12497
27 მაისი 2021, 00:34
ქეთი ხატიაშვილი
სანამ პოლიტიკაში ღიად დააფიქსირებს საკუთარ ამბიციებსა და გეგმებს, პრემიერის პოსტიდან მოულოდნელად წასული გიორგი გახარია კულისებში იმ სათამაშო კარტს იმარაგებს, რომელსაც ჯერ ადგილობრივ არჩევნებზე გაათამაშებს, შემდეგ კი... თუმცა, მისცემს თუ არა პირველი სვლა მას სხვა სვლების გაკეთების შესაძლებლობას, ამას ჯერ კიდევ ვნახავთ და დავაკვირდებით.
მანამდე მოვლენები საინტერესოდ ვითარდება; სანდო წყაროს ინფორმაციით, გახარიამ ფინანსური მხარდაჭერა უკვე მოიპოვა და ახლა პარტიის პრეზენტაციისთვის ემზადება.
გიორგი გახარიას ფინანსური პარტნიორი, არც მეტი, არც ნაკლები, დავით კეზერაშვილი გახდა. ეს სწორედ ის კეზერაშვილია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პორტფელი ჩააბარეს, აგვისტოს ომის შემდეგ კი გადააყენეს და „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება ანდეს. სააკაშვილის კიევში გაქცევის შემდეგ, კეზერაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ წაგებულ პოლიტიკურ პროექტად მიიჩნია და ფული გიგა ბოკერიას „ევროპულ საქართველოში“ ჩადო. თუმცა, ბოკერიას სრული კრახის შემდეგ ის პოლიტიკური პარტნიორის გარეშე დარჩა. და როგორც ჩანს, სწორედ აქ გადაიკვეთა გახარია-კეზერაშვილის ინტერესებიც.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ორი ექსმინისტრი ერთმანეთთან ალეკო ხოჯევანიშვილის მეშვეობით კონტაქტობს. ხოჯევანიშვილი კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია. თავდაცვის უწყებაში კეზერაშვილის მინისტრობის დროს ის გენერალური ინსპექციის უფროსი გახლდათ.
დავით კეზერაშვილი არა მხოლოდ საკუთარი ფინანსებითაა საინტერესო და მიმზიდველი, არამედ მედიარესურსითაც. ტელეკომპანია „ფორმულა“ ხომ სწორედ მისი ფინანსებით დაარსდა და დღემდე არსებობს. როგორც ჩანს, „ფორმულას“ ახლა, გიორგი გახარიას სახით, ახალი პოლიტიკური კლიენტი ჰყავს. თუმცა, ის მარტო არ იქნება. გიორგი გახარიას იმიჯის გასუფთავებაში ტელეკომპანია „პირველიც“ მიიღებს მონაწილეობას.
პრემიერის პოსტიდან გახარიას წასვლის შემდეგ რატომღაც მხოლოდ ეს ორი არხი იგებს ექსკლუზიურად, როდის, სად და როგორ გადაადგილდება გიორგი გახარია. ვისზე იმუშავებენ, ეს, რა თქმა უნდა, მათი საქმეა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ, მათ შორის, ამ სატელევიზიო არხების ეთერებიდანაც გიორგი გახარიას „თვალთხარიას“ ეძახდნენ. ახლა კი მისი იმიჯის გასუფთავებასა და გაპიარებაზე უნდა გადაეწყონ. ეს უხერხული ფაქტი უკვე გააპროტესტა ტვ „პირველის“ ერთ-ერთმა სახემ და ტელეწამყვანმა: „გახარიას პიარის სამსახურში თუ ვმუშაობთ, უფლება ხომ გვაქვს, ვიცოდეთ მაინცო“. მოგვიანებით, ტელევიზიის მენეჯმენტმა მცირე ახსნა-განმარტებითი სამუშაო ჩაატარა. შედეგად, გახარია დღის წესრიგში დარჩა და პრეტენზიაც გაქრა.
რთული სათქმელია, რა ვალდებულებები აკავშირებს გახარიას კეზერაშვილის გუნდთან, თუმცა ინფორმაციის ავტორი უფრო თავისუფლად მათ საერთო მიზნებზე გვიამბობს: „მას შემდეგ, რაც რამდენიმე ფრთად გაშლილმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საერთო ფრონტითაც ვერ მოახერხა „ ქართულ ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება, ახალი სტრატეგია „ციხის შიგნიდან გატეხაზე“ გადალაგდა“.
გახარიას მისია სწორედ „ქართული ოცნების“ ხმებზე ნადირობა და რეიტინგის თუნდაც 2-3%-ის წართმევა იქნება.
კეზერაშვილი-გახარიას ალიანსის მიზანი თვითმმართველობის არჩევნებზე „ოცნების“ მიერ ხმების 43 პროცენტზე ნაკლების აღება და ახალი საპარლამენტო არჩევნებია. დავალება უკვე გაცემულია და მათი დარტყმის განსაკუთრებული სამიზნეც ცნობილია: ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება“.
P.S.„ფორმულამ“ ყოფილი პრემიერის პარტიის პრეზენტაციის თარიღად 29 მაისი დაასახელა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, საინტერესოა, რომ გადამდგარი პრემიერი საკუთარ სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს იმ მედია საშუალებებს ანდობს, რომლებიც მისგან თვალთხარიას იმიჯს დიდი მონდომებით ქმნიდნენ. როგორ იმიჯს დაუკვეთს თავად ის უკვე ოპოზიციაში, ამას როგორც ჩანს, ძალიან მალე ვნახავთ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |