სტატიები
გიგის მთავარი უპირატესობა და კომპლექსი პოლიტიკაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2846 23 იანვარი 2020, 22:57

უგულავა აქტიური და აგრესიული, ბოკერია ჭკვიანი და სუსტი (გავლენები არა აქვს ელექტორატში), სააკაშვილი ხან ლიდერი და ხან ბელადი, ბურჯანაძე რკინის ლედი, ზურაბ ჯაფარიძე პროვოკაციული და თანამედროვე, გიორგი ვაშაძე ენერგიული და ამბიციური - სულ ეს არის ჯერჯერობით. დანარჩენები ოპოზიციაში მხოლოდ „სასარგებლო იდიოტები“ ან ტროლები არიან. 
ნინო ბურჯანაძის შემდეგ, ცოტა რამ შავ-თეთრი პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ფიგურაზე... 

ჭკვიანი, მაგრამ ურეიტინგო - გიგა ბოკერიას მთავარი უპირატესობა ქართულ პოლიტიკაში დასავლური კავშირებია. მთავარი სისუსტე კი - ნაციონალური მოძრაობა. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ყოფილი პოლიტიკური ბოსისგან დაბულინგებას ისევ სტერეოტიპების აყოლას ამჯობინებს. ამიტომაც, ის ოპოზიციის მავნე „პოლიტიკურ რიტუალებში“ - ქუჩის აქციები, ჩხავილი და ჯღავილი - ჩაერთო. ბოლოს დასავლეთიდან ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენა უფრო შედეგიანი აღმოჩნდა, ვიდრე ტრადიციული უაზრო აგრესია და ქუჩაში სირბილი. 

ეს ბოკერიასთვის არ იქნებოდა აღმოჩენა, დარწმუნებული ვარ, თავიდანვე ხვდებოდა, რომ ქუჩაში საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის ხალხი ქუჩაში არ გავიდოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არეულობის მომხრე ნაციონალებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

2016 წელსაც ასე იყო, თავიდან ის იძულებული გახდა სააკაშვილის რევოლუციური ლოცვებისთვის ესმინა, თუმცა, ბოლოს მას საერთოდაც გაემიჯნა, თუმცა, პარტია ვერ დაიტოვა - ნაციონალურ მოძრაობას დღესაც მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს. 

გიგა ბოკერიას მთავარი უპირატესობა ქართულ პოლიტიკაში დასავლური კავშირებია. მთავარი სისუსტე კი - ნაციონალური მოძრაობა

ისე ჩანს, რომ ის რეალობას კარგად აფასებს - 2003 წელს რევოლუციას დაუჭირა მხარი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, 2016 წელს კი ზომიერ პოლიტიკას, იგრძნო რა რომ აჯანყებისთვის მზად არც გარემო იყო და არც ხალხი.

არ არის გამორიცხული, რომ ზომიერების გრძნობა გიგა ბოკერიამ მოგვიანებით ვერტიკალზე შეიძინა. უშიშროების საბჭოს მდივნის პოზიციამ მის წინაშე ახალი შესაძლებლობები გააჩინა, დასავლელ პოლიტიკოსებთან თუ ექსპერტებთან ურთიერთობა მას პოლიტიკის კეთების უპირატესობა დაანახა. ამიტომაც, ეყო ჭკუაც და გამბედაობაც ნაციონალური ხელისუფლების შეცდომებზეც ხმამაღლა ესაუბრა. 

ახლა ის ცდილობს წამყვანი ფიგურა გახდეს, გავლენა არა მხოლოდ ოპოზიციაზე მოიპოვოს, არამედ, მთლიანად პოლიტიკურ პროცესზე, სურს მისი სახელი საქართველოში თანამედროვე პოლიტიკის გატარებას დაუკავშირდეს. 

ამიტომაც, ქაოსსა და ზომიერებას შორის, ის ფსონს ამ უკანასკნელზე დადებს, ისევე როგორც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დავით ბაქრაძეზე დადო და არა გიჟური იდეების მატარებელ გრიგოლ ვაშაძეზე. მაგრამ მეორე ტურში, სტერეოტიპებს არ უღალატა და მხარი ნაციონალების კანდიდატს დაუჭირა - სხვა შემთხვევაში, მას სერიოზულად დააბულინგებდნენ. ეს ძალიან კარგად იცოდა. სააკაშვილმა ხომ, ნაციონალური პარტიის გახლეჩვის შემდეგ, მასზე 1001 ზღაპარი მოჰყვა. ახლაც სიამოვნებით გააგრლძელებს.   

პოლიტიკური კარიერა გიგა ბოკერიასთვის, ერთი შეხედვით, რთული არ ყოფილა, თითქოს ყველაფერი იოლად მიიღო - პოლიტიკური კარიერის კიბეზე არც ასვლა გაუჭირდა და არც ვერტიკალიდან ჩამოსვლა. ჩრდილში გადასვლაც შეუძლია, კულისებში მოქმედებაც და ქუჩაში დგომაც, თუმცა, ქუჩა მას უინტერესო, აგრესიულ და უარყოფით ფიგურად აქცევს. 

ახლა ის ცდილობს წამყვანი ფიგურა გახდეს, გავლენა არა მხოლოდ ოპოზიციაზე მოიპოვოს, არამედ, მთლიანად პოლიტიკურ პროცესზე

ჩრდილში მაშინ გადავიდა, როცა 2007 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ ის ურეიტინგო იყო, მაშინ მან პარტიის გადაწყვეტილებით პარლამენტი დატოვა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა. სტერეოტიპული გადაწყვეტილება არ იყო. ტრადიციულად, რომელიც დღემდე გრძელდება, ის ვისაც პოზიციებს უცვლიან, პარტიის გინებას იწყებს და ყოფილი თანამოაზრეებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას იწყებს. თუმცა, ბოკერია ამ სასარგებლო იდიოტების რიგში არ ჩადგა ოპოზიციაში კი არ გადავიდა, უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა და გავლენების შენარჩუნება კულისებში გააგრძელა. 

კულისებში მოქმედების ნათელი მაგალითად ძალიან შორს რომ არ წავიდეთ 2012 წელია. სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც არჩევნებზე მარცხის აღიარებას არ აპირებდნენ, გიგა ბოკერია ხელისუფლების გადაბარების მომხრე იყო, ასეც მოხდა. აი, ქუჩა კი მან ბოლოს 2003 წელს მოიგო ისიც მიხეილ სააკაშვილის დამსახურებით - მის გუნდში იყო, ახლა კი პირწმინდად წააგო - დაბოქლომების აქციები და პარლამენტის წინ წუწაობა უაზრო და უსარგებლო ფაფხურს უფრო ჰგავდა.     


გიგა ბოკერიას ახლა ცალკე პარტია აქვს. მისი პოლიტიკური გუნდი თითქმის მთლიანად ძველი ნაკრებია. ახლა ის ოპოზიციაში ლიდერის პოზიციებისთვის იბრძვის. ის მაინც პოლიტიკური პროცესის მომხრეა და არა ქაოსის, რასაც ნაციონალური მოძრაობა „ქადაგებს“. შესაბამისად, პროპორციულ არჩევნებს ითხოვს და არა რევოლუციას. 

საინტერესოა, შეძლებს თუ არა ის მეორედ კარიერულ კიბეზე ასვლას, რა პოზიციების დაკავება სურს ვერტიკალზე და რამდენად შეძლებს სააკაშვილის ამბიციური ვნებების „შეკავებას“. ყოფილი პრეზიდენტი მისთვის გარკვეულ ხიფათს შეიცავს. სააკაშვილი არა მხოლოდ მისი საქართველოში დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს, არამედ, საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებსაც აფიქსირებს - პრემიერის პოსტზე - და რამდენჯერმე ძველ სახეებსაც შეუთვალა, თქვენი ადგილი მომავალ საქართველოში არ იქნებაო, უფრო ზუსტად ვერტიკალზე. 

მაგრამ მაინც ვინ არის ის ძლიერი და გავლენიანი პოლიტიკოსი და მხოლოდ, თუ აზარტული მოთამაშეც, რომელსაც შეუძლია პოლიტიკური ამინდის შეცვლა და ამ რთულ ლაბირინთში წარმატებისკენ გზის გაკვლევა ამას ვნახავთ. სააკაშვილთან რამდენიმე პარტია წააგო - პარტიაში პოზიციები დაკარგა, არჩევნებში ოპოზიციის ლიდერად ვერ დაფიქსირდა, სამაგიეროდ, პოლიტიკაში დამოუკიდებელ მოთამაშედ დარჩა; ვნახოთ როგორ დასრულდება პარტია ივანიშვილთან - მით უფრო, რომ აქ ის მარტო არ არის - და შეძლებს თუ არა ის საკუთარი პოლიტიკური ისტორიის გაგრძელებას.    

ქეთი ხატიაშვილი 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი