სტატიები
რა კავშირი აქვს შტაინმაიერს აფხაზეთის კონფლიქტთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1789 07 ოქტომბერი 2019, 16:30

ფორმულამ - საქართველოს სახელმწიფოზე „საკონტროლო პაკეტის“ მოსკოვისთვის გადაცემა - საქართველოში არ იმუშავა. პირველად მასზე უარი ედუარდ შევარდნაძემ თქვა. მოგვიანებით, შტაინმაიერი თავისი ინიციატივებით საქართველოში 2008 წლის ომის წინ გამოჩნდა, ირაკლი ალასანია მის მიდგომებს იზიარებდა, თუმცა, სააკაშვილი მას არ დაეთანხმა და ომიც მალევე დაიწყო... ახლა სახიფათო გამოწვევების წინაშე კიევი დადგა. 

ვოლოდიმირ ზელენსკი, ალბათ, ახლა ხვდება რამდენად იოლია ითამაშო პოლიტიკა საკუთარი წესებით სცენაზე - სხვადასხვა პოლიტიკოსებს, ზოგჯერ მწარედაც, დასცინო - და რამდენად რთულია, როცა პოლიტიკა თავად გათამაშებს საკუთარი წესებით. 

ტრამპთან სატელეფონო საუბარი ერთი კვირის უკან და „შტაინმაიერის ფორმულა“ ახლა ახალბედა გამოუცდელ პოლიტიკოსს სერიოზული გამოცდის წინაშე აყენებს. მისი ინაუგურაციიდან ჯერ ერთი წელიც არ გასულა, მას კი უკვე ქვეყნის ღალატში სდებენ ბრალს. ამ ბრალდებით მაიდანზე ასეულობით ადამიანი გამოვიდა.

ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ზელენკსიმ უკრაინის ინტერესები გაყიდა და რომ „შტაინმაიერის ფორმულა“ არის კაპიტულაცია რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა, კონკრეტულად რა მიანიშნებს კაპიტულაციაზე ან რა იციან მათ ამ ფორმულის შესახებ, მომიტინგეები ვერ პასუხობენ.

ეს ფორმულა დონბასს განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს, უკრაინის ჯარს კი ავალდებულებს დატოვოს დონბასი და გარკვეულ პერიმეტრზე განთავსდეს.

ანალიზი
დავით გამცემლიძე
ისტორიკოსი, ანალიტიკოსი
ამ მატარებელმა უკვე ჩაიარა უკანმოუხედავად და არანაირი „ფორმულა“ საქართველოსთან მიმართებაში შტაინმაიერს არ გააჩნია

„შტაინმაიერის ფორმულაზე“ ოფიციალური კიევის პოზიცია 1 ოქტომბერს გახდა ცნობილი. მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის - „ხალხის მსახური“ - თავმჯდომარე დავით არახამიას განცხადებით, კიევი არ აპირებს „წითელი ხაზების გადაკვეთას, თუმცა, ბევრს მისი არ სწამს.

რას ნიშნავს „შტაინმაიერის ფორმულა“:

ეს არის ფორმულა, რომელიც ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ჯერ კიდევ მაშინ შეიმუშავა, როცა ის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ფორმულა ითვლისწინებს დონბასში ერთდროულად არჩევნების ჩატარებასა და მისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას. უკრაინაში შიშობენ, რომ ამ გზით კიევი საბოლოოდ დაკარგავს კონტროლს რეგიონზე.

როგორც ჩანს, ეს შიშები უსაფუძვლო არ არის. რუსეთის მედიამ მძაფრად გააკრიტიკა ყველა, ვინც პლაკატებით ზელენსკის საპრეზიდენტო ფანჯრებთან იდგა და ფორმულის წინააღმდეგ ილაშქრებდა. რუსული მედიის მტკიცებით, მიტინგის მონაწილეებს საათში 4 დოლარს - 100 გრივნას უხდიდნენ.

უკრაინაში აგორებული სკანდალის გამოყენებას ახლა ქართული ოპოზიციაც ცდილობს. რადიკალები მრავალმნიშვნელოვნად კითხულობენ: კი, მაგრამ ჩვენთან შტაინმაიერი ხელცარიელი ჩამოდის? რა ფორმულა ჩამოაქვს მას ჩვენთან? და თუმცა, ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ არანაირი ინიციატივა გერმანიის პრეზიდენტს არ ჩამოაქვს, რადიკალებს თბილისის გულწრფელობაში ეჭვი მაინც ეპარებათ.

საქმე ის გახლავთ, რომ შტაინმაიერის სახელი აფხაზეთს უკავშირდება. საქართველოში ის 2008 წელს, ომამდე სულ რაღაც ორი თვით ადრე, სამშვიდობო ინიციატივით ჩამოვიდა. რუსეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეს ინიციატივები დადებითად შეაფასა და მას „სწორი მიმართულებით ხედვა“ უწოდა.

ეს დოკუმენტი ითვალისწინებდა:

1. ნდობის აღდგენას - ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებების გაფორმება, დევნილების დაბრუნების პროცესის დაწყება;

2. დონორების ჩართულობით აფხაზეთის ეკონომიკურ რეაბილიტაციას;

3. აფხაზეთის სტატუსზე მოლაპარაკებების დაწყებას.

სხვათა შორი, მაშინ ირაკლი ალასანია ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს ლობირებდა, იმხანად ის გაეროში იყო საქართველოს ელჩი. შეთანხმებას სოხუმთან მიაღწია, თუმცა, პროცესი თბილისში გაიჭედა. სხვათა შორის, საქართველოს ხელისუფლებას კოდორიდანაც უნდა გამოეყვანა პოლიციური შენაერთები.  

სააკაშვილს მიაჩნდა, რომ ის, რაც კარგია რუსეთისთვის, არ შეიძლება კარგი იყოს საქართველოსთვის. ამიტომაც, თბილისმა წინა პლანზე ლტოლვილების დაბრუნების პროცესი დააყენა და არც კოდორიდან გამოსვლას გეგმავდა. აქ უკვე მოსკოვმა გაჭედა. მალევე ომი დაიწყო და რეალობა საერთოდაც შეიცვალა.

შტაინმაიერი საქართველოს ამჯერად პრეზიდენტის რანგში ეწვია. ბოლოს, ის 2008 წლის ომამდე ჩამოვიდა და ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა გამართა. მოგვიანებით, სააკაშვილი ბათუმში შტაინმაიერთან სადილს გაიხსენებს და იტყვის, რომ გერმანელმა დიპლომატმა თბილისი მაშინ მოსალოდნელ ომზე გააფრთხილა. სავარაუდოდ, შტაინმაიერი გრძნობდა რა შეიძლება მოჰყოლოდა  სამშვიდობო ინიციატივებზე თბილისის ცივ უარს.   

ამდენად, არ არის გასაკვირი, თუკი შტაინმაიერის ვიზიტს მითქმა-მოთქმა და ინტერესი მოჰყვა. ისტორიკოსისა და ექსპერტის დავით გამცემლიძის განმარტებით, არანაირი „ფორმულა“ ახლა აღარ არსებობს:

„დიდი ვნებათაღელვაა შტაინმაიერის „ქართულ ფორმულაზე“, თითქოსდა, საქართველოშიც ჩამოიტანს რაღაც „ფორმულას“, დაახლოებით, როგორიც კიევს შესთავაზა. სინამდვილეში, შტაინმაიერს არანაირი „ფორმულა“ არ გააჩნია. ამაზე სულ ტყუილად ღელავს საზოგადოება. დაახლოებით ამდაგვარი „ფორმულა“ არსებობდა 1997 წელს, როდესაც დასავლეთი და რუსეთი (ერთად!) საქართველოს სთავაზობდნენ (თბილისში არძინბას ვიზიტის დროს) „ჩეხეთ-სლოვაკეთის“ მსგავსი ორსუბიექტური ფედერაციის (რეალურად კონფედერაციის) შექმნას და/ანუ საქართველოს სახელმწიფოზე „საკონტროლო პაკეტის“ მოსკოვისთვის გადაცემას. ახლა საბედნიეროდ (!) ამ მატარებელმა უკვე ჩაიარა უკანმოუხედავად და არანაირი „ფორმულა“ საქართველოსთან მიმართებაში შტაინმაიერს არ გააჩნია“.


ავტორი ქეთი ხატიაშვილი














სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი