სტატიები
„გებჟალია ბიჭის“ პოლიტიკური ვაშლი და უჩინარი ხელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2114 09 ივნისი 2021, 15:49

ქეთი ხატიაშვილი

გიორგი გახარიას უჩინარი ხელი და გადადგომის უჩინარი მიზეზი. გადამდგარი ექსპრემიერი რეალობიდან მუდმივად სიურრეალიზმში გვაბრუნებს. იმის მაგივრად, რომ შესაძლებლობა მოეცა, მისი პროტესტის უჩინარი დეტალები მაინც დაგვენახა, ის წვრილმანებიც კი გააქრო, რაც ვფიქრობდით, რომ ჩანდა. ისე, თითქოს თითოეული ჩვენგანის წარმოსახვას ეთამაშება და ეუბნება, მე ვამბობ: უჩინარი ხელი, და დანარჩენი შენ წარმოიდგინე. ასოციაციებით თამაშები დიდი ხანია პოლიტიკოსების გასართობი საქმიანობაა, მაყურებელი კი, სანამ ის ელექტორატად იქცევა, ზის და აზარტულ მოთამაშესავით რებუსებს ხსნის. ვისი ხელი იყო ეს მაინც - ბიძინა ივანიშვილის? მაგრამ, თუ ის აიძულეს? ირაკლი კობახიძის? მაგრამ ის ბიძინაზე გავლენიანია? ეგებ ატყუებს და იმიტომ. და ბიძინა ასე რატომ ენდობა? 

მოკლედ, ისე ჩანს, გიორგი გახარიამ ამ ისტორიაში ისეთი უჩინარი დეტალები შემოიტანა, რომლებმაც მაყურებელი რეალობიდან შორს წაიყვანა. ეგებ მისი მიზანიც ეს იყო. ჩრდილში უნდა დარჩეს მთავარი კითხვა: და მაინც, რა მოხდა იმ ორ საათში, როცა ჯერ კიდევ პრემიერის სავარძელში მჯდომმა გახარიამ გადაიფიქრა?

გია ხუხაშვილმა, რომელიც მისი პოლიტიკური მენტორი აღმოჩნდა, პირდაპირ თქვა, რომ გუნდს გახარიას გაფუჭება სურდა. ეს ფრაზა რომ უფრო დეტალურად გავაანალიზოთ, ასე იკითხება: შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და ვიღაცას, მეტსახელით „უჩინარ ხელს“ სურდათ, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაცია ისე დაეგეგმათ, რომ კიდევ რამდენიმე ადამიანს დასთხროდა თვალი, პასუხისმგებლობა კი გიორგი გახარიასთვის აეკიდებინათ და პენსიაზე გაეშვათ. 
და როდის დადგა „ჭეშმარიტების“ ის მომენტი, როცა პრემიერმა საკუთარ გუნდზე მეტად ხუხაშვილის იწამა? რწმენის შეცვლა არა მხოლოდ რელიგიაში, პოლიტიკაშიც მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება. მაგალითები? ნინო ბურჯანაძე, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა... ამ დეტალებს აღარ შევყვებით. 

ახლა გიორგი გახარიას მოუწევს, ახალი პოლიტიკური „რწმენა“ იქადაგოს. ლოზუნგი უკვე მზად არის: „გავერთიანდეთ საქართველოსთვის არავის წინააღმდეგ“. პირადად მე ეს ფორმულა მომეწონა. აღვიქვი, როგორც გამინუსების წინააღმდეგ მოძრაობა, რომელიც 90-იანი წლების თაობამ შექმნა და მემკვიდრეობით ჯერ კიდევ გადმოდის პოლიტიკური თამაშის წესებში. 

თუმცა, პირველი, რაც გახარიამ თავისი ახალი რწმენის ქადაგების დროს გააკეთა, ირაკლი კობახიძე გაამინუსა. ახლა ის რისკავს, თავის გარშემო ექსკლუზიურად შემოიკრიბოს ის ფიგურები, ვინც ასევე ვერ შეეგუვნენ კობახიძის ფაქტორს. ეს კი წაგებული, დაბოღმილი და გაბრაზებული ადამიანების კრებულია. 

ასეთი ადამიანები რეალობას ყოველთვის საკუთარი სურვილების, ცდუნებებისა თუ ინტერესების პრიზმიდან უყურებენ. სხვათა შორის, ეს მომენტი კარგად აქვს დაჭერილი ბელგიელ სიურრეალისტს რენე მაგრიტს. მისი ფერწერული ტილო „ადამიანის შვილი“ სწორედ ამ ისტორიას ასახავს. დგას კაცი, რომელსაც სახეზე ვაშლი აქვს აფარებული. ვაშლი კი, ქრისტიანულზე მეტად, ანტიკური ხანის ცდუნებისა და ვნებების სიმბოლოა. 

ჰოდა, ახლა ეს ვაშლი გიორგი გახარიას რეალობის აღქმას უშლის ხელს. რა თქმა უნდა, მას პრობლემების შექმნა შეუძლია როგორც „ოცნებისთვის“, ისე ოპოზიციისთვის. რა თქმა უნდა, ის ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდა. თუმცა, გადადგომის დროს, როგორც ჩანს, ის „პოლიტიკური ვაშლის“ ხილვებში იყო. 

მისი პრემიერობიდან ხომ ყველას რაღაც დარჩა სამახსოვროდ. „ლელო“ ანონიმურ წერილსა და ანაკლიაზე საუბრობს.

ნაციონალები - დაპატიმრებულ ნიკა მელიასა და „გავრილოვის ღამეზე“.

პოლიტიკური რწმენა გამოიცვალა და კატა ლეოპოლდის ფორმულით გამოვიდა: მოდით, ყველამ ვიმეგობროთ. ამ ანკესზე წამოგებას კი, როგორც ჩანს, არავინ აპირებს. ოპოზიცია მისგან აღსარების ჩაბარებას ითხოვს, თუმცა „ოცნების“ კულისებსა და შიდა სამზარეულოზე ჯერ ვერაფერი მოისმინეს, მათ შორის, ვერც არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილზე. მიზეზი შეიძლება ორი იყოს:

პირველი, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ირაკლი კობახიძეს გამარჯვების რესურსი აღარ აქვს. წარმატებაზე პრეტენზიას თავად აცხადებს და შესაძლოა, ეს გზავნილია ბიძინა ივანიშვილისთვის. არ არის გამორიცხული, გახარია ივანიშვილს კობახიძისგან ფსონის მასზე გადატანას სთხოვდეს.  

მეორე, ის „ქართული ოცნების“ ელექტორატზე ინადირებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძეს საკუთარი სიმართლე და სიძლიერე დაუმტკიცოს. შესაბამისად, ახლა მას ივანიშვილზე დარტყმა არ აწყობს. 

დასანანია, ვერტიკალზე მას სერიოზული თანამდებობები ეკავა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უწევდა. ახლა კი მას ხელში დაბოღმილი ფიგურებისგან აწყობილი კარტები უჭირავს და ცდილობს, ყოფილ გუნდს ტუალეტობანა ეთამაშოს - საყრდენი გამოაცალოს და ჩამოშალოს. 

P.S.პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის ირაკლი კობახიძე მეორეა, ვისაც პირადი ოპოზიცია ეყოლება, ის ასევე მეორეა ვისი გადაყენებაც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან ცდილობდნენ. 




სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი