1119
14 სექტემბერი 2021, 22:05
ქეთი ხატიაშვილი
მოსაწვევებს ის ჯერ გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობისთვის არიგებდა, შემდეგ - გიორგი ვაშაძის პრემიერობისთვის, ახლა მიშას დასაბრუნებლად არიგებს. ეს არის მოსაწვევი რევოლუციაზე. სხვანაირად „მიშა მაგარია“ ვერც საქართველოში დაბრუნდება და ვერც ვერტიკალს დაიპყრობს. ყველგან წააგო. თუმცა, წააგო გრიგოლ ვაშაძემ და გიორგი ვაშაძემ, თორემ პირადად თაკო ჩარკვიანი ყველა პროექტიდან გამარჯვებული გამოვიდა. ერთმა პოლიტიკაში შეიყვანა, მეორემ მის ერთკაციან სრულიად ურეიტინგო პარტიას საბიუჯეტო დაფინანსება მოუპოვა. ახლა ბონუსები მიშასგანაც უნდა მიიღოს, აბა, მოსაწვევებს რევოლუციისთვის ტყუილად ხომ არ არიგებს?
მოსაწვევი ადგილს ჯერ აეროპორტში მოგიზომავთ, სადაც მიშა უნდა ჩამოვიდეს, შემდეგ პარლამენტის წინ, სადაც ერთი ხელისუფლება მეორემ უნდა შეცვალოს და შემდეგ... აი, შემდეგი გაჩერება სად იქნება, ჯერ არავინ იცის. თავად სააკაშვილი, ამ მხრივ, ძალიან ზოგადია. მხოლოდ იმას ამბობს, რომ ქვეყანას გაანათებს და გადაარჩენს.
როგორ? გვპირდებიან რომ ამას გამარჯვების შემდეგ გავიგებთ.
ასე კი ხალხმა რამდენჯერმე უკვე გაიმარჯვა.
პირველად მაშინ, როცა კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, სანაცვლოდ კი სამოქალაქო ომი, არჩეული პრეზიდენტის ჩამოგდება და ცხინვალსა და აფხაზეთში კონფლიქტები მიიღო; მეორედ - ვარდების რევოლუციის დროს და პასუხად, დემოკრატიის ნაცვლად, ადამიანის უფლებების უგულებელყოფა, სასამართლოში უსამართლობა და ა.შ. ერგო. ხალხმა მერეც გაიმარჯვა, როცა უკვე „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, მაგრამ რა მოიგო? ისევ ეკონომიკური კრიზისია, ისევ უჭირს. მერე რა, თუ ახლა მედია გაიხსნა, ადამიანის უფლებებიც თუ არ ირღვევა, ან სასამართლოშიც შეიძლება რაღაც პროცესი მოიგოს, მაგრამ მას ხომ ამისთვის არ უბრძოლია.
ყოველ ჯერზე გამარჯვებული ხალხი ფიქრობდა, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა... რომ გეკითხა, კონკრეტულად რა, შეიძლება ვერც ეპასუხა, თუმცა ცვლილებების მოლოდინი ჰქონდა.
ჰოდა, ისე მიეჩვია ლოდინის პროცესს, რომ ახლა ზოგი სააკაშვილის ჩამოსვლას ელის, რომ რაღაც შეიცვალოს, ზოგი - ისევ „ოცნების“ გამარჯვებას, ზოგიც ახალი გმირის დაბადებას ზეიმობს. ჰგონია, რომ ცალკე აღებული გახარია უშველის.
სააკაშვილმა პოლიტიკური კარიერა რევოლუციით გაიკეთა. ამიტომაც მხოლოდ რევოლუციის პირობებში შეუძლია არსებობა. არ არის რევოლუციური ვითარება, არც მიშაა. ამიტომაც ამ მითს ხან კიევიდან უბერავს სულს და ხან... ისევ კიევიდან.
„ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პროცესში დაიბადა. ამიტომაც მას რევოლუცია მნიშვნელოვნად შეარყევს, პოლიტიკური პროცესი - ვერა.
რევოლუციონერებს მუდმივი მტერი და იმის მტკიცება სჭირდებათ, რომ მხოლოდ მათ და მეტს არავის არ შეუძლია ქვეყნის ხსნა. ირგვლივ ყველა პრორუსი ან მონაა, ზოგჯერ პრორუსი მონაც. ისინი კი საქართველოს ანგრევენ, აცამტვერებენ და თუ რევოლუცია არა, ყველაფერი განადგურდება. ყველა, ვისი კარიერაც რევოლუციის დროს შედგა ან რევოლუციაზეა დამოკიდებული, ამ მითს იოლად იჯერებს.
„ოცნებას“ სტაბილურობა სურს, ის მხოლოდ პოლიტიკურ პროცესში შეიძლება არსებობდეს. თუმცა, სტაბილურობასაც აქვს თავისი ფაზები. სტაბილურობა მაშინ არის კარგი, როცა ის განვითარების საშუალებას იძლევა, თუმცა, თუ უბრალოდ ერთ ადგილას დგახარ, ჭაობდები. კორუფციაც ობად გეკიდება და სიღარიბე სიღატაკედ გექცევა.
პოლიტიკა საქართველოში ჯერ პროცესად ვერ იქცა, მას მუდმივად რევოლუციისკენ მიაქანებენ. პოლიტიკურ ისტორიას ის თარიღები ქმნის, რომლებსაც სტაბილურობა ქაოსისკენ მიჰყავს. ამ ძიძგილაობას კი თავად პროცესი ეწირება.
ასე იყო 20 ივნისის შემდეგ. მაშინ როცა „ქართულმა ოცნებამ“ სრულიად პროპორციულზე გადასვლის სურვილი დააფიქსირა, ოპოზიციამ მაშინვე დაიწყო მისი გამინუსება - ყველას უნდა დაედო მტკიცე ფიცი, რომ „ოცნებას“ კოალიციას არ შეუქმნიდა. და მაშინ „ოცნებამაც“ პირობა დაარღვია და კენჭისყრაზე საკითხი ჩააგდო.
ასეთივე ბედი ერგო შარლ მიშელის შეთანხმებასაც, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა. თუმცა, 43% ჩამკეტს მხარს უჭერდა - თუკი „ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებში 43%-ს ვერ გადალახავს, საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი გახდება. ამ იდეით ისინი საარჩევნო რინგზეც კი გამოვიდნენ. და მაშინ „ოცნება“, - ლოგიკით: შეთანხმება მხარეების თანხმობაა და თუკი მთავარი ოპოზიციური ძალა მას ხელს არ აწერს, მაშინ ჩვენ ამ დოკუმენტს ვტოვებთ, - არშემდგარი შეთანხმებიდან გავიდა.
როცა მიშას ინტერესი რევოლუციაა, ბუნებრივია, ის პოლიტიკურ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს. ამ რევოლუციაში ის პირადად არ მონაწილეობს, ბრძოლის ველზე არ გადის, სამაგიეროდ კიევიდან სხვებს ურჩევს, როგორ მოიქცნენ, რა გააკეთონ, როდის ვის შეუერთდნენ, როდის რა გააფუჭონ და ასე შემდეგ.
ასე შემდეგ კი არჩევნებსა და რევოლუციას შორის არჩევანია. მიშა ისევ რევოლუციის მხარესაა! და ისიც კარგად ესმის, რომ ხალხის გასაბრაზებლად უფრო დიდი ღონისძიება სჭირდება და რომ თაკო ჩარკვიანის მოსაწვევები მხოლოდ დეკორაციად თუ გამოდგება.
და თაკო ჩარკვიანიც მოსაწვევებს ისევ არიგებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |