სტატიები
ამნისტია, როგორც არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1298 29 აპრილი 2021, 13:02
 
ქეთი ხატიაშვილი

უკვე არა მხოლოდ ქვეყანა, პანდემიის გამო, და პოლიტიკური სისტემა, რადიკალიზმის გამო, არამედ შეწყალების მექანიზმიც სერიოზულ კრიზისშია, რაკიღა ის შესაძლებელს ხდის 90-იანი წლების კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი რურუას გარეთ გამოშვებას.

დასავლეთში (ჩვენი ოპოზიცია, განსაკუთრებით კი რადიკალები, ლამის საკუთარ პოლიტიკურ სამშობლოდ რომ მიიჩნევენ) ასეთ ფიგურებთან არათუ მეგობრობას,  ნაცნობობასაც კი მალავენ, აღარაფერს ვამბობ კრიმინალური დაჯგუფებების ბოსების პოლიტპატიმრებად აღიარებაზე. თუმცა საქართველოში, როგორც ჩანს, ყველაფერი შეიძლება „გააპრავო“, გაათეთრო და გაარომანტიკულო. 

ჰოდა, ერთი რიგითი პოლიტიკოსის მაგალითზე ვიტყვი. ნიკა გვარამია, გულში რომ პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნათელ ხსოვნას ატარებს, სტუდიაში კი ხშირად უზის 90-იანი წლების პოლიტიკური ფიგურა, რომელიც სწორედ ამ პრეზიდენტის ლიკვიდაციას ითხოვდა ღიად, საზოგადოების ნდობასა და აღიარებას ვერასოდეს მოიპოვებს. ახლა გიორგი რურუასგან გმირს ქმნიან. და ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: მათ საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენი აზრი და განწყობა, ჩვენი დამოკიდებულება. მხოლოდ პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობენ. 

ამიტომაც, როცა აწყობთ, შალვა ნათელაშვილი მოღალატე და რუსეთის აგენტია; როცა აწყობთ, პროდასავლური ღირებულებებისთვის მებრძოლი რაინდი; როცა უნდათ, გუბაზ სანიკიძე ჩასარეცხია და როცა სჭირდებათ - პროგრესის კლასიკური მაგალითი; როცა სააკაშვილის პარტიას აფინანსებდა, დავით კეზერაშვილი პატრიოტი და პატიოსანი იყო, მაგრამ როგორც კი ფინანსები ახლად შექმნილ „ევროპულ საქართველოში“ გადაიტანა, მაშინვე კრიმინალი და კორუმპირებული ჩინოვნიკი გახდა.  

სხვა მაგალითებიც არსებობს და თითოეული ასეთი წინააღმდეგობა ელექტორატსაც აკარგვინებს მათ და პოლიტიკურ იმიჯსაც უფუჭებს. 

პოლიტპატიმრები დიქტატორული ან ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ გამოდიან, თავისუფლებისთვის ან რაიმე იდეისთვის იბრძვიან. გიორგი რურუა თავად იყო კრიმინალური ავტორიტეტი და ადამიანებს არა უბრალოდ საკუთრებას ან თავისუფლებას, არამედ სიცოცხლის უფლებასაც კი ართმევდა. 

ერთხელ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო მისი პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოღება, ეს 8 მარტის შეთანხმების დროს მოხდა, მაგრამ ახლა, როცა რადიკალების მიერ შექმნილ ხელოვნურ კრიზისს პანდემია და ეკონომიკური კრიზისი დაემატა, მმართველმა პარტიამ მხოლოდ გვერდზე გადგომა მოახერხა. შეწყალებას ხელი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა.

საინტერესო დეტალია: ციხიდან გამოსულმა 90-იანი წლების კრიმინალურმა ავტორიტეტმა მადლობა ევროკავშირის (რადიკალების ენაზე რომ ვთქვათ) ბიუროკრატებს გადაუხადა და არა სალომე ზურაბიშვილს. თუმცა, რადიკალები ჯიუტად ირწმუნებიან, რომ ამ შეწყალების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

კრიმინალური ავტორიტეტი შეწყალებულია! ოპოზიციას მის მიმართ მხოლოდ პატივისცემა და მოწიწება აქვს. 
სამაგიეროდ ამნისტიას აპროტესტებენ. ახლა ამნისტიისგან ცდილობენ პოლიტიკური იარაღის გაკეთებას, ოღონდ ამჯერად არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ იმ ოპოზიციის წინააღმდეგაც, ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა და ამნისტიას ეთანხმება. თავის მხრივ, ამნისტიაში  წითელი ხაზები ზომიერებმაც გაავლეს. 

არადა შარლ მიშელის დოკუმენტში ამნისტია მოხსენიებულია, როგორც კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. რადიკალები კრიზისს ხელოვნურად ქმნიან და, ბუნებრივია, ეს პირობა მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. ზომიერებს უნდათ პოლიტიკური წონის შეძენა, მაგრამ ძველი სტერეოტიპებით აზროვნებენ და თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ. 

ამ სტერეოტიპის კლასიკა ჯერ უსახელო და უმისამართო პარტიამ, პირობითი სახელით „გახარიას გუნდმა“, გვიჩვენა, როცა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას ხმა არ მისცა. პარლამენტში შესულ ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. პრემიერობიდან გადამდგარი გახარიას გუნდი პარლამენტში თავისი წინამორბედების ხაზს აგრძელებს - თუ ოპოზიცია ხარ, აუცილებლად წინააღმდეგი უნდა იყო. ჰოდა, გამოუცდელობის გამო, ამ ფორმულას ისინი უადგილოდ იყენებენ ხოლმე. 

ამნისტიის თემას რომ მივუბრუნდეთ, რადიკალებს სურთ, დაგვარწმუნონ, რომ გავრილოვის ვიზიტის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობა სასწაულებრივად იხსნეს. ამ „მესიანისტურ იდეაზე“ აქვთ მათ აწყობილი საკუთარი სტრატეგიაც. ამ იდეით გავიდნენ ისინი 2020 წლის არჩევნებზე, შემდეგ კი მარცხის არაღიარებით დაიწყეს ხელოვნური კრიზისის შექმნა, რომლის კულმინაციაც ნიკა მელიას დაპატიმრება უნდა ყოფილიყო. ჰოდა, მელიამაც იყვირა: ვერ დამიჭერთო. ამას „ზეთის დაღვრის“ ეფექტი უნდა ჰქონოდა.  და ამ ეფექტმა ხელისუფლება შეიძლება ვერ წააქცია, მაგრამ მყარად დგომის საშუალება მაინც არ მისცა. 

ნიკა მელია აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურია და გირაო, რომლის გადახდასაც სთხოვენ, გავრილოვის ხარკია, და ის მას არ გადაიხდის. მხოლოდ ზაალ უდუმაშვილს წამოსცდა ერთ-ერთ ეთერში, რომ ისინი მელიას ციხეში ყოფნით დაინტერესებულნი არიან. თავისთავად, ხელოვნურ კრიზისს ისინი სხვაგვარად ვერც გამოიწვევდნენ. თუმცა, ახლა, როცა შარლ მიშელის შეთანხმებას პარტიებმა ხელი მოაწერეს და პარლამენტშიც შევიდნენ; როცა ამნისტია გარდაუვალი გახდა, ნიკა მელია ციხიდან გამოსვლას დათანხმდა. მის საკანში ჯდომას აზრი აღარ აქვს - ის კრიზისს ვეღარ ქმნის. შესაბამისად, მელიას გამოსვლა კრიზისის განმუხტვის კიდევ ერთი ნიშანია. 

ახლა რადიკალებმა ახალი კრიზისი უნდა შექმნან. უთანხმოების ახალი წითელი ხაზები უნდა ეძებონ. რა თქმა უნდა, ის ისევ მიხეილ სააკაშვილმა იპოვა, რომელიც საერთო ეროვნულ შერიგებას მოითხოვს, რაც მას საქართველოში დაბრუნების უფლებას მისცემს. 

მანამდე ზომიერები ცდილობენ საკუთარი კომპლექსების დაფარვას. რადიკალებმა ხომ მათ თანამედროვე ბართლომეს დღე მოუწყვეს, როცა პარლამენტში შესვლისას მოღალატეებსა და მონებს ეძახდნენ. ჰოდა, გახარიას გუნდის მსგავსად, მათაც სურთ, დაამტკიცონ, რომ არც „ქართული ოცნების“ მონები არიან და არც ოპოზიციას ღალატობენ. ამიტომაც ცდილობენ, ამნისტიის საკუთარი პროექტი შექმნან. შექმნეს კიდეც. 

ისე ჩანს, ამნისტიაში ყველამ ისევ საკუთარი ინტერესები და პირობები ჩადო, კრიზისის დასრულების, ე.წ. გავრილოვის ღამის გადაფურცვლის საერთო სურვილი არ არსებობს. ოპოზიცია პოლიტიკური ბატალიებით არის დაკავებული, თანაც იმდენად, რომ გუშინ პარლამენტში პანდემიის თემაზე ჯანდაცვის მინისტრის გამოსვლას არ დაესწრნენ - დარბაზში მხოლოდ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ისხდნენ. 

ასე რომ, ამნისტია პოლიტიკური ჯგუფების პირადი ინტერესების სფეროდ რჩება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი