პროექტი წარმატებული გამოვიდა, 2020 წლის დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამფინანსებლის სტატუსით მმართველი საბჭოს წევრი გავხდი. იმავე წელს კორონა-ისტერიის ფონზე აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ გირჩში არიან სწორი მორალის და საღ აზრზე მყოფი ადამიანები. ამ პერიოდში, შეზღუდვების წინააღმდეგ აქციებზეც ერთად ვიყავით, ზოგი ჩემი ინიციატივითაც გავმართე და გაზაფხულის მიწურულს იაგომ, ვახომ და ზურამ პოლიტიკოსობა შემომთავაზეს. რადგან გირჩის წარმატება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა პოლიტიკოსობა დიდად არ მაინტერესებდა დავთანხმდი, რომ ოფისის საქმეს მივხედავ, ფინანსებს დავალაგებ და ზოგადად საარჩევნო კამპანიას ვუხელმძღვანელებ, ხოლო პოლიტიკოსობა რამდენადაც გამოვა, იმდენად იყოს მეთქი.
ამ საუბრებისას გავიგე, რომ გირჩში პრობლემებია, და არა მხოლოდ ფინანსური ან მენეჯერული, არამედ ზურასა და ვახოს შორის დაპირისპირება, რომლის მიზეზი თავიდან პირადი შეუთავსებლობა მეგონა. ამიტომ იმედი მქონდა, რომ უფრო მნიშვნელოვანი მიზნებისათვის ამ პრობლემას რამენაირად მოვაგვარებდით. თუმცა, მალევე აღმოჩნდა, რომ პრობლემა სულ სხვა ბუნებისაა.
გირჩი 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში
პირველი მნიშვნელოვანი კონფლიქტი პრაიმერისის დროს მოხდა, როცა პალიკო კუბლაშვილის მიერ, ძირითადად, „გირჩი TV“-ზე შეკრებილმა ხალხმა, პრაიმერისის მეშვეობით, ვახოს მოშორება სცადეს (სხვა პოლიტიკოსების დაწინაურების მეშვეობით). ეს ვახოს პარტიიდან გაგდების მორიგი და ყველაზე ღიად განხორციელებული მცდელობა იყო, რათა პარტიაზე სრული კონტროლი დაემყარებინათ. თუმცა, ზურამ ბოლო მომენტში უკან დაიხია, რადგან არჩევნებამდე 2 თვით ადრე პარტიის დაშლის რეალური საფრთხე გაჩნდა, რაც არავის ინტერესებში არ შედიოდა. საბოლოოდ, ხელოვნურად შემოგდებული კანდიდატი სიას ჩამოშორდა და პოლიტიკოსების სამეული საკმაოდ ბუნებრივად გადანაწილდა. მე მეოთხე ადგილს ვიკავებდი, და რადგან არ მეგონა, რომ 3-ზე მეტ კაცს გავიყვანდით პარლამენტში, არჩევნების შემდეგ პროფესორობის გაგრძელებას ვგეგმავდი.
შედეგი ბევრად უკეთესი აღმოჩდა, ვიდრე მოლოდინი: პარტიამ 4 ადგილი მოიპოვა პარლამენტში და თბილისში რეიტინგით მესამე ადგილი დაიკავა, რაც ძალიან კარგ მომავალზე მეტყველებდა. თუმცა, ჩვენი ზეიმი დიდხანს არ გაგრძელდა, რადგან არჩევნები „გაყალბებული“ აღმოჩნდა და პარტია ბოიკოტს შეუერთდა.
იაგო ბოიკოტის წინააღმდეგი იყო, ბათუმიდან ბრუნდებოდა და გვთხოვდა არ გვეჩქარა, მე პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი და უფრო ვაკვირდებოდი სიტუაციას, ამიტომ საბოლო გადაწყვეტილება იმ მომენტში ვახომ და ზურამ მიიღეს.
ბოიკოტის პირველი თვე
დღევანდელი გადმოსახედიდანაც ბოიკოტისთვის შეერთება ლოგიკური იყო, თუ იმ ინფორმაციას გავითვალისწინებთ, რომელიც ჩვენ პირველ დღეებში გვქონდა:
ოპოზიციური პოლიტიკოსები, რომლებთანაც მათ შორის წინასაარჩევნო შეთანხმება გვქონდა, გვიცხადებდნენ, რომ გაყალბების უტყუარი მტკიცებულებები მოეპოვებოდათ, რითაც დიპლომატებსა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არჩევნების გაყალბებაში დაარწმუნებენ.
ჩვენ თითქმის არ გვყავდა დამკვირვებლები, მაგრამ ერთადერთ ოლქში, სადაც ჯაფარა იყო მაჟორიტარი, ცესკომ, მეორე ტურში, 2000 ხმის ხელოვნურად მიწერით, ჯაფარას ნაცვლად ანა დოლიძე გაიყვანა. ჩვენ ეს გავასაჩივრეთ და მეორე ტურში ვოლსკის წინააღმდეგ ზურა გავიდა. თუმცა, თუ ერთ ოლქში ქოცები 2000 ხმით აყალბებენ შედეგს, სავსებით შესაძლებელია, რომ ქვეყნის მასშტაბით გრანდიოზული გაყალბება მომხდარიყო.
ISFED-ი დებს პარალელური დათვლის შედეგებს და აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას ცესკოს მონაცემებთან შედარებით 3-4%-ით ნაკლები ხმა უნდა აეღო.
ჯაფარა ელჩებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებიდან გამოდის და გვეუბნება, რომ ვადამდელი არჩევნების ალტერნატივა რეალურად განიხილება და რომ, „ხელახალი არჩევნები“ უნდა ჩატარდეს დეკემბერში და „ვადამდელი“ გაზაფხულზე.
პალიკო კუბლაშვილი, ჩვენი ოცნებასთან კომუნიკაციის წყარო, და იქიდან „ჭორების“ მომტანი, გვეუბნება, რომ ოცნება ამ 3-4%-ის კომპენსირებაზე შეიძლება დათანხმდეს და მაგალითად, რამდენიმე სამაჟორიტარო ოლქი დათმოს.
ერთადერთი საწინააღმდეგო არგუმენტი - ოპოზიციური შეკრებებია, სადაც არც საღი აზრი ჩანს, არც ერთსულოვნება, არც პრინციპულობა. ჯერ, აღმოჩნდება, რომ არ არსებობს რაიმე გეგმა, თუ რას და როგორ ვაკეთებთ, მალევე ჩნდება ეჭვი, რომ გაყალბების მასშტაბის მტკიცებულებები ისეთი მყარი არ არის, როგორიც გვეგონა (ცოტა მეტი დრო დაგვჭირდება გაგვერკვია, რომ მტკიცებულებები უბრალოდ არ არის), ვიგებთ, რომ ყველა პარტია ჩვენ და ელისაშვილის „მოქალაქეების“ გარდა, საბიუჯეტო დაფინანსების აღებას აპირებს და თუ ბოიკოტი გაგრძელდება, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასაც გეგმავს, რაც ფაქტობრივად 2020 არჩევნების შედეგების აღიარებაა და ბოიკოტის იდეასთან შეუთავსებელია. მოლაპარაკებების დროს გავარკვიეთ, რომ ოპოზიცია იტყუება და არც დეკემბერში, არც გაზაფხულზე იქნება ახალი არჩევნებისთვის მზად, ამიტომ ბოლო შეთავაზებაში ვადამდელი არჩევნებისთვის 2021 წელი ჩაიწერა და არა 2021 წლის გაზაფხული. ვითარება ძალიან დაძაბულია და ნოემბრის ბოლოსკენ თითქმის ყველა შეხვედრა ჩხუბით სრულდება, სადაც დიდწილად ევსაქები და მათ მორჩილებაში მყოფი ლელო ბოიკოტს იცავენ, ჩვენ კი მის დასრულების ფორმებზე დისკუსიის დაწყებას ვცდილობთ (სხვები შედარებით ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ). საჯარო სივრცეში ეს ჩხუბი მხოლოდ ირიბად გამოდის, ჩვენი სხვა საკითხებში, სხვა მხრივ აუხსნელი, გაცხარებული კრიტიკის სახით.
ამ ყველაფერის გათვალისწინებით, ბოიკოტთან შეერთების იდეა უკვე აღარ გამოიყურება გონივრულად და პარტიაში ბოიკოტის ალტერნატივებზე ვიწყებთ ფიქრს. ოფისში, მე, იაგო, ზურა, ვახო, ჰერმანი და ლევანი მოვიფიქრებთ, თუ რა შეიძლება ჩავწეროთ საარჩევნო რეფორმების ნაწილში - ასე გაჩნდა ოპოზიციის წინადადებებში კამერების დაყენების და ბიულეტენებზე RFID-კოდის დატანის ჩანაწერი. ეს იდეები მომავალში, რამდენიმე მოდიფიკაციის და სხვა ადამიანების მონაწილეობით, შარლ მიშელის შეთანხმებაშიც აღმოჩნდა.
ზურა გვთავაზობს, რომ ბოიკოტის ალტერნატივის ფუნდამენტში იყოს საერთო ოპოზიციური შეთანხმება, და თუ რომელიმე ამ პუნქტზე ოცნება წამოვა, ამის სანაცვლოდ შევიდეთ პარლამენტში. განსაკუთრებული აქცენტი განათლების რეფორმაზეა, რომელიც ყველაზე ნაკლებად პოლიტიზირებული და ამავდროულად ტექნიკურად ყველაზე მარტივია. იმ დროსვე გაჩნდა ბუნებრივი ბარიერის, როგორც ბოიკოტის დასრულების პირობის, იდეა. თუმცა ეს იდეები საჯაროდ მოგვიანებით და სულ სხვა პოლიტიკურ გარემოში გავაჟღერეთ.
ამასობაში, შიდაპარტიული ცხოვრება გაყინულია. არჩევნების შემდეგ ახალი მმართველი საბჭო უნდა აგვერჩია, თუმცა ბოიკოტის გამო ეს პროცესი გადავდეთ. მე საარჩევნო კამპანიის და შიდაპარტიული მენეჯერის პოზიცია დავტოვე, ხოლო საერთო შეთანხმებით, მართვა დროებით იაგომ აიღო საკუთარ თავზე. თავდაპირველად ეს ლოგიკურად ჩანდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ „ტელევიზიის ხალხი“ წინააღმდეგნი არიან, მოგვიანებით კი გასაგები გახდა, რომ ეს ვახოს და ამჯერად უკვე იაგოს მოშორების მორიგი მცდელობის ნაწილიცაა, რაც მმართველი საბჭოს „სწორი ხალხით“ დაკომპლექტებას გულისხმობდა. თუმცა ეს მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდა (მათ შორის შემთხვევითობის შედეგად - ჩემი მეგობრების გამო, რომლებიც სულ სხვა მოტივებით და გირჩის კარგი მომავლის იმედით, ჯედებს აქტიურად ყიდულობდნენ).
ამ მცდელობის ჩაშლის შედმეგ, სულ რამდენიმე დღეში, მე, ვახომ და იაგომ, ზურასგან ულტიმატუმი მივიღეთ, რომელზეც, შინაარსიდან და ფორმიდან გამომდინარე დათანხმება გამორიცხული იყო.
ქოცობა, ქოცები და „გაყალბებული“ არჩევნები
კომიკური ამ სიტუაციაში ის არის, რომ ზურას წასვლის ერთ-ერთი შედეგი ქოცებთან კავშირის გაქრობა იყო. აღმოვჩნდით სიტუაციაში, როცა, ოპოზიციური მედია ქოცობას გვტენის, ხოლო ქოცებთან არც წინასაარჩევნოდ, მით უმეტეს არც არჩევნების შემდეგ რაიმე სახით არც კი გვილაპარაკია. არადა ბოიკოტი კულმინაციას უახლოვდება, მალე პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება, პარტიები სიების ჩახსნით არიან დაკავებული. ცხადია, რომ ასეთ ოპოზიციასთან ყოფნა შეუძლებელია, და ისიც გასაგებია, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს. დაახლოებით, ამ პერიოდში პირველად შევხვდებით ოცნების ლიდერებს. იქ გაირკვევა, რომ „მაჟორიტარების დათმობა“ ან რაიმე სხვა დათმობა არც არასდროს განიხილებოდა. ჯერ კიდევ ამ შეხვედრამდე ცნობილი ხდება, რომ ISFED-ი შეცდა (ან „შეცდა“)
პარალელურ დათვლაში და დამალა ეს ფაქტი. ირკვევა, რომ არანაირ 3-4%-იან სხვაობაზე საუბარიც კი არ არის. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც არჩევნების სტატისტიკური ანალიზი გააკეთა, ვარ მე. ამ კვლევის ზოგადი მონაცემები რაიმე კონკრეტულს არ გვეუბნება, მხოლოდ იმას, რომ შეიძლება ჩარევას ჰქონდა ადგილი, ან რომ ოცნებამ უბნების ნაწილზე წარმატებულად მოახდინა თავისი ამომრჩევლის მობილიზაცია (რის გამოც, მეტი აქტივობა ოცნების მეტ მხარდაჭერაში გამოიხატა). დამატებით გადავხედე უბნების ყველა იმ 8%-ს, რომელიც ISFED-მა საეჭვოდ ჩათვალა, და გამომივიდა, რომ ყველა ამ უბანზე ქოცებს რომც გაეყალბებინათ შედეგი, ამ გაყალბების სრული გამოსწორების შემთხვევაში, ოცნება ერთ მანდატსაც კი არ კარგავდა.
გასაგები ხდება, რომ „გაყალბების“ ისტორია მოგონილია, და რომ რეალურად სულ სხვა თამაში მიდის, რომლის ავტორები ნაცები არიან, ხოლო სხვა პარტიები ან თავისი უსინდისობის, ან შიშის, ან როგორც ჩვენ შემთხვევაში, არასრული და კოლეგებისგან მიღებული მცდარი ინფორმაციის გამო ჩაერთვნენ. პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკოსები კი ამ ბოიკოტს პოლიტიკაში დარჩენის ერთადერთ შესაძლებლობად აღიქვამენ და ამ აქტივობაში ნაცებზე უფრო „ნაცები“ ხდებიან.
თუმცა „გაყალბების იდეა“ მედიამ უკვე ისე ჩატენა ამომრჩევლის ტვინში, რომ უბრალოდ „წავედით პარლამენტში“ ავტომატურად ქოცობას ნიშნავდა, ამიტომ გაჩნდა მიზანი, რომ პარლამენტში ჩვენ სხვა ოპოზიციასთან ერთად შევსულიყავით. ქოცობის შეტენვაზე მომზადებულ მთავარ არხს კი ვახო, ხატია დეკანოიძესთან ჩახუტებული ხვდება, რითაც გვარამიას დეზორიენტაციას ვიწვევთ და დროს ვიგებთ, რათა ოპოზიციასთან მოლაპარაკებები გავაგრძელოთ.
ბოიკოტის ნამდვილი არსი
როგორც მოგვიანებით ირკვევა, ნაციონალური მოძრაობა არც კი აპირებდა პარლამენტში მუშაობას. ეს გასაგები ხდება, თუ მათ პარლამენტართა სიას გადავხედავთ. სია უმეტესწილად ადამიანთა სამი ჯგუფისგან შედგება: რამდენიმე „მოლაპარაკე თავი“, ის, ვინც ადგილი იყიდა, და პარტიის აქტივისტები. თითქმის არ არიან ადამიანები, ვინც კანონებზე დებატებში შევლენ და ნორმალური პარლამენტის პირობებში ოპონირებას გაუწევენ პოლიტიკურ კონკურენტებს. ყველაზე კარგ შემთხვევაში, ეს არის გამარჯვებული ბელადის პარტიის სია, სადაც ამ ხალხს, ქოცების მსგავსად, მხოლოდ ღილაკის დაჭერა ევალება, უფრო დიდი ალბათობით კი რევოლუციური სცენარის სია, სადაც ბიზნესმენები აფინანსებენ პარტიის აქტივობას ქოცებთან დაპირისპირების პირობებში (ამიტომ არჩევნებზე ნაცებმა ბევრი ფული არ დახარჯეს, მიუხედავად მილიონებისა, რაც ადგილების გაყიდვაში მიიღეს), აქტივისტები - აქტივისტობენ და „ძაბავენ სიტუაციას“, ხოლო 3-4 ადამიანი საჯარო სივრცეში იცავს „რევოლუციურ“ პოზიციას. რევოლუციური სცენარის მომზადება რომ ნაცების ნაწილს სურდა, ჩვენ არჩევნებამდეც ვიცოდით, თუმცა, ეს იმდენად აბსურდს ჰგავდა, რომ არასდროს აღგვიქვამს ამგვარი საუბრები სერიოზულად.
თავდაპირველად, ამ კონფიგურაციაში გირჩის მონაწილეობა, დაბალი რეიტინგის გამო, საჭირო არც იყო, მაგრამ როცა პარტიამ თბილისში მესამე ადგილი დაიკავა, მისი „ბოიკოტში“ შეყვანა კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა. ჩვენ პარლამენტში შესვლას ბევრი სხვა პარტიის შესვლა მოყვებოდა, ოპოზიციური მედია „ქოცებად“ კი გამოგვაცხადებდნენ, მაგრამ დანარჩენები იტყოდნენ, „სხვა გამოსავალი არ იყო, რადგან გირჩმა ერთობა დაანგრია“. ამიტომ გვარამიას ცნობილი ამბორი არა მისი ზურასადმი ადამიანური სიმპათიით, არამედ პოლიტიკური მიზნის მოულოდნელად მარტივად მიღწევით გამოწვეული ემოციების შედეგი იყო. თუმცა ზურას თანხმობა პარტიის თანხმობას არ ნიშნავდა, ამიტომ პოლიტიკურ სპექტრში მალევე გააცნობიერეს, რომ გირჩის ნაც. მოძრაობის ორბიტაში დატოვება მარტივი არ იქნება.
გირჩი და „გირჩი“
გირჩი იდეებზე დაფუძნებული პარტიაა. პრივატიზაცია, არჩევითი მოსამართლეები, განათლების გათავისუფლება და არა „ქოცების გადაყენების დიადი მიზანი“ არის გირჩის დამახასიათებელი. ამიტომ კოალიცია „ქოცებთანაც და ნაცებთანაც“ შესაძლებელია, იმისდა მიხედვით, თუ ვინ უფრო მეტ თავისუფლებაზე დათანხმდება. სანამ პოლიტიკოსები ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ, „ქოცების დამარცხების დიადი მიზანი“ ვერასდროს გახდება პარტიისთვის მთავარი. იდეოლოგიასა და პრინციპებზე დაფუძნებული პარტიით არც ქოცებთან თუ ნაცებთან ფულზე ვაჭრობა გამოვა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში რეიტინგით მესამე პარტიის კონტროლი ქართულ პოლიტიკაში მილიონები შეიძლება ღირდეს.
გაზაფხულსა და ზაფხულში, არავის ეგონა, რომ ასეთ წარმატებას მივაღწევდით, ამიტომ პარტიაზე კონტროლის დამყარების მცდელობებიც ნაკლებად აქტიური იყო, არჩევნების შემდეგ კი, როგორც ჩანს, ბევრად უფრო დიდი რესურსის მქონე ადამიანები ჩაერთვნენ ამ საქმეში, ვიდრე ადრე, ამიტომ შედეგიც მალევე გამოჩნდა.
პარტიაზე კონტროლის დასამყარებლად მნიშვნელოვანი იყო, რომ გირჩის ყველა დანარჩენი წევრი უპირობოდ გაჰყოლოდა ზურას ხაზს, რომელსაც, როგორც მოგვიანებით გასაგები გახდება, პარტიის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, მარტივად შეეძლო პრინციპების „დიადი მიზნისთვის“ შეწირვა. აქედან გაჩნდა ვახოსა და იაგოს პარტიიდან გაგდების აუცილებლობა. ზურა წლებია პარტიის ფრონტმენია, მასზე იხარჯება თითქმის მთელი ადამიანური და ფინანსური რესურსი, ამიტომ ამომრჩევლის თვალში, ის არის გირჩი, ასე რომ მე-2 და მე-3 ნომრის პარტიიდან წასვლას პარტია გაუძლებს, ზურა დარჩება მარტო და საქართველოს პოლიტიკაში კიდევ ერთი ბელადის პარტია შეიქმნება, მორიგ პოლიტიკურ გარიგებაში მონაწილეობისათვის განწირული.
პარტიის დაშლის კიდევ ერთი ფაქტორი ბოკერიას კრახი გახდა, რის გამოც მის დამფინანსებელს ახალი პროექტი დასჭირდა. ამ პროექტს შეიძლება ახალი კოალიციის სახე მიეღო, სადაც შევიდოდნენ: ჯაფარა, ლიაკა (ელენე ხოშტარია, რომელიც დიდი ხანია რაც გწმპს, ანუ ევსაქებს, ტოვებდა) და ნიკა მელია (რომელსაც ასევე არ ჰქონდა კარგად ნაცებში საქმე). გირჩის ბაზაზე ასეთი გაერთიანება ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა, ვიდრე ჰაერში შექმნილი კოალიცია, მით უმეტეს რომ ამ პირობებში მათ არც დაფინანსებაზე შეექმნებოდათ პრობლემა (ნიშანდობლივია, რომ ჯაფარას წინასაარჩევნო დაფინანსების დიდი ნაწილი პორტალით არ გადიოდა და არ იყო საჯარო, რაც მიუთითებს, რომ ქართული პოლიტიკისათვის ჩვეული დაფინანსების არხებიც უკვე დამუშავებული იყო). რა თქმა უნდა, კოალიციას თავისი ტელევიზიაც მოემსახურებოდა - „ფორმულა“ - რომელიც თავდაპირველად გწმპ-თვის იყო შექმნილი.
თუმცა, ჩვენი აქტივობის, ჯანსაღების არაკომპეტენტურობის, ზოგადად ოპოზიციის შეცდომებისა და ბევრი სხვა, ზოგჯერ წვრილმანი, ზოგჯერ კი მნიშვნელოვანი მიზეზების გამო, გირჩი გირჩად დარჩა, ზურამ გირჩი დატოვა და გირჩის კლონი-პარტია დააარსა, კოალიცია არ შედგა (თუმცა შედგა ერთი წლის შემდეგ, სხვა პირობებში, კომიკური ფორმით და, შესაბამისად, კანონზომიერადაც დამარცხდა), ჩვენ კი უკვე დეკემბრის ბოლოს კრიზისის დასრულების ყველაზე ეფექტიანი გზაც ვიპოვეთ - 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების, როგორც ლეგიტიმაციის ტესტისა და რეფერენდუმის, გამოყენება. თითქმის მთელი ოპოზიცია, პირად საუბარში ამაზე მოგვყვებოდა, საჯაროდ, კი ამის გამო, ქოცობას გვტენიდნენ. თუმცა გავიდა დრო, მელიას დაჭერისა და შარლ მიშელის, დანიელსონის და ელჩების დახმარებით, ყველა ის ჩვენი იდეა, რომლითაც დეკემბერში მივედით ნაცებთან, ლელოსთან და სტრატეგიასთან, და რის გამოც, ქოცებს გვეძახდნენ, ყველამ გაიზიარა და ამით დასრულდა ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი.
ფინალი
ნაცების უშედეგო რევოლუციამ და ხელოვნურად შექმნილმა კრიზისმა ყველა პარტია დააზიანა. ქოცებმა გახარია და მასთან ერთად 6 დეპუტატი დაკარგეს, მოგვიანებით კი — ათობით ადგილი საკრებულოებში. ნაცებმა დაკარგეს ვაშაძე, რეპუტაცია და ფული, ციხიდან ძლივს გამოიყვანეს მელია და, პოლიტიკური რეალობის არაადეკვატური შეფასების შედეგად, ციხეზე მიშა გაწირეს. ფაქტობრივად გაქრა ლელო, რომლის მილიონები ისე დაიხარჯა, რომ პარლამენტში ახლა მხოლოდ ორი დეპუტატი ჰყავთ. გაქრა პატრიოტთა ალიანსი. დაიშალა რესპუბლიკური პარტია. გაქრა გწმპ. ვაშაძემაც კი დაკარგა თაკო. მხოლოდ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დარჩნენ, შედარებით, მყარად, თუმცა, იმდენი, რამდენიც მათ აგინეს, თან სრულიად უსამართლოდ, არავისთვის უგინებიათ.
ჩვენ კი ახლა კლონი პარტია გვყავს (ჩვენ მათ ჯანსაღებს ვეძახით, რადგან დაშლა/გაშლის დროს გამოაცხადეს, რომ „ისინი, ჯანსაღი გირჩი იქნებიან“). კლონი-პარტიის პოლიტიკოსები საუბრისას იგივე სიტყვებს იყენებენ, რასაც ჩვენ, ოღონდ საწინააღმდეგო მიზნის მისაღწევად, რათა რაც ოდესღაც ვერ ჩაიგდეს ხელში, ის დაანგრიონ.
ამ კლონ პარტიას, ერთი მხრივ, ისევ პრივატიზაცია და სასამართლოს რეფორმა აინტერესებს, მაგრამ როცა საქმე-საქმეზე დგება, ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტიის სტანდარტულ მიდგომას იყენებენ: „ჯერ ბიძინა დავამარცხოთ, და მერე ვილაპარაკოთ იდეებზე“. კლონი პარტია ჩვენნაირად ატარებს პრაიმერისს, მაგრამ უპრობლემოდ იკიდებს მის შედეგს.
ფორმალურად, არც კლონია ბელადის პარტია, მაგრამ ზურას შეუძლია თავისი გადაწყვეტილებები არც კი ახსნას, და ისე შეინარჩუნოს მხარდაჭერა, რადგან ჯანსაღების მთავარი ლოზუნგია „რას ფიქრობს ჯაფარა?“
ჯანსაღებიც ამტკიცებენ, რომ საუბარი პოლიტიკური პრობლემების მოგვარების მთავარი ინსტრუმენტია, ოღონდ თვითონ პირველები არიან, რომლებიც ამ საუბარს გაურბიან.
ჯანსაღები ვითომ პრინციპულები არიან, მაგრამ უფრო იმაზე ფიქრობენ, ეს პრინციპები ზედმეტად არ გამოამჟღავნონ და სუსტი ფსიქიკის მხარდამჭერებს არ აწყენინონ, ამიტომ, ინტელექტუალური საკუთრება, შეიძლება ცუდია, მაგრამ თუ კარგი ადამიანი გთხოვს, მისი დაცვაც მისაღები გახდება, ხოლო ფინანსური პირამიდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსპექტიულ პროექტად შეიძლება იქცეს, ოღონდ მოტყუებული მხარდამჭერები არ გაბრაზდნენ და ტყუილში, „ზურა ჯიგარია, მიშა მაგარიას“ ძახილში გაატარონ ცხოვრება.
ამიტომ, ვინც თავისუფლების იდეას გულშემატკივრობს, მისთვის, გირჩი მხოლოდ ერთია - ის გირჩი, რომელიც იბრძოდა კანაფის ლეგალიზაციისთვის, იცავდა ახალგაზრდებს მონობისგან, ებრძოდა კორონა-ისტერიას, არ მიყვებოდა ბრმად სხვა პოლიტიკოსებს და „დიადი“ მიზნისთვის პრინციპებზე უარს არ ამბობდა.
ხოლო, თუ ვინმეს ფეხებზე ეკიდა თავისუფლების იდეა და ამ იდეას „იცავდა“ მხოლოდ იმიტომ, რომ ზურა ფიზიკურად მოსწონდა, ვისაც ბელადომანია ხიბლავს, და ვისთვისაც ის არის სიმართლე, რასაც „ჯაფარა იტყვის“, მას ჩვენთან არაფერი აქვს საერთო. „ჯანსაღობა“ თავისუფლების მოყვარული ადამიანისთვის შეურაცხყოფაა, რადგან უპრინციპო ბელადომანიას ნიშნავს. ამიტომ შეუძლებელია ორივე გირჩის მხარეს იყოთ. თუ ასეა, ან გირჩს არ იცნობთ, არ ფარისევლობთ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |