სტატიები
გამარჯვებული ხალხის მარცხი და იმედგაცრუება - ზვიადიდან ბიძინამდე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1307 23 ნოემბერი 2021, 18:14

ქეთი ხატიაშვილი

ეს მოხდა პირველად, მოხდა მეორედ, მესამედ, მეოთხედ - რამდენჯერაც მოხდა, იმდენჯერ თითქოს მოვიგეთ, მაგრამ ბოლოს მაინც არაფრის გარეშე დავრჩით.

ეროვნული მოძრაობის დროს მოვიგეთ თავისუფლება და ხელში სამოქალაქო ომი შეგვრჩა; მეორედ მოვიგეთ სტაბილურობა და ხელში კორუფცია შეგვრჩა; მესამედ მოვიგეთ დემოკრატია და ხელში ავტოკრატია შეგვრჩა; მეოთხედ მოვიგეთ არჩევნები და გამოსავალი თითქოს მაინც არ არის.

იმდენჯერ მოვიგეთ, თითქოს ისტორიაც გამარჯვებული ხალხის ისტორია უნდა იყოს, თუმცა ყოველ ჯერზე მარცხის გემოსა და შიშის სუნს გრძნობ. 

დაემხო საბჭოთა კავშირი და ჩვენ, ყველამ, ახალ საქართველოში გავიღვიძეთ, ახალ ქვეყანაში, რომელიც უკვე დამოუკიდებელი იყო. იმედი და მოლოდინი გვქონდა, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა. 

ყველა თითქოს ფანჯარასთან იდგა და ელოდა, როდის შეაღებდა გამარჯვება მის ფანჯრებს და ყველა იმ მოლოდინს შეიტანდა, რაზედაც ესა თუ ის მოქალაქე ნატრობდა. მაგრამ ფანჯარა დაკეტილი დარჩა, გამარჯვება ფეხბედნიერი მეკვლე არ აღმოჩნდა, მან ფერადი საჩუქრების ნაცვლად უსიამოვნო სიურპრიზები მოიტანა. 

პირველი გამარჯვება განსაკუთრებით მწარე იყო. ეს თავისუფალი ქვეყანა, რომელსაც ბედნიერებით თავბრუ უნდა დასხმოდა, ტყვიის კვამლში გაეხვია. თითოეულ ოჯახს შეეხო სამოქალაქო ომი. შესაძლოა, ოჯახის წევრი ყველამ არ დაკარგა, მაგრამ ყველამ დაკარგა პერსპექტივა.

და მაშინ მეორედ გავიმარჯვეთ. ედუარდ შევარდნაძის მმართველობაც მოლოდინებით დაიწყო. და ყველა ისევ ფანჯარასთან დადგა. და აქ პირველად გაიყო მოლოდინები: ზოგი ზვიადის დაბრუნებას ელოდა, ზოგი უკვე დაბრუნებული ედუარდისგან - ქვეყნის დაწყნარებას. 

შევარდნაძემ მართლაც შეუძლებელი შეძლო. დაასრულა სამოქალაქო ომი, საქართველო მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე გამოაჩინა, ქვეყანას საერთაშორისო ფუნქცია შესძინა, მაგრამ გამარჯვებულებმა მაშინაც ვერაფერი მიიღეს. კორუფციის აბლაბუდამ ადამიანებს მხოლოდ თავისუფლება კი არა, სამართალიც დააკარგვინა. 

და მერე იყო მესამე გამარჯვება. კორუფცია დამარცხდა და თითქოს დემოკრატიას უნდა გაემარჯვა. და ყველა ისევ ფანჯარასთან დადგა და ისევ დაიწყო ლოდინი. ისევ გაჩნდა ახალი საქართველოს დაბადების განცდა. მეორე დღეს ყველაფერი უნდა შეცვლილიყო, მაგრამ გამარჯვებამ აქაც ყველა იმედგაცრუებული დატოვა. 

გამარჯვებულ ხალხს გამარჯვებამ ისევ არაფერი მისცა. ისინი კი ელოდნენ. და რა მიიღეს? 

დემოკრატია? რა თქმა უნდა - არა. მედია ტოტალურად კონტროლდება, პოლიტიკურ ოპონენტებს ტოტალურად დევნიან რუსეთის აგენტების სახელით.

პროგრესი? რა თქმა უნდა - არა. სააკაშვილი რამდენჯერმე ცვლის კონსტიტუციას და ყოველ ჯერზე თავისი პირადი ხელისუფლების აბსოლუტურიზმისკენ დგამს ნაბიჯს. 

ადამიანის უფლებების დაცვა? ეს საერთოდ რა ხილია - ვარდების რევოლუცია მას საერთოდაც არ ცნობს. არ ცნობს არსად. მხოლოდ „მიშა მაგარიასთან“ დაახლოებული პირები არიან კომფორტულად. ესეც მანამ, სანამ იმ ერთს აღიარებენ აბსოლუტად. როგორც კი ეჭვები ჩნდება, მაშინვე კარგავენ კომფორტს და არამხოლოდ კომფორტს, სამშობლოსაც კი. 

ახლა გვეუბნებიან, რომ სამაგიეროდ გზა დაიგო; სამაგიეროდ პენსია გაიზარდა; სამაგიეროდ 24-საათიანი სინათლე გვაქვს. მაგრამ სულ ეს იყო, რასაც ველოდით? სულ ეს იყო, რასაც გამარჯვებით გვთავაზობდნენ? 

გზები ხომ კადიროვმაც დააგო ჩეჩნეთში; პენსია ხომ სადამ ჰუსეინის მმართველობის დროსაც მაღალი იყო ერაყში; ან ვის უკვირს ელექტროენერგია? რამდენიმე მთავარი ქალაქის გარდა, ხომ ყველა წყლისა და გაზის გარეშე დარჩა; დარჩა უფლებების გარეშე; დარჩა სამუშაოს გარეშე; დარჩა დასავლეთში თავისუფლად გადაადგილების გარეშე; ხარისხიანი ჯანდაცვისა და განათლების მიღების შანსის გარეშე...

გამარჯვების დროს „გამარჯვებული ხალხის მატარებელში“ აგვიყვანეს და გვითხრეს, რომ დასავლეთისკენ ვიმოგზაურებდით. ყველამ ვიცოდით, რომ ეს სულაც არ იქნებოდა მარტივი, მაგრამ არ ვიცოდით, რომ საბოლოოდ - დასავლეთის ნაცვლად - სინგაპურისკენ წაგვიყვანდნენ. 

ჰოდა, მერე ამ ხალხმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა, როცა არჩევნები მოიგო. არჩევნები და არა რევოლუცია, ან ამბოხება ან რაიმე სისტემის კოლაფსი.

რა მივიღეთ ამ არჩევანით? ადამიანის უფლებები, დაბალანსებული ვერტიკალი... ნაკლებად კონტროლირებადი სასამართლო, მეტად თავისუფალი მედია სივრცე... 

ეს საკმარისია? რა თქმა უნდა, არა. ეკონომიკური და სოციალური ფონი ძალიან მძიმეა. 


შეგვეძლო კიდევ წინ წასვლა? ალბათ, მაგრამ აქ ისევ, და უკვე მეორედ, ხალხის მოლოდინები გაიყო: ზოგი მიშას ვერტიკალზე მოსვლას ელოდება და ზოგი მიშას პოლიტიკიდან წასვლას...

და თითქოს ისევ არ არის გამოსავალი. ისევ ვრჩებით საკუთარი ცხოვრების დღის წესრიგის მიღმა და გამარჯვებასთან ვჩერდებით...

ასე რომ, ამჯერად მაინც მხოლოდ გამარჯვება მთავარი მიზანი არ უნდა იყოს, ისევე როგორც ეს იყო გამსახურდიას დამხობის დროს. როცა გვეგონა, რომ ის უშლიდა ხელს ჩვენი და ქვეყნის ბედნიერებას; ისევე როგორც ეს იყო შევარდნაძის გადაყენების დროს. როცა გვეგონა, რომ ის იყო ჩვენი პრობლემების მთავარი წყარო; და ისევე როგორც ეს იყო ბოლოს - მიშას არჩევნებში დამარცხება არ ამარტივებს ცხოვრებას. 

სხვა შემთხვევაში, ყოველ ჯერზე მთავარი იქნება გამარჯვება და არა ის, რაც მის შემდეგ დაიწყება. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ისევ გავჩერდებით გამარჯვებასთან და ისევ ახალ გამარჯვებას დაველოდებით რომ ისევ დავმარცხდეთ.






სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი