სტატიები
ერთხელ ევროპულ საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2737 15 თებერვალი 2021, 20:11

ოპოზიციამ პოლიტიკურ პროცესებზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას დააკისრა. თავად კი დაიტოვა უფლება, იყოს პარაზიტი. ეს ის უფლებაა, ჯერ კიდევ მემკვიდრეობით რომ გადადის ოპოზიციიდან ოპოზიციაზე. თუმცა პირველად მოექცა ის იზოლაციაში: ახლა მას აღარც დასავლეთის მხარდაჭერა აქვს, აღარც ხალხის და აღარც ოპოზიციის რიგებში იწვევს დიდ აღტაცებას.    

როგორც ჩანს, უკვე მიხვდნენ, რომ ბაიდენი მათ მიმართ დიდ ინტერესს არ იჩენს და არც გაზაფხულის მზიანი დღეები გამოიყვანს ხალხს ქუჩაში. ბოიკოტის თემას ხან მარცხენა რადიკალური მხრიდან უბერეს, ხან - მარჯვენა, ხანაც - ცენტრიდან, მაგრამ სული მაინც ვერ ჩაჰბერეს.

ჰოდა, ისეთი მგზნებარე იდეებიდან, როგორიც იყო ბოიკოტი, რევოლუცია, თავისუფლების მოპოვება და ასე შემდეგ, სწრაფადვე დასრიალდნენ ხავსამდე. ხავსის როლში ნიკა მელიაა. რადიკალებს აინტერესებთ, როგორია ის სახელმწიფო, რომელშიც ახლა ცხოვრობენ - დაიჭერენ თუ ვერა ნაციონალების ახალ ლიდერს. 

ხავსს, ანუ მელიას, მოჭიდებული არჩევნებწაღებულები მისი დაკავებით ტემპერატურის აწევას ცდილობენ. [როცა ვამბობ ხავსს ამით ნიკა მელიას კი არ ვაკნინებ, არამედ მხოლოდ რადიკალებს. მელია, როგორც ახალი ფიგურა და განახლებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, რა თქმა უნდა, თავისებური გამოწვევაა ჯერ კიდევ სუსტი და პანდემიის პირობებში კიდევ უფრო კრიზისში მყოფი ქვეყნისთვის.] 

პოლიტიკურ კოჟრზე ფეხის დაბიჯების ტექნიკას კი სააკაშვილს ვერავინ ასწავლის. აქ ის ნამდვილი ექსტრემალ-პროფესიონალია.  


პაუზა, რომელიც რეალურად ოპოზიციის კრიზისით არის გამოწვეული, - რევოლუცია ჯერჯერობით არა და არ კეთდება, - მიშას უჭირავს - პარტიასაც ინარჩუნებს და სახესაც. თუმცა, დანარჩენებმა ან სახე დაკარგეს, ან პარტია, ან ორივე ერთად.  
ისე ჩანს, დღეს მიშას ნომერ პირველი ამოცანა ხელისუფლების შეცვლა იმდენად არ არის, რამდენადაც ოპოზიციაში კონკურენტების განადგურება. ვარდების რევოლუციის შემდეგ მან მიიღო ყველაფერი, ფორმულით - „გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი“. ჰოდა, ახლაც ამ ფორმულის გამოყენება სურს. 

ის ყოველთვის ორ ფრონტზე იბრძოდა. მაშინაც კი, როცა პარლამენტში შევარდნაძის უმრავლესობას წარმოადგენდა; მაშინაც კი, როცა შევარდნაძის იუსტიციის მინისტრი იყო; და მაშინაც კი, როცა თავად გახდა პრეზიდენტი. ყოველთვის, ყოველ ჯერზე, პარალელურად ოპოზიციურ ფლანგზეც თამაშობდა. და როგორც 2020 წლის საარჩევნო მარათონზე გამოაცხადა, არსებობს მხოლოდ მიშას გზა, რომელსაც ყველა უნდა გაჰყვეს.

პოლიტიკური მოსეს მისაღებად მზად არ აღმოჩნდა გიგა ბოკერია. მას საკუთარი ამბიციები ჰქონდა პოლიტიკაში. ეს ამბიციები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააფიქსირა კიდეც. თუმცა მაშინ  მიშას გაწვევის ოპერაცია ჩაფლავდა. ბოკერიამ სააკაშვილს ვერც პარტია წაართვა, ვერც ტელევიზია და ვერც ადგილი ოპოზიციაში. 
რატომ გაუჩნდა ეს ამბიცია? ეს ამ ისტორიაში ყველაზე დიდი უცნაურობაა. თითქოს ძალიან ახლოს იცნობდა და კონკურენტებთან ურთიერთობაშიც გამოცდილი ჰყავდა. და მაშინ, რატომ გადაწყვიტა ბოკერიამ, რომ სააკაშვილს ჯერ გადააბიჯებდა და შემდეგ შეაკავებდა. 

არც ერთი მოხდა და არც მეორე. ამიტომაც ახლა ყველა მის წინააღმდეგ გამოვიდა. 2020 წლის საარჩევნო მარათონზე მიშამ კულისებში სერიოზული მოძრაობა დაიწყო საკუთარი პოლიტიკური კლასტერის ლეგოსავით ასაწყობად. ყველა მომხრე იყო, ბოკერიას გარდა.


მან თქვა, რომ თავად არის პოლიტიკური მოსე და „ევროპული საქართველო“ ამ არჩევნებში საკუთარ იდენტობას იპოვიდა. თუმცა ამ იდენტობას ვერცერთ სხვა არჩევნებში ვერ მიაგნეს და რატომ გადაწყვიტა, რომ ეს სწორედ იმ ერთადერთი შანსის მარათონი იყო, არავინ იცის. 

შესაძლოა, მან მართლა დაიჯერა, რომ ვარდების რევოლუციის გმირი თავადაც იყო; ისიც დაიჯერა, რომ მიშას გავლენებში დიდი წილი მასაც ჰქონდა; დაბოლოს, დაუჯერა ჯონ მაკკეინს, რომელმაც უთხრა: პოლიტიკაში დამოუკიდებლად იცურავე, თუ მიშას ვეღარ უგებო. 

მაგრამ დამოუკიდებელ ფიგურად ვერ ჩამოყალიბდა. ბოლო შანსი „8 მარტის შეთანხმების“ გარშემო განვითარებული მოვლენების დროს ჰქონდა. სურდა, პატარა პარტიები მიეზიდა და ბლოკი შეექმნა, რომელიც ნაციონალების საპირწონე ძალად ჩამოყალიბდებოდა, მაგრამ ამჯერადაც პირწმინდად წააგო მიშასთან. 

ალბათ, არის ღალატი, რომელიც მხოლოდ შეცდომაა, მაგრამ არის ღალატი, რომელიც მხოლოდ დანაშაულია. გიგა ბოკერიას „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასვლა ფორმით დანაშაულს უფრო ჰგავდა, შინაარსით კი - ღალატს. ჰოდა, მიშამაც შური იძია. არაფერში არ დაუთმო, არსად არ მისცა არც ფორა, არც ამოსუნთქვის შანსი და არც გამარჯვების იმედი. 

უკვე მერვე წელია, სააკაშვილსა და ბოკერიას შორის დაუნდობელი კულუარული ბრძოლა მიდის. ერთისთვის ეს დამაჯერებელი დარჩენაა პოლიტიკაში, მეორისთვის კი - დამაჯერებელი გადარჩენა. ამ პოლიტიკურ დუელში წესებიც დაარღვიეს და სეკუნდანტებიც ბევრჯერ გამოცვალეს, მაგრამ მიშამ მაინც მოიგო. 

ბოკერიამ წააგო. „ევროპული საქართველო“ ისე დაიბადა და დამარცხდა, რომ საკუთარი იდენტობა ვერც თავად იპოვა და, შესაბამისად, ვერც ელექტორატს აპოვნინა. მაინც ყოველ ჯერზე მიშას ხმაზე დგებოდნენ და მიშას გზას მიჰყვებოდნენ - თითქოს სათამაშოდ, ქუჩის გარდა, სხვა სივრცე არ არსებობდა.

ბოკერია ვერც ზომიერ ძალად ჩამოყალიბდა და საბოლოოდ ისე ჩანს, ვერც დამოუკიდებელ ფიგურად შედგა. ამ თამაშებში ვერც ჭკუა გამოავლინა და ვერც სიმამაცე. 

ჰოდა, ახლა მას პარტიის მარცხისთვის სთხოვენ პასუხს. პოლიტიკურ პარტნიორებთან ურთიერთობაშიც საკმაოდ ხისტია. კონფლიქტი ჰქონდა ყველასთან, მათ შორის გიორგი ვაშაძესთანაც, რომელმაც ბოკერიას სახლში წასვლა და დასვენება ჯერ კიდევ 2016 წელს ურჩია.

შემთხვევითი არ არის, რომ პარტიაში დიდი უკმაყოფილებაა. ბოკერია არა მხოლოდ ამბიციური, არამედ კონფლიქტურიცაა. 
სხვათა შორის, ირინა სარიშვილის შემდეგ ის მეორეა, ვისაც წაგებული არჩევნების შემდეგ პასუხისმგებლობის აღებას სთხოვენ. ედპელებმა 2003 წელს გია ჭანტურიას ქვრივს პარტიის კარი გაუღეს და გაუშვეს. მას შემდეგ მათი საქმე სულ უფრო და უფრო სავალალო გახდა - ბაჩუკი ქარდავა უბრალოდ ავანტიურისტია და მეტი არაფერი. ასე რომ, განახლება ხშირად ილუზია უფროა ხოლმე.

გიგა ბოკერია კიდევ ერთი იმის კლასიკური მაგალითია, როგორ იზეპირებენ საქართველოში დასავლური ღირებულებების შესახებ რაღაც ფრაზებს, დასავლეთს რომ თავი მოაწონონ, რეალურად კი საზეპიროს შინაარსი არ ესმით. ალბათ დაახლოებით ისევე, როგორც სკოლაში იზუთხავდნენ „შუშანიკის წამებისა“ თუ „ვეფხისტყაოსნის“ საზეპიროებს. 

ჰოდა, ახლა ბოკერიასაც არ ესმის, რისთვის უნდა აგოს პასუხი. შეთქმულების თეორიებს აწყობს და პოლიტიკურად გაკოტრებას მიხეილ სააკაშვილს აბრალებს, არადა მას, უბრალოდ, თამაშის დროს არც დაუთმეს, არც მოუთმინეს და არც თავი მოატყუებინეს. სულ ეს იყო. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი