ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის მოსაზრებით, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ფართო კონსენსუსით უნდა შეიქმნას საგზაო რუკა, რომელიც თითოეული რეკომენდაციის ქვეშ გაწერს კონკრეტულ ნაბიჯებს, შესაბამისი ვადების მითითებით, რომელთა გადადგმაც რეკომენდაციების შესრულებაში დაგვეხმარება.
როგორც ვანო ჩხიკვაძე აცხადებს, ეს დოკუმენტი უნდა წარვუდგინოთ ევროკავშირს და მათი მხრიდან მხარდაჭერა მივიღოთ.
„ევროკავშირის მიერ მოცემული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში დასაკარგი დრო არ გვაქვს. არ უნდა დავუშვათ, რომ ეს რეკომენდაციები გახდნენ ე.წ. "მოძრავი სამიზნეები" (moving targets), რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოს მხარემ გადადგას ნაბიჯები და ბოლოს აღმოჩნდეს, რომ ისინი ან არასაკმარისი, ან არაადეკვატური იყო კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამიტომ ჩემი აზრით კარგი იქნება: 1. ფართო კონსენსუსით (იდეალურ შემთხვევაში) შეიქმნას საგზაო რუკა, რომელიც თითოეული რეკომენდაციის ქვეშ გაწერს კონკრეტულ ნაბიჯებს, შესაბამისი ვადების მითითებით, რომელთა გადადგმაც რეკომენდაციების შესრულებაში დაგვეხმარება; 2. ეს დოკუმენტი წარვუდგინოთ ევროკავშირს (ევროკომისიას, რომელმაც წლის ბოლოს უნდა შეაფასოს საქართველოს პროგრესი) და მათი მხრიდან მივიღოთ მხარდაჭერა; ამისთვის შესაძლებელია გამოყენებული იყოს საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის დიალოგი, რომლის პირველი (და თუ სწორად მახსოვს ამ დრომდე უკანასკნელი) შეხვედრა 2018 წელს გაიმართა“, - წერს ვანო ჩხიკვაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |