408
14 მაისი 2022, 12:02
ძალიან საეჭვოა მოსკოვმა უახლოეს მომავალში სერიოზულად განიხილოს “სამხრეთ ოსეთის” შემოერთების საკითხი, ამ ტერიტორიის შემოერთებით მხოლოდ პრობლემებს მოიმრავლებს, - ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. როგორც მელია აღნიშნავს, “სამხრეთ ოსეთში” ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ბიბილოვის დამარცხება ორმა ფაქტორმა განაპირობა.
“ა) სამხრეთ ოსეთის” მოსახლეობა კატასტროფულად უკმაყოფილოა იმით, რომ ოსები, რომლებიც ცხინვალთან მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობდნენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ბიბილოვის წინადადებით, უკრაინაში საომრად გააგზავნა... ბევრი იქ დაიღუპა, სხვები გამოიქცნენ და ბიბილოვს ადანაშაულებდნენ: იქ რა გვინდოდა, უკრაინასთან ომის ჩვენი საქმე არ არის, ის ჩვენი ომი რატომ უნდა ყოფილიყოო. და მათზე არ ჭრიდა არგუმენტი, რომ რუსეთის არმიის მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები არიან და უბრძანეს. ოსებს დღემდე ეგონათ, რუსეთს მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ სჭირდებოდათ და თურმე უკრაინის წინააღმდეგაც სჭირდებათ! ამიტომაც გამოიქცნენ ვინც ომს გადაურჩა და მშობლიურ “სამხრეთ ოსეთს” შეაფარეს თავი.
ბ) ამ ისტორიამ მოსკოვი გააცოფა მთლიანად ოს სეპარატისტებზე: ფაქტობრივად, მოხდა უკრაინის წინააღმდეგ ომის დისკრედიტაცია. აქედან გამომდინარე, ძალიან საეჭვოა მოსკოვმა უახლოეს მომავალში სერიოზულად განიხილოს “სამხრეთ ოსეთის” შემოერთების საკითხი, ამ ტერიტორიის შემოერთებით მხოლოდ პრობლემებს მოიმრავლებს. ბიბილოვი იმიტომ „ამოხტა შარვლიდან“ და ათასამდე ოსი “საზარბაზნე ხორცად” გააგზავნა უკრაინაში, რომ ეგონა: მოსკოვი ამისთვის დამაჯილდოებს მეც, ოსებსაც და რუსეთის ფედერაციის 86-ე სუბიექტად მიგვიღებსო, ამიტომ მიმავალი ბიბილოვის მიერ რეფერენდუმის თარიღის ჩანიშვნა ჯერ ბევრს არაფერს ნიშნავს”, - წერს ნიკა მელია.
ცნობისთვის, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის თარიღი დანიშნა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 17 ივლისს გაიმართება.
ბიბილოვის განცხადებით, მალე ახდება "დიდი ოცნება", რადგან სამხრეთ ოსეთი და რუსეთი "დაკავშირებულია ერთი ისტორიით" და მოვიდა დრო, რომ გაერთიანდნენ "ერთხელ და სამუდამოდ".
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |