1927
05 აგვისტო 2021, 14:37
ნატო კორსანტია
მრავალმხრივ გამორჩეული მუსიკოსის (კომპოზიტორი, დირიჟორი, შემსრულებელი) ზვიად ბოლქვაძის ნაწარმოებებსა თუ კომპოზიციებში, ყველაფერი ისეა, როგორც ცხოვრებაში: „თეთრი ქარები ქრიან“, „ჭკნება ვარდები რგული“, „წვიმა მოდის“, „ითოვლება მთა-ბარი“, „გაჰქრა იგი ბავშვობა“, „ვიტანჯებით ტრფობის ცეცხლით“, „გვიბრიყვებს სევდა“... ამასობაში კი „ტიალი წუთისოფელი მიდის, მიდის და მიდისა“...
ლექსები, საიდანაც ეს სტრიქონებია და სხვა ლექსებიც, რომლებიც ზვიად ბოლქვაძეს მუსიკად გარდაუქმნია, უმეტესად ქართული პოეზიის შედევრებია.
ეს მისი მუსიკალური ხელწერაა და პოეზიისადმი დიდი სიყვარულის დასტური. მის შემოქმედებაში სიტყვა და მუსიკა ერთმანეთს ავსებს, მაგიურ სინთეზს ქმნის და აჯადოებს მსმენელს.
არსებობს გამოთქმა „მუსიკალური პოეზია“ და თუ მსგავსად ამისა, ითქმის „პოეტური მუსიკაც“, მაშინ ასე სწორედ ზვიად ბოლქვაძის ნაწარმოებებს შეიძლება ვუწოდოთ.
_ ბატონო ზვიად, რა განაპირობებს სიტყვისა და მუსიკის ასეთ მთლიანობას თქვენს შემოქმედებაში? ლექსი შთაგაგონებთ მუსიკას თუ პირიქით, მუსიკისთვის არჩევთ ლექსს?
_ზოგადად სიტყვას გააჩნია თავისი მუსიკა, ხმოვანება, ინტონაცია, რხევა, შეგრძნება... რაც ჩემთვის, როგორც მუსიკოსის, როგორც შემსრულებლისა და ავტორისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ უნდა ვიგრძნო ლექსი თავიდან ბოლომდე და გავითავისო მისეული განწყობა, რომელიც უნდა ჰგავდეს ჩემსას და ის სამყარო, სადაც პოეტმა იმოგზაურა, ახლობელი უნდა იყოს ჩემთვისაც. სხვანაირად ალბათ ვერ ვიქნებოდი მუსიკალურად ასეთი გულახდილი.
წაიკითხავ ლექსს და პირველი მუსიკალური ემოცია, იდეა მაშინვე იბადება. ეს პირველი ჩონჩხი-ჩანახატია. მთავარია, მერე მასზე როგორ და რა მასალებით ააშენებ. თუმცა ეს შენზე არ არის დამოკიდებული, ამაზე რაღაც დიდი ძალა მუშაობს და მსგავსი სინთეზიც ამ ძალების წყალობით დგება.
ჩვენი დიდებული პოეტების ლექსები ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ჩემი სათქმელი ამ ლექსებში სიტყვებით ძალიან კარგად არის ხოლმე ახსნილი და როცა მას მუსიკაც ერთვის და ბგერაც, ვფიქრობ, რომ ეს ამა თუ იმ ლექსსაც სულ სხვა სრულყოფილებას სძენს. ლექსში, სიტყვაში, ფრაზაში უამრავი ქვეტექსტია, რასაც ბოლომდე ვერ გადმოსცემ, ხოლო მუსიკა გაძლევს შესაძლებლობას ამ სიტყვებს იქით იმოგზაურო.
_ საგანგებოდ მოვიძიე და წავიკითხე თქვენი სიმღერების ტექსტები - ჩვენი დიდი პოეტების ლექსები და სათქმელის მიხედვით ცალ-ცალკე დავალაგე: ვაჟას ლექსზე „წუთისოფელი“ თქვენ შექმენით საგუნდო ნაწარმოები და ლექსად ნათქვამი სევდიანი სინამდვილე -„ტიალი წუთისოფელი მიდის, მიდის და მიდისა“... კიდევ უფრო სევდიანად ამოთქვით სიმღერად...
ეს სულისკვეთება გააღრმავა თქვენმა სიმღერამ ვაჟას მეორე ლექსზე „ერთხელმც იქნება მოვკვდები“... რომელსაც საოცარი ტრაგიზმით ასრულებთ აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელასთან ერთად, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც ხართ. ისეთი ძლიერი ზემოქმედების ძალა აქვს ამ სიმღერას, რომ მისი პირველად მოსმენისას დაძაბული ვცდილობდი გამერჩია, რა სიტყვები, რა სათქმელი იმღერებოდა ასეთი ტრაგიზმით. ეს იმ განცდას ჰგავდა, როცა სადღაც ძალიან მაღლა ადიხარ და მერე იქიდან ჩამოსვლა გიჭირს. თქვენ სად ხართ ამ დროს და რა ჰქვია ამ მდგომარეობას?
_ ამ მდგომარეობას სინანული ჰქვია, სინანული კი სხვადასხვანაირია. ბუმბერაზ ვაჟაზე ამ კონტექსტში საუბარი, ჩემთვის ცხადია, დიდი პატივია. თუმცა ის ჩემთვის და ჩემი სამყაროსთვის ძალიან ახლობელია. ამ გადასახედიდან თითქოს ვხედავ კიდეც მის დამოკიდებულებას ჩვენს ყოველდღიურობასთან, მთელ მსოფლიოსთან, კაცობრიობასთან, მისთვის მტკივნეულ, სინამდვილეში მარადიულ ამქვეყნიურ პრობლემებთან, სიკეთისა და ბოროტების დაუსრულებელ ჭიდილს, რაც სამყაროს შექმნიდან მოგვდევს; რთული ამქვეყნიური ყოფა, ურთიერთობები, მიუტევებლობა, სიცრუე, სიყალბე, ჩვენი ქვეყნის ტკივილიანი ბედი - ეს ყველაფერი საოცრად აქვს გადმოცემული, მთელ სამყაროს ელაპარაკება ამაზე და თან მთელ სამყაროს ალაპარაკებს. ასე რომ ვაჟა-ფშაველა და მისი საოცარი უნარები ჩემთვის ჯერ კიდევ შესწავლის საგანია.
ყველას შეუძლია აამღეროს სიტყვა, მაგრამ ყველა სხვადასხვანაირად აამღერებს. მთავარია, მივაღწიოთ იმ ხარისხს, რაც აუცილებელია მაღალი გრძნობების გადმოსაცემად
_ და გზადაგზა, მისი ნაწარმოებების შესრულების დროსაც ხომ არ აღმოაჩენთ რაღაც სიახლეებს?
_ მქონდა ბედნიერება და ჩემი ბავშვობა გარკვეულწილ მთას დაუკავშირდა. ამდენად სისხლის ყივილი ვაჟასთან მიახლოებისა იქიდანაც მომყვება. თუმცა დიდი ხნის განმავლობაში მასთან მისვლას ვერ ვბედავდი, რადგან ვაჟას სიტყვასა და კილოსთან შეხება თანამედროვე სინამდვილეში ძალიან რთული და საფრთხილოა. ძალიან ბევრი ფიქრის შედეგად შევეცადე მისი კილოკავები და სამყაროსადმი დამოკიდებულება ჩვენი თანადროულობისთვის მიმესადაგებინა და მისი სათქმელი გამომეხატა საგუნდო ჟღერადობაში, სადაც უამრავი ფერი და უამრავი ემოციური მუხტია. არ ვიცი, ის როგორ იტყოდა დღეს ამას, მაგრამ მე ჩემებურად ვცადე.
ამ დროს უამრავი რამ შეიძლება გამომრჩეს. მაგალითად, სულაც ოთხი-ხუთი წლის შემდეგ დავინახო ის, რაც მანამდე ვერ შევამჩნიე მის პოეზიაში ან სხვანაირად ამომიტივტივდეს გონებაში, ჩემი სულიერი მდგომარეობის შესატყვისად. იგივე ხდება გალაკტიონთანაც.
_ ცნობილია, რომ გალაკტიონის პოეზია, მისი ზოგიერთი ლექსი გამორჩეულად მუსიკალურია. თავად გალაკტიონი, რომელსაც მუსიკა პოეზიის უმაღლეს გამოვლინებად მიაჩნდა, წერდა: „განსაკუთრებით ლექსის წერის დროს ვარ სიმღერის ხასიათზე, ლექსს ჯერ გონებაში გავმართავ მუსიკალურად, ჩემთვის დავამღერებ კიდეც და შემდეგ გადამაქვს ქაღალდზე; თუ ქაღალდზე გადატანის შემდეგ არ მომეწონა ლექსის მუსიკა, მაშინ მას კვლავ ვუბრუნდები“. გალაკტიონის ლექსებზე თქვენ რამდენიმე სიმღერა გაქვთ შექმნილი და საინტერესოა, „მუსიკალური ლექსების“ ამღერება უფრო ადვილია თუ პირიქით? მუსიკალური ლექსის უშუალოდ მუსიკად ქცევის თავისებურებაზე რას იტყვით? შეიძლება ამ ფენომენს „ორმაგი მუსიკალურობის“ ჯადოქრობა ვუწოდოთ?
_ ყველას შეუძლია აამღეროს სიტყვა, მაგრამ ყველა სხვადასხვანაირად აამღერებს. მთავარია, მივაღწიოთ იმ ხარისხს, რაც აუცილებელია მაღალი გრძნობების გადმოსაცემად. მაგალითისთვის მოვიხმოთ სიმღერა „ამოდუღდი“...გრძნობების ამგვარი „ამოდუღებისა თუ ამოღვარებისთვის“ („ამოდუღდი, სიმღერავ, ამოღვარდით გრძნობებო“... - წაიმღერებს - ნ.კ.) ერთგვარი ნახტომი, ვოკალური დაძაბულობა და კიდევ ბევრი სხვა რამ დამჭირდა. გარკვეული დროის შემდეგ, შეიძლება, ეს მე ვთქვა სულ სხვანაირად (ახლა უფრო დაბალ რეგისტრში წაიმღერებს იგივე ფრაზას - ნ.კ.)... ორივე შემთხვევაში მთავარია პოეტის სამყაროსთან კავშირი იგრძნობოდეს.
_ იმდენად ძლიერი მუხტი მოაქვს ამ სიმღერას, რომ არა მხოლოდ კომპოზიტორსა და შემსრულებელში, არამედ მსმენელშიც „დუღილის ძალიან მაღალ ტემპერატურას“ იწვევს... აქ თითქმის ყველაზე მძაფრად გრძნობ სიტყვისა და მუსიკის თანაბარ სიძლიერეს და მაინც ის, რაც ამ დროს ხდება, სიტყვებით გადმოიცემა?
_ მადლობა ღმერთს, რომ ადამიანებს გვაქვს გამოთქმა: „სიტყვები ზედმეტია“, „თვალებით გვესმის ერთმანეთის“... აი ამ უხილავ, უთქმელ კავშირს ქმნის მუსიკა, რაც გაძლევს იმის საშუალებას, რომ ფრთები გაშალო და იფრინო.
ბოლო დროს ხშირად ვიმეორებ: მუსიკა, განსაკუთრებით ხმა - ადამიანის ინსტრუმენტი - ყველაზე მეტად ჰგავს ღმერთს, რომელიც არ ჩანს და ყველაზე მაღალი ფასეულობაა ამ სამყაროში. ეს ღვთის ხმაა, ჩემთვის ასეა, რადგან სხვა არაფერი აღმიძრავს ასეთ შეგრძნებებს.
ადამიანებს გვაქვს გამოთქმა: „სიტყვები ზედმეტია“, „თვალებით გვესმის ერთმანეთის“... აი ამ უხილავ, უთქმელ კავშირს ქმნის მუსიკა
_ ეს „ღვთის ხმა“ კი ზოგამდე აღწევს, ზოგამდე ვერა.
_ სამწუხაროდ, ასეა! რომ აღწევდეს, მაშინ ამდენი ბოროტება, სიყალბე, ვერაგობა არ იქნებოდა, ასე არ გავწირავდით ერთმანეთს; მაშინ უფრო მეტად დამთმობნი, მიმტევებელნი გავხდებოდით. უფრო მეტ სიკეთეს გავაკეთებდით. წარმოიდგინეთ, რა ლამაზი იქნებოდა ცხოვრება.
_ მაშინ უფრო მხიარულ სიმღერებს იმღერებდით?
_ რა თქმა უნდა, ოღონდ მხიარულს კი არა, ნათელს, სინათლით სავსეს... თუმცა ერთი სევდა ყოველთვის ექნებოდა ადამიანს, ვიბადებით და მერე სადღაც მივდივართ. ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ამიტომაც მას ბევრი კითხვა მოსდევს.
_ თქვენს შემოქმედებაში „ქარების“ მთელი სამყაროა: „არიან“ გალაკტიონის „ქნარივით მოქანავე ქარები“ („ქარი ქანაობს ქნარად, არ გამრთელდება გული“), ანასეული „გულგრილი ქარები“ („ო, რა გულგრილად ქროდნენ ქარები“) და ისევ გალაკტიონისეული ბობოქარი „თეთრი ქარები“ („დადგა თეთრი ქარები, დაითოვა მთა-ბარი, ქარის გამოძახილი ისმის, როგორც ზღაპარი“...) შეგიძლიათ გვითხრათ, რა ხდება და რატომ ხდება ასე?
_ გალაკტიონის სამყაროში მართლაც სულ ქარია. ემოციებს, ტკივილს ის ქარით გამოხატავს. ქარს ტკივილი მოაქვს, სულში შემოდის და გიფორიაქებს, ჩემთვისაც ასეა.
_ „დადგა თეთრი ქარები“ - ამ სიმღერას თქვენთან ერთად საოცარი ემოციითა და ტკივილით ასრულებს აფხაზეთის საგუნდო კაპელა.
ეს მართლაც სასწაულია! არც გახსენდება ოდესმე სიმღერას მოეტანოს ქარის ესოდენ მძაფრი და რეალისტური შეგრძნება, მისთვის დამახასიათებელი ათასი აუხსნელი და იდუმალი ხმა - სისინი, შიშინი, წივილი, კივილი... რა ვიცი, რა აღარ. თითქოს დარბაზში იდუმალი ხმებით სავსე ქარი ჩამოსახლებულა...
მისი მოსმენისას თავისთავად გამიჩნდა რეზო ჭეიშვილის რომანთან „მუსიკა ქარში“ პარალელის გავლების სურვილი. ამ რომანში ქარს მოაქვს ბუნებაში ჩაქსოვილი ათასგვარი ხმის მუსიკა. ერთხელ ბატონ რეზოს ინტერვიუში ვკითხე კიდეც: რას ნიშნავს „ქარებისადმი ასეთი ერთგულება“- მეთქი, რაზეც მიპასუხა: „ეს ალბათ იმიტომ, რომ ქარებიც არსად მიდიან, ისინიც რჩებიან ან ბრუნდებიანო“...
თქვენც იგივეს გკითხავთ: რას ნიშნავს ქარებისადმი ასეთი ერთგულება?
_ ქარი უბრალოდ ჩვენს ემოციებს გამოხატავს. ვინც საკუთარ თავს ეძებს, ის ქარს ემსგავსება, ისიც მარტოსულია, მიტოვებულია ქარივით და აქეთ-იქით ეხეთქება, ბორგავს.
_ და „თეთრი ქარები“ როდის ქრიან?
_ „თეთრი ქარების“ დრო მაშინ დგება, როცა „არც შენა ხარ ცოცხალი, არც სხვა „გეიმედება“... ეს რაღაც უიმედობის, ძალიან დიდი სინანულის ჟამია.
ვინც საკუთარ თავს ეძებს, ის ქარს ემსგავსება, ისიც მარტოსულია, მიტოვებულია ქარივით და აქეთ-იქით ეხეთქება, ბორგავს
_ ფიქრიანი შეკითხვები გამომივიდა თითქოს, მაგრამ ეს თქვენი და თქვენი სიმღერების ბრალია..
_ ჩემი არა, გალაკტიონის ბრალია ყველაფერი.
_ კეთილი. თუმცა როგორც თქვენი ნაწარმოებებიდან ჩანს, კიდევ ბევრი ვინმეა „ბრალში“.
_ ძალიან მიყვარს ანა კალანდაძე, ოთარ ჭილაძე, მუხრან მაჭავარიანი, ლადო ასათიანი, ვახტანგ ღლონტი, ზურაბ გორგილაძე და სხვ. ჩვენ ხელოვანებს მათთან ერთად ერთი მისია გვაკისრია, როგორ მივიყვანოთ ადამიანები ტაძრამდე.
_ ლადო ასათიანის ლექსზე „კრწანისის ყაყაჩოები“ დაწერილ თქვენს შთამბეჭდავ მუსიკას სიტყვებით როგორ გაგვიზიარებდით?..
_ ძალიან განვიცდი ლადო ასათიანის ამ ლექსის ყოველ სტრიქონს და გადავწყვიტე, მუსიკალურად გადმომეცა ეს ყველაფერი, მათ შორის ძალიან მძიმე შეგრძნებები, რაც ამ საზარელ სურათს ასახავს: ბრძოლის ველი, სადაც უზარმაზარი ტკივილი და საშინელი სანახაობაა; სადაც ამავე დროს უზარმაზარი ვაჟკაცური სული, სამშობლოსადმი სიყვარული ტრიალებს. ნაწარმოების შუა ნაწილში კიდევ ამ გმირების ცხოვრებაა ასახული, ის სევდა, თუ როგორი დიდი ბედნიერებაა სიცოცხლე... ბოლოში არის დედის და შვილის სახეები და აქ გალაკტიონის ლექსი მოვიშველიე: „არ გამრთელდება გული, წყნარად, წარსულო, წყნარად“...
_ კომპოზიტორი, დირიჟორი და შემსრულებელი, როგორ ერთიანდებიან ან ემიჯნებიან ეს როლები თქვენში ერთმანეთს?
_ კომპოზიტორი და დირიჟორი ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან: დირიჟორი უამრავ ნოტსა და ბგერას, მუსიკალურ ინსტრუმენტს, ხმას თავს უყრის და მეტ-ნაკლებად ალაგებს ისე, როგორც ამას კომპოზიტორი ისურვებდა. ერთი სიტყვით, ძალიან რთული პროფესიაა, უნდა შეგეძლოს იყო ჯადოქარი, შეაღწიო კომპოზიტორის სულში, მერე თითოეული იმ ადამიანის სულში, ვინც წინ გიზის და მათგან შეკრა ჰარმონია. წარმოვიდგინოთ, რომ ეს ყველაფერი არის ფერები, შენ ხარ მხატვარი და უნდა დახატო.
_ ფერები მუსიკაში... ცოტა უფრო მეტს ხომ არ გვეტყოდით ამ მაგიურ ფენომენზე?
_ ფერები არის სამყარო, დედამიწა, ცა და კიდევ ის, რაც ცის იქით გვინდა დავინახოთ. წარმოსახვითი ფერები, ბგერები, მისტიკა, იდუმალება, ღმერთი... თუ ეს ყველაფერი ვერ იგრძენი, ვერც მუსიკას დაინახავ და იგრძნობ და ვერც სიტყვას.
_ მგვარი ხედვების გამოცაა ალბათ, რომ თქვენ ძალიან ბობოქარ მუსიკას ქმნით.
_ ექსპრესიულს ალბათ.
_ თუმცა საოცარი „შინაგანი დუღილი“ გარეგნულად არც გეტყობათ, მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ.
_ გენეტიკას და აღზრდას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დედისგან მერგო სიმშვიდე, მამისგან - უზარმაზარი ენერგია.
_ თქვენი შემოქმედების უფრო ახლოს გაცნობის შემდეგ ასეთი აზრი გამიჩნდა, რომ ის ქმნის რაღაც მთლიანის განცდას. თქვენი ყოველი მომდევნო ნაწარმოები კი ამ მთლიანობას რაღაცას ამატებს. ამას ალბათ მუსიკისა და პოეზიის, სიტყვისა და ბგერის თანაბარი სიძლიერე განაპირობებს. თქვენი აზრით, რა ქმნის ამ მთლიანობას?
_ სიცარიელე ქმნის ამ მთლიანობას
_ სიცარიელე? როგორ გავიგოთ, სამყაროში თუ ადამიანებში არსებული სიცარიელე?
_ ალბათ, უფრო საკუთარ თავში არსებული სიცარიელე.
_ მაშინ სისავსე რა არის?
_ სწორედ ამის გაგებას ვცდილობ.
_ უცნაურია... ისე, ეთანხმებით აზრს, რომ თქვენი შემოქმედება ერთი მთლიანია?
_ ამაზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს. ჩემს შემოქმედებას ერთ მთლიანს ვერ დავარქმევ. ჯერ კიდევ ძიებაში ვარ, ძალიან ფრთხილად მივდივარ წინ, შეიძლება ვერც მივიდე იქამდე. მაგრამ თუ დამცალდა, ძალიან დიდი სიფრთხილით, ნელ-ნელა მინდა ძალიან დიდ ტილოებს შევეხო, რისთვისაც უზარმაზარი ენერგია მჭირდება. მე კი სამწუხაროდ, ჯერჯერობით ენერგიების გაცემა მიწევს, გაცემის პერიოდი მაქვს. მერე ალბათ უნდა გავჩერდე, დავფიქრდე და ისევ თავიდან დავიწყო გაცემა... ცხადია, მუსიკალური...
ღმერთმა ადამიანში თავად ჩადგა ეს ინსტრუმენტი, უნდოდა, რომ ჩვენშიც ყოფილიყო მუსიკა, რადგან მთელი სამყაროც - წყალი, წვიმა, ქარი - მუსიკალურია...
_ ბატონო ზვიად, ჩვენი ინტერვიუს მთავარ თემად შეგნებულად ავირჩიე სიტყვა და მუსიკა, მაგრამ თქვენი შემოქმედება არ არსებობს აკადემიური მუსიკის გარეშეც.
_ ჩემი მუსიკა მაინც ყოველთვის სიტყვასთან იქნება დაკავშირებული
_ „პირველად იყო სიტყვა“ - ყველამ ვიცით, მაგრამ მერამდენე იყო მუსიკა, იცის ვინმემ?
_ მუსიკა ადამიანის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. გულის, ფილტვისა და სხვა ორგანოების მსგავსად, გვაქვს ხმა. ალბათ მაშინაც კი, როცა ადამიანებს მეტყველება არ შეეძლოთ, ჟესტიკულაციით, რაღაც ხმებით, მაგალითად, - მმმმ... - აგებინებდნენ ერთმანეთს თავიანთ სურვილებს და ამაშიც მუსიკა იყო. ყელში ინსტრუმენტი გვაქვს ჩადგმული - ხმა, გვაქვს სიმები, იოგები, რომელიც ჰაერისაგან ირხევა და წარმოიქმნება ბგერა. ასე რომ, ღმერთმა ადამიანში თავად ჩადგა ეს ინსტრუმენტი, უნდოდა, რომ ჩვენშიც ყოფილიყო მუსიკა, რადგან მთელი სამყაროც - წყალი, წვიმა, ქარი - მუსიკალურია...
ბგერების თანმიმდევრობასთან ურთიერთობით დავიწყეთ, ვნახეთ, რომ ამ ბგერების თანმიმდევრობამ ემოციურად სხვაგან წაგვიყვანა, მერე კიდევ სხვაგან, მერე აგრესია გამოვხატეთ, სიძულვილი ან სიყვარული, სიხარული ან ტკივილი, სიმშვიდე ან აღტაცება, ბოლოს ვიტირეთ და იმაშიც თავისებური მუსიკა იყო...
როგორც წყლისა და საკვების გარეშე, ისე ამის გარეშე ვერ გადავრჩებოდით. როგორც წყალი და საკვები იყო აუცილებელი ჩვენი ორგანიზმისთვის, ისე ჩვენი სულისთვის აუცილებელი იყო ბგერა, მუსიკა, რაც ადამიანში აწესრიგებს ყველაფერს და შინაგანად ქმნის ისეთს, კეთილსა და კაცთმოყვარეს, როგორიც ღმერთს უნდოდა ის ყოფილიყო.
_ ბოლოს ერთიც მინდა გკითხოთ: აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელის მიერ თქვენთან ერთად შესრულებულ სიმღერებს უდიდესი ტრაგიზმი და საკაცობრიო ტკივილი მოაქვს მსმენელამდე, რაც თითქოს ლოგიკურია: ის თვითონ არის ტრაგიკული ბედის კუთხის - აფხაზეთის - სახელის მატარებელი.
ჩვენნაირი ბედისწერის ქვეყანაში დაბადებული ადამიანი შეუძლებელია არ ატარებდეს ძალიან დიდ ისტორიულ ტკივილს
_ ამგვარი განცდა, ემოცია, ტკივილი, ჩემს ნაწარმოებებში მუდმივად იყო, მე სხვანაირი ჩემი თავი არ მახსოვს. იქიდან მოყოლებული, როცა დედას ხელჩაკიდებული დავყავდი, მე ასეთი მუსიკალური შეგრძნებები მქონდა.
_ და აფხაზეთიც დაემატა?
_ არა, მთელი ჩვენი ტრაგიკული წარსული და მომავალი. ჩვენნაირი ბედისწერის ქვეყანაში დაბადებული ადამიანი შეუძლებელია არ ატარებდეს ძალიან დიდ ისტორიულ ტკივილს, თან არ სდევდეს მისი ბედი და უბედობა. ამასთანავე ჩემში რა ძალითაც არის ტრაგიკული განწყობა, ისეთივე ძალით არის ოპტიმისტური რწმენაც და გამარჯვებისკენ სწრაფვაც.
P.S. ზვიად ბოლქვაძის ნაწარმოებების უფრო „ოპტიმისტურ განწყობასა“ და „გამარჯვებისკენ მსწრაფ“ სულისკვეთებაზე საუბარს იმედია, სხვა დროს გავაგრძელებთ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |