სტატიები
პოლიტიკის ინკვიზიტორები - ორნი ერთმანეთის და ყველას წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2153 27 აპრილი 2021, 16:37

ქეთი ხატიაშვილი

მესამე მოწვევის პარლამენტში პირველად წააგეს რადიკალებმა და საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა, თანაც ამიერკავკასიაში პირველი.

მეათე მოწვევის პარლამენტში მეორედ დამარცხდნენ რადიკალები და საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის ემზადება. 

არც 1995 და არც 2021 წელს ქუჩის პოლიტიკურმა თაობამ მარცხი არ აღიარა: არც არჩევნებში სრული მარცხი დაიჯერა და არც პარლამენტში შესვლის კანონზომიერება. მაშინაც პარლამენტის წინ იდგნენ და სკანდირებდნენ, ახლაც დგანან და სკანდირებენ.

არადა თაობა გამოიცვალა. თავისუფალ საქართველოში თუ არა, „პერესტროიკის“ დროს დაბადებული ადამიანებისგან მაინც თითქოს განსხვავებულ ქცევას მოელი, მათ ხომ განათლება მიიღეს, დამოუკიდებლობისთვის თუ არ იბრძოლეს, ნახეს მაინც, როგორ იბრძოდნენ სხვები მათ მაგივრად ან მათთვის. ჰოდა, ერთადერთი, რაც შეიცვალა, ის სიტყვაა, რომელსაც სკანდირებენ. ადრე „იუდა, იუდას“ ყვიროდნენ. ჰოდა, ერთხელ შევარდნაძემ მოთმინება დაკარგა და იკითხა კიდეც: რატომ ვარ მე იუდა? 

დღეს იუდა მონამ შეცვალა. 

და არის მათ შორის ერთი ადამიანი, რომელიც 90-იანებში „იუდას“ ყვიროდა, ახლა კი „მონას“ ყვირის. უყვართ რადიკალებს ზეციური ნიშნები და მიწიერი მინიშნებები და ის ფაქტი, რომ აკაკი ბობოხიძე დღეს პარლამენტში არ არის, პოლიტიკაში ახალი თაობის მოსვლაზე უფრო მიანიშნებს, ვიდრე ბობოხიძის მარცხზე. 

ქუჩა ვერ გაიზარდა და ვერსაით წავიდა. პარლამენტი - კი. მესამე მოწვევის დეპუტატებმა სტრასბურგის კარი შეაღეს, მეათე მოწვევის პარლამენტარები - სტრასბურგის გაღებას გვპირდებიან. განაცხადი გაკეთდება. 

რადიკალები ქუჩაში დგანან და ამტკიცებენ, რომ პოლიტიკა ბრტყელია და ის თავისი მხრებით მიხეილ სააკაშვილს დააქვს. ამიტომაც თანამედროვე პოლიტიკის მიმართ მათ ისეთივე დამოკიდებულება აქვთ, როგორც ინკვიზიციას ჰქონდა პროგრესის მიმართ შუა საუკუნეებში. 

„პოლიტიკა ბრტყელია“ - ამ მოძღვრების მქადაგებელთა შორისაა გიგა ბოკერიაც. ადამიანი, რომელიც ადრე თავს ლიბერალად ასაღებდა. დიახ, ასაღებდა. ადამიანის პიროვნულ თავისუფლებაზე მას, რა თქმა უნდა, წაკითხული ექნება ბევრი რამ, თუმცა მენტალობით ის პოლიტიკურ ინკვიზიციას უფრო წარმოადგენს. ყველა, ვინც პარლამენტში შევიდა, მისთვის ბიძინას მონაა; ყველა, ვინც ოპოზიციაში დარჩა, მაგრამ ბოსად სააკაშვილს აღიარებს, ასევე მონაა. პოლიტიკა მისთვისაც ბრტყელია, მაგრამ ერთი განსხვავებით - ის მიშას ან ბიძინას კი არ უნდა ეჭიროს, არამედ პირადად და მხოლოდ მას. ვინც შეეწინააღმდეგება, ქუჩაში დაჭერით დაემუქროს, როგორც ეს ერთხელ ქუჩის ერთ-ერთი აქციაზე გააკეთა, და ნებისმიერი, ვინც მის მოსაზრებას არ გაიზიარებს, ოპოზიციის რიგებიდან გარიცხოს. 

საინტერესოა, რომ ძველი 90-იანებიდან პარლამენტში არავინ შევიდა. მათ შორის არც შალვა ნათელაშვილი, რომელიც, შეიძლება ითქვას, პირველი მიხვდა, როგორ შეიძლება, პოლიტიკაში ფული აკეთო. შესაბამისად, მისთვის სულერთია, რა ფორმის ან ფორმაციისაა პოლიტიკა, მთავარია, სარგებლიანი და მოგებიანი იყოს. ამიტომაც, არის დაკვეთა, რომ ის ბრტყელია და მიშას მხრებზე დევს? კი ბატონო - გაიმეორებს!

აი, გუბაზ სანიკიძე კი შეიძლება ამ მოძღვრების - „პოლიტიკა ბრტყელია“ - ოქროს მოწმედ ჩაითვალოს. ყოველი მისი გამოსვლა მიშას გამოცხადება და მისი მცნებების ფრქვევაა. თავისი თვალით აქვს ნანახი, როგორ ადევს მთელი პოლიტიკა სააკაშვილს მხრებზე და როგორ ცდილობს ის ქვეყნის გადარჩენას, მაგრამ ურწმუნო გირჩელები არ უჯერებენ. 

როგორც ჩანს, პოლიტიკური ინკვიზიცია იმდენად დიდი ფაქტორია, რომ სოცქსელებში ცეცხლზე დაწვის რიტუალს ნაციონალების ყოფილმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემაც მოარიდა თავი და „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა დავით ბაქრაძემაც. თვალს კი მიეფარნენ, მაგრამ ინკვიზიციას რას გამოაპარებ? ჰოდა, წყევლა-კრულვას არ აკლებენ. 

რას ნიშნავს პარლამენტში შესვლა? მაშინაც და ახლაც ეს რადიკალიზაციის დასრულებას ნიშნავს. არც მაშინ იყო ეს იოლი და არც ახლაა. მაშინ რთულ პროცესს შევარდნაძემ დიდი შერიგებით უპასუხა. თუმცა ზვიადისტები ვერც პოლიტიკურ პროცესში შემოიყვანა და ვერც საზოგადოებრივ საქმიანობაში. პირიქით, მის წინააღმდეგ დაგეგმილ ორივე ტერაქტში სწორედ ზვიადისტები მონაწილეობდნენ. 

ახლა პოლიტიკური სპექტრი ამნისტიას ამზადებს, რომელიც მხოლოდ ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამის მოვლენებს ეხება, მაგრამ ნაციონალები მიხეილ სააკაშვილის ამნისტირებასაც ითხოვენ. საქართველოდან გაქცეული პრეზიდენტი ეროვნულ შერიგებაზე, საქართველოში თავისუფლად ჩამოსვლასა და ახალ საქართველოზე საუბრობს. 

თუმცა, წარსულის გაკვეთილები ცხადყოფს - რადიკალიზმთან არც შერიგება ჭრის და არც მორიგება. ის, უბრალოდ, უნდა დაასრულო, დაამარცხო და გააუვნებლო. ისე უნდა მოექცე, როგორც ტერორისტებს ექცევიან, რადგანაც ის, გარკვეულწილად, ტერორიზმის გამოვლინებაა პოლიტიკაში. ამიტომაც, მასთან ჭიდაობას აზრი არ აქვს, უნდა გადააბიჯო და წინ წახვიდე. თუ გაგაჩერა, პარტიასაც წაგაგებინებს. ეს რისკი უკვე გადაილახა - მწვავე კრიზისი დასრულდა და ახალ ეტაპზე გადავედით.

ვნახოთ, რა დაიწყება ახლა. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი