„თემის დახურვიდან“ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდამდე ოპოზიციამ ბევრი იბრძოლა. მმართველი ძალა აცხადებს, რომ კომპრომისისთვის მზად არის. თუმცა, დათმობებისთვის - არა. როგორი იქნება საბოლოო ფორმულა, ჯერ რთული სათქმელია. ხელისუფლების ბოლო არჩევანი ისევ შერეული სისტემაა, თუმცა, სხვანაირი ბალანსით, ის 100 პროპორციული საარჩევნო წესითა და 50 მაჟორიტარული საარჩევნო წესით არჩევას გულისხმობს. მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, პროპორცია ასეთია: 77 პროპორციული, 73 - მაჟორიტარი.
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანზორ ბიწაძე ONGO საუბარში აცხადებს, რომ ოპოზიცია მორიგი რაუდისთვის ემზადება, ის დარწმუნებულია, რომ ერთიანობა და იდეის მნიშვნელობა მათ სასურველ შედეგამდე მიიყვანს:
_ ჩვენი მთავარი მიზანი, ოპოზიციას ვგულისხმობ, ისეთ ფორმულაზე შეთანხმებაა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ საშუალებას არ მისცემს დაბალი რეიტინგისა და ლეგიტიმაციის პირობებში პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვოს. ამიტომაც ვითხოვთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. მაჟორიტარებით უმრავლესობის შევსება მიუღებელი პრაქტიკაა.
_ ხელისუფლებამ თავისი ფორმულა უკვე დადო - 100/50. თქვენთვის ის მისაღები არ არის - ოპოზიციაში განცხადებები უკვე გაკეთდა, თუმცა, არავის უთქვამს როგორი ბალანსია მისაღები 120/30? ან ეგებ 110/40.
_ იცით, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ვაჭრობას არ დაემსგავსოს. ამიტომაც, ახლა ამ მათემატიკაში არ შევალ, დაველოდოთ მეხუთე რაუნდის შედეგებს. ვნახოთ, რა წინადადებას მოიტანს ხელისუფლება. მთავარია, რომ ოპოზიციის ერთობას საფრთხე არ ემუქრება.
_ თქვენ საფრთხე ახსენეთ, ტრადიციულად ხელისუფლებები ყოველთვის ცდილობენ ხოლმე ყოველთვის ცდილობენ გაერთიანებების დაშლას, მინიშნებები უკვე გაკეთდა, გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ ნინო ბურჯანაძემ იცის ვინ შეიძლება გაურიგდეს ხელისუფლებასო...
_ არა ვაშაძემ თქვა, რომ ნინო ბურჯანაძემ შეიძლება იცოდესო, მაგრამ ჩვენ ასეთი ინფორმაცია არა გვაქვს. საბედნიეროდ, ამის ნიშნები არ შეინიშნება, ამიტომაც ვამბობთ, რომ საფრთხე ოპოზიციის გაერთიანებას არ ემუქრება. ხელისუფლება მოლაპარაკებათა მაგიდის აყირავებას ვერ შეძლებს. უპრეცენდენტო რა მოხდა - ღიად დადებული პირობა ცინიკურად გატეხეს და პროპორციულ საარჩევნო სისტემა ჩააგდეს, ასეთი რამ არასოდეს ყოფილა, ოპოზიციის მიზანი სამართლიანია, შესაბამისად, მისი დაშლა - შეუძლებელი.
ჯაფარიძემ ემოციური განცხადება გააკეთა, შემდეგ განმარტა, რომ მოლაპარაკებათა მაგიდიდან ადგომას არ აპირებს
_ თუმცა, გირჩის პროტესტი გრიგოლ ვაშაძის ფრაზაზე სწორედ მაგიდის აყირავების მცდელობად მოინათლა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის არ დაჯდება ვაშაძესთან ერთად მოლაპარაკებათა მაგიდასთან, რადგანაც მან პროპორციული სისტემის დადება მხოლოდ ნაციონალებს მიაწერა.
_ ეს პროცესი და პროტესტი არის ახალგაზრდული ენერგიის და მუხტის შედეგი. დიდი საპროტესტო ტალღის ავანგარდში ახალგაზრდები იყვნენ, ეს დანაპირები მათი მოპოვებულია. ამ დანაპირების გატეხვის შემდეგ კი ოპოზიციის უპრეცენდენტო ერთობა დაფიქსირდა. ამას ყველას მინუსს ერთი ჰქვია. შემდეგ უკვე, პროცესი რომ გაგრძელებულიყო, ძალიან დიდი როლი პოლიტიკურმა პარტიებმა ითამაშეს.
ჯაფარიძემ ემოციური განცხადება გააკეთა, შემდეგ განმარტა, რომ მოლაპარაკებათა მაგიდიდან ადგომას არ აპირებს. შეიძლება გადაცდომა ნებისმიერ პოლიტიკოსს მოუვიდეს და აქ ჩაძიება, არა მგონია, მართებული იყოს - საერთო ინტერესებს არ წადგება.
_ ოპოზიციაში გაჩნდა მოსაზრება ამ ერთობის საარჩევნო ბლოკად ჩამოყალიბების შესახებ, ამბობენ, რომ თანახმა არიან კოალიციაზე ისეთ პრორუსულ პარტიასთანაც კი, როგორიც თქვენი პარტიაა, ამ კონტექსტში პარალელებს მოლდოვასთანაც ავლებენ.
_ დიახ, მოლდოვის მაგალითი ჩვენთან ძალიან პოპულარულია, ბევრი რაღაც ემთხვევა. თუმცა, ამაზე ლაპარაკი, ვფიქრობ, ამის დრო არ არის. ჩვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვან პროცესში ვართ შესული, რასაც საკონსტიტუციო რეფორმა ჰქვია, შესაბამისად, მის წარმატებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ასე რომ, სხვა თემებზე საუბარი ძალიან ნაადრევია.
_ პროცესის, როგორც თავად თქვით, წარმატებულად დასრულების შემდეგ, „მაგიდა იხურება“?
_ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, არჩევნების დღეს ყველამ ერთად დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის ხმები. ოპოზიციის დაქსაქსვა არ უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, ყველა პარტიას ექნება თავისი გზა, ხედვები, პროგრამა, მაგრამ არჩევნების დღეს ხმების დაცვა უნდა მოხდეს...
_ ამისთვის რა იგეგმება?
_ ფორმატისა და კოორდინაციის შენარჩუნება. გაყალბება არ უნდა მოხდეს. არჩევნებისადმი ნდობა ეჭვის ქვეშ არ უნდა დადგეს.
_ არჩევნების ნდობამდე, როგორც ვაშაძემ დააფიქსირა, ნდობა მაგიდის გარშემო არ არსებობს. ერთ-ერთი თუ მოღალატეა და არ სახელდება ვინ, მაშინ ყველს მიმართ ჩნდება ეჭვი.
_ ჩვენ მსგავსი ინფორმაცია არ გვაქვს. ამაზე ვერაფერს გეტყვით, არ ვფიქრობ, რომ ასეთ ნაბიჯს რომელიმე სუბიექტი გადადგავს.
_საზოგადოება საარჩევნო სისტემებში ვერ ერკვევა და პროცესისადმი ინტერესსაც არ ავლენს - ქუჩაში არ გამოდის, შესაბამისად, რა არის ოპოზიციის კოზირი?
_ ვფიქრობ, პროცესი იმ საზოგადოების დაკვეთაა, რომელიც თვლის, რომ „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს ვერ ავითარებს და უნდა წავიდეს. ეს არის კოზირი. რაც შეეხება ქუჩაში ხალხის დათვლას, ბუღალტერიაში გადავარდნას არავის ვურჩევ, როგორც წესი, მერე ქუჩაში გაცილებით მეტი ხალხი გამოდის ხოლმე. ასე რომ, თუ მოლაპარაკებების პროცესი ჩაიშლება, საპროტესტო აქციები სხვა მასშტაბებს მიაღწევს. ბუღალტერიაში გადავარდნილი ხელისუფლება, როგორც წესი, განწირულია. ასე იყო სააკაშვილის დროს, შევარდნაძის დროს, გამსახურდიას დროს.
ყველა ერთი ადამიანის წინააღმდეგ კი არ გაერთიანდა, არამედ ყველა გაერთიანდა ერთი იდეისთვის, ამ იდეას პროპორციული საარჩევნო სისტემა ჰქვია
_ ცოტა კომიკურია, გამსახურდიას დამხობის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ის ეროვნული გმირია, შევარდნაძის გაწევის შემდეგ, აღმოჩნდა რომ სააკაშვილი დიქტატორია, ახლა სააკაშვილი აღმოჩნდა რეფორმატორი.. ამ ლოგიკას თუ გავყვებით მომავალში ივანიშვილი აღმოჩნდება დადებითი ფიგურა.
_ სწორედ იმიტომ რომ ამ „აღმოჩენების“ მოჯადოებულ წრეზე არ ვიაროთ, გვჭირდება პროპორციული საარჩევნო სისტემა. ეს მისცემს ქვეყანას გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივას.
_ მაგრამ თქვენც ოპოზიციის კოზირად ყველას ერთის წინააღმდეგ გაერთანება დაასახელეთ.
_ ყველა ერთი ადამიანის წინააღმდეგ კი არ გაერთიანდა, არამედ ყველა გაერთიანდა ერთი იდეისთვის, ამ იდეას პროპორციული საარჩევნო სისტემა ჰქვია. ეს ისტორიული შანსი ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა.
_ როგორ ფიქრობთ, თქვენი იდეა უფრო მეტია, ვიდრე ფორმულა: „ოღონდ მიშა არ მოვიდეს და იყოს ბიძინა“?
_ ჩვენი იდეა მიშას მოსვლას გამორიცხავს. ჩვენი იდეა არის ერთადერთი შანსი გამოვიდეთ ამ „აღმოჩენების“ მოჯადოებული წრიდან.
ასე რომ, დიახ, ეს იდეა, რომელიც ერთპიროვნული მმართველობის შესაძლებლობას გამორიცხავს, არის უფრო მეტი და გაცილებით პოპულარული.