1722
17 იანვარი 2022, 15:52
ქეთი ხატიაშვილი
ირაკლი კობახიძე 2021 წლის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა. ეს გავლენა ვისთვის უარყოფითია, ვისთვის - დადებითი, თუმცა ეს შედეგს არ ცვლის - გავლენიან პოლიტიკურ მოთამაშედ ის უკვე შედგა.
რა თქმა უნდა, როგორც მის მომხრეებს, ისე და განსაკუთრებით მის მოწინააღმდეგეებს შორის არიან ისეთებიც, ვინც იტყვიან: რა ჯანდაბაა, ის ხომ დამოუკიდებელი ფიგურა არ არის? მის უკან ხომ ბიძინა ივანიშვილი დგას და ის ათამაშებს. მათივე ტერმინით, ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის მონაა.
ასე ფიქრი დიდი პრიმიტივიზმია, თუმცა ოპოზიციაში ბევრწილად სწორედ ასეთი პრიმიტივები არიან.
რამდენი გავლენიანი ფიგურა გავაცილეთ პოლიტიკიდან აუტსაიდერებში. მაგალითად, გიორგი მარგველაშვილი, მაგალითად, დავით უსუფაშვილი, მაგალითად, გიორგი გახარია. და ჯერ არცერთს და არასდროს არ უთქვამს, რომ მათ საქმიანობაში ბიძინა ივანიშვილი ამა თუ იმ ფორმით - რაიმე ფორმით მაინც - ერეოდა.
გიორგი გახარია, საერთოდაც, ისე ჩანს, რომ უფრო იმის გამო გადადგა, რომ ბიძინა ივანიშვილს ურეკავდა და მან არ უპასუხა.
რომ ეპასუხა, როგორ შეიძლებოდა მოვლენები განვითარებულიყო? თუმცა, ისტორიას ვერსიები და ვარიაციები არ წერს, მას ისეთი ფიგურები წერენ, რომლებსაც ხედვა აქვთ.
„ქართული ოცნების“ მართვის სადავეებთან მისვლის შანსი ყველას ჰქონდა. შესაძლოა, ეს შანსი ყველასთვის თანაბარი არ იყო, მაგრამ ხომ ჰქონდათ? გამარჯვებით კი ირაკლი კობახიძემ გაიმარჯვა.
რატომ? სხვებზე უკეთესი მონაა? რა თქმა უნდა, მონობა ადამიანებს ფიგურებად არ აქცევს. ამის მაგალითიც ბევრია, თუმცა ახლა ამ დეტალებში არ შევალთ.
სხვა მაგალითები მოვიყვანოთ. ვისაუბროთ მათზე, ვისაც ყველა შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ შედგნენ. ასეთები არიან გიორგი მარგველაშვილი, დავით უსუფაშვილი და გიორგი გახარია.
სამივეზე ფსონი ბიძინა ივანიშვილმა თავად დადო. ისინი სრულიად განსხვავებული ფიგურები არიან, თუმცა ერთი საერთო მაინც აქვთ - არ გააჩნიათ ხედვა. და სწორედ ამან განაპირობა სამივე მათგანის პოლიტიკური გარდაცვალებაც.
ყველაზე ტრაგიკული პირი ალბათ მაინც დავით უსუფაშვილია. „ქართული ოცნების“ - როგორც პოლიტიკური პარტიის - აწყობისა განვითარების შანსი ივანიშვილმა პირველად სწორედ მას მისცა. მაგრამ უსუფაშვილმა ეს შესაძლებლობა ვერ დაინახა. მას არ ეყო ხედვა. ხედვის დეფიციტის გამო, მან ვერც საკონსტიტუციო რეფორმას გაართვა თავი და ვერც მოსმენების კანონპროექტზე შეძლო საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. აქ შეიძლება ხედვა ჰქონდა, მაგრამ გამბედაობა - არა.
პოლიტიკა კი მშიშარებს ვერ იტანს.
გიორგი მარგველაშვილსაც ჰქონდა შანსი, მაგრამ საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც ირაკლი კობახიძემ 2016 წელს წამოიწყო, მისთვის აქილევსის ქუსლი აღმოჩნდა. ხედვა არც მას აღმოაჩნდა. მან უბრალოდ იცოდა, რომ არაფერი ამ რეფორმაში არ მოსწონდა, თუმცა, რა მოსწონდა, აქ უკვე ნამდვილად ბრმა იყო.
ამიტომაც, ბევრი იხტუნავა თუ ცოტა, შანტაჟსაც მიმართა და ბოიკოტსაც, რეფორმაც ყველაზე ხმამაღლა და მკაცრად აკრიტიკა, თუმცა, საბოლოოდ, ირაკლი კობახიძის რეფორმირებულ კონსტიტუციას ხელი მოაწერა. ამ ხელმოწერით მაინც შევიდა ის ისტორიაში.
გიორგი გახარიამაც ხომ ძალიან იოლად მიაღწია ვერტიკალის მწვერვალს. მასაც ბიძინა ივანიშვილის სრული მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ დამოუკიდებლად მოქმედების ხედვა არ ეყო. პირველივე კრიზისზე გაჭედა და ივანიშვილთან დაკავშირება სცადა. ყოფილმა პრემიერმა არ უპასუხა და მოქმედი პრემიერი სახლში წავიდა - სხვა რა უნდა გაეკეთებინა, ვერ მიხვდა.
ირაკლი კობახიძეს კი ხედვაც აღმოაჩნდა, - იგივე საკონსტიტუციო რეფორმის გასატარებლად, - და გამბედაობაც, გაეტანა საკუთარი აზრი.
ირაკლი კობახიძე პოლიტიკაში ახალ თაობას წარმოადგენს. და აქ მას, რა თქმა უნდა, ძველი თაობის ძველი თამაშის წესებთან დაპირისპირებაც უწევს. მას ესეც გავლენიან ფიგურად აქცევს. ვისთვის ნეგატიურია ეს გავლენა, ვისთვის - პოზიტიური, თუმცა შედეგი მაინც არ იცვლება - პოლიტიკურ მოთამაშედ ის უკვე შედგა.
უბრალოდ, ახლა საინტერესოა, როგორი იქნება ის, როგორც მოთამაშე. ჯერჯერობით მას ძველი წესების მიღებაც უწევს და ახალიც ბოლომდე ვერ გააქვს. თუმცა ამასაც თავისი ახსნა აქვს და მოდით, შევეცადოთ, ავხსნათ.
პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეცვლის მცდელობა უდავოდ არის ახალი თაობის პროტესტი ძველი და კორუმპირებული სისტემის მიმართ.
ძველ სისტემაში არსებობენ, მაგალითად, თაკო ჩარკვიანი, პაატა დავითაია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და ასე შემდეგ. ისინი ალბათ თავისუფლად შეიძლება კორუმპირებულ პირებად მოინათლონ. რამდენიმე ხნის წინ ვალერი გელბახიანმა კორუფციულ გარიგებაში პაატა დავითაია ღიადაც ამხილა. მაგრამ ეს გარიგება შედგა პაატა დავითაიას პარტიასა, - რომლის სახელიც არავინ იცის, - და „ქართულ ოცნებას“ შორის.
და ამ გარიგებაში ირაკლი კობახიძეს ცენტრალური როლი ეკავა. სწორედ მისი ინიციატივით შეიცვალა კანონმდებლობა ისე, რომ ცესკოში შალვა ნათელაშვილის პარტიას, - რომლის სახელწოდებაც ყველამ ზეპირად იცის, - წარმომადგენლის ყოლის უფლება ჩამოართვეს და პაატა დავითაიას უბოძეს.
ეს ალბათ კობახიძის პირველი „კორუფციული გარიგება“ იყო ერთკაციან პარტიებთან. და აქაც, რა თქმა უნდა, კონკრეტული რაღაცები გაიცვალა. ყოველ შემთხვევაში, დავითაია, რომელიც აქამდე პოლიტიკაში სწორედ ნაციონალების წყალობით არსებობდა, ახლა მაქსიმალურად არის მათგან დისტანცირებული.
რა თქმა უნდა, ამ ნაწილში ირაკლი კობახიძე რისკავს, დაემსგავსოს ძველ თაობას, უფრო სწორად ჩათრეული აღმოჩნდეს მათი თამაშების სტილში. თუმცა, მეორე მხრივ, გასაგებია, რომ მმართველ პარტიას სხვა გზა არ დარჩა, პოლიტიკური თამაშის წესების შიგადაშიგ მაქსიმალურად რადიკალიზაციის გამოც.
ასე რომ, ირაკლი კობახიძე მძიმე, რთული და ხშირად უსამართლო პოლიტიკურ ბრძოლებში შედგა, როგორც ფიგურა. ახლა ვნახოთ, როგორ ან რა მიმართულებით განავითარებს ის საკუთარ შესაძლებლობებს.
2022 წლიდან პოლიტიკური თამაშის წესების რეფორმირება მისი მთავარი გამოწვევაა და რამდენად წარმატებულადაც გაართმევს ის თავს ამ ამოცანას, იმდენად ექნება მას შანსი გააგრძელოს პოლიტიკური თამაში.
მანამდე კი ის მოგებულია, მაგრამ არა გამარჯვებული...
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |