სტატიები
„სიკვდილი ამერიკას“ - შიიტები შურისძიებისთვის ემზადებიან და მოკლულ გენერალს გლოვობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
988 05 იანვარი 2020, 00:47
ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება ამერიკის პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც 27 დეკემბერს ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზარზე მოხდა თავდასხმა, ითვლება, რომ ეს თავდასხმა ირანის მხარდაჭერით განხორციელდა. Bloomberg სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სწორედ ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა სოლეიმანის მოკვლის გადაწყვეტილება მალევე მიიღო და ამის შესახებ მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საკუთარ მრჩევლებს ესაუბრა. მათ უნდა შეემუშავებინათ გენერლის ლიკვიდაციის გეგმა. 

ამ ოპერაციის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა და გეგმას გრიფით საიდუმლო ედო. მას არ იცნობდნენ არც კონგრესში. Bloomberg ცნობით, კონგრესს ინფორმაცია უსაფრთხოების მიზნით არ შეატყობინეს. სენატში ოპერაციის შესახებ მხოლოდ ლინდსი გრემმა იცოდა, აშშ-ს უსაფრთხოების სამსახურმაც მომხდარის შესახებ უკვე პოსტფაქტუმ გაიგო. 


სანამ თავდასხმა მზადდებოდა ტრამპი ცდილობდა საშობაო არდადეგების შესაბამისად ემოქმედა, ამიტომაც, ყოველ დღე საკუთარი რეზიდენციის გოლფის მოედანზე ჩნდებოდა. დაცვა იქ გაძლიერებული იყო. 

ამ დროს კი ამერიკის და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები სოლეიმანის გადაადგილებას ადევნებდნენ თვალს. ვარაუდობენ რომ ბაღდადში ის ლიბიიდან ან სირიიდან ჩავიდა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სამხედრო დაზვერვა უშუალოდ მას არ უთვალთვალებდა, თუმცა, როგორც კი, გაჩნდა ინფორმაცია მისი ბაღდადის აეროპორტში გამოჩენის, ამერიკის საჰაერო ძალებმა მასზე იერიში მიიტანეს. 

ირანმა დაიფიცა რომ გავლენიანი გენერლის სისხლს ვაშინგტონს არ შეარჩენს. 


ირანში, შიიტების წმინდა ქალაქ ყუმში მდებარე მეჩეთზე წითელი დროშა აღმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული „სანი“ ავრცელებს. ვიდეოპორტალ „იუთუბზე“ წითელი დროშის აღმართვის ვიდეო ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის დღეს არის ატვირთული.

წითელ დროშას სიმბოლური დატვირთვა აქვს და ეს აღნიშნავს, რომ „ირანი მზადაა შურისძიებისთვის“.

კიდევ ერთი ბრიტანული გამოცემა „მირორი“ წერს, რომ ირანმა უკვე განსაზღვრა ახალო აღმოსავლეთში განლაგებული 35 სამიზნე, რომელზეც იერიშის მისატანად მზადაა.


ამ ინფორმაციას ადასტურებს ირანული მედიაც, რომელთან საუბარშიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანმა გენერალმა განაცხადა, რომ „ირანს ეს სამიზნეები უკვე დიდი ხანია, განსაზღვრული აქვს“. მას ეს სამიზნეები არ ჩამოუთვლია, თუმცა, მან ახსენა ორმუზის სრუტეში მცურავი ამერიკული გემები და ასევე თელ-ავივიც.

თეირანში არაერთხელ განაცხადეს, რომ „აშშ-ის მიერ მაღალჩინოსანი ირანელი გენერლის ლიკვიდაციის გამო, ირანი ამერიკელებზე შურს იძიებს“.

ირანელი გავლენიანი გენერალი ყასემ სოლეიმანი სამ იანვარს ბაღდადის აეროპორტში მოკლეს.


 მოკლულ გენერალს სამშაბათს დაასაფლავებენ. 

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ ყასემ სოლეიმანის ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ „ამერიკელები ჩადენილი დანაშაულისთვის დაისჯებიან“.

მაღალჩინოსანი ირანელი გენერლის გარდა, დღესვე ერაყში უკანასკნელ გზაზე გააცილეს ყასემ სოლეიმანთან ერთად მოკლული ოთხი ადამიანი, მათ შორის ერაყელი შიიტების დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი.


აღსანიშნავია, რომ ირანელი გენერლის ცხედარი ამერიკული ავტომობილით „შევროლეთი“ გადაასვენეს, რამაც ირანის სოციალურ ქსელებში უკმაყოფილება გამოიწვია.

ყასემ სოლეიმანს ირანში ეროვნული გმირის წოდება აქვს. მასთან გამომშვიდობების ცერემონიალი მასშტაბური იქნება და სამშაბათამდე გაგრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი