599
20 თებერვალი 2022, 17:52
საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა პეკინის ზამთრის XXIV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა ფიგურულ ციგურაობაში სპორტულ წყვილებში ასპარეზობით დაასრულა.
კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან მათთვის საუკეთესო 126.33-ქულიანი შეფასება მიიღო და 16 მონაწილეს შორის მე-8 ადგილი დაიკავა, ორივე პროგრამის შედეგად კი ასევე მათთვის საუკეთესო ჯამური მაჩვენებელი გააუმჯობესეს და 192.44 ქულით ოლიმპიური თამაშები მე-9 ადგილით დაასრულეს.
ერთი დღით ადრე საფინა/ბერულავას წყვილმა მოკლე პროგრამაში 66.11 ქულით ასევე მეცხრე შედეგი აჩვენა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო სპორტულ წყვილებში ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იყო წარმოდგენილი. დებიუტშივე ლიდერთა შორის ასპარეზობა კი უდავოდ შესანიშნავი შედეგია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა ყინულზე ცეკვებში მე-19 ადგილი დაიკავა. ქალთა ერთეულებში ანასტასია გუბანოვამ მეთერთმეტე ადგილით დაასრულა გამოსვლა. კაცთა ერთეულებში მეათე შედეგი ჰქონდა მორის ყვითელაშვილს, გუნდურში კი, სადაც საქართველოს ნაკრებს დებიუტი ჰქონდა, მეექვსე ადგილი დავიკავეთ.
გარდა ამისა, ყვითელაშვილმა საუკეთესო ათეულში შესვლით 20 თებერვალს საჩვენებელი პროგრამით გამოსვლა დაიმსახურა.
ცალკეული პროგრამების და შედეგების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოციგურავეთა ნაკრები პეკინის თამაშებზე კონკურენტუნარიანი და მოტივირებული გუნდით წარსდგა, რაც მომავალი შეჯიბრებებისთვის იმედს გვისახავს.
საქართველოს მოციგურავეთა ნაკრებს წინ მსოფლიო ჩემპიონატი ელის, სადაც მათგან უკეთეს შედეგებს უნდა ველოდოთ.
პეკინის თამაშებზე საქართველო სპორტის სამ სახეობაში (ციგა, სამთო თხილამურები, ფიგურული ციგურაობა) ცხრა სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
მათ შორის მეოთხე თამაშებში მონაწილეობდა და ამ მხრივ, საქართველოს რეკორდსმენი გახდა სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური, რომელმაც გიგანტურ სლალომში მისთვის საუკეთესო, 34-ე ადგილი დაიკავა, სლალომში კი 42-ე ადგილი ერგო.
მისგან განსხვავებით ოლიმპიურ ტრასებზე დებიუტი ჰქონდა სოსო ჯაფარიძეს. ქართველმა მოთხილამურემ სლალომში 32-ე ადგილი დაიკავა, რაც უდავოდ კარგი მაჩვენებელია. აი, გიგანტურ სლალომში კი პირველი დაშვებისას დაეცა და შეჯიბრებას გამოეთიშა.
ასევე იმედის მომცემი იყო ციგაობაში საბა ქუმარიტაშვილის ასპარეზობა. 21 წლის მოციგავემ მისთვის სადებიუტო თამაშები 31-ე ადგილით დაასრულა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |