გადამდგარმა დიმიტრი მედვედევმა პრემიერის პორტფელი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღო. ის ერთადერთია, ვინც ჯერ პრეზიდენტი იყო და შემდეგ პრემიერი. ადგილი მაშინ მან პუტინს გაუცვალა.
თუმცა, მოვლენების ამგვარ განვითარებას ექსპერტები ჯერ კიდევ 2011 წლიდან ვარაუდობდნენ. მაშინ მმართველი პარტიის ყრილობაზე, მედვედევმა პირველად განაცხადა, რომ მეორე ვადით საპრეზიდენტო მარათონში ჩართვას არ აპირებს.
ამ განცხადებამ ფუსტრაციაში ჩააგდო პირველ რიგში ისინი, ვინც მედვედევთან მხარს ერთად რუსეთის და ლიბერალიზაციასა და მოდერნიზაციას უჭერდა. 2011-2012 წლების მასიური საპროტესტო აქციებიც მაშინვე დაიწყო. მედვედევმა რუსეთის ვერტიკალზე პოზიციები ვერ გაიმყარა, ამიტომაც, ოპოზიციამ მას „საცოდავი“ შეარქვა.
ბევრი მიხვდა, რომ მედვედევი არც ლიბერალი იყო, არც რეფორმატორი, არც თავისუფლებისთვის და ადამიანის უფლებებისათვის მებრძოლი პოლიტიკოსი.
პირველი ვადით მის პრემიერობას ექსპერტები აფასებენ როგორც მის ევოლუციას პროდასავლურობიდან „დერჟავნიკობამდე“. თუმცა, მას ბოლომდე აღიქვამდნენ, როგორც პუტინის მემკვიდრეს. თუმცა, ახლა, როცა ის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის "საპატიო და არა დამოუკიდებელ" პოსტზე დანიშნა, ყველასთვის გასაგები გახდა, რომ ის 2024 წელს პუტინის პრეზიდენტის პოსტზე აღარ შეცვლის. მედვედევი უბრალოდ ჩამოწერეს.
საპენსიო რეფორმა
ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზურ გადაწყვეტილებად, რომელიც მედვედევმა პრემიერის რანგში მიიღო, ეს 2018 წლის ზაფხულის ინიციატივაა. ხელისუფლება მაშინ საპენსიო ასაკის გაზრდის ინიციატივით გამოვიდა, მამაკაცებისთვის ეს იყო 60 წლის ნაცვლად 65 წელი, ქალებისთვის კი, 55 წლის ნაცვლად 60 წელი.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მედვედევმა ეს ინიციატივა, რა თქმა უნდა, პუტინთან შეთანხმებით მიიღო, თუმც, მას საზოგადოებაში იმდენი ნეგატივი მოჰყვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სასწრაფოდ მოახდინა მისგან დისტანცირება. ამიტომაც მთელი დარტყმა მედვედევსა და მის კაბინეტზე მოხდა.
მედვედევის რეიტინგმაც მაშინ დაიწყო ჩამოშლა, მას შემდეგ მან რეაბილიტაცია საზოგადოებაში ვერ შეძლო. ბოლო მონაცემებით, ხალხში მის მიმართ უნდობლობამ 60 პროცენტსაც კი გადააჭარბა.
კაცი კონცეფციის გარეშე
ექსპერტების შეფასებით, მედვედევის კაბინეტი იყო პუტინის დავალებების შემსრულებელი, თანაც ისე, რომ მას ხალხში არანაირი რეალური პოლიტიკური გავლენა არ ჰქონდა.
”მედვედევის პრემიერობა პოზიციების დათმობის მთელი სერია იყო. ის არ იცავდა გუნდის იდეებს - არც მინისტრებს და არც მეწარმეებს. რუსეთი, როგორც ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყანა, საჭიროებდა ისეთ კაბინეტს, რომელსაც კონკრეტული ხედვა და კონცეფცია ჰქონდა. მედვედევს არანაირი კონცეფცია არ ჰქონდა” - განმარტავს გლებ პავლოვსკი.
ეკონომისტების შეფასებით კი, მედვედევის ხელისუფლება ხალხს დაამახსოვრდება უფრო სტაბილურობით, ვიდრე განვითარებით,
„ფული არ არის, მაგრამ გაუძელით“
სამაგიეროდ რუსეთის ახლა უკვე გადამდგარი პრემიერი სოციალური ქსელების ხუმრობებს ლიდერობდა. „ფული არ არის, მაგრამ გაუძელით“ მის ერთ-ერთ ყველაზე ფრთიან გამონათქვამად ითვლება, რომელიც მედვედევი 2016 წელს ანექსირებულ ყირიმში ჩასვლის დროს, ხალხთან შეხვედრისას თქვა.
გამონათქვამი ერთ პენსიონერ ქალბატონს უკავშირდება. ყირიმში შეხვედრების დროს, მედვედევს დაბალი პენსიების გამო შესჩივლეს და პენსიების ინდექსაციით დაინტერესდნენ. მოხუცებულმა ქალბატონმა თქვა, რომ მას 8 ათასი რუბლი აქვს პენსია, რაც არაფერში ჰყოფნის. სწორედ ამ საჩივრის მოსმენის შემდეგ რუსეთის პრემიერმა თქვა:
„"ის [ინდექსაცია] არსად არის, საერთოდაც არ მიგვიღია ის, ახლა უბრალოდ ფული არ არის. ჩვენ ფულს ვაპოვნინეთ და ინდექსაციასაც გავაკეთებთ. თქვენ აქ გაუძელით“ - ამის შემდეგ მედვედევმა ქალბატონს კარგი განწყობა და ჯანმრთელობა უსურვა.
სოციალურ ქსელებში ეს ფრაზა 2016 წლის მთავარ მემოდ დასახელდა.
ამ ფრაზაში ბევრმა დაანახა რამდენად გამოუვალ მდგომარეობაში და სასოწარკვეთაში ტოვებს ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას.
მედვედევის პოზიციების შესუსტება
მედვედევის პრეზიდენტობის დროს, მისი მთავრობის ორი წევრი ხმაურიან კორუფციულ საქმეებს დაუკავშირეს. პირველად ეს იყო ეკონომიკური განვითარების მინისტრი ალექსეი ულიუკაევი. ის როსნეფტის ოფისთან დააკავეს. გამოძიება მას 2 მილიონი დოლარის ქრთამის გამოძალვას ედავებოდა. საქმის მიხედვით, სოლიდურ თანხას ულიუკაევი კომპანიის ხელმძღვანელს, იგორ სჩინის თხოვდა, რათა მის განყოფილებას როსნეფტისთვის ბაშარნევტის აქციების ყიდვის უფლება მიეცა. ფული ულიუკაევს მანქანაში უპოვნეს. ბრალდებულის განმარტებით, იგი ფიქრობდა, რომ მან ქრთამი კი არა სჩინისგან უწყინარი საჩუქარი მიიღო. 2017 წლის დეკემბერში ულიუკაევს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2019 წლის მარტში გამოძიებამ თაღლითობაში რუსეთის "ღია მთავრობის" ყოფილი მინისტრი მიხეილ აბიზოვის ამხილა. და თუმცა, დაკავების მომენტში ის კაბინეტის წევრი არ იყო, ამ დაპატიმრებამ მედვედევის იმიჯს მაინც დაარტყა. საქმე ის გახლავთ, რომ ბრალდებული აქტიურად თანამშრომლობდა მედვედევთან.
სკანდალში სხვა მინისტრებიც გაეხვნენ. მათ შორის, იყო ყოფილი ვიცე პრემიერი სერგეი პრიხოდკო. ის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის საქმესთან იყო დაკავშირებული. ირწმუნებოდნენ, რომ პრიხოდკო გამოძიების დროს ერთ-ერთი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას იახტზე ისვენებდა ერთ-ერთ ქალბატონთან ერთად.
2018 წელს კი მედვედევის მთავარი მოკავშირე არკადი დვორკოვიჩი, რომელიც ვიცე პრემიერი იყო, მოულოდნელად კაბინეტში აღარ დატოვეს. სწორედ მის წასვლას მიაწერენ ექსპერტები მედვედევის პოზიციების საბოლოოდ შესუსტებას.
მედვედევის გადადგომამდე რამდენიმე ხნით ადრე დვორკოვიჩის ახლო ბიზნესმენები დააკავეს. ექსპერტებმაც, რუსეთის ახლა უკვე გადამდგარ პრემიერს მარცხი მაშინვე უწინასწარმეტყველეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |