ბრიუსელიდან გზავნილებით კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ გზა, რომელიც პარლამენტს მიღმა, ქუჩაში გადის და გამოხატავს პოზიციას არადემოკრატიული მეთოდებით, საქართველოს არჩევანს არ შეესაბამება. ევროპელი პარტნიორები ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების არჩევანს არ იწონებენ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი Facebook-ზე წერს.
„დასკვნა მარტივია - ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოში უნდა წარიმართებოდეს, ხოლო პროცესების საკანონმდებლო ორგანოს გვერდის ავლით წარმართვა არც ევროპის და არც ჩვენი სხვა სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებში არ შედის, რადგან ეს არ არის გზა დემოკრატიისაკენ. პირიქით, ეს ხელს უშლის ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას. ჩვენი პარტნიორები ასეთი ფორმით სვლას არ იწონებენ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, ჩვენი პარტნიორები საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას ეუთო/ოდირის დასკვნას ეყრდნობიან და ამ დასკვნასთან მიმართებით კითხვის ნიშნები არ არსებობს.
„თუკი ვინმე კითხვის ნიშანს დასვამს არჩევნების მიმართ, ეს იმას ნიშნავს, რომ კითხვებს ევროპული ინსტიტუციებისადმი სვამენ, არ ენდობიან ევროპელ დიპლომატებს და არ ენდობიან ისეთ ინსტიტუციას, როგორიცაა ეუთო/ოდირი. არჩევნებისადმი კითხვის ნიშნები ვერავითარ ლეგიტიმურობას ვერ შეიძენს მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი, ყველა ევროპული ინსტიტუტი ცალსახად მიუთითებს, რომ არჩევნები შედგა და იყო დემოკრატიული“, - წერს ოხანაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |