907
14 იანვარი 2020, 18:45
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხზე განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილია ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლისა და ნორმების დაცვით.
აქედან გამომდინარე, სამინისტროში განმარტავენ, რომ ნებისმიერი განცხადება მთავრობასა და კონსორციუმს შორის ამავე ხელშეკრულების ფარგლებში ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობაზე, არის მცდარი და ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციებს.
„სამწუხაროა, რომ გრძელდება ანაკლიის პორტის პროექტის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, წერილობითი შეტყობინებით, იმავე დღეს ჩაბარდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს და ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა. საინვესტიციო ხელშეკრულება ნამდვილად ითვალისწინებს 60 დღიან წინა საარბიტრაჟო ვადას, მაგრამ ეს ვადა უნდა გამოიყენოს იმ მხარემ, რომელიც გეგმავს საარბიტრაჟო დავის წამოწყებას და მხოლოდ წინა საარბიტრაჟო პროცედურებზე მოლაპარაკებას საარბიტრაჟო დავის თავიდან აცილების მიზნით. მხარეთა შორის 60 დღიან პერიოდში გასამართი მოლაპარაკებები არ გულისხმობს მოლაპარაკებებს საინვესტიციო ხელშეკრულების რაიმე ფორმით აღდგენის და კონსორციუმის მიერ ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას. ხელშეკრულება შეწყვეტილია ყველა დადგენილი სამართლებრივი ნორმის დაცვით და მისი აღდგენა შეუძლებელია. ამდენად, საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილია ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლისა და ნორმების დაცვით. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება მთავრობასა და კონსორციუმს შორის ამავე ხელშეკრულების ფარგლებში ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობაზე, არის მცდარი და ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციებს“ ,- ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტის პერსპექტივას, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მნიშვნელობას და იწყებს პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელ პროცედურებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |