სტატიები
რუსეთის პრემიერებს შორის მედვედევი რეკორდსმენია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1164 15 იანვარი 2020, 19:30
რამდენიმე წუთის წინ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დუმას პრემიერის პოსტზე ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსის მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურა წარუდგინა, რომელიც აღნიშნულ უწყებას 2010 წლიდან ხელმძღვანელობს. თვენახევარში მიშუსტინი 54 წლის გახდება, ის მედვედევზე ნახევარი წლით უმროსია. 

დიმიტრი მედვედევი ჯერჯერობით ერთადერთია, ვინც პრემიერის პოსტზე 7 წელი და 8 თვე დაჰყო. ეს 2 ათასს 808 დღეა. პრემიერის პორტფელი მას 2012 წლის 8 მაისს ჩააბარეს. რუსეთის ისტორიაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა პრემიერის ინიციატივით კაბინეტი იშლება. 
დღეს პრემიერი მედვედევი გადადგა. პრემიერთან ერთად გადადგა კაბინეტი სრული შემადგენლობით. მიუხედავად ამისა, ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე ისინი მუშაობას გააგრძელებენ. რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით პრემიერის კანდიდატურა 2 კვირის ვადაში უნდა დასახელდეს, მას კი თავის მხრივ, ერთი კვირა აქვს იმისთვის რომ კაბინეტი დააკომპლექტოს.  

პუტინმა დიმიტრი მედვედევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი შესთავაზა. თუმცა, ჯერ უცნობია როდიდან შეუდგება ის ახალ ამპლუაში მუშაობას. 

როგორც მედია წერს, მინისტრებმა ამ ცვლილებების შესახებ არაფერი იცოდნენ. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა BBC განუმარტა, არავინა რაფერი იცოდა, პუტინის დუმაში გამოსვლის შემდეგ მინისტრები ერთად შეკრიბეს და პრემიერისა და კაბინეტის დათხოვნის შესახებ აცნობეს. 

საინტერესოა რომ რამდენიმე დღის უკან „ლევადა-ცენტრმა“ ჩაატარა გამოკითხვა, სადაც გამოკითხულთა 66 პროცენტმა თქვა რომ 2020 წელს მთავრობის დათხოვნას და კორუფციის გამოვლენის ხმაურიან საქმეებს ელოდება. 


როგორც მედიაში აღნიშნავენ, მთავრობისადმი კრიტიკული დამოკიდებულებამ კრიტიკულ დონეს 2018 წელს მიაღწია. მაშინ კაბინეტი საპენსიო ასაკის გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. ამ ინიციატივის შემდეგ პრემიერ მედვედევის მიმართ უნდობლობამ 61 პროცენტს მიაღწია. 

მედვედევი გადადგა. ერთ-ერთ მიზეზად საკონსტიტუციო ცვლილებები დასახელდა. საკონსტიტუციო რეფორმაზე პუტინმა დუმაში გამოსვლის დროს ისაუბრა.

რა ცვლილებები შესთავაზა რუსეთის პრეზიდენტმა დეპუტატებს? მათი ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
  • რუსეთის კონსტიტუცია საერთაშორისო შეთანხმებებზე პრიორიტეტული იქნება.
  • ჩინოვნიკებსა და მოსამართლეებს აეკრძალებათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ან ცხოვრების უფლებით სარგებლობა.
  • რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის აუცილებელი იქნება ბოლო 25 წელი მუდმივად რუსეთში ცხოვრება, კანდიდატი არ შეიძლება ოდესმე სხვა ქვეყნის მოქალაქე იყოს. 
  •  კონსტიტუციიდან ამოღებული იქნეს სიტყვა „ზედიზედ“. ეს ნორმა პირს უფლებას არ აძლევს ზედიზედ ორი ვადის შემდეგ, კვლავაც იყაროს კენჭი პრეზიდენტად. 
  • შეიქმნას ხელისუფლების საზოგადოებრივი სისტემა, სადაც შევლენ როგორც სახელმწიფო ხელისუფლებას, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას
  • მინიმალური ხელფასის განსაზღვრა და პენსიის სავალდებულო ინდექსაციის დაფიქსირება.
  •  პრეზიდენტიდან დუმაზე გადავიდეს პრემიერისა და მთავრობის წევრების დამტკიცების უფლება.  
  • დუმას მიეცეს მოსამართლეების დანიშვნისა და დათხოვნის უფლება. 
  • მიეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება, პრეზიდენტის მიმართვის შემთხვევაში, დაადგინოს კანონების კონსტიტუციურობა მათ ხელმოწერამდე. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი