სტატიები
კომუნისტური იდეოლოგიიდან ნატომდე - უკრაინის პირველი პრეზიდენტი გარდაიცვალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
919 11 მაისი 2022, 00:28

როცა უკრაინის პირველი პრეზიდენტის პოლიტიკაზე საუბრობენ ხშირად მოჰყავთ ერთი მაგალითი. ლეონიდ კრავჩუკს, ბორის ელცინს და ჯორჯ ბუშს (მამა) ერთი შენობიდან მეორეში უნდა გადაერბინათ, გარეთ კი საშინლად წვიმდა. რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტები წვიმამ სულ დაასველა, აი, კრავჩუკი მშრალი ჩანდა. „მე ვფრთხილობდი, წვეთებს შორის“ - თქვა კუჩმამ.

უკრაინის ისტორიაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები მან პირველივე ტურში ტრიუმფით მოიგო. თუმცა, პოსტი ერთი ვადითაც კი ვერ შეინარჩუნა - ვადამდელ არჩევნებში წააგო და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი პოლიტიკური ლიდერი გახდა, ვინც ხელისუფლება სხვას გადააბარა. 

კრავჩუკის პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში  ხუთნიშნა ინფლაცია დაფიქსირდა, მოხდა ეკონომიკის კოლაფსი. 90-იანი წლები, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყნისთვის, უკრაინისთვისაც ძალიან მძიმე იყო. თუმცა, ამავე დროს, იყო მშვიდობა და სტაბილურობა. 

საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, თავდაპირველად ის უკრაინის რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას ემხრობოდა და მხარს უჭერდა ვიქტორ იანუკოვიჩს უჭერდა. შემდეგ ის ნატოს გულმხურვალე მომხრედ გადაიქცა და იცავდა კიევის ინტერესებს დონბასში კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებების დროს.

კრავჩუკი „უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფის“ - ასე მოიხსენიებს პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას - ერთ-ერთი მონაწილეა. 

1991 წლის 8 დეკემბერს რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის ლიდერებმა, ბორის ელცინმა, ლეონიდ კრავჩუკმა და სტანისლავ შუშკევიჩმა ბელოვეჟის ტყეში მდგარ სამონადირო ქოხში ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელმაც დაასრულა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტისა და გეოპოლიტიკური რეალობის არსებობა. ამ დოკუმენტის პირველი მუხლის თანახმად, შეიქმნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა.

მოგვიანებით შუშკევიჩი იტყვის, რომ საბჭოთა კავშირი კრავჩუკმა და უკრაინელებმა დაშალესო. 

კრავჩუკს საბჭოთა კავშირის დაშლა მიაჩნდა კანონზომიერ და აუცილებელ მოვლენად. ბელოვეჟის შეთანხმებას მან უდიდესი ისტორიული მოვლენა უწოდა. ის ამაყობდა, რომ ამ დოკუმენტით, მსოფლიოში ბოლო იმპერია დაინგრა.  

ეს შეთანხმება დიდი სიურპრიზი იყო მიხეილ გორბაჩოვისთვის, რომელიც დოკუმენტის გაფორმების მომენტში კრემლში იჯდა და თავი ჯერ ისევ იმპერიის პირველი პირი ეგონა. ამბობენ, რომ გარბაჩოვი იმდენად გაბრაზდა, რომ კრავჩუკი სასწრაფოდ მოსკოვში გამოიძახა. მათ შორის, თითქოს სატელეფონო საუბარი შედგა, თუმცა, უკვე თავისუფალი უკრაინის პირველმა პირმა მას განუცხადა, რომ ახლა ის დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტია, აქვს ბევრი გადაუდებელი საქმე და დირექტივები არ სჭირდება. 

და მაინც როგორ და რატომ შეიცვალა კომუნისტი კრავჩუკის შეხედულებები ასე რადიკალურად? უკრაინის პირველი პრეზიდენტის განმარტებით, მას თვალები მას შემდეგ აეხილა, რაც საბჭოთა არქივებს ჩახედა და უკრაინაში „გოლოდომორის“ დოკუმენტებს გაეცნო. 

ჟურნალისტების კითხვას, რატომ გააგრძელა მან კომუნისტური კარიერა და არ ამხილა სისტემა მაშინვე, კრავჩუკმ უპასუხა, რომ ღია დაპირისპირება მას ციხემდე მიიყვანდა, ამიტომაც გადაწყვიტა რომ სისტემა შიგნიდან დაენგრია, რაც მოგვიანებით, გააკეთა კიდეც.

სხვათა შორის, კრავჩუკს ეკუთვნის ისეთი ფრთიანი გამოთქმა, როგორიც არის: „ პოზიციას არ იცვლის მხოლოდ მკვდარი და სულელი“. 

თავისი პრეზიდენტობის დროს მან უარი თქვა ატომურ იარაღზე. მოგვიანებით ის ამ თემას კიდევ  ერთხელ მიუბრუნდება და განმარტავს: მაშინ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ეს იყო რუსული იარაღი, ის რუსეთმა გააკეთა და მართვის პულტიც მას ჰქონდა, ჩვენ ამ იარაღს ვერაფერში გამოვიყენებდითო. 

ატომზე უარის მიუხედავად, კრავჩუკს რუსეთთან ურთიერთობები მაინც ძალიან დაეძაბა. მოსკოვსა და კიევს შორის ყირიმის გარშემო დაპირისპირება მაშინვე გაჩნდა. 

მოკლედ, ეს მძიმე და ყველა მიმართულებით რთული 90-იანი წლები იყო. ვადა ბოლომდე ვერ დაასრულა, თუმცა, არც სავარძელს ჩაბღაუჭებია, ხელისუფლება გადააბარა, თუმცა, პოლიტიკაი დარჩა და კიდევ 12 წლის მანძილზე რადას დეპუტატი იყო. 

დონბასში გაჩაღებული კონფლიქტის შემდეგ, კრავჩუკმა, რომელიც მანამდე პრორუსულ ორბიტას განეკუთვნებოდა, მკვეთრად შეიცვალა შეხედულება და პატრიოტულ პოზიციაზე დადგა. ის უკვე უკრაინის ნატოში გაწევრიანებასაც უჭერდა მხარს.

ასეთი პოზიციის გამო პრეზიდენტმა ზელენსკიმ 2020 წელს კრავჩუკი დონბასის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ჩართო.  

უკრაინის პირველი პრეზიდენტი 10 მაისს ომიდან მესამე თვეს გარდაიცვალა. გარდაცვალების ადგილი არ კონკრეტდება. უკრაინული ინტერფაქსის ცნობით, კრავჩუკი გასულ წელს რამდენიმე თვე კომაში იყო და საზღვარგარეთის ერთ-ერთ კლინიკაში იწვა, შემდეგ კი რეაბილიტაციის პროცესსაც უკრაინის გარეთ გადიოდა. სხვა დეტალები ჯერ არ კონკრეტდება. 











სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი