2427
26 აგვისტო 2021, 22:49
ქეთი ხატიაშვილი
არის ასეთი გამოთქმა, მის [გარდაცვლილის] მოსვლამდე არაფერი გეტკინოსo. ამ ფრაზას რეალობასთან იმდენივე აქვს საერთო, რაც ანტივაქსერებს თავის მითურ შეხედულებებთან - მაგალითად, დაჩიპვის თეორიებთან. თუმცა, მას დღემდე აქტიურად გამოიყენებენ დაცემინებისას, განსაკუთრებით კი მაშინ, თუკი საუბარში გარდაცვლილ პირს ახსენებენ.
დაახლოებით ასეთივე გამოთქმად ყალიბდება უკვე „მიშა ჩამოდის“. არჩევნებიდან არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე ყველა ექსპერტი თუ პოლიტიკოსი ამ ფრაზას აქტიურად იყენებს.
თუ 2016 წელს მხოლოდ უბრალოდ ჩამოდიოდა, სხვა საარჩევნო წლებში, ემოციის გასაძლიერებლად, უკვე სხვა სიტყვები დასჭირდა. მაგალითად, ჩამოდის, რომ გაანათოს; ჩამოდის, რომ სიკვდილისგან გვიხსნას.
ამიტომაც ოპოზიციის გზავნილებში ლოგიკაზე მეტი (თუ არის საერთოდ) პროპაგანდაა. მაგალითად, თუ გინდა, კოვიდი არ მოგერიოს, მხარი მიშას უნდა დაუჭირო, რადგანაც ის ჩამოვა და სიკვდილსაც კი დაამარცხებს. მთავარი პირბადე, დისტანციის დაცვა ან აცრა კი არ არის, არამედ მიშა, რომელიც ჩამოვა და ყველაფერს თავად გააკეთებს. შენ მთავარია, ხმა მისცე.
ან თუკი სოციალურად გიჭირს, გამოსავალი განათლების მიღება, პროფესიის პროფესიონალის დონეზე დაუფლება და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა კი არ არის - როგორც ამას, მაგალითად, დასავლური მედია აშუქებს ხოლმე - არამედ ხელისუფლების შეცვლა. მთავარია, მიშა მოვიდეს და განათდება.
მთელი ეს პროპაგანდა გვეუბნება, რომ ყველაფერს მიშა გადაწყვეტს და მოაგვარებს: გშია - გაჭმევს, გწყურია - წყალს მოგიტანს, სიცოცხლე გინდა - სიკვდილს დაამარცხებს. თუ ქვეყანას დასჭირდა, წყალზეც გაივლის, სამართალსაც აჭმევს პურს და მსოფლიოსაც იხსნის ბოროტებისგან.
ახლაც ოპოზიცია ამ ნარატივშია. მიშა კიევიდან ისევ დაგვპირდა, რომ ჩამოვა; სხვადასხვა სტატუსის მქონე მისმა ქვეშევრდომებმაც ისევ გაიმეორეს და ისევ თქვეს, რომ დეტალები მათთვის უცნობია.
მეორე მოსვლასავით: ნამდვილად მოვა, მაგრამ დეტალები მხოლოდ მამა ღმერთმა იცის - სხვამ არავინ! თუმცა, ფანატიკოსები მას მაინც ელოდებიან ყოველი საუკუნის ბოლოსა და ახალი საუკუნის დასაწყისში.
თემას რომ დავუბრუნდეთ. უკვე მერამდენედ პროპაგანდისტები ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ მეორედ მოსვლა დადგა, მიშა ჩამოვა და ყველას მოეკითხება ცოდვების მიხედვით, ბოროტები დაისჯებიან, სიკეთე გაიმარჯვებს და ყველა ერთად ვიცხოვრებთ განათებულ ქვეყანაში.
და თუ რომელიმე თქვენგანს მისი ამ პირობის არ სწამს, მხოლოდ იმიტომ, რომ მიშას ეს პირობა ადრეც დაუდია, ეს თქვენი პრობლემაა. ყველაფრის დამახსოვრება ყოველთვის კარგი ტონი არ არის.
პროპაგანდის მიერ გაწერილ დღის წესრიგს თუ მივყვებით, მაშინ ყველაფერი უფრო მარტივი იქნება. მიშამ თქვა: ეს არჩევნები არის რეფერენდუმი და ის აუცილებლად ჩამოვა.
ჩვენ, ვინც პროპაგანდისტების დღის წესრიგში არ ვართ, გადავხედოთ მიშას დაპირებების სერიალებს.
დაბრუნების პირობა პირველად 2016 წელს დადო, თანაც იმდენად პრინციპული და მკაცრი ტონით, რომ მაშინ ვერტიკალიდან ოპოზიციაში გადასულ „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო აგიტატორები თითქმის ვერავინ გამოაცალა, თუმცა ყველა ნადირობდა - „ქართული ოცნებაც“ და დამოუკიდებელი მაჟორიტარებიც. მაგალითად, ამბობდნენ: მიშა ჩამოვა, ნაციონალები არჩევნებს მოიგებენ და დამსჯიან, წასვლას ღალატად ჩამითვლიანო...
მაშინ არ ჩამოვიდა, არჩევნებიც წააგეს და რწმენა რომ არ შერყეულიყო, პროპაგანდისტების გამომცხვარი გამამართლებელი არგუმენტიც მყისიერად გადაყლაპეს: რატომ უნდა ჩამოვიდეს, პუტინის ციხეში რატომ უნდა დაჯდესო.
ახლა მორიგი პირობა დადო. და აზრი ახლაც ორად გაიყო. ხელისუფლება და მისი მომხრეები მიიჩნევენ, რომ გამბედაობა არ ეყოფა, რომ ჩამოვიდეს, ამიტომაც 2021 წლის საარჩევნო მარათონის მთავარი ინტრიგა მიხეილ სააკაშვილი ვეღარ გახდება.
ნაციონალების გულმხურვალე მორწმუნეებს კი მისი მეორედ მოსვლის ისევ ღრმად სწამთ, შეიძლება კიდევ უფრო ღრმადაც, ვიდრე ოდესმე.
სააკაშვილი, როგორც ავტოკრატიის კლასიკური მაგალითი, ისევე ვერ იტანს კონკურენციას, როგორც, მაგალითად, ლუკაშენკო. ამიტომაც ის მუდმივად ზომავს, წონის და აკონტროლებს საკუთარ რეიტინგს, მდგომარეობასა და გავლენების საზღვრებს.
აქამდე ის ცდილობდა, მონოპოლია შეენარჩუნებინა როგორც საქართველოში ოპოზიციურ ფლანგზე, ისე კიევში.
თუმცა, სანამ ის თავად ჩამოვიდა საქართველოში ვერტიკალის დასაბრუნებლად, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი ჩავიდა უკრაინაში.
ჰოდა, ახლა პროპაგანდისტებმა მას ისევ მაშველი რგოლი უნდა გადაუგდონ. უნდა შეიტანონ კორექტივები ისეთ მრავალგზის ჭეშმარიტებად აღიარებულ ფრაზაში, როგორიც არის: ჩემი მეგობრის მტერი ჩემი მტერია. თუკი ვლადიმერ ზელენსკი ხელს ირაკლი ღარიბაშვილს ართმევს, მაშინ ვინ გამოდის სააკაშვილი?
საერთოდ, წინასაარჩევნოდ პრემიერის კიევური ვოიაჟი ძალიან საინტერესო იყო და არაერთ კითხვას აჩენს. ზელენსკი საქართველოში ხომ, სულ რაღაც, ერთი თვის წინ იყო. ღარიბაშვილს ოფიციალურად შეხვდა, ივანიშვილს - არაოფიციალურად.
ერთი თვის შემდეგ უკვე საქართველოს პრემიერი შეხვდება კიევში ზელენსკის ოფიციალურად, არაოფიციალურად კი - შარლ მიშელს.
წინასაარჩევნოდ მმართველი ძალა შარლ მიშელის შეთანხმებიდან გავიდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მას საერთოდ არ მოაწერა ხელი, თუმცა, 43% ჩამკეტით სარგებლობა კი უნდოდა. და მაშინ, რა გახდა ხელის არმოწერის მიზეზი? საქართველოდან გაქცეულ მესამე პრეზიდენტს თავისი მოთხოვნები ჰქონდა - მის წინააღმდეგ აღძრული ყველა საქმის დახურვა, მისთვის მოქალაქეობის მინიჭება და საქართველოში დაბრუნებისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნა. „ქართულმა ოცნებამ“ არცერთი ეს პირობა არ გაიზიარა.
საინტერესოა, იყო თუ არა რომელიმე მათგანზე საუბარი? სავარაუდოდ, სააკაშვილს გვერდს ვერ აუვლიდნენ. „ქართული ოცნება“ თუ წინასაარჩევნოდ საკუთარ ბრენდად სტაბილურობას ასახელებს და ამ ბრენდს ყიდის, ნაციონალები რევოლუციის იდეას ყიდიან. ეს კი არჩევნების მეორე დღეს ისევ არეულობას, ისევ აქციებს, ისევ არჩევნების არაღიარებას, ისევ ყველაში მტრის აგენტის ან მონის ძებნას ნიშნავს.
მისი ამოცანა არეულობა და კონტროლირებადი ქაოსის ვითარებაში დაბრუნებაა. ეს შეიძლება მოხდეს არჩევნებამდე არჩევნების ჩაშლის გზით ან მერე, შედეგების არ აღიარებით.
მაგრამ ჯერ საარჩევნო მარათონზე დიდი სიჩუმეა. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე თითქოს სიოც კი არ იძვრის. ასეთი სიჩუმე ბოლოს და პირველად 2012 წლის არჩევნებამდე ერთი თვით არა, მაგრამ ზუსტად ერთი წლით ადრე ნამდვილად იდგა.
რით ჰგავს ეს ორი სიჩუმე ერთმანეთს. პირველ რიგში, ოპოზიციის კატასტროფულად სუსტი პოზიციებით. მაშინაც, 2011 წელს, ოპოზიცია არა უბრალოდ დამარცხებული, თითქმის განადგურებული იყო, ახლაც თითქმის ასეა - არც რევოლუციური ტალღის აწევა შეუძლიათ და არც საარჩევნო რინგზე მოწინააღმდეგის მოგერიება.
მაშინ იყო მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდოდა. ეს მოლოდინი სხვათა შორის, წლები არსებობდა, თუმცა, თავად ივანიშვილი ამის შესახებ არასოდეს საუბრობდა.
მაშინ 2011 წელს სააკაშვილის გარემოცვა მიმტკიცებდა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში არ მოვიდოდა. მაშინდელი ვერტიკალის არგუმენტი ასეთი იყო: რა უნდა ამ ომში? არის თავისთვის, მშვიდად, არავინ აწუხებს, ფული აქვს და კომფორტულად გრძნობს თავს.
ზუსტად ერთ თვეში, 2011 წლის სექტემბერში, გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის წერილი, სადაც მან პოლიტიკაში თავისი შემოსვლა დააფიქსირა და ოპოზიციაც მაშინვე გაცოცხლდა, ვითარებაც მაშინვე დაიძაბა და საბოლოოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები წააგო.
ახლა მიშაზეც ასე ამბობენ: რა უნდა, ფული აქვს, კომფორტი უყვარს და არაფრის გამრისკველი ეგ აღარ არის. მორჩა!
აქ კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: შევადარე სიჩუმე და არა სააკაშვილისა და ივანიშვილის რესურსები, რომელიც, რა თქმა უნდა, დროსთან ერთად, ყოველთვის ცვალებადია.
შესაძლოა, თეორიული შანსიც კი არ არსებობს, რომ მიშამ ჩამოსვლა გაბედოს. ვარდების რევოლუციის დროსაც ხომ თავად ვერ გაბედა პირველმა პარლამენტის დარბაზში შესვლა - იქ ჯერ კიდევ პრეზიდენტი შევარდნაძე იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა ჯერ მიხეილ მაჭავარიანი და სხვები შეუშვა დარბაზში, შემდეგ კი, როცა სრულ უსაფრთხოებაში დარწმუნდა, თავადაც შეაბიჯა.
ახლაც უნდა დარწმუნდეს უსაფრთხოებაში.
ახლა, როცა დრო უყურებს და ისტორია წერს სააკაშვილმა, ბოლოს და ბოლოს, უნდა თქვას, ვინ არის. ეს მისი ბოლო ზარია პოლიტიკაში. სხვა შანსი აღარ ექნება. საკუთარი მიმდევრების რწმენაში დატოვება გაუჭირდება. პროპაგანდის საბჭოური შტამპები, რასაც ის უკვე დიდი ხანია იყენებს, უკვე ძალიან მოძველებული და გახუნებულია. ირგვლივ რომ ყველა მტერია, ეს ყველა რომ ბიძინას მონაა, ეს მონა, რომ თავის მხრივ პუტინის მონაა და მსოფლიოს დაღუპვით ემუქრებიან, უკვე ბოდვად ისმის.
მაგრამ ესეც არ არის ყველაფერი. სანამ მიშა რევოლუციისთვის იბრძვის, „ოცნება“ კი - სტაბილურობისთვის, გახარია ცდილობს, საკუთარი ბრენდი შექმნას. არა მარტო ჟესტიკულაციის დონეზე, ეს ბრენდი უკვე შექმნა, თვალის ჩაკვრა, მაგალითად, არამედ რეპლიკების დონეზეც - „წერტილი!“ ერთ-ერთი მისი საფირმო ნიშანია, მაგრამ ამით მან ელექტორატს თავი მხოლოდ დაამახსოვრა, სინამდვილეში კი უფრო მეტი სჭირდება.
საარჩევნო ხმების მისაღებად მხოლოდ ჟესტები და რეპლიკები საკმარისი არ არის. ჰოდა, სანამ ქოცები სტაბილურობას ყიდიან, ნაცები კი - რევოლუციას, გიორგი გახარიამ უნდა განსაზღვროს, სად იპოვოს საკუთარი სავაჭრო ნიშანი.
რამდენიმე ხნის წინ ჩემმა მეგობარმა საკუთარი დაკვირვება გამიზიარა. მითხრა, რომ ბატონი გიორგის პრობლემა მისი დამოკიდებულებაა საკუთარ თავთან.
ეს ის მდგომარეობაა, როცა სავარძელს კი შეელიე, მაგრამ სტატუსს ვერ ელევი და თავი ისევ პრემიერი გგონია. ბატონი გახარია ამით ორიგინალური სულაც არ არის, თუმცა, სხვების ისტორიებს ამჯერად არ შევყვებით.
უბრალოდ, დავაკვირდეთ მის ქცევებს და ვნახოთ, რას ნიშნავს სტატუსში დარჩენა.
ეს არის პროცესი, როდესაც ადამიანს თავისი ცხოვრების ერთი ნაწილი გაცნობიერებული აქვს, მეორე კი - არა. მაგალითად, ზუსტად იცის, რა უნდა აკეთოს პრემიერის პოსტზე, მაგრამ არ იცის, რა უნდა აკეთოს ოპოზიციაში. თითქოს რა დიდი ცოდნა ამას უნდა. ბოლოს და ბოლოს, გუბაზ სანიკიძეს ჰქვია პოლიტიკოსი, თანაც პროდასავლურ ბანაკში; იმან თუ შეძლო, გახარიამ უფრო მეტი უნდა შეძლოს.
მაგრამ რაც შეუძლია იგივე გუბაზ სანიკიძეს ოპოზიციაში - ყვირილი და ისტერია - ვერტიკალისთვის სრულიად გამოუსადეგარია. მაგალითი ბევრია, ამჯერად აღარ შევყვებით.
გახარიას მივუბრუნდეთ. არის შემთხვევები, როცა ადამიანი როლიდან ვერ გამოდის. ალბათ, ასე ხდება, როცა პარლამენტის თავმჯდომარის, პრეზიდენტის ან პრემიერის როლს ყოველგვარი კასტინგის გარეშე გაძლევენ. ჯერ კიდევ გუშინ არავინ გიცნობდა და არაფერი იყავი, დღეს კი შენს წინაშე ყველა კარი იღება, ყველა შენზე ლაპარაკობს. იჯერებ, რომ ყველაფერს საკუთარი უნარების წყალობით მიაღწიე, იმიტომ რომ ღირსი იყავი და უფროსობა შენი მისიაა.
მეცნიერულ ენაზე ამ მდგომარეობას როლში გაჭედვა ჰქვია. სიმპტომებიც დადგენილია. გიორგი გახარიას შემთხვევაში ეს ორი ძირითადი სიმპტომია: ერთი, რომ მას ოპოზიციაშიც უნდა, უფროსი იყოს და მეორე, მის გუნდში მხოლოდ ის ადამიანები არიან, ვინც მის უფროსობას აღიარებს, დანარჩენებისთვის მისი პოლიტსაბჭოს კარი დახურულია. რა თქმა უნდა, მათი სახელების ჩამოთვლაც შეგვიძლია. მაგალითად, ქალბატონი მეზვრიშვილი, ბატონი ქემოკლიძე, დეპუტატი ხოჯევანიშვილი, გუბერნატორი (უკვე ყოფილი) მოწერელია. მოკლედ, ყველა მათგანი ადრე ვერტიკალზე ბრუნავდა მის გარშემო, ახლა ოპოზიციაში ბრუნავს. თუმცა, განცდა, რომ იცავენ პრემიერს, არ დაუკარგავთ - უფროსობის უფლებასაც აძლევენ და ყურადღებითაც უსმენენ. მისი სიტყვა კანონია.
ასე რომ, გახარია დიდ გაუგებრობაშია, უფრო ზუსტად ჩვენ ვართ გაუგებრობაში და არ ვიცით, რა როლი აქვს მას ოპოზიციაში ან პოლიტიკაში. მით უფრო, რომ მიშას მსგავსად, მისთვისაც პოლიტიკაში ბოლო ზარია! ან ახლა შეძლებს დაფიქსირებას პოლიტიკურ ველზე, ან საერთოდაც გაქრება. ჩვენთვის გაქრება, თორემ გარემოცვისთვის ისევ ის თვალპაჭუნა პრემიერი გახარია იქნება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |