1487
13 დეკემბერი 2019, 02:21
2004 წლიდან, ხავერდოვანი რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოსულმა ხელისუფლებამ სასამართლო სისტემის დალაგება დაიწყო; სასამართლო ძველი კადრებისგან სხვადასხვა სადამსჯელო მეთოდებით გაიწმინდა;
2005-2007 - საბოლოოდ, ძველი კადრი ახლით ჩაანაცვლეს და ძირითადი საკადრო შევსება სასამართლომ მიიღო;
2007-2012 - სასამართლო სისტემას ცერცვაძე-ჩინჩალაძის კლანი სრულად აკონტროლებდა;
2012-2013 - როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ამ დროს სასამართლო სისტემაში სერიოზული კრიზისი და რყევები იყო;
2013-2017 - სასამართლოში უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო, სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები განხორციელდა, ისეთი, რომელმაც ახალი კლანის პოზიციები სრულად და საბოლოოდ, გაამყარა.
2013-2019 - მურუსიძე-ჩინჩალაძის გავლენიანი ჯგუფი სრულად აკონტროლებს სასამართლო სისტემას.
სასამართლო სისტემის იერარქიული სიმაღლე - უზენაესი სასამართლო, სისტემაში ერთადერთია, რომელიც იქ გაბატონებულ „კლანს“ ჯერ არ დაუპყრია.
12 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოს პრინციპულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიეღო - ან დატოვებდა საქართველოს უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს თავისუფალ რელსებზე ან „კლანს“ მართლმსაჯულებას ბოლომდე ჩააბარებდა.
„კლანმა“ - თანამზრახველთა ჯგუფმა, რომელიც არაფორმალურ ძალაუფლებას ფლობს, სასამართლო სისტემაში უკვე მყარად მოიკიდა ფეხი, იმდენად, რომ ხელისუფლებას, რომელმაც, თავის დროზე, მას მმართველობის სადავეები მისცა, ახლა თავად უყენებს პირობებს.
რეფორმის სახელით - წმენდა სასამართლოში
2004 წლიდან ხავერდოვანი რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოსულმა ხელისუფლებამ, რომელიც რეფორმატორების სახელით იყო ცნობილი, სასამართლოს დალაგება დაიწყო. სასამართლო ძველი კადრებისგან სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით გაიწმინდა - ზოგი დათანხმდა ნებით წასულიყო და ფულადი კომპენსაცია მიეღო, ზოგი სხვადასხვა სადამსჯელო მეთოდებით გააგდეს სისტემიდან, ძალზე ურჩები დასაჯეს კიდეც. ეს იყო სისტემის სამაგალითო წმენდა.
საბოლოოდ, ძველი კადრი ახლით ჩაანაცვლეს. ძირითადი საკადრო შევსება სასამართლომ 2005-2007 წლებში მიიღო. გაუმჯობესდა მოსამართლეთა სოციალური მდგომარეობა, მათ მიიღეს გაზრდილი და სტაბილური ხელფასები და სოციალური გარანტიები. განხორციელდა სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებები, შეიქმნა იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ჩამოყალიბდა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესი და ა.შ. რაც მთავარია, სასამართლო გასუფთავდა მძიმე კორუფციისგან. სასამართლო სისტემა ტექნიკურად ევროსტანდარტების დონეზე განახლდა და აღიჭურვა. ერთი სიტყვით, სასამართლო სისტემა ძირეულად შეიცვალა და ის, ტექნიკური თვალსაზრისით ყველა მიმართულებით გაიმართა.
თუმცა, ყველაზე მთავარი - მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა დადგა სერიოზული საფრთხის ქვეშ. სასამართლო სისტემა გახდა პროკურატურის მორჩილი და მისი გადაწყვეტილების ნოტარიალურად გამფორმებელი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ტერორის იარაღი.
სასამართლოში გაიზარდა სიმკაცრით გამორჩეული და არაადექვატური გამამტყუნებელი განაჩენები და სოლიდური თანხის სანაცვლოდ გაფორმებული საპროცესო შეთანხმებები. ერთმანეთის მიყოლებით ჩატარდა პოლიტიკური სადამსჯელო პროცესები. სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ ნულოვან ტოლერანტობას პრაქტიკულად სასამართლო აფორმებდა - რიგით ადამიანებს, წვრილმანი დანაშაულისთვისაც კი უმძიმესად სჯიდნენ. იმდროინდელი სასამართლოს უსამართლობის დასტურია სტატისტიკა: 00,1 პროცენტი გამამართლებელი განაჩენი.
2007 წლიდან სასამართლო სისტემას უკვე „კლანად“ ჩამოყალიბებული ჯგუფი მართავდა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი სასამართლო სისტემის ტექნიკურად გამართვას ხელმძღვანელობდა, რეალურად კი, სასამართლო სისტემას გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის „გამტარი რგოლი“ - ჩინჩალაძე-ცერცვაძის „კლანი“ აკონტროლებდა.
2007 წლიდან სასამართლო სისტემაში პროკურატურის კადრი შემოვიდა, მას შემდეგ, რაც, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პროკურორი მიხეილ ჩინჩალაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოდგილედ დაინიშნა და სასამართლოში საკვანძო ადგილებზე დაინიშნენ „მისი კადრები“ ქვემო ქართლის ან მცხეთა-მთიანეთის პროკურატურიდან. თუ გადახედავთ წამყვან მოსამართლეთა ბიოგრაფიებს, ნახავთ, რომ უმეტესობა მცხეთა-მთიანეთის ყოფილი პროკურორია ან ზოგადად, პროკურატურის სისტემიდანაა.
„ეს ადამიანები როგორი შერჩეული იყო ადეიშვილის მხრიდან იცით?! ყველაზე ცუდ ადამიანებში ყველაზე ცუდები აარჩიეს, ლაბორატორიებში რომ გამოყავთ არსება, დაახლოებით, ასეთი გამოყვანილი მოსამართლეები“, - ასე აფასებს ლევან გოგიჩაიშვილი მაშინდელ საკადრო პოლიტიკას.
2007-2012 წლებში სასამართლო სისტემას ცერცვაძე-ჩინჩალაძე სრულად აკონტროლებდნენ. ხელისუფლების კონტროლის ბერკეტის სქემა ასეთი იყო: გენერალური პროკურორი ზურად ადეიშვილი - ცერცვაძე-ჩინჩალაძე - სასამართლოს, პალატების, კოლეგიების თავმჯდომარეები - მოსამართლეები.
ნებისმიერი საქმე „ისმინებოდა“ და შედეგიც ცერცვაძე-ჩინჩალაძესთან თანხმდებოდა. გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილთან შეთანხმებით ისინი წყვეტდნენ საკადრო პოლიტიკას, კონკრეტულ საქმეებზე ადგენდნენ გადაწყვეტილებებს და განაჩენებს, ისინი ამუშავებდნენ ადეიშვილის „სასამართლო პრაქტიკას“, რომლის მიხედვითაც, კონკრეტულ დანაშაულზე სასჯელის ზომაც კი წინასწარ გათვლილი იყო, მოსამართლეებს არ ჰქონდათ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის უფლება, არ ჰქონდათ უფლება პროკურატურის შუამდგომლობაზე უარი ეთქვათ, არ ჰქონდათ უფლება აღმკვეთი სანქციის - პატიმრობისა და საპროცესო შეთანხმების (რომელშიც მხოლოდ დიდი ფულის ან სასურველი აღიარების შემდეგ ფორმდებოდა) გარდა, უფრო მსუბუქი ფორმის გამოყენებისა... ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მოსამართლეებს ჰქონდათ ერთადერთი უფლება და ვალდებულება - ის იყო პროკურატურის გადაწყვეტილებების უსიტყვოდ მორჩილი. და მოსამართლეები, საქართველოს სახელით, ხელს აწერდნენ - სასტიკ, უსამართლო, არაადექვატურ, პოლიტიკურად და ზოგადად, ქვეყნის მოსახლეობის სადამსჯელო განაჩენებს.
„მოსამართლეების მორჩილების უზრუნველყოფა ხდებოდა მთელი რიგი ბერკეტებით, მათ შორის – ურჩი მოსამართლეების მიმართ სხვადასხვა სახის სანქციების - დისციპლინური, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, არანებაყოფლობითი მივლინება და სხვ.
ხოლო მორჩილი და დავალებების შემსრულებელი მოსამართლეების მიმართ წამახალისებელი ზომების გამოყენება - დაწინაურება, პრემიები, საზღვარგარეთ ვიზიტები და ა. შ.
ამავდროულად სასამართლოს თავმჯდომარეები მანიპულირებდნენ საქმეთა განაწილების სისტემით, რათა მათთვის საინტერესო საქმეები სწორედ დავალების კარგად შემსრულებელი მოსამართლის ხელში მოხვედრილიყო.
უფრო მეტიც, დავალების შემსრულებელმა მოსამართლემ იცოდა რომ ზემდგომი ინსტანციაც გაფრთხილებული იყო ამ დავალების თაობაზე, ამიტომ მოსამართლეებს შორის გავრცელებული იყო ფრაზა „ამ საქმეს აპელაციაში დახვდებიან“, „ამ საქმეს კასაციაში დახვდებიან“, - აცხადებს კახა წიქარიშვილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის თანაშემწე.
ცერცვაძე-ჩინჩალაძე თანამდებობრივადაც სასამართლოს მაკონტროლებლები იყვნენ - 2007-2013 წლებში ვალერი ცერცვაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ხოლო მიხეილ ჩინჩალაძე ამავე საბჭოს წევრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. სხვათა შორის, ქემო ქართლის საოლქო პროკურორი მიხეილ ჩინჩალაძე, რომლის ბიოგრაფიაც კარიერული თვალსაზრისით არაფრით გამორჩეული ყოფილა, 2005 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. მანამდე, არც ერთ პროკურორს არ მიუღია მსგავსი მაღალი ჯილდო.
ძველი „კლანის“ ახალი მიზნები
2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ამ დროს სასამართლო სისტემაში სერიოზული კრიზისი და რყევები იყო, მოსამართლეთა შეშინებული კორპუსი ფიქრობდა, რომ „მძიმე წარსულის“ გამო სასამართლოდან გაუშვებდნენ. თუმცა, მოსამართლეების გარკვეული, მცირე ნაწილი თავად წავიდა სასამართლოდან, ზოგს ვადა ეწურებოდა და აღარ დაბრუნდა, ზოგმა ჩათვალა, რომ მისი ადგილი სასამართლოში აღარ იყო.
თუმცა, უზენაეს სასამართლოში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მისვლა და სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილთან შეხვედრა ეს იყო პოლიტიკური გზავნილი, რომ ახალი ხელისუფლება არ აპირებდა სასამართლო სისტემასთან ომს.
მეორე გზავნილიც მალევე მიიღო საზოგადოებამ - გავრცელებული კადრები იუსტიციის საბჭოს ახალი მდივნის ლევან მურუსიძისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრისა.
პრემიერმა ივანიშვილმა მართლმსაჯულება და კონკრეტულად ლევან მურუსიძე, როგორც პროფესიონალი დადებითად შეაფასა. ეს იყო საზოგადოებისთვის გაკეთებული მეორე პოლიტიკური ჟესტი, პრემიერ-მინისტრის გზავნილი, რომ სასამართლო სისტემა ხელშეუხებელია, რომ მას ახალი ლიდერი ჰყავს.
„შეხვედრის მთავარი ხაზი იყო ის, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, რაც გარანტიაა იმისა, რომ ქვეყანაში განვითარდეს დემოკრატიული პროცესები. ამ შეხვედრაზე დავინახე, რომ პრემიერ-მინისტრი სწორედ ასე ფიქრობს და მისი დიდი, გულწრფელი სურვილია, სასამართლო სისტემის განვითარება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასამართლო სისტემა უფრო მეტად განვითარდეს - სასამართლო სისტემა უფრო მეტად დამოუკიდებელი გახდეს და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ შეეძლოს მასზე გავლენის მოხდენა“, - განაცხადა მაშინ ლევან მურუსიძემ, რომელიც იუსტიციის საბჭოს მდივნად ახალი არჩეული იყო.
„მე სასამართლო სისტემამ ფარული კენჭისყრით 204 ხმით ამირჩია იუსტიციის საბჭოს მდივნად, სასამართლომ ნდობა გამომიცხადა იმიტომ, რომ ყველა მოსამართლესთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და რაც მთავარია, მათ პირობა მივეცი, რომ სანამ ვიქნები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ვიქნები მათი ინტერესების დამცველი. ამიტომაც ვითმენ ამდენ ლანძღვა-გინებას. სანამ მე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვიქნები, სასამართლო სისტემას ვერავინ შეარყევს. ძალიან კარგად ვიცი, რომელი პოლიტიკური ძალა დგას ამ ყველაფრის უკან და რა არის მათი ინტერესი, მაგრამ ამ ინტერესის გატარებას სასამართლო ხელისუფლებაში ხელს უშლის ლევან მურუსიძე“, - ესეც ლევან მურუსიძის მაშინდელი განცხადებაა.
ცერცვაძე-ჩინჩალაძის „კლანი“ ცოტა ხნით ჩრდილში დადგა და გაჩნდა სასამართლოს ახალი ლიდერი - ლევან მურუსიძე. 2013-2017 წლებში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოში არა ერთი უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო, სტრუქტურული და საკადრო ცვლილება განხორციელდა, ისეთი, რომელმაც „კლანის“ პოზიციები სრულად და საბოლოოდ, გაამყარა.
5-წლიანი ვადით დაინიშნენ კლანთან დაახლოებული სასამართლოს თავმჯდომარეები, საკვანძო ადმინისტრაციულ თანამდებობებზე დაინიშნენ ჩინჩალაძე-მურუსიძესთან დაახლოებული პირები, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელების მიღება, რითაც ხელი შეუშალა სასამართლო სისტემაში ახალი კადრების შედინებას და ხელოვნურად შექმნა პრობლემა - საკადრო კრიზისი, რის შესავსებადაც დაჩქარებულ რეჟიმში გადანიშნეს ყოფილი მოსამართლეები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის უფლებამოსილება ჩამოერთვა საქართველოს პრეზიდენტს და გადაეცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული სამმა წევრმა, რომლებიც დაპირისპირებული იყვნენ საბჭოს მოსამართლე წევრებთან, 2015 წლიდან დაიწყეს მათთან თანამშრომლობა. სწორედ მათი ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი კლანის ლიდერების – ლევან მურუსიძის და მიხეილ ჩინჩალაძის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ გადანიშვნისას.
ამ პერიოდიდან საქართველოს პარლამენტის კვოტით არჩეული არამოსამართლე წევრები ყოველთვის სრულად ეთანხმებოდნენ და ახლაც ეთანხმებიან „კლანის „მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს (რაც ერთგვარად პარლამენტის უმრავლესობის პოზიციის გამოხატულებაცაა). მხოლოდ ორი არამოსამართლე წევრია გამონაკლისი - ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც ასევე, პარლამენტის კვოტითაა არჩეული და ანა დოლიძე, რომელიც პრეზიდენტის მიერაა დანიშნული.
2017 წელს ვალერი ცერცვაძე წავიდა (თუ გაუშვეს) სასამართლოდან. პოლიტიკურ გემოვნებაშეცვლილი ჩინჩალაძე კი დარჩა - 2017 წელს პირველი მოსამართლე იყო, რომელიც დაინიშნა უვადოდ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ.
ჩინჩალაძე საჭირო იყო მისი კადრის სამართავად, რომლებიც იყვნენ და დღესაც მრავლად არიან სასამართლოში საკვნძო თანამდებობებზე.
და რაც ყველაზე მთავარია: 2017 წლიდან ყველა ის მოსამართლე, ვინც მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანთან’ იყო დაახლოებული დაინიშნა უვადოდ, რითიც „კლანს“ საგრძნობლად გაუხანგრძლივდა „მმართველობის“ ვადა. სასამართლოში მართალია, არიან ისეთებიც, რომლებიც არ არიან „კლანთან’ დაახლოებული, თუმცა ძალზე ცოტანი, ვადა ეწურებათ და იციან, რომ ამ ვადას არავი გაუხანგრძლივებს. მათ შორის ცერცვაძის კადრიცაა, რომლებიც ცერცვაძის სხვა პროტეჟეების მსგავსად ვერ შეერწყნენ ახალ ჯგუფს.
„სასამართლოში არსებულმა კლანმა ტაქტიკური ქმედებებით ხელისუფლებას ბრძოლები მოუგო და რეფორმის პირველი-მეორე ტალღის ფონზე შეინარჩუნა სასამართლოში მართვის ბერკეტები, ამავდროულად, ხელისუფლებას აგრძნობინა, რომ მას შეეძლო გაეგრძელებინა მუშაობა, როგორც კონფრონტაციის რეჟიმში, ასევე გარიგების და თანამშრომლობის რეჟიმში“, - ამბობს კახა წიქარიშვილი.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას: 2012 წლის შემდეგ სასამართლო გაიხსნა ჟურნალისტებისთვის და საზოგადოებისთვის. თუ მანამდე, სასამართლოში ჟურნალისტებისთვის დიქტოფონის შეტანაც კი დაუშვებელი იყო და მხოლოდ შენობის გარეთ, ეზოში მკაცრად განსაზღვრულ ტერიტორიაზე შეიძლებოდა გადაღება და რესპოდენტის ჩაწერა, ახლა ეს შეზღუდვა აღარ არსებობს;
გაიზარდა გამამართლებელ განაჩენთა რიცხვი: მაგალითისთვის 2009-2012 წლებში გამართლდა მხოლოდ 50 ბრალდებული, 2015-2018 წლებში კი, გამართლდა 843 ბრალდებული;
სასამართლო უარს ამბობს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე და სულ უფრო მეტად გამოიყენება ალტერნატიული არასაპატიმრო ღონისძიებები.
სასამართლო აღარ არის მოსახლეობისთვის სადამსჯელო ინსტრუმენტი;
ფაქტია ისიც, რომ მოსამართლე გათავისუფლდა პროკურატურის არტახებისგან და ის აღარ არის პროკურატურის მონურად მორჩილი. მოსამართლეებმა სტატუსურად ფუნქცია და მორალურად ღირსება დაიბრუნეს.
კლანთან გაერთიანებული სასამართლო კორპუსი
სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის წევრები არიან სასამართლოების, კოლეგიების, პალატების თავმჯდომარეები, უმეტესობა ჩინჩალაძის კადრია და ის მოსამართლეები, რომლებიც 2004-2012 წლებშიც თანამდებობებს ფლობდნენ და სააკაშვილის ხელისუფლებას ემსახურებოდნენ.
ამ „კლანმა“ მოსამართლეთა კორპუსის გაერთიანება და დაახლოება მოახერხა და ეს ასე რომ არის მოსამართლეთა თავყრილობებიც ადასტურებს, სადაც, მხოლოდ ერთიანი აზრი ბატონობს.
„მოსამართლეთა კორპუსის გაერთიანება კლანის ირგვლივ შეიძლება სხვადასხვა ფაქტორით აიხსნას, მათ შორისაა სამსახურის დაკარგვის შიში, ასევე კარიერული წარმატების მიღწევის სურვილი.
კლანის წევრები მათი მხარდაჭერის შემთხვევაში მოსამართლეებს ჰპირდებოდნენ ხელშეუხებლობას, უვადო გადანიშვნას და სხვა პრივილეგიებს, იმ დროს, როცა სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და მათ შორის ხელისუფლებაც მოსამართლეებს ემუქრებოდა და ემუქრება დაჭერით, დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემით, წარსულში განხილული საქმეების გახსენებით და ა.შ.
შესაბამისად, სამოსამართლო თვითმმართველობამ უკუეფექტი გამოიღო. ნაცვლად იმისა, რომ მმართველ რგოლად აერჩიათ პროგრესული ძალა, რომელიც სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღებაზე, მორალურ რეაბილიტაციაზე და საზოგადოებრივი ნდობის აღდგენაზე იზრუნებდა, მოსამართლეებმა აირჩიეს ისინი, ვინც თავის მომხრეებს სრულ იმუნიტეტს, პასუხისმგებლობის თავის არიდებას, უვადო დანიშვნას, დაწინაურებას შეჰპირდა და ბევრი ეს დაპირება შეასრულა კიდეც.
შესაბამისად, „ქართული ოცნების’ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კლანმა შეძლო ორი მსხვილი ინტერესის დაკმაყოფილება. პირველი ის, რომ მან დააკმაყოფილა მოსამართლეთა კორპუსის მოთხოვნა ხელშეუხებლობასა და თანამდებობაზე გადანიშვნაზე, მეორეს მხრივ, დააკმაყოფილა ხელისუფლების მოთხოვნა სასამართლოს პოლიტიკურ კონტროლზე“, - აცხადებს კახა წიქარიშვილი.
„კლანისგან“ განკვეთილი თავმჯდომარე
უზენაესი სასამართლოს დამორჩილებისთვის ბრძოლას „კლანი“ ერთხელ ეცადა, მაშინ, როცა ნინო გვენეტაძე იყო თავმჯდომარე, თუმცა, არ გამოუვიდა.
ნინო გვენეტაძე იმ მოსამართლეთა რიცხვში იყო, ვინც თავის დროზე, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩატარებული სასამართლოს წმენდის მსხვერპლი გახდა. რეპრესირებული წარსულის გამოც ნინო გვენეტაძე პრეზიდენტ მარგველაშვილს ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ და მისმა ლექტორმა ოთარ გამყრელიძემ წარუდგინეს, პრეზიდენტმა კი პარლამენტს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს იყო შემთხვევა, როცა ბიძინა ივანიშვილი არ ჩარეულა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევაში, მისი მხარდაჭერის შესახებ მესიჯები დეპუტატებს არ მიუღიათ, რის გამოც, „ოცნების“ დეპუტატებში დაბნეულობაც კი იყო.
პრინციპულობით და მებრძოლი წარსულით ცნობილი ნინო გვენეტაძისგან საზოგადოება სასამართლოსთვის დამოუკიდებლობის აღდგენას და „კლანებისგან“ გასუფთავებას ელოდა. სამწუხაროდ, გვენეტაძე უძლური აღმოჩნდა.
მალე, ნინო გვენეტაძეს გაბრაზებული „კლანი“ დაუპირისპირდა. 2017 წელს უვადოდ დაინიშნა ყველა ის მოსამართლე, რომლის სახელიც არა ერთ გახმაურებულ საქმესთან იყო დაკავშირებული, არსებობს ინფორმაცია, რომ ამ დანიშვნების გამო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესთან გავლენიანი ჯგუფების წევრებს დაპირისპირება ჰქონდათ. გავრცელებული ინფორმაციით, მას არა ერთხელ ძალადობით აიძულეს ხელი მოეწერა ისეთ დანიშვნაზე, რომლის კატეგორიული წინააღმდეგიც იყო.
საბოლოოდ, მოხდა ის, რომ ცნობილი გახდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მოსამართლეთა ტესტების წინასწარ გახსნის ფაქტი და მასთან ნინო გვენეტაძის სახელი დაკავშირდა. ფაქტის მოკვლევა იუსტიციის საბჭომაც დაიწყო და გენერალურმა პროკურატურამაც, თუმცა, მასზე პასუხი ჯერჯერობით უცნობია. არაოფიციალურად კი ითქვა, რომ გვენეტაძე „გამოიჭირეს“ და ამ ფაქტით აშანტაჟებდნენ.
თავის დროზე, იუსტიციის საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმაც განაცხადა, რომ „კლანი“ გვენეტაძეს აშანტაჟებს.
ნინო გვენეტაძე სამი წელი ფლობდა უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სავარძელს და 2018 წლის 2 აგვისტოს დატოვა პოსტი. განაცხადა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვეღარ იმუშავებდა. მას არასდროს არ გაუკეთებია კომენტარი სასამართლოში არსებულ სიტუაციაზე ის დღემდე დუმილის უფლებას იყენებს.
„სასამართლოში ასეთი მოვლენები ხდება, სასამართლოში ასეთი ტურბოლენციები ხდება და ვინმემ იკითხეთ ნინო გვენეტაძე სად არის, ან რა რეაგირებას აკეთებს? არის გამქრალი, იმალება ხალხისგან და იმალება საზოგადოებისგან. ის რეალურად, მარტო აღმოჩნდა და ვინაიდან, ის მარტო აღამოჩნდა, მას ფიზიკურადაც შეეშინდა, თქვენ წარმოიდგინეთ. საბჭოში, რომელშიც ბულინგის და ძალადობის მსხვერპლი გახდა, ის უკვე ფიზიკურადაც შეშინდა, რომ მას საბჭოს სხდომაზე აიღებდნენ და სცემდა საბჭოს შემადგენლობა. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, მისი პიროვნება რა დონის სტრესის ქვეშ ჩავარდა და მან აირჩია პოლიტიკა კლანთან თანამშრომლობის და არა ბრძოლის. თანამშრომლობის პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ის ერთ დღეს დაეთანხმა კლანს, მეორე დღეს დაეთანხმა, მესამე დღეს და როდესაც მივიდა პიკამდე, რომ კლანის მსახური უნდა გამხდარიყო, მოსამსახურე ამ კლანის, ამ პიკზე გადადგა ზუსტად.
ის ნინო გვენეტაძე აღარ არსებობს - თავისუფალი, გაბედული, შეუპოვარი, იუმორის მქონე. ვინმეს გინახავთ გვენეტაძე? საერთოდ ემალება მეგობრებს, არავის ელაპარაკება... და რა მოუვიდა?! ნახეთ, კლანმა რა გაუკეთა... ჩვენს თვალწინ მოკვდა ადამიანი... აი, ეს არის კლანი. ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდათ“, - ცოტა ხნის წინ განაცხადა კახა წიქარიშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც სასამართლო „კლანის“ შესახებ მომხდაებული რეზოლუცია წარადგინა ეკა ბესელიამ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ.
უზენაეს სასამართლოს ახალი შემადგენლობა
12 დეკემბერს, პარლამენტში დიდი ხმაურისა და ინციდენტების შემდეგ „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ დღის ბოლოს მაინც მიიღო გადაწყვეტილება - მართლმსაჯულების უმაღლესი და ბოლო ინსტანცია ახალი მოსამართლეებით დააკომპლექტა.
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე, ალექსანდრე წულაძე, ქეთევან ცინცაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, მირანდა ერემაძე, მერაბ გაბინაშვილი, თამარ ზამბახიძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე, - ეს ის კანდიდატები არიან, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უვადოდ აირჩია.
პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა 5 კანდიდატს - თამარ ალანიას, პაატა სილაგაძეს, ლაშა ქოჩიაშვილს, შოთა გეწაძეს, გოჩა ჯეირანაშვილს.
მაია ვაჩაძე და ნუგზარ სხირტლაძე - 1999 წლიდან მუშაობენ უზენაესი სასამართლოში, 2009 წელს მეორე ვადით, ხოლო ახლა უკვე მესამე ვადით აირჩიეს მოსამართლეებად.
ნინო ქადაგიძე - უზენაეს სასამართლოს ისიც მეორე ვადით დაუბრუნდა.
მირანდა ერემაძე, მერაბ გაბინაშვილი, ვლადიმერ კაკაბაძე, თამარ ზამბახიძე
- ამ ოთხეულისგან თამარ ზამბახიძე უნდა გამოიყოს, რადგანაც, ის თავის პროფესიონალიზმით მთლიანი შემადგენლობისგან განსაკუთრებულად გამორჩეულია. დანარჩენი სამი კი, სასამართლოს გავლენიან ჯგუფთან დაახლოებული მოსამართლეები არიან.
გიორგი მიქაუტაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლა უკვე ყოფილი მდივანი, ის „კლანის“ აქტიურ წევრად მოიაზრება, იმ 10-კაციან სიაში იყო, რომელიც პარლამენტმა ეკა ბესელიას აქტიურობით ჩააგდო.
მის სახელთან არა ერთი გახმაურებული საქმეა დაკავშირებული და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით 2012 წლის ივლისში განხილული ხმაურიანი „შემომწირველების საქმე“ - გიორგი მიქაუტაძემ პოლიტიკური პარტიებისთვის თანხის უკანონო შემოწირულობის გამო ბიძინა ივანიშვილი და კიდევ 17 პირი სოლიდურად დააჯარიმა.
ქეთევან ცინცაძე, ლევან მიქაბერიძე, ალექსანდრე წულაძე - სასამართლო სისტემისთვის ახალი კადრია და, შესაბამისად, მათი ბიოგრაფია არ არის მძიმე წარსულით დახუნძლული.
ლალი ფაფიაშვილი - ის წლებია საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობს და ჩინჩალაძე-მურუსიძის გავლენით არასდროს უსარგებლია.
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე - ყოფილი გენერალური პროკურორი და ყოფილი მოადგილე. არც ერთი სასამართლოს კლანის წევრი არ არის და არც ყოფილა.
იურიდიულ კომიტეტში გასაუბრებისას ყველა კანდიდატს უსვამდნენ შეკითხვას - იყო თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი 2012 წლამდე და ასრულებდნენ თუ არა პოლიტიკურ შეკვეთებს?! გარდა რამდენიმე კანდიდატისა, უმეტესობამ განაცხადა, რომ ვერ შეაფასებს მაშინდელ სისტემას, მათზე ზეწოლა არ განხორციელებულა და ხოლო სხვების მაგივრად ვერ ილაპარაკებს.
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს შერეული შემადგენლობა აირჩია, უფრო ზუსტად, დაბალანსებული - კლანის წევრებით და უმრავლესობის გუნდისთვის მისაღები. ამ შემადგენლობას უზენაეს სასამართლოში 8 მოსამართლე ხვდება, რომელთაგან 6 არც ერთ გავლენიან ჯგუფს არ ეკუთვნის.
და ბოლოს, არჩეულ კანდიდატთა შორის შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარეც იყოს. თავმჯდომარე სწორედ უზენაესი სასამართლოს წევრებისგან ირჩევა. თუ გავრცელებულ ინფორმაციას ვენდობით, „ქართული ოცნების“ ფავრიტი ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძეა და სწორედ ის დაიკავებს უზენაესი სასამართლოს 24-ე თავმჯდომარის სავარძელს.
თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის ყოფილი ადვოკატი და ყოფილი გენერალური პროკურორი, ყოფილი თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის ბედს სავარაუდოდ, არ (თუ ვერ) გაიზიარებს - მურუსიძე-ჩინჩალაძის გავლენიან ჯგუფთან არ დამარცხდება.
თუმცა, ვნახოთ, ვინ გახდება საქართველოს მართლმსაჯულების უმაღლესი და ბოლო ინსტანციის თავკაცი, სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული ქართული მართლმსაჯულების მომავალი - გადაეცემა ის საბოლოოდ „კლანს“ თუ ქართულ მართლმსაჯულებას გადარჩენის და განვითარების შანსი მიეცემა.
„სასამართლოს მმართველი კლანი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დავალებების გამტარის ფუნქციას ასრულებდა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თვისობრივად ტრანსფორმირდა ავტონომიურ დაჯგუფებად, რომელიც დღეს უკვე საკუთარი თამაშის წესებს და პირობებს სთავაზობს ხელისუფლებას. ეს პირობები მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებას არ ემსახურება, არამედ კლანის ძალაუფლების განმტკიცებისკენ არის მიმართული.
დღეს, სასამართლო სისტემაში მოსამართლედ მოხვედრა კლანთან ამა თუ იმ ფორმით წინასწარ გარიგებას მოითხოვს. სამოსამართლო თვითმმართველობა თავის რეალურ მიზანს ვერ ასრულებს: მაშინ როცა სამოსამართლო თვითმმართველობის არჩევნები მოსამართლეთა კორპუსის შიგნით ჯანსაღი კონკურენციის და განსხვავებული აზრების ჭიდილის საფუძველზე უნდა ხორციელდებოდეს, დღეს ასეთი კონკურენცია საერთოდ არ არსებობს.
კლანის მიერ დასახელებულ კანდიდატებს ალტერნატივა არ ჰყავს. არ არსებობს მოსამართლეთა ჯგუფი, რომელიც ოპონირებას და შიდა კონკურენციას გაუწევს კლანს; სამოსამართლო ანგარიშვალდებულება სრულად გადაძლია სამოსამართლო კორპორატივიზმმა, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხმგებლობის მექანიზმი პრაქტიკულად გაჩერებულია.
სასამართლოს მმართველობის სათავეში ასეთი კლანის მოქმედების დამაზიანებელი მასშტაბები გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ის ერთი შეხედვით ჩანს.
აღიარებულია, რომ სასამართლო სისტემა ღირებულებებს და პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს, როგორიცაა დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ანგარიშვალდებულება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება, განსხვავებული აზრის პატივისცემა.
კლანი იდეოლოგიით და თავისი მოქმედებებით საწინააღმდეგო პოლუსზე დგას. ის ნერგავს შიშს, კონფორმიზმს, ნეპოტიზმს, ფარული გარიგების კულტურას, კრიტიკული აზრის დევნას, აქრობს მოსამართლის ინდივიდუალიზმს. შესაბამისად, მორალურად ანადგურებს სასამართლოს სისტემას და ამ ფერხულში ითრევს სასამართლოში შესულ ახალ კადრებს“, - აცხადებს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე.
ინგა ალავიძე
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |