2819
15 დეკემბერი 2021, 17:18
ნინო მჭედლიშვილი
36 წლის წინ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში დაიბადა ბიჭი განუვითარებელი ყურის ნიჟარებით და დაქვეითებული სმენით.
სულ ერთი წუთით თქვენი ყურის ნიჟარები უკანა მხრიდან წინ რომ გადმოაფაროთ ყურის ხვრელს, ისე თითქოს ხვრელი არ არსებობს, ზუსტად წარმოიდგენთ იმ მდგომარეობას რაშიც ზურა მჭედლიშვილი უკვე 36 წელია ცხოვრობს. სამედიცინო ენაზე ამას ყურის ატრეზია ქვია.
ოჯახის წევრები ყურთან ახლოს ხმამაღლა ესაუბრებოდნენ, თითქმის უყვიროდნენ რაიმე რომ გაეგებინებინათ. ამის გამო გაჩნდა მეტყველების პრობლემაც. სულ ხელჩაკიდებული დაჰყვებოდა დედას, რადგან ის იყო მისი ,,თარჯიმანი,,. სანამ დედა ხმამაღლა ეტყოდა ვინ რა თქვა, მოსაუბრის პირის მოძრაობას აკვირდებოდა ინტერესი რომ დაეკმაყოფილებინა. თანატოლებთან ყოფნა არ უყვარდა, ისინი ჩუმად ლაპარაკობდნენ და ვერაფერს იგებდა.
როცა სკოლაში შესვლის დრო მოვიდა, მშობლებმა იმაზე ფიქრი დაიწყეს, როგორ გაიგებდა მასწავლებლის ახსნილ გაკვეთილს მათი შვილი.
სწორედ ამ დროს დედამ სიზმარი ნახა. მისი ბიჭი სკოლის მერხთან იჯდა, ყურებზე აბადოკით ეკეთა ყურსასმენის ტიპის სმენის აპარატი და მასწავლებელს გულდასმით უსმენდა...
მაშინ დაიწყო ოჯახმა ყურსასმენი აპარატის მოძიება და აღმოჩნდა რომ უკვე საქართველოშიც იყო ეს სიახლე ხელმისაწვდომი. მას მერე ზურა და სმენის აპარატი ერთად ცხოვრობენ.
ბევრი სირთულე იყო მის ცხოვრებაში, 4 უშედეგო ოპერაცია, საზოგადოების დამოკიდებულება, არაერთი კრახი პირად ცხოვრებაში, არასრულფასოვნების უდიდესი კომპლექსი, სუიციდზე ფიქრიც კი. მაგრამ ყველაფერი ცუდი უკან დარჩა.
ჩემი რესპონდენტი თავად გიამბობთ მისი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებზე, ყველაზე დიდ სიყვარულზე, სახელმწიფოსა და საზოგადოების დამოკიდებულებაზე, სხვადასხვა პრობლემაზე და ამ პრობლემიდან თავის დაღწევის გზებზე:
_ რაო, რაო? - ამ შეკითხვით შეწუხებული მყავდა დედაჩემი როგორც კი მესამე ადამიანი გამოჩნდებოდა ჩემს შორიახლოს. სანამ ის დედას ელაპარაკებოდა, დედა თვალით მანიშნებდა, მაცადე და გეტყვიო. ჰოდა მეც ტუჩების მოძრაობას ვაკვირდებოდი რომ გამეგო რაზე ლაპარაკობდა მოსაუბრე.
დედას ყველაზე მეტად ტკიოდა ჩემი ტკივილი. ყურთან ახლოს თითქმის ყვირილით მიყვებოდა ზღაპრებს, მიმღეროდა ნანას, ძილის წინ ჩუმადაც ტიროდა, მე რომ არ დამენახა... მალევე მივხვდი რომ სხვებს არ ვგავდი.
4-5 წლის ასაკში ხეჩინაშვილის კლინიკაში ორი ოპერაცია გამიკეთეს. ორივე უშედეგოდ დამთავრდა რადგან ზრდასრული არ ვიყავი. ყურის ხვრელი ისევ ხორცით ივსებოდა. ყოველ მესამე დღეს მაჭრიდნენ და ტამპონებს მიდებდნენ.
_ როცა უკვე ზრდასრული გახდი?
_ მერე ხრტილი დაძვალდა და სიცოცხლისთვის საშიში გახდა ეს ოპერაცია. ამიტომ სიცოცხლე ავირჩიე.
_ ვიცი რომ სმენის აპარატი სასწაულებრივად შემოვიდა შენს ცხოვრებაში.
_ ჰო, დედამ სიზმარი ნახა, რამაც დაგვაფიქრა გამოსავალზე. მე რაიონში ვიზრდებოდი, ჩამოვედით თბილისში და დავიწყეთ მოძიება... არ იყო მარტივი არც აპარატთან შეგუება. ძალიან მღლიდა ის ხმები რაც მანამდე არ მესმოდა. მაგალითად: ფოთლების შრიალი, წიგნის გადაფურცვლის ხმა, კარის გაჯახუნება, ძაღლის ყეფა შორიდან... იქამდე მივდიოდი, რომ აპარატს პერიოდულად ვიხსნიდი რომ დამესვენა.
თან ჩემი აპარატი აბადოკით მაქვს დამაგრებული ყურის ძვალთან, მე ხომ ყურის ნიჟარა არ მაქვს რომ ზედ ჩამომეკიდა. ჰოდა გარკვეულ ასაკში ეს ძალიან მაკომპლექსებდა, მეგონა დამცინოდა ყველა გოგოსავით რომ მეკეთა რაღაც თავზე. მერე ქუდის ხმარება დავიწყე...
მოკლედ სულ ამაზე ვფიქრობდი, სულ. ეჭვიანი და კომპლექსიანი გავხდი, მეგონა ყველა მე მიყურებდა და ერთმანეთს ჩემზე მიუთითებდა, ნახე რანაირი ყურები აქვსო... გარდატეხის ასაკში სუიციდზეც კი მიფიქრია...
_ სკოლაშიც იყო პრობლემები?
_ სკოლამდე ლოგოპედთან დავდიოდი. მერე იყო სკოლა, ჯერ ახმეტის დ მერე თბილისის. როგორც ყველა პატარა, მეც ვცელქობდი. კურიოზული მომენტებიც იყო. მასწავლებელი ყურისკენ რომ წამოიღებდა ხოლმე ხელს და ყური არ ხვდებოდა, ბაკებს მაწიწკნიდა. მაშინ იუმორით ვუყურებდი უკვე ამას. თვითონაც ეცინებოდა ხოლმე.
ვუყვარდი მასწავლებლებს. კარგადაც ვსწავლობდი მე 7 კლასამდე. მერე როგორც ხდება ხოლმე, ვიზარმაცე და... დავრჩი საშუალო განათლებით.
_ პირად ცხოვრებაშიც გქონდა პრობლემები ამის გამო?
_ ჰო, ეგ ყველაზე მეტად მაწუხებდა. გოგო რომ მომეწონებოდა, ვფიქრობდი, აზრი არ აქვს ნაბიჯის გადადგმას, შემხვედრს მაინც ვერ მივიღებ მეთქი. მერე ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ჩემი თამუნა, რომელმაც დამარწმუნა რომ შეზღუდული შესაძლებლობები სიყვარულს ხელს არ უშლის, ისეთი შემიყვარა, როგორიც ვარ.
_ საკუთარი თავის რეალიზება როგორ მოახერხე?
_ ცოლი რომ მოვიყვანე, მინდოდა ჩემით მერჩინა ოჯახი. დავიწყე მუშაობა სამშენებლო მასალების კომპანიაში მუშად. 2 წელი ვიმუშავე. მერე ჩემს სახლთან ახლოს ხილ-ბოსტნის დახლი გავაკეთე და ვვაჭრობდი. გარე ვაჭრობა რომ აიკრძალა, მეც ავიბარგე... სოფელში დავბრუნდი, ღორები მოვაშენე და გოჭებს ვყიდდით.
მერე მეგობარმა დამირეკა თბილისიდან ,,სუფთა სამყაროში“, სჭირდებათ მუშები და წავიდეთ ერთად ვიმუშაოთო. დავბრუნდი თბილისში და დღემდე ამ კომპანიას ვემსახურები.
_ კიდევ ორი ოპერაცია გადაიტანე უშედეგოდ...
_ ჰო, მინდოდა გაუმჯობესებული ახალი მოდელის აპარატით მესარგებლა. სახელმწიფომ და სპონსორმა დააფინანსა ჩემი ოპერაციაც და აპარატიც რომელიც 8 000 ევრო დაჯდა. სპეციალური მოწვევით გერმანელმა ექიმმა გამიკეთა ოპერაცია, მაგრამ ნაოპერაციევი დაჩირქდა და ის დეტალი, რომელიც თავში ჩაამაგრეს (რაზეც დამაგრდებოდა აპარატი), ამომივარდა თავიდან.
მეორე ოპერაციაც ბოდიშის ნიშნად გამიკეთეს. მაგრამ მაშინაც ისეთ ადგილას ჩააყენეს აპარატის დასამაგრებელი დეტალი, რომ აპარატს რომ ვიმაგრებ, პროპელერივით მადგას თავზე. ამიტომ ისევ ჩემი ძველი და უკვე რამდენჯერმე შეკეთებული აპარატით დავდივარ.
ყველაფრის მიუხედავად მადლობელი ვარ ჯანდაცვის სამინისტროს და ახმეტის მაშინდელი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის, რომელმაც მოიძია მაშინ ჩემთვის სპონსორი.
_ კიდევ რა დახმარებას იღებ სახელმწიფოსგან?
_ 100 ლარიანი პენსია მაქვს ყოველთვიური. ესაა ჩემი დახმარება.
_ საზოგადოების დამოკიდებულებაზე ვსაუბრობდით...
_ მახსოვს ერთხელ პატრულმა არ დამაჯარიმა, თან ისე ტაქტიანად, არც მიმანიშნა რის გამო. უბრალოდ მე მივხვდი, რომ მიზეზი ჩემი ყურები იყო...
არ იყო მარტივი გზა რომელიც გავიარე. ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია გააცნობიერო, რომ შენ სხვებს არ გავხარ და ამასთან ცხოვრება ისწავლო. ვნერვიულობდი სანამ ჩემი შვილი დაიბადებოდა, მეშინოდა იგივე პრობლემა არ ჰქონოდა.
მერე როცა წამოიზარდა, მკითხა, მამა ყურები ვინ მოგაჭრაო? არც ამ კითხვაზე იყო მარტივი პასუხის გაცემა, მაგრამ ესეც დავძლიე...
_ პლასტიკურ ოპერაციაზე არ გიფიქრია?
_ კი, ვიყავი ივა კუზანოვთან, ვუთხარი, სმენის პრობლემას თუ ვერ მოვაგვარებდი, იქნებ ვიზუალური დეფექტი მაინც გამოგვესწორებინა. 6 ოპერაცია დამიანონსა ბატონმა ივამ შედეგის მისაღწევად. სამი ერთ ყურზე და სამიც - მეორეზე. მივხვდი რომ ამდენს უკვე ვეღარ გავწვდებოდი ვერც მორალურად, ვერც ფინანსურად და შევეგუე უყუროდ ცხოვრებას...
_ რას ეტყვი მათ ვისაც შენსავით შეზღუდული შესაძლებლობები აქვს.
_შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ჩემი მთავარი შეცდომა ისაა, რომ ამას გვიან მივხვდი. კომპლექსებისგან გვიან გავთავისუფლდი. მეგონა ეს საზოგადოების ბრალი იყო და სინამდვილეში ჩემი დანაშაული აღმოჩნდა.
ისინი უბრალოდ ინტერესის გამო მაკვირდებოდნენ, მე კი მეგონა რომ დამცინოდნენ.
არ იფიქროთ არასდროს იმაზე რომ ვინმე დაგცინით, საკუთარი შესაძლებლობების იწამეთ და ყველაფერი გამოვა. მიზანი დაისახეთ და იმ მიზნისკენ იარეთ სწრაფი ნაბიჯებით. სიკეთე აკეთეთ და იგივე დაგიბრუნდებათ. იყავით მათთან ვისთანაც კომფორტულად გრძნობთ თავს.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში შესვლა მეზიზღებოდა, ზუსტად იმის გამო რომ მიყურებდნენ. დღეს მზერას რომ დავიჭერ ხოლმე თვალს ვუკრავ და ორივეს გვეცინება...
ფერადი სათვალე არ იყიდება, თვითონ უნდა გაიკეთო ვირტუალურად და მერე ყველაფერი ლამაზი ხდება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |