სტატიები
ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვება: სომეხმა ერმა აირჩია მომავალი, წარსულის ნაცვლად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1130 21 ივნისი 2021, 12:26


დათო გამცემლიძე,
ჟურნალისტი, ისტორიკოსი

სომხეთის საარჩევნო კომისიის ჯერ საბოლოოდ დაუზუსტებელი მონაცემებით, კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია "სამოქალაქო ხელშეკრულება" დამაჯერებლად ლიდერობს ხმათა 53,9% პროცენტით.

მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტისა და ყარაბაღის პირველი ომის მთავარი "გმირის" რობერტ კოჩარიანის ბლოკი "სომეხთი" (20,89%); მესამეზე - იმ წარსული ომის კიდევ ერთი "გმირის", ასევე ექსპრეზიდენტ სერჟ სრგსიანის "ღირსება" (5,25%). სხვა პარტიები 5%-იან საარჩევნო ბარიერს ვეღარ გადალახავენ, ანუ შეიძლება ითქვას, ფაშინიანის პოლიტიკურმა ძალამ, დღევანდელ ვითარებაში საოცარი, ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. 

"სამოქალაქო ხელშეკრულებას" დაემატება იმ პარტიათა ხმები და მანდატები, ვინც ვერ გადალახა 5% ბარიერი (ბლოკებისთვის ეს ბარიერი 7%-ია), მაშასადამე სრგსიანის ბლოკიც საბოლოოდ, შესაძლოა, ვეღარ მოხვდეს პარლამენტში პარტიული სიებით. ანუ,  ფაშინიანს საკანონმდებლო ორგანოში აბსოლუტური უმრევლესობა ექნება. ფორმალურად ეს არ არის საკმარისი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისათვის, რაკი საამისოდ გამარჯვებულს მინიმუმ 54% უნდა მოეპოვებინა.  თუმცა ძალზე საეჭვოა (ყოველ შემთხვევაში, სამოქალაქო ომის სერიოზული რისკის გარეშე), რომ სხვა პარტიებმა მოახერხონ შეთანხმება და საპარლამენტო უმრავლესობის (ფაშინიანის პარტიის) გარეშე შექმნან მთავრობა მაშინ, როდესაც სრულიად ცხადია: ყარაბაღის მეორე ომში სასტიკი მარცხის მიუხედავად, სომეხთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ სწორედ ნიკოლ ფაშინიანს დაუჭირა მხარი და არა მის ორ მთავარ მოწინაარმდეგეს, კოჩარიანსა და სრგსიანს, რომლებიც  ყარაბაღის პირველ ომში გამარჯვებას განასახიერებენ.
                                                
                                            . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

როგორი ტრიუმფალურიც უნდა ყოფილიყო (ნამდვილად იყო)  გამარჯვება, რაც სომხეთმა 1988-1994 წლებში მოიპოვა, სომეხთა უმრავლესობას დღეს აღმოაჩნდა საოცარი შეგნება მიმხვდარიყო: ის მაინც წარსულია! არ შეიძლება მუდმივად წარსულით ცხოვრება; აუცილებელია მომავლისკენ გახედვა, განვითარების ახალი გზების ძიება; წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა კარგავდა განვითარების ყოველგვარ პერსპექტივას და ინარჩუნებდა მხოლოდ რუსეთის რეგიონული "ფორპოსტის" ფუნქციას, რომელსაც არანირი პროგრესული შინაარსი არ გააჩნია.

მეორეს მხრივ, რა სასტიკიც არ უნდა ყოფილიყო 2020 წლის საშემოდგომო ომში მარცხი, რაოდენ მწარეც არ უნდა იყოს  სომხებისათვის არა მხოლოდ ყარაბაღის გარშემო ტერიტორიების, არამედ უშუალოდ ყარაბაღის ორი უმნიშვნელოვანესი ქალაქის, შუშისა და აგდამის დაკარგვა, რა დამამცირებელიც არ უნდა იყოს გამარჯვებული ალიევის ყოველდღიური დაცინვის მოსმენა, სომეხ ერს (ვიმეორებ) ეყო თვითშეგნება, ამაღლებულიყო ემოციებზე და არ აერჩია თუნდაც ტკბილი და საამაყო, თუმცა მაინც უიმედო წარსული,  სასტიკი, რთული, მტკივნეული, მაგრამ მაინც ერთადერთი შესაძლო მომავლის სანაცვლოდ.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას: ზუსტად ამ თვალსაზრისით, ეს არჩევნები შეიძლება ჩაითვალოს გარდატეხად ამ ნამდვიალდ დიდი, მაღალკულტუროსანი, შემოქმედი ერის მრავალსაუკუნოვან, ტრაგიკულ ისტორიაში. 
                                             
                                                   . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

ამასთან, სომხებმა არჩევანი გააკეთეს ცხადი გონებით, დამარცხების პარამეტრთა ძალიან ზუსტი  შეფასებით: მართალია აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის გარშემო ყველა ტერიტორია (ლაჩინის დერეფნის გარდა), ასევე შუშა, მაგრამ თვით ყარაბაღის 90%-ს კვლავ ერევანი და სტეპანაკერტი აკონტროლებენ. აზერბაიჯანს არანაირი პირდაპირი ბერკეტი ზემოქმედებისა ყარაბაღის სომხურ მოსახლეობაზე არ ექნება. არადა, თავიდანვე, ანუ 1988 წლიდან, სომხური ეროვნული მოძრაობის მოთხოვნა სწორედაც ეს იყო: ყარაბაღელ სომეხთა თვითგამორკვევა, მათი ეთნიკური და სამოქალაქო იდენტობის დადგენა.
 
ბაქო ვერ შეუშლის ხელს, ყარაბაღის თემი კვლავინდებურად სომხეთის ინტეგრალური  ნაწილი იყოს ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური და ნებისმიერი სხვა თვალსაზრისით. სომეხთთან მყარი კომუნიკაციაც (ლაჩინით) ასე თუ ისე შენარჩუნებულია
გარდა ამისა, შემოდგომის ომს არ მოჰყოლია სომეხი ლტოლვილების დიდი ან მნიშვნელოვანი მასის დაძვრა: ყარაბაღის გარშემო ტერიტორიებზე, ბოლო 30 წლის განმავლობაში, რამდენიმე ათასი სომეხი მართლაც დასახლდა. აზერბაიჯანის სამხედრო გამარჯვების შემდეგ  მათ ტერიტორია დატოვეს, სახლ-კარი თავად დაწვეს, ოღონდ ეს ლტოლვილთა არსებითი მასა არ ყოფილა. 

რუსი "მშვიდობიმყოფლების" ყოფნა ყარაბაღში უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტია არ არის, თუმცა ცხადია, აზერბაიჯანი ასე იოლად ვეღარ მოითხოვს მათ გაყვანას, ხოლო სომხეთმა მანევრის მეტი სივრცე მოიპოვა იმავე მოსკოვთან ურთიერთობაშიც, რაკი დასაკარგი უკვე დაიკარგა. ხოლო რეგიონის სხვა დიდი მოთამაშეები (ირანი, აშშ, ევროკავშირი) მდუმარედ კი შეურიგდნენ აზერბაიჯანის მიერ  ყარაბაღის გარშემო ტერიტორიების დაბრუნებას ბრწინვალე საომარი ოპერაციის შედეგად, თანაც თურქეთის აშკარა  მონაწილეობით, მაგრამ ასევე ულაპარაკოდ აღარ შეურიგდებიან, თუ აზერბაიჯანი უშუალოდ ყარაბაღს შეუტევს, რაც აუცილებლად გამოიწვევს სომეხთა ეთნოიწმენდას,  ბაქოს ამგვარი მიზანი რომც არ ჰქონდეს.

აქვე: რეგიონულ მოთამაშეებში უკვე აუცილებლად უნდა ვიგულისმხოთ ჩინეთი. უცნაურია (თუმცა ფაქტია), რომ სომხეთი მნიშვნელოვნად გვისწრებს ევრაზიის მზარდ გოლიათთან ურთიერთობათა დალაგებაში, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უდავო სისუსტეა: ჩვენს ქვეყანას ხომ გეოპოლიტიკური, თუნდაც გეოგრაფიული თვალსაზრისით, თითქოსდა ბევრად მეტი კოზირი აქვს, მაგრამ ერევანი პეკინთან ბევრად უფრო აქტიურად თანამშრომლობს მაინც. 

და ამ ოსტატური ბალანსირებისას ნაკლებ ყურადღებას აქცევს რას იტყვიან სხვა დედაქალaქებში, სადაც პეკინი არ ეპიტნავებათ.

მთლიანობაში, ეს ახალი გეოპოლიტიკური დისპოზიცია ისეთნაირად დალაგდა,  სომხეთს ფართო მანევრის, დაბალანსების შეუდარებლად მეტი სივრზე აქვს დღეს ვიდრე იმ უკვე ისტორიას ჩაბარებულ წარსულში, როდესაც საკუთარი გამარჯვების მძევალი იყო, ანუ რეალურად ვერაფერს თმობდა, გონივრულ კომპრომისებზე ვერ მიდიოდა და მუდამ ანგარიშს უწევდა წარსულის ტკბობაზე დამყნილ ფანატიკოსთა ჩლუნგ შეურიგებლობას.

                                              . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

ეს ისტორია ჭკუისსასწავლებელია ქართველებისთვისაც მიუხედავად იმისა, რომ სომხებისგან განსხვავებით, ჩვენ ახლო  წარსულში არა ტრიუმფალური გამარჯვების, არამედ სამარცხვინო დამარცხებათა მთელი სერია გვაქვს და არც საამაყო გვქონია რამე ამ მხრივ ბოლო 30 წლის მანძილზე. 

მსგავსება მხოლოდ ისაა, რომ არდასაკარგი დაიკარგა და ამით ისტორიის ახალი ფურცელიც დაიწყო, მოგვწონს ჩვენ თუ არა.

 სწორი რეგიონული კონფიგურაციის აგებით ანუ  ახალ (!) სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და დასავლეთთან რაციონალურ/პრაგმატული ბალანსირებით ნამდვილად შევძლებთ რუსეთის აგრესიის შეკავებას. მით უმეტეს, თუ გვეყოფა სითამამე და ნიჭი, ამ კონფიგურაციაში შემოვიყვანოთ ხსენებული ევრაზიული გოლიათი, ჩინეთი, რომელიც თითქოსდა ჩვენდა შეუმჩნევალდ, უხმაუროდ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება სამხრეთ კავკასიას. 

"პაროლი" კი ყველა ამ რეგიონულ მოთამაშესთან  ერთია:  ა ნ ა კ ლ ი ა!






სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი