2856
25 თებერვალი 2022, 14:33
Photo Illustration by The Daily Beast/Getty
საომარი სიტუაცია უკრაინაში სწრაფად იცვლება. ბევრი ექსპერტი თვლის, რომ პუტინს „ბლიც-კრიგი“ ანუ „ელვისებური ომი“ არ გამოუვიდა. თუმცა რუსულმა ჯარებმა სერიოზულად წაიწიეს ქვეყნის სიღრმეში და დედაქალაქსაც კი შეუქმნეს საფრთხე: რუსეთის სადესანტო ქვედანაყოფები ბელორუსის ტერიტორიიდან შეიჭრნენ უკრაინაში იმ წერტილიდან, რომელიც ყველაზე ახლოსაა კიევთან, ნახევარი გზა გაიარეს და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიპყრეს, საიდანაც ქალაქამდე სულ 30 კილომეტრია.
თავად ჩერნობილის ელექტროსადგური ძალიან დიდი ხანია (1986 წლის აპრილის ბირთვული კატასტროფის შემდეგ) გაჩერებულია და იქ თითქმის არავინაა. თითქოსდა რაში სჭირდებოდა პუტინს ეს დახურული და გაუქმებული ობიექტი?
როგორც ჩანს ეს უფრო PR-სვლაა მისი მხრიდან: რუსეთის აგრესიამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ე.წ. „ბუდაპეშტის შეთანხმებიდან“ უკრაინის შესაძლო გასვლაზე გააკეთა განცხადება.
ეს შეთანხმება 1994 წელს გაფორმდა უკრაინის, რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მონაწილეობით. დოკუმენტი გულისხმობდა, რომ უკრაინა რუსეთს უთმობს უზარმაზარ ბირთვულ არსენალს, რაც დარჩა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თუმცა სანაცვლოდ ამერიკისა და დიდი ბრიტანეთისგან იღებს ტერიტორიული მთლიანობის გარანტიებს.
რასაკვირველია, რუსეთმა ეს მემორანდუმი ჯერ კიდევ 2014 წელს დაარღვია, როცა ყირიმი მიიტაცა. ახლა კი, როცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთს, ამერიკას და მთელს დასავლეთს „ბუდაპეშტი“ შეახსენა, მოსკოვი ცდილობს დასავლეთი დააშინოს იმით, რომ უკრაინა ატომურ ბომბს ქმნის, რუსეთი ამას არ შეეგუება და შეიძლება ბირთვული ომიც დაიწყოს თუ ზელენსკის დამხობას არ დაგვაცლითო.
პუტინის გათვლა ისაა, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის და სტრატეგიული რაკეტების შექმნა (მემორანდუმი მათაც ეხებოდა) არც დასავლეთს მოეწონება.
მეორე ფრონტი, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთმა ოკუპირებული დონბასიდან გახსნა, სადაც სეპარატისტები აქტიურობენ. მათ წინ წაიწიეს მარიუპოლის მიმართულებით, ოღონდ ვის ხელშია რეალურად ეს ქალაქი, კვლავაც გაურკვეველი რჩება. როგორც სჩანს ხელიდან ხელში გადადის.
მესამე მიმართულება ყირიმიდან - ხერსონისკენ შეტევაა. ყველაზე მნიშვნელოვანი პუტინისთვის სწორედ ხერსონი და მის მახლობლად მდებარე წყალსაცავია, რომელიც უკრაინელებმა ყირიმის ოკუპაციისთანავე, ანუ 2014 წელს ჩაკეტეს და რუსეთს მთელი ეს წლები ძალიან ძვირი უჯდებოდა სხვა რესურსებიდან ყირიმის 2 მილიონიანი მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება.
ბევრი დამკვირვებლის აზრით, ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა წლევანდელი აგრესიისა - გაეხსნა იაფი წყალმომარაგება ნახევარკუნძულისთვის და ამით პოლიტიკური პრობლემები ან დიდი დანახარჯები თავიდან აეცილებინა.
ხერსონიდან ერთის მხრივ, ხოლო დნესტრისპირეთიდან მეორეს მხრივ, რუსული დაჯგუფებები უეჭველად ქალაქ ოდესისკენ დაიძვრებიან და უკრაინის ამ უდიდეს პორტს ჩაკეტავენ.
აზოვის ზღვა ისედაც აქციეს „რუსულ ტბად“ 2014 წლიდან და ახლა უკრაინული პორტები, რომლებიც აზოვზეა, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდნენ: აზოვს შავი ზღვიდან ვიწრო ყელი აკავშირებს, ამ ყელზე რუსეთმა ყირიმის ოკუპაციის შემდეგ დიდი ხიდი ააშენა, ხოლო ხიდქვეშ გასასვლელებს უზარმაზარი ტანკერით კეტავდა ხოლმე, რათა უკრაინისათვის პრობლემები შეექმნა.
ოდესის შესაძლო დაპყრობა კი შავი ზღვიდან უკრაინის სრულ მოწყვეტას ნიშნავს.
როგორც სჩანს, პუტინის საბოლოო მიზანიც ესაა: საეჭვოა მას მთელი უკრაინის დაპყრობა ჰქონდეს გადაწყვეტილი. როგორც ჩანს მისი მიზანია ვოლოდიმირ ზელენსკი ან გააქციოს უკრაინიდან, ან პირდაპირ მოკლას, შემდეგ გარეკოს ან ამოწყვიტოს უკრაინული პარლამენტის დეპუტატები, ესე იგი მთლიანად ჩამოამხოს უკრაინული სახელმწიფოებრიობა, დასვას კიევში თავისი ნათელ-მირონი, ოლიგარქი მედვედჩუკი, რომელიც ახლა საშინაო პატიმრობაშია კიევის სასამართლოს განაჩენით;
ამის შემდეგ რუსული არმია გავა კიევიდან და დაიკავებს მხოლოდ ე.წ „ნოვოროსსიას“, რომელიც ვლადიმერ პუტინმა ახსენა თავის გამოსვლაში უკრაინული სახელმწიფოს „ხელოვნურობაზე“ რომ ლაპარაკობდა: „ეს უდიდესი ტერიტორიები რუსმა მეფეებმა და მერე კომუნისტებმა გაჩუქეს უკრაინელებსო“.
„ნოვოროსსია“ ნიშნავს უკრაინისგან მთელი აღმოსავლეთის, მთელი სამხრეთის, მთელი დნეპრისპირეთის და ზაპოროჟიეს მოგლეჯას.
უკრაინას ზღვაზე გასასვლელიც აღარ დარჩება......იქნება მხოლოდ კიევი, დასავლეთ უკრაინის რამდენიმე რაიონი პოლონეთის საზღვრამდე, რომელსაც განვითარების არანაირი პერსპექტივა არ დარჩება. სულ მალე „მომწიფდება“, რათა ისიც ცალკე დაემორჩილოს მოსკოვს.
ამ უკრაინის „ნაგლეჯს“, პუტინის ჩანაფიქრით, აღარ ექნება აღარც ინდუსტრია (ყველა კარგი ქარხანა ჩარჩება „ნოვოროსიაში“) აღარც შეიარაღებული ძალები, რომლებსაც რუსული არმია ახლა ანადგურებს სარაკეტო დარტყმებით, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით.
ფაქტობრივად, სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე სულ დაწვეს ყველა სამხედრო აეროდრომი, უკრაინული ავიაცია, სატანკო ბაზები და ასე შემდეგ.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თანამედროვე ომში სარაკეტო ტექნოლოგიები, სარაკეტო იარაღი უდიდესი ძალაა, რადგან მოწინააღმდეგის არმია შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანო/დაასუსტო ისე, რომ მასთან კონტაქტში არც შეხვიდე: ზებგერით რაკეტებს „კალიბრი“ რუსეთი უკრაინისკენ ისვრის სტრატეგიული ბომდამშენებიდან და ზღვიდან ისე, რომ არც უკრაინის საჰაერო სივრცეში შედის, არც საზღვაო წყლებში და ზღვის სანაპიროს რომც მიუახლოვდეს, ყველა სამხედრო ობიექტი უკრაინის ნაპირზე უკვე გამოყვანილია მწყობრდან ან მთლიანად განადგურებული.
თუმცა ომის ერთ-ერთი შეუვალი კანონია, რომ საბოლოოდ ომს მაინც „ფეხოსანი“ ანუ სახმელეთო ჯარები იგებენ. პუტინი და თავდაცვის მინისტრი შოიგუ ჯარისკაცთა დიდ მსხვერპლს ერიდებიან.
მათ ძალიან კარგად იციან, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, რაც უფრო მეტი რუსი სამხედრო დაიღუპება, მით უფრო გაიზრდება უკმაყოფილება რუსულ საზოგადოებაში.
დღეს ამ უკმაყოფილებას რუსული ინტელიგენციის ნაწილი და ე.წ. „ლიბერალები“ გამოთქვამენ. მაგრამ ბევრი დასაფლავება მოსკოვში, პეტერბურგში და რუსულ პროვინციაში საპროტესტო მუხტს გაზრდის. ამიტომ პუტინს იმედი აქვს „შორიდან დარტყმებით“, ძირითადად ავიაციით და სარაკეტო ტექნიკით გადაწყვიტოს პრობლემა, რომელიც მას რუსეთისათვის „ისტორიულად“ მიაჩნია. მისი ხსენებული გამოსვლა, უკრაინის ისტორიაზე აქცენტით, პირველ რიგში იმას გულისხმობდა, თითქოს რუსეთი დაიღუპება, თუ უკრაინული სახელმწიფო იარსებებს მეზობლად.
ამიტომ ის, რაც ახლა ხდება, უკრაინის ყოფნა-არყოფნის თემაა და თუ პუტინს რეალური წინააღმდეგობა არ შეხვდა, ის ამ საქმეს სამწუხაროდ, ბოლომდე მიიყვანს.
ვინ შეიძლება გაუწიოს წინააღმდეგობა? პირველ რიგში თვით უკრაინამ, რომელსაც პარტიზანული ომის უდიდესი ისტორიული გამოცდილება და ტრადიცია აქვს. რუსეთმა რომც დაიპყროს უდიდესი ტერიტორიები, ამ ტერიტორიებს სამოქალაქო ომები და პარტიზანული არმიები ბევრი უნახავს ბოლო 200 წლის მანძილზე.
მეორე „შემაკავებელი“ წესით დასავლეთი უნდა ყოფილიყო: წარმოუდგენელია ევროატლანტიკური სივრცე არ დაზიანდეს, თუ უდიდესი ევროპული სახელმწიფო უკრაინა) უბრალოდ „წაიშლება“ ევროპის რუკიდან, ხოლო აგრესიული რუსეთი რამდენიმე მონაკვეთზე პირდაპირ დაუმეზობლდება ევროკავშირის სახელმწიფოებს. მწარე ისტორიული გამოცდილება მათ კულტურულ კოდშიც დევს.
თუმცა გადამწყვეტი მაინც ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპის პოზიციაა.
დასავლურ მედიაში მთელი ამ წლების მანძილზე ჟონავდა ინფორმაცია, რომ პუტინი, სპეცსამსახურთა (პირველ რიგში) და დიპლომატიური არხებით დასავლეთს მუდმივად უთვლიდა: ჩვენ არ შევეხებით ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებს, არავითარ პრობლემას არ შევუქმნით ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, პოლონეთს, რუმინეთს ოღონდაც....უკრაინა ჩვენი სივრცეაო.
რა თქმა უნდა, დასავლეთი ასეთ პრიმიტიულ „გაცვლას“ არ მიიღებდა, მაგრამ პუტინის მიზანი იმდენად კონკრეტული გარიგება კი არ იყო, არამედ დასავლურ ელიტებში იმ შეხედულების გაძლიერება, რომ უბედურებაა თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს ან გახლეჩს, თუმცა ნაკლები უბედურება იქნება, თუ იგი ამ სივრციდან „გარეთ“ არ გავა და უშუალოდ NATO-ს არ დაემუქრება. არადა ეს შესაძლოა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ალიანსი პირდაპირ ჩაერევა უკრაინულ ომში.
ფაქტია: „მომაკვდინებელი სანქციები“, რაც ამერიკამ და ევროპამ გამოაცხადეს, სულაც არ აღმოჩნდა ისეთი „მომაკვდინებელი“, რაც რუსეთის შესაჩერებლად იქნებოდა აუცილებელი: რამდენიმე ბანკის დაბლოკვა, ახალი ტექნოლოგიების, ასევე ჩიპების მიწოდებაზე უარი, ვიზების გაცემის შეწყვეტა პუტინის ოლიგარქებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის გრძელვადიანი სანქციაა და მათი შენარჩუნება იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენ ხანს გაძლებს და გაძლებს თუ არა საერთოდ უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფო.
თუ პუტინმა შედარებით უმტკივნეულოდ დასვა კიევში საკუთარი მარიონეტი, ის მიმართავს დასავლეთს თხოვნით ამ სანქციების გაუქმების შესახებ და.....
ნამდვილად მომაკვდინებელი სანქციები იქნებოდა არა რამდენიმე ბანკის დაბლოკვა (თუნდაც ყველაზე დიდი ბანკებისა) არამედ დოლარით ოპერირების აკრძალვა, რადგან ფულადი ნაკადების გადამისამართება სხვა ბანკთა გავლითაც შეიძლება; ასევე მომაკვდინებელი სანქცია იქნებოდა პუტინისთვის რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვა და საბანკო გადარიცხვათა სისტემა SWIFT-იდან რუსეთის გამოთიშვა, თუმცა დასავლეთი, როგორც სჩანს, ამ ზომებს ერიდება.
გამოდის, ყველაფერი, ისევ და ისევ, უკრაინელი ჯარისკაცის ვაჟკაცობაზეა დამოკიდებული, რომელმაც არა მხოლოდ რუსეთის არმია უნდა შეაკავოს, არამედ დასავლეთიც დააყენოს ევროპაში ხანგრძლივი, სისხლისმღვრელი ომის ფაქტის წინაშე.
P.S. ფოტოები BBC არქივიდან
დათო გამცემლიძე
ჟურნალისტი, ისტორიკოსი
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |